ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ ყირიმში, სარკინიგზო მონაკვეთზე აფეთქების შემდეგ, ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა - მედია
მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და სიმფეროპოლს შორის მონაკვეთზე, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად, ლიანდაგზე მყოფი სატვირთო მატარებლის ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობი წერს. აფეთქებას მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა თვითმხილველების თქმით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სოფლებშიც ისმოდა. სიმფეროპოლსა და სევასტოპოლს შორის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ინციდენთი გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, სავარაუდო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სიმფეროპოლის მახლობლად, ლიანდაგის ქვეშ იყო დამონტაჟებული. რუსული პროპაგანდისტული არხები ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ მომხდარის მიზეზები დგინდება.
კელი დეგნანი პუტინის გადაწყვეტილებებზე: რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს?
აშშ-ის ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე. ელჩის შეფასებით, ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომლის მოქალააქეებს აკავებენ, ფრთხილად უნდა იყოს რუსეთის მცდელობების მიმართ. „ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, როცა რუსეთს დაკავებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ქვეყანა, რომელიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას მიესალმება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს თუ შეთავაზებას ახლა? რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე“, - აღნიშნა ელჩმა მედიასთან. შეგახსენებთ, 16 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო, რასაც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის უკმაყოფილება და მოთხოვნა, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას. უკვე, 16 მაისის საღამოს კი, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა საერთოდ ამოიღო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
რას პასუხობს ელჩი სავიზო პოლიტიკაზე მიმდინარე „ანტიამერიკულ კამპანიას“
ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში და მონაწილეობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ის სავიზო პოლიტიკაზე დასმულ შეკითხვას. „სამწუხაროა, რომ „იმედმა“ აირჩია და კვლავ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ყოველ წელს, ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში, გვაქვს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამები. სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეები მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, გასულ თვეს 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზები, ასევე, გასულ კვირას, მოცეკვავეებსა და მომღერლებზე გაიცა ვიზები, რომლებიც აშშ-ში მიდიან, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, საქართველოსთვის $6 მილიარდზე მეტი გამოყო - სახელმწიფო დეპარტამენტი ზოგჯერ ხალხს სურს, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ გაიარონ ის ნაბიჯები, რაც საჭიროა. არსებობს გარკვეული წესები, ნაბიჯები, პროცესი ვიზის მისაღებად. ეს არის გამჭვირვალე და ყველანაირი ინფორმაცია მოცემულია ჩვენს ვებგვერდზეც. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, დაჩქარდეს ვიზის გაცემა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია ვიზის მისაღებად, შესრულდეს“, - განუცხადა ელჩმა მედიას. კერძოდ, ელჩმა შემდეგ შეკითხვას უპასუხა: საქართველოში ანტიამერიკულ კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ერთ-ერთი ლიდერი არის მმართველი გუნდიდან, ირაკლი კობახიძე, რომელმაც ისაუბრა „მართვეზე“, რომლებმაც ვერ მიიღეს ამერიკის ვიზა. კობახიძემ აღნიშნა, რომ სავიზო პოლიტიკა არის მკაცრი და ელჩმა უნდა მიხედოს ასეთ საქმეებს“, - რას ემსახურება ეს ყველაფერი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს. მისი თქმით, მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას ამერიკის ელჩი და უმჯობესია, თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას.
შსს 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ იუწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზატორები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ისაუბრა. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პოლიციის მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს „მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება საპოლიციო ღონისძიება. დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამ ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია ვიდეო და აუდიო ფაილებში და დევს საქმეში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ მედიასთან.
უკრაინა: 30 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან, 29 მოგერიებულია
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 30 ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს იერიში. მათივე ცნობით, სარაკეტო შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა 17 მაისის 21:00 საათიდან 18 მაისის 05:30 საათამდე. საჰაერო ძალები იუწყება, რომ 30 რუსული რაკეტიდან, 29 გაანადგურეს. მოგერიებულია 4 უპილოტო საფრენი აპარტიც. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში, დილამდე გაგრძელდა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი კიევი გახდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა. 17 მაისის საღამოს, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 2 ადამიანი. ადმინისტრაციისვე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტების უმრავლესობა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.
