ძებნის რეზულტატი:

რა ტაქტიკას იყენებს უკრაინა რუსი ოკუპანტების მარაგის ამოწურვის მიზნით

უკრაინა ბრძოლის ველზე რეალურ სამხედრო ტექნიკას ყალბი „იარაღით“, მულაჟებით ანაცვლებს, რომ რუსეთმა ძვირადღირებული ჭურვები გახარჯოს. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. ასლებს ბიზნესმენ რინატ ახმედოვის კუთვნილი კომპანია „მეტინვესტი ამზადებს. „აქ ნახავთ უახლესი ამერიკული და ევროპული მკვლელობის ტექნოლოგიის შთამბეჭდავ ასლებს,“ - წერს CNN. კომპანიის სპიკერის თქმით, მიზანი შემდეგია: უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენა და რუსების მოტყუება საკუთარი, ძალიან ძვირადღირებული კამიკაძე-თვითმფრინავების, ჭურვებისა და რაკეტების გაფლანგვისთვის. „ომი ძვირი ჯდება. ჩვენი მიზანია, რომ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, რუსებმა ცრუ სამიზნეების გასანადგურებლად დახარჯონ ფული. დრონები და რაკეტები ძვირია, ჩვენი მოდელები კი, ბევრად იაფი," - ამბობს სპიკერი.  

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ ცნობას ავრცელებს

12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შესაბამის ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მისივე თანახმად, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. როგორია ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში  

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ათზე მეტი პირი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. კუპატაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. „ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და რის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან საკონტროლო შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ასევე აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან : იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და ა.შ.“ - განაცხადა კუპატაძემ. რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად იყო განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ეს სეროზულ გამოწვევას წარმოადგენს. კუპატაძის თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამ მიმართულებით ცალკე დანაყოფი მუშაობს. „ალბათ, საზოგადოებამ იცის, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ხდება ნარკოტიკული საშუალებებს განთავსება და ეს არის: სადარბაზოები, სასაფლაოები, კვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას] 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი. სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამას ექსპერტიზა დაადგენს,“ - განაცხადა კუპატაძემ.

ანზორ ჩუბინიძის თქმით, პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გააკეთა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია. მის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. ჩუბინიძის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულია შენატანი, რომელიც შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში. „მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც. რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე. არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა. სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს.  „ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ ინიციატივას.  „დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს. სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს: სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება; საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე.

ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმება“ გააფორმა

ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გარიგება გრძელვადიანია, რითაც ისრაელს თავისი წყაროების დივერსიფიკაცია სურს. უკრაინის ომმა და კიდევ უფრო ადრე, COVID-19-ის ეკონომიკურმა შედეგებმა, ისრაელს საქონლის იმპორტი გაურთულა, რამაც საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ხორბლის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ისრაელისგან მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მიიღებენ. „სასურსათო უსაფრთხოების ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებისკენ, რომელთა უმეტესობა არ იწარმოება ისრაელში,“ - განაცხადა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავი დიხტერმა. მინისტრის განმარტებით, „გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ბევრი ქვეყანა ისრაელთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.“„ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის შექმნას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეების სურსათის უსაფრთხოებას. ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის დამყარებას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეებისთვის სასურსათპ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა დიხტერმა. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით ორ მილიარდ ადამიანს ემუქრება შიმშილის საფრთხე. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, გამოწვეული იქნება კლიმატის ცვლილებებით და ხორბლის წარმოების შემცირებით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება.  

უკრაინამ დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, რუსული დრონების ბაზაზე იერიში მიიტანა - შეიარაღებული ძალები

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 სექტემბერს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა „ზალას“ და „ლანცეტს“ დაარტყეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს. შეტყობინებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის იარაღი იყო გამოყენებული დარტყმის დროს. „დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ ლუგანსკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული იერიში მიიტანეს ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატების ბაზაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

