ძებნის რეზულტატი:
მედია: უკრაინულმა დრონმა რუსეთის საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ტვერის ოლქში უკრაინული დრონი თავს დაესხა რუსულ ქარხანას, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს. რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი კონაკოვოს რაიონში ჩამოაგდეს. რუსული ტელეგრამ არხები კი წერენ, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა Redkinsky-ის საპილოტე ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ავიაციისა და რაკეტებისთვის საწვავს აწარმოებს. ვარაუდობენ, რომ Spetsneftprodukt-ის მიერ იჯარით აღებული საწყობის ტერიტორიაზე დაზიანებულია ცარიელი ავზი და ჩამსხვრეულია მინები, ხანძარი ან საწვავის დაღვრა არ მომხდარა. ამავდროულად, „РБК-უკრაინის“ წყარომ მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წარმატებული თავდასხმის შესახებ განაცხადა. „დღეს ასევე იყო დარტყმა რედკინსკის საპილოტე ქარხანაზე ტვერის რეგიონში. იქ იწარმოება საავიაციო საწვავი დეცილენი. ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა. არის დარტყმა და არის განადგურება,“ - განაცხადა სააგენტოს წყარომ. ცნობისთვის, 13 სექტემბრის ღამით, უკრაინამ ანექსირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო და საზღვაო დრონებით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ და დიდი სადესანტო გემი „მინსკი“.
პრეზიდენტი: საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამით სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. „პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს. საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს. მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ. ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!“ წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
ჯონ კირბი: არცერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში - ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს. მან პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას მჭიდროდ აკვირდება. ვაშინგტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს მხარი არ დაუჭიროს. „არც ერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში,” -აღნიშნა კირბიმ. „თუ ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტს, რუსეთს რაიმე სახის იარაღით დაეხმაროს, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და შესაბამისად გავუმკლავდებით ამას. როგორც ჯეიკ სალივანმა წინა კვირას თქვა, ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება - როგორც შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. პუტინი რასაკვირველია არტილერიას ეძებს. დონბასსა და უკრაინის სამხრეთში მხარეები ერთმანეთს ესვრიან, რაც ძალიან არის დამოკიდებული არტილერიაზე. ასე რომ, შესაძლებელია, ეს საბრძოლო მასალის სულ მცირე ერთი სახეობააა, რომელსაც პუტინი ეძებს. შესაძლოა, საუბარი საბრძოლო მასალის სხვა სახეობებზეც მიმდინარეობდა, მაგრამ მკაფიო სურათი ჯერ არ გვაქვს,” - განაცხადა ჯონ კირბიმ.
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე შეტევისა და შავ ზღვაში ხომალდზე თავდასხმის შესახებ იუწყება
რუსეთი ამტკიცებს, რომ შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ უკრაინელების თავდასხმა აღკვეთა . რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, დილის 5 საათისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის აკვატორიაში 5 უეკიპაჟო კატერით სცადეს „სერგეი კოტოვზე“ შეტევა. სამინისტროს მტკიცებით, გემის „საშტატო შეიარაღებიდან“ ხუთივე კატერი გაანადგურეს. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის „14 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ ხუთი უპილოტო კატერით თავდასხმა სცადეს, თავდასხმის მოგერიებისას მოწინააღმდეგის ხუთივე უპილოტო კატერი განადგურდა,” - აცხადებენ უწყებაში. დღეს დილით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ევპატორიაში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 05:30 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
ევროპარლამენტმა ლუკაშენკო რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილედ აღიარა
ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში „რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილედ“ აღიარა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა, რაც უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და ზარალისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს,“ - ნათქვამია რეზოლუციაში. მისივე თანახმად, „სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს ჰქონდეს იურისდიქცია, გამოძიება აწარმოოს არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაზე, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებითაც. რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს მოუწოდებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „გააფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები“ რუსეთის წინააღმდეგ და გამოიყენონ ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციები, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული. რეზოლუციაში ბელარუსი "რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდაა" მოხსენიებული და დაგმობილია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე.