უკრაინელები ვიშივანკას დღეს აღნიშნავენ
დღეს, მაისის მესამე ხუთშაბათს, უკრაინელები ტრადიციულად აღნიშნავენ ვიშივანკას დღეს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook-ზე ინფორმაცია შესაბამის ფოტოსთან ეთრთად გავრცელდა. ზელენსკის თქმით, 79 წლის წინ, ამ დღეს საბჭოთა ხელისუფლებამ ყირიმელი თათრების დეპორტაცია დაიწყო. „დღეს მე სპეციალურ სამოსს ვატარებ ნაქარგებითა და ორნამენტებით, რომლებიც სიმბოლოა უკრაინელი და ყირიმელი თათრების ერთიანობისა. ეს არის სიმბოლოები ჩვენი ძალისა და ჩვენს სახლში ცხოვრების სურვილისა.შეიძლება, წლევანდელი ვიშივანკას დღე, უკრაინაში იყოს შეხსენება იმისა, თუ რისი გადატანა მოუწია ჩვენს ხალხს და რამდენად ძლიერია ჩვენი კულტურა. მარადიული ხსოვნა ყველა ჩვენს ხალხს, ვისაც სიცოცხლე წაართვეს ტოტალიტარულმა რეჟიმებმა! ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ხალხს, მათ ძალას და კულტურას! - წერია ზელენსკის სახელით გავრცელებულ პოსტში. ამ დღეს ტრადიციულად იმართება საინტერესო ონლაინ კონკურსები, როგორიცაა, „საუკეთესო ვიშივანკა“ ან „საუკეთესო ფოტო“ ნაქარგ პერანგში. ნაქარგების ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებენ არამხოლოდ უკრაინის მცხოვრებლები, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელები. ინფორმაციისთვის, ვიშივანკა არის უკრაინული ტრადიციული სამოსი უნიკალური ნაქარგებით.
გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა
17 მაისს, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. რაც შეეხება კლინიკას, „გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან. „თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო. ექიმი გამოვიდა, „უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო-არა! პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული“, - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ ჟურნალისტებთან საუბარში. ბავშვის მკურნალი ექიმი კომენტარს არ აკეთებს
პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გააპროტესტებენ ქვეყნების მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემას. ამის შესახებ Politico იტყობინება, რომელიც პენტაგონის წარმომადგენელს ესაუბრა. მისივე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არაერთხელ უარყო ამ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობა, მას არასოდეს გამოურიცხავს მესამე მხარის გადაცემის დამტკიცება სხვა ქვეყნის მიერ. „როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინაში F-16-ების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, პენტაგონის წარმომადგენელმა მიუთითა Politico-ს იანვრის სტატიაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირს ციტირებდა: „მე არ ვფიქრობ, რომ მესამე მხარის მიერ გადაცემის (F-16-ების, რედ.) იდეის წინააღმდეგნი ვართ“, - ამბობდა პენტაგონის წარმომადგენელი. თუმცა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
მოლდოვა აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ელეექტროენერგიას საერთოდ აღარ იყენებს
მოლდოვა აღარ იყენებს რუსულ ბუნებრივ აირს ან ელექტროენერგიას და დაასრულა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რესეანმა ხუთშაბათს, ბუქარესტში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „თუ უკრაინაში ომის დაწყებისას, მოლდოვაში მოხმარებული ენერგიის 100% რუსეთში მოდიოდა, დღეს მოლდოვას რუსეთის ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გარეშე არსებობა შეუძლია “, - განაცხადა რესეანმა. მისივე თქმით, მოლდოვა აღარ მოიხმარს რუსულ გაზს. ის ინტეგრირებულია ევროპის ენერგეტიკულ ქსელში როგორც ტექნიკურად, ასევე, კომერციულად. ინფორმაციისთვის, აპრილში მოლდოვის ენერგოკომმა ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ბერძნული გაზის ოპერატორ - DEPA Commercial-თან. ევროკავშირი შეთანხმდა ე.წ. გაზის ერთობლივი შესყიდვის პლატფორმაზე, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აირიდონ ერთმანეთთან კონკურენცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ერთობლივი მსყიდველობითი ძალით. ამ პლატფორმის წევრები არიან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი. მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა გადაიდო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა ორი კვირით გადაიდო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის წინ განაცხადა, რომ საკითხს ორ კვირაში დაუბრუნდებიან, მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით. რა მოჰყვა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში ოპოზიციონერების სადავო მონაწილეობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.
ელჩი დეგნანი: აშშ და ევროკავშირი უნდა იდგნენ მტკიცედ საქართველოს გვერდით, როგორც ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დამშვიდებისა და მოხიბვლის პოლიტიკა უწოდა რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენას, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს „ჩაგვრის პირისპირ აღმოჩენისას, რაც თან ახლავს პუტინთან ახლო მოკავშირეობას, ცალსახად ჩანს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, რათა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რომლის აღსადგენად ქართველებმა უდიდესი ძალისხმევა გაიღეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა ჩაგვრის დასრულების შემდეგ. ეს ერთადერთი არჩევანია საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ერთადერთი არჩევანია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში და დაახლოებით, 75% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში წევრობას. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად, რომ რუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თუ საქართველო გააგრძელებს სვლას თავისი ევროპული მომავლისკენ. სავარაუდოდ, დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის მოხსნას, ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „მოხიბვლის პოლიტიკას“ კრემლის მხრიდან, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და სცადოს, მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. „საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ისტორია სავსეა დარღვეული დაპირებებით და დამამცირებელი ზეწოლით, ეს მოგონებები შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს, რათა დაიცვას ის კრემლის უკანასკნელი მცდელობისგან, დახიოს საქართველო უკან, რუსეთის ჩრდილში, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს თავისთავად მოცემულობად - აშშ და ევროკავშირი უნდა იდგნენ მტკიცედ საქართველოს გვერდით, როგორც ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩის თქმით, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დათესოს შიში და პარანოია, დასავლური სამყაროს საუკეთესო იარაღი, რომლითაც შეიძლება ის დაუპირისპირდეს რუსეთის გავლენას, არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, სწორედ ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ერთ დროს რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებსა და საბჭოთა რეპრესიებს და ახლა კვლავ ქართველი ხალხი დაუპირისპირდება რუსეთის ახალ იმპერიალისტურ მცდელობებს. „მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ძირი გამოუთხაროს ამერიკის ურთიერთობას ქართველ ხალხთან, ჩვენ და ჩვენი ქართველი პარტნიორები ვრჩებით ერთგულები ჩვენი ერთობლივი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იცავს თავისუფლებას და პატივს სცემს კონსტიტუციურად დაცულ ადამიანის უფლებებს, საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ წარმატებას ამ გზაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის თუ სად მიდის. მათ სურთ, რომ იყვნენ კეთილდღეობის მქონე, დაცული, თავისუფალი ევროპის ნაწილი. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დათესოს შიში და პარანოია, ჩვენი საუკეთესო იარაღი, დავუპირისპირდეთ რუსეთის გავლენას, რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერა. საქართველოს ისტორიის განმავლობაში, სწორედ ქართველი ხალხი იყო, ვინც წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებს, საბჭოთა რეპრესიებს და რუსეთს აგრესიას და საბოლოო ჯამში, სწორედ ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანასკნელ იმპერიალისტურ ამბიციებს. საქართველოს დევიზია, „ძალა ერთობაშია“ - ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქართველებმა რთული გზით ისწავლეს, საუკუნეების განმავლობაში, თუმცა ქართველებმა აჩვენეს, რომ მათ იციან ამ დევიზის მნიშვნელობა 1921 წელს, 1978 წელს, 1989 და 1992 წლებში, მათ აჩვენეს, რომ ამ გამოთქმის მნიშვნელობა ესმით 2008 წელს და კვლავ 2023 წლის მარტში. საქართველო უძლიერესია, როდესაც მისი ხალხი ერთიანია და გაერთიანებულია ამ ქვეყნის მომავლის ხედვით. დღეს, როდესაც ევროპული ინტეგრაციის მიზანი იმდენად ახლოსაა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით და დავამარცხოთ რუსეთის შიშის კამპანია, წარმატების მიღწევაში საქართველოს დახმარების გადაწყვეტილების ერთგულების მესიჯით. საქართველო უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი, დგას რთული გადაწყვეტილებების წინაშე მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, მისი ისტორიიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად აგრესორის წინააღმდეგ, რათა კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადოთ, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები არ შეიძლება ძალით იქნას დაპყრობილი. სასწორზე ძალიან ბევრი რამე დევს იმისთვის, რომ შიშს უფლება მივცეთ, გაგვხლიჩოს. ჩვენ ყველა უნდა მივყვეთ საქართველოს დევიზს: „ძალა ერთობაშია“ და ვიყოთ ერთიანები და ძლიერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
პუტინის გეგმა, შეექმნა იმპერია, დაიწყო საქართველოში 2008 წელს - ელჩი დეგნანი
„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ პუტინის გეგმა, შეექმნა იმპერია, დაიწყო საქართველოში 2008 წელს. საქართველო დაზარალდა და კვლავ ზარალდება რუსეთის აგრესიისგან, რომელიც გამოვლინდა 2008 წლის ომსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციაში, საქართველოს მოქალაქეების დაკავებასა და მათზე ძალადობაში „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ, ასევე, რუსეთის უარში, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ელჩის თქმით, 15 წლის წინ, დასავლურმა საზოგადოებამ ვერ დაინახა, რომ 2008 წლის ომი იყო ნიშანი მოკლე ეპოქის დასასრულისა, რომელიც დაიწყო გორბაჩოვის „პერესტროიკით“ და დასრულდა აგრესიული, რევანშისტული რუსეთის დაბრუნებით. „ჩვენ ძალიან გვსურდა, დაგვეჯერებინა, რომ რუსეთი შეიცვალა, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ კრემლის აგრესია მისი მეზობლების მიმართ, არის ხანგრძლივი, ისტორიული მოდელის ნაწილი. რუსეთის შეჭრა უკრაინასა და საქართველოში 21-ე საუკუნეში, მოჰყვა მის თავდასხმებს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში. ეს თავდასხმები არის რუსეთის სისტემური ძალისხმევის ნაწილი, ძირი გამოუთხაროს მის მეზობლებს. დღეს კითხვა იმაში მდგომარეობს, შეუძლია თუ არა რუსეთს, შეიცვალოს. დაახლოებით, 250 წლის განმავლობაში კრემლი ცდილობდა საქართველოსა და უკრაინაზე, მათ ენაზე, რელიგიაზე, კულტურასა და ეროვნულ იდენტობაზე დომინირებას. კრემლმა არაერთხელ გამოავლინა, რომ ის არ დაუშვებს დამოუკიდებლობას ან დემოკრატიას, რომ ის გამოიყენებს მრავალფეროვან ხელსაწყოს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კიბერ და საინფორმაციოს, რათა გახლიჩოს ქვეყნები შიგნიდან და მოაშოროს ისინი თავის პარტნიორებს, ამგვარად დატოვოს რა ისინი იზოლირებული, არაკონცენტრირებული და ადვილად სამართავი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ათასწლეულით დათარიღებული ებრაული ბიბლია, აუქციონზე $38,1 მილიონად გაიყიდა
ებრაული ბიბლია, რომელიც მსოფლიოში უძველესი, ყველაზე სრულყოფილი ეგზემპლარია, ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე $38,1 მილიონად გაიყიდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. შენაძენის მფლობელი, ამერიკელი ადვოკატი და ყოფილმა ელჩი ალფრედ მოსესია და ებრაული ბიბლია მან თელ-ავივის ხელოვნების მუზეიმისთვის იყიდა. „ებრაული ბიბლია ყველაზე გავლენიანია ისტორიაში და წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის საფუძველს“, - ნათქვამია მოსესის განცხადებაში. ითვლება, რომ Codex Sassoon-ი დაახლოებით, 1100 წლის წინ დაიწერა. ის გახდა ყველაზე ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. სახელი - „Codex Sassoon“ მას ეწოდა უწინდელი მფლობელის, დევიდ სოლომონ სასუნის გამო, რომელმაც ის 1929 წელს შეიძინა.
ნორვეგია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად, 130 მილიონამდე ევროს გამოყოფს
ნორვეგიამ დაახლოებით, 130 მილიონი ევრო გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ოპერაციების მხარდასაჭერად უკრაინაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას EBRD-მა გაავრცელა. 2022 წელს EBRD-მა უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევრო გამოყო. მან ასევე მოახდინა 200 მილიონი ევროს მობილიზება უშუალოდ პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან.
ირაკლი კობახიძე: გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ
„ქართული ოცნებს“ „შიშობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს მმართველ გუნდის სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ“ და უმჯობესად მიიჩნევს, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობას, რომ „15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე და 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ გასცა თანხმობა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა კი ამ დრომდე არ გაუცია“. კობახიძე სპეკულაციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, ვიზიტზე თანხმობა არ გასცეს. „პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი სპეკულირებს. ეს ყველაფერი დასანანია. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავრობას კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, პრეზიდენტს არ მისცეს ვიზიტზე თანხმობა. ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში, როდესაც მოხსენება ჰქონდა და დამეთანხმებით, ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. მთავრობას დღემდე შეიძლება არ გაუცია ნებართვა, შეიძლება მოგვიანებით გასცეს - ეს მთავრობის პრეროგატივაა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება, თუ მთავრობას ეშინია (ეშინია პირობითი სიტყვაა) პრეზიდენტის არასწორი განცხადებების. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც დამაზიანებელია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში ნაბიჯები არ იდგმება, ეს დამაზიანებელია. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს იმისთვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის მიღების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა - „ქართული ფულის დამზადების ისტორია" გაიხსნა
მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, 18 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ქართული ფულის დამზადების ისტორიის შესახებ გამოფენას უმასპინძლებს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 1919-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში ფულის ნიშნების დამზადების ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ. გამოფენა - „ქართული ფულის დამზადების ისტორია" | 1919-1921, მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყვარლის ფულის მუზეუმი (რუსთაველის #10) ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე მასპინძლობს.
ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დაუდასტურეს. ვიზიტის საბოლოო თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ხავიერ კოლომინა საქართველოში მიმდინარე თვეში ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში
ნარკოდანაშაულისთვის 55 პირია დაკავებული, მათ შორის 37, ნარკორეალიზატორია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. „სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი", ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი", "ამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი. ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.“, - აცხადებს შსს. 17 მაისს გავრცელდა ინფორმაციას ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ 20-ზე მეტი პირი დააკავეს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა გაიზარდა - მინისტრი
დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს. „მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად. პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა. მისივე განცხადებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. „იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულია 14 მილიონ ლარზე მეტი. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა ამავე მოსმენაზე ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით მოქმედებს.
ჯანდაცვის მინისტრი: ყველა მოქალაქეს, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და მკურნალობისკენ მოვუწოდებ
„მინდა, ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად შევძლოთ 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მიღწევა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შედეგად, უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. „გასულ წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება მოხდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.