რომის პაპის წარმომადგენელი ჩინეთს ეწვევა

რომის პაპის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი სამშაბათს, 12 სექტემბერს, პეკინში დიპლომატიური მისიით გაემგზავრება, რათა უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევას დაეხმაროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა. შეგახსენებთ, რომის პაპის წარმომადგენელი უკრაინას 5-6 ივნისს ეწვია. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მან უკრაინაში არსებული ვითარება და ჰუმანიტარული თანამშრომლობა განიხილა, როგორც სამშვიდობო ფორმულის განხორციელების ნაწილი. გარდა ამისა, კარდინალი ზუპი რუსეთს ივნისის ბოლოს ეწვია. 17-19 ივლისს ის ვაშინგტონშიც ჩავიდა „უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობის მისიის ფარგლებში.“ კარდინალი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შეხვდა. ორივე მხარემ განიხილა წმიდა საყდრის ძალისხმევა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, ასევე, ვატიკანის „ადვოკატირება“ იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.   

რუსეთის აგრესია ადასტურებს, რომ დიქტატურა საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის შეფასებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ცხადყოფს, რომ დიქტატურა საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. კომიტეტის შეფასებით, არამხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია, რომ რუსეთში დემოკრატია აღდგეს. კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა მომავალი დროებითი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს, პასუხის აგებინებს მათი ქმედებებისთვის.  

ომის დაწყების შემდეგ უკრაინულმა ძალებმა 120-მდე რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს - უკრაინა

უკრაინის გენშტაბის რადიოელექტრონული ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, ივან პავლენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 80-120 რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს. „განადგურებული სადგურების სტატისტიკას რაც შეეხება, ის 80-120 სადგურის ფარგლებში მერყეობს. თუ ჩავთვლით მხოლოდ დიდ სადგურებს, ასეთი 60-70 ერთეულია განადგურებული“, - განაცხადა პავლენკომ. მისი თქმით, რუსი სამხედროების განკარგულებაში არსებული დრონების საწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობა უპრეცედენტოა, მაგრამ სანქციები მაინც მუშაობს და ფრონტზე ბევრი ჩინური შემადგენელი და უხარისხო მოწყობილობა გამოჩნდა. „თუ ავიღებთ ტერიტორიას ზაპოროჟიედან ლიმანამდე, ფრონტის ზოგიერთ უბანზე ორივე მხრიდან ჰაერში ერთდროულად 250-300 დრონი მუშაობს. 2022 წლის მდგომარეობით, თანამედროვე ომში დრონების გამოყენების მასშტაბი არც ერთ უცხოელ ექსპერტს არ წარმოუდგენია," - განაცხადა რადიოელექტრონული ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.  

პუტინი რუსეთის მიერ წარმოებული ომის „გამართლებას“ „ახალი ვერსიით“ ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია, შეაჩეროს საომარი მოქმედებები, თუკი უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს. პუტინის თქმით, ადამიანები, რომლებსაც მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობა სურთ, კითხვას სვამენ რუსეთის მზადყოფნის შესახებ, შეაჩეროს საომარი მოქმედებები. „მაგრამ როგორ შეგვიძლია, შევაჩეროთ საომარი მოქმედებები, თუ მეორე მხარე იწყებს კონტრშეტევას? რა უნდა გავაკეთოთ? ისინი კონტრშეტევას განახორციელებენ და ჩვენ ვიტყვით: „ჩვენ გავჩერდებით“ - განაცხადა პუტინმა. უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების სამართლიანი პირობა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. 28 აგვისტოს გააავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.  

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეწყალებული 9 მსჯავრდებულიდან 5 პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. „5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მედია: შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს

შვედეთის მთავრობა უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი რადიო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, მთავრობას, სხვა საკითხებთან ერთად, სურს იცოდეს, როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი შვედეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და რამდენად სწრაფად შეუძლია ქვეყანას ახალი Gripen-ის თვითმფრინავების მიღება და მან ამ საკითხი განხილვა, შესაძლოა, შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად მოსთხოვოს. შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ შვედეთისგან Gripen-ის 16-18 თვითმფრინავს მიიღებს. შეგახსენებთ, უკრაინას ნიდერლანდებმა და დანიამ დაუდასტურეს, რომ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადაცემენ, როგორც კი უკრაინელი პილოტების მომზადება დასრულდება. თუმცა კიევმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულია, შვედეთისგან Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში გასულ თვეში იმყოფებოდა.  

