ძებნის რეზულტატი:

ედგარს რინკევიჩსი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან

უმკაცრესადვგმობთ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქციელი ნორმა ვერ გახდება. რუსეთის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთზე. „ეს გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, როგორც საერთაშორისო ნორმების დამრღვევისთვის. ეს ნიშნავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ყველაზე სერიოზული დანაშაულებისთვის, რომელიც საერთაშორისო შეშფოთების მიზეზია“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება - შემოსავლების სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიასაშუალებით გავრცელდა მორიგ დეზინფორმაციული განცხადება საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე. როგორც უწყებაში განმარტავენ, შპს „შავი ზღვის ტემინალში“ (ყულევის პორტი) არსებულ რეზერვუარებში ინახება ყაზახური და თურქმენული კომპანიის მიერ წარმოებული, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) მფლობელობაში არსებული ნავთობპროდუქტი (მაზუთი). „ყაზახური წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 11494.529 ტონას, ხოლო თურქმენული წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 36556.615 ტონას. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, მისი რაოდენობა 8995.059 ტონას შეადგენს. ზემოაღნიშნული ყაზახური და თურქმენული კომპანიების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ მიწოდებულ დროებითი შენახვის დეკლარაციებში მითითებულია გამომგზავნი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციები, რომლებშიც წარმოშობის ქვეყნებად დაფიქსირებულია ყაზახეთი და თურქმენეთი, რაც დასტურდება მოწოდებული საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, კომპანიას აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება არ განუხორციელებია და ასევე, არ მოუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად. კომპანიის მომართვის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განახორციელებს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს, როგორც საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის, ასევე სანქციების მიმართულებით“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ ამჟამად არის განთავსებული 600 სარკინიგზო ვაგონით მაზუთი. „ტერმინალის რეზერვუარებში განთავსებული მაზუთის გარდა, ყულევის პორტის სავაგონო პარკში დასაცლელად შემოსულია 65 ერთეული მაზუთით დატვირთული ვაგონი, საიდანაც 37 სარკინიგზო ვაგონი არის ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებული მაზუთი, ხოლო 28 ვაგონი ყაზახური წარმოშობის მაზუთით არის დატვირთული. აღნიშნული საქონლის მიმართაც, მფლობელ კომპანიებს შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება ამ დრომდე არ განუხორციელებიათ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.  

მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას - არასამთავრობოები

დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში, - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ 3 ვაკანსია შეივსო „კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 - პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის ამ პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. „ის, რაც დღეს ჩვენ, პარლამენტში ვნახეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არათუ მზად არის, რომ რეფორმები გაატაროს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს არსებული კლანური მმართველობა ამ სისტემაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მართლმსაჯულების სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ოპოზიციური პარტიები დაეხმარნენ. იმედია, გავიგებთ, თუ ვინ იყვნენ ოპოზიციური პარტიებიდან ის დეპუტატები, რომლებმაც ამ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ჩვენ ვაკვირდებოდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსის პროცესს და კანდიდატების ინდივიდუალურ გასაუბრებებს. ერთი რამ ნათელია, ეს კანდიდატები არ არიან შერჩეულები საბჭოში მათი კრიტიკული, პრინციპული პოზიციის გამო . პირიქით, ისინი შერჩეული არიან ლოიალურობის მიხედვით, ამიტომ, ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე არსებითი შედეგი ექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. პირიქით, კიდევ უფრო მეტად გამყარდება არსებული მანკიერი პრაქტიკები და პრობლემები, რომელიც ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.  

სასამართლომ მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გასული წლის ნოემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს, რომლებმაც ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კი, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავა.  

სალომე ზურაბიშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სამომავლო სტრატეგიის საკითხებში ჯანგ სუნგ მინის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე თანახმად, ორბელიენების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, ვილნიუსის ნატოს სამიტსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინტენსიური კავშირების მნიშვნელობაზე და კორეის რესპუბლიკის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გააღრმავოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების და კულტურის მიმრთულებით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.  

