ძებნის რეზულტატი:

წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.  სპიკერის თქმით, მოკვლევა “ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებებზე” ფოკუსირდება. რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამის პროცედურას იანვრიდან აწარმოებს, მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს. მედია წერს, რომ პროცედურის დაწყება ბაიდენის შვილს უკავშირდება. ამასთან, მოსმენებზე ბაიდენის უკანონო ქცევის კონკრეტული მტკიცებულებები ნაპოვნი არ არის. ამავდროულად, აღმოჩენილია პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც „რესპუბლიკელების“ თქმით, საეჭვოა. მათივე შეფასებით, პრეზიდენტმა მისი შვილის საქმიანობის შესახებ იცოდა. მაკკარტის თქმით, პრეზიდენტის საქციელთან დაკავშირებით „სერიოზული და სანდო” ბრალდებები არსებობს. „ერთად აღებული, ეს ბრალდებები კორუფციის კულტურის სურათს ხატავენ,” - განაცხადა მაკკარტიმ.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის, შპს „ქართული ფესვების" შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმომ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ქართულ ფესვებს" [რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია]. როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, „მოსავლის მართვის კომპანიაში" აცხადებენ, რომ „ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება.  

თბილისში უკრაინის გმირის ალექსანდრე მაციევსკის ძეგლი დადგეს

უკრაინის გმირის ალექსანდრე მაციევსკის ძეგლი, თბილისში, თმის გადანერგვის ინსტიტუტის კერძო ტერიტორიაზე დადგეს. ინფორმაცია  „ეხო კავკაზას“ კლინიკის დამფუძნებელმა, ექიმმა აკაკი წილოსანმა დაუდასტურა. სკულპტურის ავტორი ირაკლი დეკანოზიშვილია. ამ წლის მარტში სოციალურ ქსელებში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეს სიკვდილით დასჯის ვიდეო გამოჩნდა. უკრაინამ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა. კიევი საერთაშორისო დონეზე გამოძიების მოწოდებით გამოვიდა. მაციევსკი იყო ჩერნიგოვის რაიონის 119-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი. 2022 წლის დეკემბრის ბოლოდან კიევი მას დაკარგულად მიიჩნევდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მას 30 დეკემბერს ესროლეს. მიმდინარე წლის თებერვალში მისი ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. მაციევსკი რუსმა სამხედროებმა „დიდება უკრაინას!“ წარმოთქმის შემდეგ მოკლეს.   

ქუთაისის და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებებში არეულობის შესახებ ცნობას ომბუდსმენი არ ადასტურებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. „სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. „დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებენ უწყებაში. ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტაქტიკური ბომბდამშენი SU-24М რუსეთის ვოლგოგრადის რეგიონში ჩამოვარდა. ამის შესახებ ტელეგრამ არხი „ბაზა“ იტყობინება. წინასწარი ინფორმაციით, ბომბდამშენს ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა. უცნობია, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრომ საწვრთნელი ფრენის დროს კატასტროფა დაადასტურა. სამძებრო-სამაშველო მისიას მი-8 ტიპის ვერტმფრენები ასრულებენ.  

Reuters: სატვირთო თვითმფრინავების უკრაინული მწარმოებელი „Antonov-ი“ დრონების წარმოებას იწყებს

უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Antonov-ი სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დრონების წარმოებას იწყებს, იტყობინება Reuters 12 სექტემბერს. Antonov-ის თვითმფრინავი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი Mriya რუსულმა ძალებმა გაანადგურეს. სახელმწიფო საწარმოს ყოფილ დირექტორს დაუდევრობისთვის ბრალი წარედგინა. An-225 MRIYA იყო საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეეძლო. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.

უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვისთვის, პარტნიორებისგან $2,3 მილიარდი მიიღო - შმიგალი

უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან 2,3 მილიარდი დოლარი უკვე მიიღო ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მან პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ სერიოზული და სისტემატური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად. „ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც მსოფლიოში არავის გაუკეთებია. სამუშაოს კვირებს ვანდომებთ. მანამდე ამას თვეები ან წლები სჭირდებოდა. მადლობას ვუხდი ჩვენს ენერგეტიკოსებს და მშენებლებს ამ არაჩვეულებრივი სამუშაოსთვის,“ - განაცხადა შმიგალმა.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს თურქეთს ორდღიანი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმს კლევერლი ეწვევა. „13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი, ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. თურქული მედიის თანახმად, საუბარი ასევე უკრაინაში ომს და შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებას“ შეეხება. დღეს ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. „მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის ინიციატივის და NATO-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“, - წერს თურქული NTV.  

პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომზე შეხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინს შორის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მოკლე საუბარი შედგა. რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის. „გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა,“ – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას. პუტინი კოსმოდრომზე პრიმორიედან ჩაფრინდა, სადაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კოსმოსური თანამგზავრების აგებაში დაეხმარება. კითხვას: „დაეხმარება თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში", პუტინმა უპასუხა: „სწორედ ამიტომ მოვედით აქ. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი ცდილობენ განავითარონ კოსმოსი. ჩვენ მათ ჩვენს ახალ ობიექტებს ვაჩვენებთ". განიხილება თუ არა მოლაპარაკებებზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. „ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. დრო არის,“ - უპასუხა პუტინმა.  

უკრაინა ოდესის ოლქში 32 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, გასულ ღამით, საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთის მიერ გაშვებული 44 დრონიდან უკრაინელებმა 32 დრონი გაანადგურეს. მათივე ცნობით, ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის სამიზნე იყო მდინარე დუნაიზე მდებარე საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამხრეთის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 32 დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა საპორტო ობიექტებამდე მიაღწია. დაზიანებულია შენობები, ხანძარი გაჩნდა სატვირთო ავტომანქანების სადგომზე. დაშავდა 7 მძღოლი. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 44 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ოდესის და სუმის ოლქებს. ძირითადი სამიზნე იყო ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა.  

ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებები იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი, ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი დაზიანდა. უწყების განცხადებით, გასულ ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს შეუტიეს 3 უეკიპაჟო კატერით და სამივე გაანადგურა საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით არ არის დადასტურებული. ე.წ. გუბერნატორი ირწმუნებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა. სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში, რომელიც დღესაც სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ. სევასტოპოლზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უთქვამს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.  

აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური: უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავები შესაძლოა, სამ თვეში მართონ

აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მაიკლ ლოჰმა 12 სექტემბერს მერილენდში, საჰაერო ძალების ყოველწლიურ ყრილობაზე განაცხადა, რომ შტატებმა შესაძლოა, წლის ბოლომდე დაასრულოს უკრაინის პილოტების პირველი ჯგუფის წვრთნა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში, თუმცა მათ მიერ საბრძოლო მისიების შესრულების დაწყებას უფრო მეტი დრო დასჭირდება. უკრაინელი პილოტები წვრთნის გასავლელად არიზონის შტატში ოქტომბერში უნდა ჩავიდნენ. უკრაინას სურს, მიიღოს F-16 ტიპის 50 თვითმფრინავი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განაცხადა, რომ უკრაინა 42 ასეთ საბრძოლო ხომალდს მიიღებს. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.  

CNN: კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. CNN სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტების გაშვება რამდენიმე წუთის ინტერვალით განხორციელდა. როგორც ამერიკული ტელეარხი წერს, ბალისტიკური რაკეტების გაშვება სამხრეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის მეთაურების შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე განხორციელდა, რომლებსაც ორივე ლიდერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ორივე მსოფლიო არენაზე სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება.  

მედიის ცნობით, ვაშინგტონი და ტაიბეი ტაივანისთვის დრონების მიწოდების საკითხს განიხილავენ

ტაივანის შეიარაღებული ძალები შეერთებულ შტატებთან განიხილავს თავდასხმის დრონების მიწოდების საკითხს. ამის შესახებ ტაივანის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დაგეგმვისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ქსუნ შენჯუნი მედიასთან აცხადებს. მისი განმარტებით, შესაძლო შეთანხმება ჯერ განხილვის ეტაპზეა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „ამერიკულ მხარეს ჯერ არ დაუსრულებია გადახდის პროცედურა, არ დაუსრულებია შეტყობინების ეტაპი კონგრესისთვის, არ გამოუქვეყნებია საჯარო  მონაცემები,“ - განაცხადა ქსუნ შენჯუნმა.  

ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა

„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას. NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.“ კობახიძის თქმით, ამ ინფორმაციის წყარო არასერიოზულია. „წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის? ეს ხომ არასერიოზულია. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში. ეს არის NATO-ს წევრობა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ NATO-ს ქოლგა. არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული, “ – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება  

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოსაზღვრე ქვეყნები რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლის აკრძალვას განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ საზღვრებს რუსეთთან, აპირებენ, ამ კვირის ბოლოს განიხილონ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის განახლებული გაიდლაინი, რომელიც რუსული სანომრე ნიშნებით ავტომობილებს ევროკავშირში შესვლას  კრძალავს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ (Eesti 200) და აღნიშნა, რომ ესტონეთს სურს, ეს გაიდლაინი დაიცვას. მინისტრის განმარტებით, ესტონეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე 8 სექტემბერს, ევროკომისიამ გამოსცა ახალი გაიდლაინები (ბმული PDF-ზე) სანქციების აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც, წევრმა ქვეყნებმა შეიძლება, რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანები ევროკავშირში არ დაუშვან. ეს აკრძალვა ეხება არამხოლოდ კერძო მანქანებს, არამედ, კომპანიის სატრანსპორტო ოპერაციებსაც. ამ სანქციების აღსრულება სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის. შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ მანქანებზე.  

დანიამ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში არ შეუშვა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ოლეგ სალაგაი დანიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე დაუშვა. დანიაში რუსეთის საელჩომ მომხდარი დაგმო და დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. „12-14 სექტემბერს კოპენჰაგენში იმართება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო სახელმწიფო მდივანს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თუმცა მას კასტრუპის აეროპორტში, დანიაში შესვლაზე უარი განუცხადეს,“ განაცხადა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ. ადგილობრივი მედია წერს, რომ დანიის საგარეო უწყება საკითხს სწავლობს. შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ვლადიმერ ბარბინს აცნობა, რომ კოპენჰაგენში საელჩოს პერსონალი უნდა შემცირდეს. კოპენჰაგენში დარჩენას მხოლოდ ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს 20 ტექნიკური თანამშრომელი შეძლებენ. რუსეთის დიპლომატებს სამუშაოს შეწყვეტა და კოპენჰაგენის დატოვება არაუგვიანეს 29 სექტემბრისა მოუწევთ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთში ევროპის მრავალი ქვეყანა ამცირებს. ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის საელჩომაც მოსკოვში მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანად შეაჩერა.  

უკრაინის დაზვერვა: ანექსირებულ სევასტოპოლში, ქარხანაზე დარტყმამ 2 რუსული ხომალდი დააზიანა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე ღამით განხორციელებულმა დარტყმამ რუსული სადესანტო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა RBC-Ukraine-ს განუცხადა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ.  

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი აზერბაიჯანის მხარდამჭერ განცხადებას მოსკოვის დემარში მოჰყვა

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნების მიმართ აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიცია გააპროტესტა. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები წერენ, ვლადივოსტოკში, „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში დღეს, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს, რადგან ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის „ახალ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების“ შესახებ, ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს არ შეესაბამება. ზახაროვას განცხადებით, ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს უნდა ეპყრობოდეს ისეთივე პატივისცემით, როგორსაც რუსეთისგან ელოდება, როცა საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე. კრემლმა ე.წ. რეგიონული პარლამენტის არჩევნები უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც ჩაატარა. ეს ტერიტორიად მოსკოვმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დღემდე ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად კონტრშეტევას აწარმოებენ. 9 სექტემბერს აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქო ლეგიტიმურად მიიჩნევს უკრაინის კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებს და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული პრინციპული პოზიციაა, ამიტომ, ნებისმიერ არჩევნებს, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება, იურიდიული ძალა არ აქვს. შეგახსებთ, უფრო ადრე მოსკოვის პროტესტი სომხეთის ნაბიჯებს მოჰყვა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა

ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად 5300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობოთ წერს, ეს რიცხვი შეიძლება, გაორმაგდეს. წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.