უკრაინა მრავალეროვნულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობს

უკრაინელი სამხედროები მრავალეროვნულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობენ. სწავლება 11 სექტემბერს რუმინეთის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობით დაიწყო. წვრთნები - „Sea Breeze 23.3,“ 11-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება. მასში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში. წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს.  

შსს აცხადებს, რომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“. „ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.თ., 1995 წელს დაბადებული ლ.ს., 2000 წელს დაბადებული ნ.გ., 1991 წელს დაბადებული ე.მ., 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1978 წელს დაბადებული პ.ს., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1990 წელს დაბადებული დ.ტ., 2001 წელს დაბადებული ე.ა., 1984 წელს დაბადებული მ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ა., 1985 წელს დაბადებული ბ.ხ. და 2001 წელს დაბადებული ს.ნ. წარსულში ნასამართლევი -1984 წელს დაბადებული მ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ბ., 1985 წელს დაბადებული გ.ხ., 1995 წელს დაბადებული ო.მ., 1987 წელს დაბადებული გ.კ., 1986 წელს დაბადებული რ.ნ., 1972 წელს დაბადებული ზ.თ., 1979 წელს დაბადებული გ.ბ., 1974 წელს დაბადებული ა.ბ., 1984 წელს დაბადებული ა.კ., 1996 წელს დაბადებული ს.ა., 2002 წელს დაბადებული ლ.ვ., 1987 წელს დაბადებული რ.ა., 1999 წელს დაბადებული ტ.ტ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1965 წელს დაბადებული ი.დ., 1999 წელს დაბადებული ფ.ლ., 1991 წელს დაბადებული ჰ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული მ.ს., 1988 წელს დაბადებული ი.ი., 1996 წელს დაბადებული მ.თ. და წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ნ.დ.. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1963 წელს დაბადებული ზ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.ვ., 1980 წელს დაბადებული ა.ხ., 1970 წელს დაბადებული გ.ჯ., 2003 წელს დაბადებული რ.ა., 1971 წელს დაბადებული ბ.ქ., 1974 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.თ., 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული რ.ფ., 1991 წელს დაბადებული ვ.ხ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - განაცხადა კუპატაძემ. 12 სექტემბერს კუპატაძე აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია.  

ტაივანი ჩინეთის შესაძლო შეჭრის მოგერიებისთვის უკრაინის გამოცდილების საფუძველზე მოემზადება - მედია

ტაივანი ჩინეთის შესაძლო შეჭრის მოგერიებისთვის უკრაინულ მოდელს გაითვალისწინებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტაივანმა თავდაცვის პირველი დოკუმენტი გამოაქვეყნა. საინფორმაციო სააგენტო Focus Taiwan-ი შესაბამის ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, უკრაინის მაგალითზე სწავლებით, ტაივანი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას სამობილიზაციო რეზერვების რეფორმირებისა და წინააღმდეგობის გაწევაში მოსახლეობის ჩართულობის გზით გეგმავს. „ტაივანის შეიარაღებული ძალები ევროპაში ომის გამოცდილებაზე ისწავლიან, კერძოდ, სწავლება ომის ასიმეტრიული წარმოებისთვის პოტენციალის გაზრდასა და აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მთელი საზოგადოების ჩართულობაზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას შეეხება,“ - წერია დოკუმენტში. დოკუმენტი მიუთითებს, რომ ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, ჰიბრიდული ომისთვის ემზადება და ამაში არა მარტო ტრადიციულ სამხედრო ძალას გამოიყენებს, არამედ კიბერნეტიკულ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ და სხვა ომებს მიმართავს.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილისწამებას სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლები, მიუხედავად არაერთი საჯარო განმარტებისა, ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების ან ფაქტის გარეშე, აგრძელებენ ტყუილი ბრალდებების გავრცელებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო უწყების დისკრედიტაციის მიზნით. საქმე ისაა, რომ მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. დაზიანებულ ხიდზე ჩასატარებელი საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ჩვენი ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა და დასკვნის მიღებისთანავე, შემუშავდება ხიდის საინჟინრო-სამშენებლო პროექტი, რაზეც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. ამასთან, ფაქტთან დაკავშირებით, პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 51 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც 4 მონაკვეთად არის დაყოფილი. აქედან, ორი მონაკვეთის, ჯამში, 28 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულებულია, ხოლო მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სამუშაოებს აგრძელებს ევროპის საინვესტიციო ბანკის წესებით ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია და მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადა 2024 წელია. პირველი, 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას კი, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ორ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულებების შემდეგ, აგრძელებს ქართული კომპანია, სადაც დასასრულებელია მხოლოდ ხიდის 800 მეტრიანი მონაკვეთი. ტყუილი და მანიპულაციაა ისიც, რომ თითქოს სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტის ღირებულება ოთხჯერ არის გაზრდილი. სწორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოპონენტები პროექტით გათვალისწინებული ერთი მონაკვეთის ღირებულებას ადარებენ პროექტის ოთხივე მონაკვეთის ღირებულებასთან, რაც ბუნებრივია, მეტი იქნება ერთი მონაკვეთის ღირებულებაზე. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებდა სამართლებრივ დავას პროექტის ორ მშენებელ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, კომპანიებს დაეკისრათ, ჯამში, დაახლოებით 120 მილიონი ლარის ანაზღაურება. მესამე კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი, მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია 18 მილიონი ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ ცილისწამება და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