ალბანეთის პრემიერი: უკრაინის დამსახურებაა ჩვენი დაცულობა

ევროპული ქვეყნები უკრაინის მადლიერნი უნდა იყვნენ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს ამჟამად უკრაინელი ხალხი ევროპისთვის. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ალბანეთს არასოდეს ჰქონია ილუზია მოსკოვის რეჟიმის ბუნების ცვლილების შესახებ. „ჩვენი ურთიერთობა მოსკოვთან, უკვე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღარ არსებობდა. ნუ მთხოვთ, ახსნას როგორ და რატომ, რადგან ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენს მოგზაურობას ისლანდიაში“, - განაცხადა ედი რამამ. რამამ განმარტა, რომ ომის დაწყებიდან პუტინის პოპულარობა ალბანეთში 0,7%-დან 1,2%-მდე მერყეობს.  

რა მოჰყვა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში ოპოზიციონერების სადავო მონაწილეობას

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად დაასახელა  „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა. მაჭუტაძე ამბობს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა სხვადასხვა კონსენსუსურ მოდელზე. მისი თქმით, ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ, არ იყვნენ ინფორმირებულნი. მისივე თქმით, არაინფორმირებულობის გამო მოხდა შეცდომა. პარლამენტის წევრი რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფს. „იყო საუბრები ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებიან. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, არ გვქონია არცერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“, მის არცერთ წარმომადგენელთან. ჩვენ რასაკვირველია, არაფერი გვაკავშირებს კლანთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ 3 ვაკანსია შეივსო იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და ისედაც აქვთ მათ იქ უმრავლესობა. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში და როგორც მოქალაქეები, კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო კლანს, რომელიც არსებობს ქვეყნის სისტემაში და რომელიც საერთაშორისოდ არის დადასტურებული, სხვა არაერთი მოსაზრებების გამო“, – განაცხადა მაჭუტაძემ. დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ვინ მისცა ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს. მომხდარს გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და „ანტიეროვნული აქტი" უწოდა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში ოპოზიციის ზოგი დეპუტატის მონაწილეობას. 17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო. იქედან გამომდინარე, რომ კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო და მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ „ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, გაჩნდა ეჭვი, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი. ამის გამო, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.  კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. პარლამენტის წევრი „ლელოდან", ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი „ქართულმა ოცნებამ" „იყიდა“. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის„ ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით მოხვდა, განაცხადა, რომ აპირებდა, ყველა კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ 29-ვე კანდიდატის მხარდაჭერას ფიქრობდა, თუმცა, მეორე მხრივ, არ ადასტურებს, რომ ხმა მისცა იმ არამოსამართლე წევრებს, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა. სადავო გადაწყვეტილების კიდევ ერთი ავტორის, ნატო ჩხეიძის თქმით კი, მათი მხრიდან ვინმესთან გარიგებაზე საუბარი არასწორია და ფრაქციიდან გასვლას რაც შეეხება, ეს შეიძლება, ადრეც, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების დროსაც მომხდარიყო. დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ნიკა მაჭუტაძის, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ განმტკიცებას“. მისივე თქმით, სხვაგავრად იძულებული იქნებოდნენ, ცალმხრივად მიეღოთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, „ქართული ოცნების” მადლობა გადაუხადა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი დაუჭირეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხსენებულმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, ეს დეპუტატები არიან გარიგებულნი არა ვინმესთან, არამედ, კანდიდატის სტატუსთან. მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას - არასამთავრობოები

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები: უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული

დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ შეუძლიათ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა, რადგან ასეთი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, აშშ-ზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და ბენ უოლესმა ბერლინში, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გამანადგურებლების სამართავად წვრთნების ჩატარებაში წვლილის შესატანად მზად არიან. მისი თქმით, ამჟამად საუბარია არა თვითმფრინავების მიწოდებაზე, არამედ, „პლატფორმის შექმნაზე“. „გერმანია... არ თამაშობს აქტიურ როლს ასეთ ალიანსში, ასეთ კოალიციაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არც სასწავლო შესაძლებლობები, არც თვითმფრინავები... ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ბერლინში გადაწყდება, თეთრ სახლში წყდება“. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.    