CNN: პენტაგონი უკრაინაში ქმნის ახალ გუნდს, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების დახმარებას მონიტორინგს გაუწევს
პენტაგონი უკრაინაში აყალიბებს ახალ ჯგუფს, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების დახმარებას მონიტორინგს გაუწევს. თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელმა უკრაინაში მუშაობა აგვისტოს ბოლოს დაიწყო და უკრაინაში დამატებითი პერსონალი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ჩავა. CNN წერს, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი კანონმდებელი მოითხოვს უკრაინის მიერ ამ დახმარების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერებას. ახალი გუნდის შექმნა კი უკრაინის დახმარებისთვის კრიტიკულ დროს ხდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლახან კონგრესს სთხოვა 24 მილიარდი დოლარის მეტი დახმარება კიევისთვის, მათ შორის 13 მილიარდი აშშ დოლარი უსაფრთხოებისთვის, რადგან პრეზიდენტმა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ აშშ-ის დახმარებას „ვიდრე ეს კიევს დასჭირდება“. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის სექტემბრის პირველი კვირის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,7 მილიარდ დოლარზე მეტის მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო „საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება.აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განახლება: სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. რადიო თავისუფლებასთან ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად მას ემსახურებოდა ბორტი N1, რომელიც რეგისტრირებული იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შერჩევითად საჯაროს ხდის 2010-2012 წლებში სააკაშვილის მგზავრობის შესახებ ინფორმაციას მაშინ, როცა მისი პრეზიდენტობა თითქმის კიდევ ერთი წელი გრძელდებოდა.
პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. „ივნისის ბოლოს მოხდა ზეპირი განახლება და როგორც იცით, ევროკომისიამ შეაფასა, რომ 12 პრიორიტეტიდან 3 სრულად იყო შესრულებული. ივნისის ბოლოდან რამდენიმე თვეა გასული. პროგრესი არის და შეფასება მოხდება ერთ თვეში. ველოდებით გაფართოების ანგარიშს. აშკარაა, რომ პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული. რამდენიმე კვირა კიდევ დარჩენილია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩაერთვება, მუშაობა გაძლიერდება და გაფართოების ანგარიშის წარდგენამდე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა მოხდება. ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე. ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა დარჩენილი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გამართავენ შეხვედრას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ," - განაცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
საგარეო უწყება: ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ირლანდიის სენატისა და პარლამენტის თავმჯდომარეებმა, ასევე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დუბლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განაცხადეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიის სენატის თავმჯდომარის ჯერი ბუტიმერმა განაცხადებით, ირლანდია მზად არის იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ძალიან კარგი და ძლიერი გზავნილებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე. ირლანდიამ ბევრი სარგებელი მიიღო ევროკავშირის წევრობით და იმედი მაქვს, რომ საქართველოც შეძლებს ამ სარგებლის მიღებას. რასაკვირველია, ევროკავშირს აქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. თქვენმა მთავრობამ და მინისტრმა გაგვაცნეს ის პროგრესი, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. ირლანდიაში საპარლამენტო დემოკრატიაა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობართა ჯგუფი, რომელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ველით საქართველოსა და ირლანდიის მთავრობებთან მუშაობას, რათა მალე ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოება“, - განაცხადა ჯერი ბუტიმერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის შონ ო'ფარელის შეფასებით საქართველოსა და ირლანდიას საერთო წარსული აქვთ და ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის “მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ირლანდიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ძალიან ბევრი წლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია ირლანდიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდირებისთვის. ირლანდია საქართველოს მტკიცე მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გარდა ამისა, ირლანდიას და საქართველოს მსგავსი წარსული აქვთ. ჩვენც ბევრი ათწლეულის მანძილზე ვიბრძოდით შიდა დაპირისპირების გამო, სანამ ეს ყველაფერი მშვიდობის შეთანხმებით არ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ მდგომარეობის სიმძაფრე, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშია” - განაცხადა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ. ირლანდიის სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის დიარმუდ უილსონის განცხადებით ირლანდიის სენატმა რეზოლუციის სახით არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ახლაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. „ირლანდიის სენატი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გასულ წელს ჩვენ ერთხმად მივიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია და ჩვენ ერთ-ერთი ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყნის პარლამენტიდან, რომელმაც მსგავსი რამ გააკეთა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა დიარმუდ უილსონმა სენატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