რა შემთხვევაში დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა

დიდმა ბრიტანეთმა 2014 წლის 8 სექტემბრის ბრანებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის საფუძველზეც საქართველო იმ ქვეყნების ან ტერიტორიების სიაშია, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით (შესვლის გარეშე) სხვა ქვეყანაში ტრანზიტის დროს, ტრანზიტული ვიზები დასჭირდებათ. შესაბამისი ინფორმაცია თავდაპირველად Forbes-მა გაავრცელა, თუმცა დეტალები არ მიუთითა. გთავაზობთ იმ ცნობების ჩამონათვალს, რომლის მოძიებაც Europetime-მა ამ დროისთვის შეძლო. კერძოდ, პორტალ NewlandChase-ის თანახმად, 6 ოქტომბრიდან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა დასჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრანსფერი განხორციელდება იმავე აეროპორტში და მგზავრს არ დასჭირდება სასაზღვრო ზონის დატოვება. შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვინც ბილეთი 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით) შეიძინა. ახალი წესები საბოლოოდ 6 ოქტომბერს ამოქმედდება - მანამდე მგზავრებს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ. შეზღუდვები არ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის ან აშშ-ის მოქმედი ვიზა. სატრანზიტო ვიზა 48 საათის განმავლობაში გაიცემა. განმარტებისთვის: თუ მგზავრი 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერდება ბრიტანეთის აეროპორტში, საჭიროა ვიზა (Visitor in Transit Visa). ეს წესი მანამდეც მოქმედებდა. თუ მგზავრი 48 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში ჩერდება და ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლს არ გადის და ტრანზიტით მიემგზავრება სხვა ქვეყანაში ბრიტანეთის გავლით, საჭიროა - Direct Airside Transit Visa. თქვენ არ გჭირდებათ ტრანზიტული ვიზა, თუ: ფლობთ ევროკავშირის „ბინადრობის ბარათს“ (EU Settlement Scheme) ოჯახის ნებართვით. ფლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამგზავრო დოკუმენტს, მაგალითად, თქვენ ხართ ლტოლვილი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ფლობთ სტანდარტული ვიზიტორის ვიზას ფლობთ ქორწინების ვიზიტორის ვიზას NewlandChase-ის თანახმად, როგორც წესი, ნორმატიული აქტი ბრიტანეთში ძალაში შედის მისი პარლამენტში წარდგენიდან 21 დღეში. მიზეზი კი, რის გამოც ეს აქტი უკვე პარლამენტისადმი წარდგენიდან მომდევნო დღეს ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ შიშობდნენ, ცვლილების ძალაში შესვლამდე მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდი ბრიტანეთში მოხვედრისას თავშესაფარს მოითხოვდნენ. ამასთან, ამავე პორტალის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება შეამცირებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ქვეყანაში ტრანზიტის საბაბით, თავშესაფრის მოთხოვნის გამო შედიან. NewlandChase-ის ცნობით, 2018 წლიდან საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს მუდმივად უკავიათ პირველი ადგილი იმ ერებს შორის, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნისთვის, ბოროტად იყენებენ. რაც შეეხება 2014 წლის ბრძანებას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც რეგულაციები მოცემულ პერიოდში ეხებოდათ, ამ ბმულზე შეგიძლიათ, იხილოთ. საქართველოს საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზის შემოღების საკითხზე განმარტებას აკეთებს

ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ადმინისტრაციამ მხოლოდ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. საკონსტიტუციო სასამართლოში 12 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება შეიტანა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. მეორე დღეა, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ასევე ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა საკითხებზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი თავის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს. „რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და აბსოლუტურად რეალურად მიიჩნევს, რომ ეს მოხდეს. შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც ნაფიქრი აქვს აშკარად და სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს, რა უნდა გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში," - განაცხადა ელისაშვილმა. რადიო თავისუფლების ცნობით, მან არ დააზუსტა, რა იგულისხმება ზურაბიშვილის ხედვაში და აღნიშნა: „სულ რომ მაწამონ და სული ამომხადონ, მაინც არ დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ფრიდონ ინჯია მხარს დაუჭერს და თუ ვინმე დაუჭერს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა, ანა წითლიძემ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის საკითხზე ნაკლებად ღელავს. წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.  

რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრაზე, ერგნეთში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 4 მოქალაქესთან დაკავშირებით პოზიტიურ სიახლეს მოელიდან. ამის შესახებ მან ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული 114-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. „არ ვისაუბრებ დეტალებზე ახლა, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ახლო მომავალში გვექნება საშუალება, ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ, მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი, რაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ქართული მხარის დღის წესრიგში. ირაკლი ანთაძის განცხადებით, წლის განმავლობაში უკანონანო ე.წ ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქირდა. „დაფიქსირდა კიდევ ერთხელ აქტიური პროტესტი და მიუღებლობა, ვინაიდან ეს პროცესი ძირეულად ლახავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიური რისკის ქვეშ არის მათი სიცოცხე და ჯანმრთელობა. ოპონენტის პოზიცია ცნობილია და აქ ძირეული პროგრესი არ ყოფილა,“ - განუცხადა მედიას ირაკლი ანთაძემ. დღესვე ერგნეთში განხილივის მოსახლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი, რომელიც მანამდე ტექნიკური ჯგუფის განსახილველ საკითხთა სიაში იყო. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა ერგნეთში პირველ ნოემებერს გაიმართება. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 114-ედ შეიკრიბნენ. 

EUMM ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ერგნეთში 12 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (EUMM) 114-ე შეხვედრა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის მონიტორინგის მისია ინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირიდან და ეუთოდან თანამონაწილეებმა გადაადგილების თავისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს, რადგან „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) (საოკუპაციო ხაზი, რედ.) ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა კვლავ აწყდება დაბრკოლებებს, რომლებიც ზღუდავს მათ საარსებო შესაძლებლობებს, აფერხებს მათ ურთიერთობებს. თანამონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს დაბრკოლებები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი შეფასებით, უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილურია ბოლო ორი თვის განმავლობაში. IPRM-ის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის ბოლოდროინდელი უსაფრთხოების ინციდენტები და დაკავებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი დაკავების ზოგიერთი შემთხვევა ახლახან გადაიჭრა. მათ ასევე მოუწოდეს მონაწილეებს, შეწყვიტონ დაკავების პრაქტიკა და მხარი დაუჭირინ დანარჩენი დაკავებულების გათავისუფლებას. მონაწილეები მიესალმნენ დღევანდელ კონსტრუქციულ დისკუსიებს სხვადასხვა შემაშფოთებელ თემაზე, როგორიცაა, ელექტროენერგიასა და სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა.  მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად. რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრაზე, ერგნეთში ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 114-ედ შეიკრიბნენ.