The Business Insider-მა „პუტინის სასახლის ბუნკერის" ნახაზები გამოაქვეყნა

გამოცემა Business Insider-მა სტატია მოამზადა რუსეთის ქალაქ გელენჯიკის მახლობლად მდებარე „პუტინის სასახლეზე“ და მასალას ნახაზები დაურთო. ამ ინფორმაციას გამოცემაზე დაყრდნობით, „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ჟურნალისტების თქმით, დოკუმენტები ინტერნეტში სულ მცირე 2016 წლიდან არის თავისუფლად ხელმისაწვდომი, გაწეული სამუშაოს მაგალითის სახით ის საპროექტო კომპანია „მეტროსტაილის“ საიტზე განთავსდა და  ობიექტი იქ პანსიონატის სახელით გვხდება. როგორც Business Insider-ი წერს, ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ნახაზებში ჩანს, რომ მამულს მიწისზედა ნაწილის გარდა მიწისქვეშა სართულებიც აქვს. მიწისქვეშ არის განთავსებული ოთახები და გვირაბები. ლიფტი შენობიდან ეშვება დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე. მიწისქვეშა ნაწილს აქვს ვენტილაცია, ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და საკომუნიკაციო კაბელები. ბეტონის გარსითაა დაცული 6 მეტრის სიგანის და 40-60 მეტრი სიგრძის ორი გვირაბი, რომლებსაც, სპეციალისტების შეფასებით, შეუძლიათ, ბომბით პირდაპირ დარტყმას გაუძლონ. ერთი გვირაბი ქვიშიან ფერდობზე გადის, მეორე კი - შავი ზღვის სანაპიროზე. ინჟინერ-მშენებლის, ტადეუშ გაბრიშევსკის შეფასებით, ეს გვირაბები განკუთვნილია გასაქცევად ან სიცოცხლის გადასარჩენად და არა უბრალოდ ავარიული გასასვლელი, არამედ, სასახლის კომპლექსის სრულფასოვანი შემცვლელია. „პუტინის სასახლე", იგივე რეზიდენცია, იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას. 2010 წელს, ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა განაცხადა, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო. 2021 წლის 19 იანვარს, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი გელენჯიკთან მდებარე „პუტინის სასახლის" შესახებ. თავად პუტინმა გამოძიებას კომპილაცია უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც მის რომელიმე ნათესავს არ ეკუთვნის არაფერი იქედან, რაც ფილმში წარმოდგენილი იყო, როგორც მისი ქონება.  

პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში

12 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით უკრაინას ეწვეოდა. ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ადრე რუსეთში ჩინეთის ელჩის პოზიციაზე მუშაობდა, საერთაშორისო ტურნე, 15 მაისს დაიწყო. მისი ტურნე მოიცავს უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს. ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა ვიზიტის მიზნები განმარტა და აღნიშნა, რომ „ეს არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“. დღეს, 17 მაისს, უკრაინაში მართავს შეხვედრებს. ეს ცნობა უკრაინული სააგენტოების ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი. მისი მიხედვით, ჩინეთის სპეცწარმომადგენელს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, ხსენებული მოგზაურობა შედგა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბრისას, 26 აპრილს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. რაზე ისაუბრეს მხარეებმა - უკრაინული მედია წერს, რომ შეხვედრისას კულებამ და ლიმ განიხილეს უკრაინისა და ჩინეთის ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, რუსული აგრესიის შეჩერების გზები. ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა აქ აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. დღეს კი, როგორც ირკვევა, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, კულებამ ლის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი  

მოლდოვა უკრაინას „რუსული გეგმის აღკვეთისთვის“ მადლობას უხდის

მოლდოვა უკრაინას „რუსული გეგმის“ ჩაშლისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. იგორ გროსუს განცხადებით, რუსეთი არ მალავდა მოლდოვაში შეჭრის განზრახვას. ახლა კი, რუსეთს სხვა პრობლემები აქვს უკრაინაში.„ეს იყო მათი თავდაპირველი გეგმა. მათ სურდათ ოდესის და მიკოლაივის აღება და მოლდოვაში წასვლა. მაგრამ უკრაინელი ხალხისა და არმიის ძალისხმევით, ამ გეგმამ არ გაამართლა. ახლა მათ სხვა პრობლემები აქვთ. ამიტომ პირდაპირ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოვემზადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები“, - განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას იგორ გროსუმ.   