პაველ ჰერჩინსკი: იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა. კითხვას, განიხილეს თუ არა იმპიჩმენტის თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.“ „მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ის, თუ რა გვსურს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სამხრეთ კორეისთვის F-35-ების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამხრეთ კორეისთვის F-35 გამანადგურებლების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა. კონტრაქტის ღირებულება 5,06 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბულგარეთში NATO-ს ახალი სამხედრო ბაზა განთავსდება
ბულგარეთში NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 55 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება, იტყობინება ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის თავდაცვის მინისტრ თოდორ თაგარეევზე დაყრდნობით. თაგარევის თქმით, გათვალისწინებულია ყაზარმების, აღჭურვილობის შესანახი შენობებისა და გზების მშენებლობა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სოფიას აქვს საბიუჯეტო თანხები ამ პროექტის განვითარებისთვის, მაგრამ საჭირო რესურსების ნაწილს NATO მაინც უზრუნველყოფს. ბაზის ადგილმდებარეობა ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ მრავალფუნქციური საბრძოლო ჯგუფი, სავარაუდოდ, ორ სამხედრო ბაზაზე, იამბოლის რეგიონში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგდება. მშენებლობა სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დასრულდება. უკრაინული მედია წერს, რომ ოფიცრების უმრავლესობა ადგილზე იტალიიდან ჩავა. NATO-ს ახალ ბაზაზე განლაგებული საბრძოლო ჯგუფი შეასრულებს თავდაცვით ფუნქციებს პოტენციური აგრესორი ქვეყნის საფრთხის შემთხვევაში. ბულგარეთი აძლიერებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბულგარეთმა დაიწყო თავდაცვისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება. ბულგარეთმა დაიწყო სანაპირო დაცვის რაკეტებით აღჭურვა. როგორც უკრაინული მედია წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა დენკოვი მიზნად ისახავს ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოების რუსული გავლენისგან გაწმენდას. თუმცა მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი არ იზიარებს მის შეხედულებებს და შესაძლოა, ხელი შეუშალოს გადამწყვეტ რეფორმებს. ბულგარეთი NATO-ს წევრი 2004 წელს გახდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 8%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში მაგისტრალური გაზსადენებით 27 109,8 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით მეტია. სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, გაზის ტრანსპორტირების 53,8% სამხრეთ კავკასიის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში მილსადენით 14 589,9 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 8,4%-იანი ზრდაა. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.
სპეცოპერაცია ოკუპირებულ ყირიმში - უკრაინა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ფლოტმა ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიაში საჰაერო თავდაცვის სისტემა („ტრიუმფი“) გაანადგურეს. „წუხელ, SBU-ს სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს უნიკალური სპეცოპერაცია ევპატორიასთან - მათ გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა Triumf, რომლის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარი იყო“, - განუცხადეს უსაფრთხოების სამსახურში წყაროებმა უკრაინულ მედიას. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
მოლდოვის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა
მოლდოვას პირველი პრეზიდენტი, მირჩა სნეგური 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი მოლდოვის ყოფილი ვიცე-პრემიერის, კონსტანტინე ტამპიზას ინფორმაციაზე დაყრნდობით წერს. 1990 წლის სექტემბრიდან 1997 წლამდე მირჩა სნეგური მოლდოვის პრეზიდენტი იყო. ის აქტიურად უჭერდა მხარს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რუმინული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.
ჯო ბაიდენი იმპიჩმენტზე: ეს მთავრობის მუშაობის შეჩერებისთვის სჭირდებათ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე და სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული. ჯო ბაიდენმა ვირჯინიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიაზე საჭირო სახსრების შეგროვების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკელების მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების სურვილი აშშ-ს მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერების, მოწყობის მცდელობასთან არის დაკავშირებული. „ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამათმა უბრალოდ იცოდნენ, რომ იმპიჩმენტის გამოცხადება სურთ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ იმპიჩმენტი მთავრობის მუშაობის შეჩერებისთვის სჭირდებათ,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამის პროცედურას იანვრიდან აწარმოებს მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.
სომხეთი ქვეყანაში „ვაგნერელების“ ყოფნის შესახებ ცნობებს ამოწმებს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს მედიით გავრცელებულ ცნობებს სომხეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრთა ჩასვლის შესახებ. ეს ინფორმაცია სომხეთის პარლამენტს 13 სექტემბერს, „სამთავრობო საათის“ ფორმატით გამოსვლისას მიაწოდა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აგნესა ხამოიანმა ჰკითხა, ეძებს თუ არა უსაფრთხოების სამსახური „ვაგნერელებს“. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს პრესით გავრცელებულ ცნობებზე რეაგირებას კანონმდებლობა ავალდებულებს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თავისი იურისდიქციის ფარგლებში ამოწმებს ტელეგრამ-არხებით გავრცელებულ ინფორმაციას. 8 სექტემბერს ტელეგრამ-არხ „ბაგრამიან 26-ზე" გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილამდე სომხეთში იმყოფებოდა ამ დაჯგუფების 3000-მდე წევრი, ბოლო დროს კი მათ, ძირითადად, როსტოვიდან შეუერთდა კიდევ 2000-მდე. ამავე წყაროს თანახმად, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთის არჩევა შეცდომა იყო და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმების შეუსრულებლობაში, კრემლის მიერ სანქცირებულია სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების სცენარი და „ვაგნერელების“ მეშვეობით ხელისუფლებისგან ფაშინიანის და მისი გუნდის ჩამოშორება. 13 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ ცნობებს „მორიგი მითოლოგია" უწოდა. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა", რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებდა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ 2023 წლის ივნისში მოწყობილი „ამბოხების" შემდეგ, ძირითადად, ბელორუსის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აგვისტოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად „ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ გავრცელებული ცნობებით, ბელორუსში „ვაგნერელების“ რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ბლინკენი უკრაინაში აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ მიზნებზე მიუთითებს
უკრაინაში შეერთებული შტატების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს სტრატეგიული წარმატების მიღწევაში აგრესიაში, ასევე მისი მიზანია, მომავალში უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Pod Save The World-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან დაკავშირებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა უკვე ვერ შეძლო უკრაინის რუკიდან წაშლის, მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობის და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ძალისხმევის აღსრულება. „ჩვენ გვსურს, ვიყოთ უკრაინელების გვერდით, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობა, დაიბრუნონ დარჩენილი ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა წაართვა“, აღნიშნა ბლინკენმა და დაამატა, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს. გარდა ამისა, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინის არამხოლოდ გადარჩენა, არამედ აყვავებაც და ამ მიზნით აშშ აგრძელებს ქვეყნის ეკონომიკურ მხარდაჭერას და მის დემოკრატიულ განვითარებას. „ჩვენი მიზანია, „დარწმუნებული ვიყოთ, რომ უკრაინა ფეხზე დადგება.“ „ამერიკელთა უმრავლესობას არ მოსწონს, რომ ერთი დიდი ქვეყანა მეორეს აბუჩად აგდებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგადად ვაპროტესტებთ და, სადაც შეგვიძლია, გვინდა რაღაცის გაკეთება. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის სისასტიკეს, როდესაც ვხედავთ, თუ რას აკეთებენ ყოველდღიურად არამხოლოდ მისი ქალაქების, არამედ ხალხის, ინფრასტრუქტურის დაბომბვის მიზნით, როდესაც ვხედავთ ზოგიერთ სისასტიკეს, რომელიც ჩაიდინეს რუსეთის ძალებმა. უკრაინაში ეს არის ის, რაც ხალხს სამართლიანად აღელვებს,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. სახელლმწიფო მდივნის თქმით, ფუნდამენტურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დევს სასწორზე. „ეს არ არის მხოლოდ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის აგრესია ზოგიერთი ძირითადი პრინციპის წინააღმდეგ, რომლის დამკვიდრებასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბევრი რამ არის გაწერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, რომ ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები ძალით, შეეცადოს მის ხელში ჩაგდებას, ეცადოს, გააკეთოს ის, რაც რუსეთმა გააკეთა. მას უკრაინის იდენტობის, მისი რუკიდან წაშლა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა სურს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, როდესაც მას შეუძლია, მყარად დადგეს ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ენტონი ბლინკენი გასულ კვირას ორდღიანი ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც შეხვედრები გამართა მაღალჩინოსნებთან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.
პოლონეთში ლეგიონერების დაავადების გავრცელების მიზეზის დადგენას კვლავ ცდილობენ
ლეგიონერების დაავადების მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პოლონური მედია სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ჟეშოვის ჯანდაცვის უწყებებმა გაავრცელეს. საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულია სულ მცირე 160 ადამიანი, პაციენტების უმეტესობა ქალაქ ჟეშოვშია. ჯანდაცვის ორგანოები კვლავ ცდილობენ, დაადგინონ დაბინძურების წყარო. პოლონური მედია ასევე წერს, რომ ბაქტერია დედაქალაქის ერთ-ერთი საჯარო ბაღის შენობაშიც აღმოაჩინეს. ბაღი არ დაუხურავთ, ჩატარდა დეზინფექცია. 26 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად. თავდაპირველი ინფორმაციით, 8 ადამიანი იყო გარდაცვლილი. პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად
აშშ-მ რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
ამერიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. „ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას საგანგებო სიტუაციებისას მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდისთვის. წლების განმავლობაში ეს დახმარება მოიცავდა, როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემას, ასევე, შესაბამის სწავლებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ამ კვირაში რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრს პაციენტთა მართვის პროცესში და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებს,“ - წერის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.