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია უკრაინის NATO-სთან დაახლოებისთვის, პოზიტიურ განვითარებად უნდა იყოს აღქმული საქართველოსთვის - ლუკ კოფი

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი კითხვაზე, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, საქართველოს კი მოსაპოვებელი აქვს, NATO-ში გაწევრიანების გზაზეც, მოვლენების მსგავსი განვითარება ხომ არ შეიძლება ვიხილოთ, ლუკ კოფი პასუხობს, რომ ეს არ იქნება იგივე შემთხვევა, რადგან ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პროცესები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. „ევროკავშირში წევრობისთვის თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ განსხვავებულ კრიტერიუმებს, ეს არის ძალზედ განსაზღვრული“, - აღნიშნავს კოფი. „ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმანეთთან დაკავშირებულია. გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დიდი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იგივე დონის ენთუზიაზმი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგი არ ყოფილა, მათ თქვეს, რომ მხარს უჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, მაგალითად, იმის შესახებ საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტიდან რის მიღება სურს, ამ სამიტის საშუალებით რის მიღებას იმედოვნებენ, ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არაფერი გვსმენია. ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - განაცხადა ლუკ კოფიმ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი  

ევროპის საბჭოს სამიტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში, სახელწოდებით "რეიკიავიკის დეკლარაცია - ერთიანი ჩვენი ღირებულებების გარშემო“. საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს შეთანხმებას, რომლითაც, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ და ვგმობთ ამ აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სრულად და უპირობოდ მისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია დეკლარაციაში. 46 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, „არ არის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არამედ, ეს არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე“. ცნობისთვის, 16-17 მაისს, ისლანდიის დედაქალაქში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ორდღიანი სამიტი გაიმართა. სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა.  

კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის აცხადებს, რომ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია. „დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა. მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია. ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო", - ამბობს კეზერაშვილი „ფორმულას“ ცნობით. ასევე წაიკითხეთ: უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე - კეზერაშვილი რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული  

ვედანტ პატელი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, ხელისუფლემამ უნდა უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება.   „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის ოფისის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება“, - განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიცულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.  

საფრანგეთი უკრაინისთვის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას სწავლობს - Le Monde

საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას. ამის შესახებ Le Monde იუწყება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა (Scalp) რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა: „ჩვენ ვიკვლევთ ყველა ვარიანტს“. მაკრონმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. Scalp-ის სისტემა საფრანგეთმა და ბრიტანეთმა 1990-იან წლებში ერთობლივად შეიმუშავეს. მისი ძირითადი დიაპაზონი 250 კმ-ია, მაგრამ მისი გაზრდა შესაძლებელია 500 ან თუნდაც 700 კმ-მდე, მოდიფიკაციის მიხედვით. უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება დაიწყო - CNN ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები, რომლებიც უკრაინელმა დამცველებმა უკვე წარმატებით გამოიყენეს, ფრანგული წარმოების რაკეტების მსგავსია.  

აშშ უკრაინისთვის $60 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს - უკრაინული მედია

აშშ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შემოდგომაზე ჩვენ გამოვაცხადებთ დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინას 2024 წლის განმავლობაში. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ 60 მილიარდი დოლარის პაკეტს, რომელიც, ვფიქრობ, სექტემბერში განხორციელდება. პაკეტის შეთანხმება დაგეგმილია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე", - განაცხადა კურტ ვოლკერმა. მანამდე ვოლკერმა განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდება, სპეციალურად შექმნილ საინვესტიციო ფონდს უნდა გადაეცეს. მისი აზრით, აუცილებელია, შეიქმნას სპეციალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც დაარეგულირებს უკრაინის აღდგენის პროცესს. ექსპერტების აზრით, უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის პროცესი 2026 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.  

კულება დარწმუნებულია, რომ „საავიაციო კოალიცია“ წელს ჩამოყალიბდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას ეჭვი არ ეპარება, რომ საავიაციო კოალიცია წელს შეიქმნება. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. „არიან ქვეყნები, რომლებმაც, პრინციპში, განაცხადეს, რომ მზად იქნებიან, უზრუნველყონ ეს დასავლური თვითმფრინავები შესაბამისი კოალიციის შემადგენლობაში. ეს ყველაფერი პრეზიდენტის საერთაშორისო კონტაქტების შედეგია. და ყველა ჩვენგანის, ვინც დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კულებამ. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, სპეცოპერაციას ნარკოდანაშაულს უკავშირდება. მთავარი არხის ცნობით, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციას ჯერ არ გაუვრცელებია.  

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე, რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მის მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა