ძებნის რეზულტატი:

რუსეთში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში არ შეუშვებენ

13 სექტემბერს, დილის 10 საათიდან, ესტონეთი ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლას აკრძალავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს წახნამ Twitter-ზე დაწერა. „დღეიდან, ესტონეთი კრძალავს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას,“ - წერს მინისტრი. ამით ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს რუსული სანომრე ნიშნების მქონე კერძო მანქანების ევროკავშირში შეშვება ეკრძალებათ. ლიეტუვამ ასევე განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების დაშვებას, გარდა იმ მანქანებისა, რომლებიც ტრანზიტით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონში. ლიეტუვის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ლატვიამაც გამოაცხადა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოსაზღვრე ქვეყნები რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლის აკრძალვას განიხილავენ  

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს ყოველწლიურ გამოსვლაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ საუბრიისას განაცხადა, რომ უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. „ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში,“ - აღნიშნა ამასთან ლაიენმა. ამავე გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს 30-ზე მეტ წევრამდე გასაზრდელად. ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებზეც უნდა გავრცელდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ სამართლის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის ევროკავშირის საფუძველი იქნება და ამიტომ სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები ევროკომისიის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.  

თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა

გერმანიის საელჩოს განცხადებით, უკრაინული სახლი, რომელიც დღეს თბილისის ცენტრში გაიხსნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. საელჩოს ცნობით, უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით. „უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება. უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ და გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა ამისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას,“ - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. უკრაინული სახლის საზეიმო გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენელები. „გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა. „რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000 უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში,“ - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში. „უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება," - განაცხადა თავის მხრივ, ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა. გერმანიის საელჩოს ცნობით, უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორშიდასაქმებისთვის.

კახა კალაძე: თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში აშენებაზე საუბარი არ ყოფილა. მან გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც ქვეყანას დაიცავს, NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრობაა. „ერთადერთ რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის NATO-ს წევრობა. არაერთხე გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას, ქართულ მხარეს ამერიკული ბაზების საქართველოში განლაგების საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა, რასაც მმართველი გუნდი არ დათანხმდა.   

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემაზე განცხადებას ავრცელებს. „თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად. მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას, ქართულ მხარეს ამერიკული ბაზების საქართველოში განლაგების საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა.  

ჩინეთის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ძალაშია - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

მოლდოვამ რუსი პროპაგანდისტი გააძევა

რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან გააძევეს. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო. „რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - აცხადებენ დეპარტამენტში. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა  

საქართველოს საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზის შემოღების საკითხზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზების შემოღების საკითხზე განმარტებას აკეთებს. Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. „აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულია ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს ტრანზიტული ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის: მოლდოვა უკრაინა თურქეთი ჩრდილოეთ მაკედონია სამხრეთ აფრიკა ჩინეთი სომხეთი აზერბაიჯანი მონტენეგრო ბოსნია და სხვა.“ რა შემთხვევაში დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა  

გაეროს სპეციალური მომხსენებელი გერარდ ქუინი საქართველოშია

გაეროს სპეციალური მომხსენებელი გერარდ ქუინი საქართველოში იმყოფება. შესაბამისი ინფორმაცია Europetime-ს მიაწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა სამხრეთ კავკასიაში (UN OHCHR). ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერარდ ქუინმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა და შესაბამის საჯარო პოლიტიკა და ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ახორციელებს შშმ პირთა უფლებების დასაცავად და მხარდასაჭერად. გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი 4 სექტემბერს დაიწყო. ის საზოგადოებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებივი მდგომარეობის შესახებ მის დასკვნას 14 სექტემბერს წარუდგენს. თბილისის გარდა, გერარდ ქუინი ასევე იმყოფებოდა საქართველოს რეგიონებში. მას ჰქონდა შეხვედრები საქართველოს მთავრობის, სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე შეხვდა შშმ პირებს და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს, მოინახულა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინსტიტუციები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. გაეროს სპეციალური მომხსენებელი პრესკონფერენციას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“,  14 სექტემბერს, 14:00 საათზე გამართავს.  

NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს

NATO-მ მის მიერ მიღებულ სტრატეგიული კონცეფციას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად განიხილავს. შესაბამისი კომენტარი Europetime-თან ინტერვიუში გააკეთა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით? ვინიკოვმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება. NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად შეიქმნა ალიანსი (NATO), რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წესდების 51-ე მუხლით განსაზღვრული კოლექტიური თავდაცვის განხორციელებას. ხელის მოწერის დადასტურებით წევრი ქვეყნები მიისწრაფიან ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისკენ, აგრეთვე დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ხალხთა თავისუფალი განვითარებისკენ. დოკუმენტს ასევე ეწოდება „ვაშინგტონის ხელშეკრულებად“. ხელშეკრულების მიხედვით, NATO-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა გარეშე აგრესიისგან. ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების V მუხლით არის გათვალისწინებული.

რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლომდებარე სოფლებში ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში იპოვეს ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილია. ტერიტორია, სადაც ნამსხვრევები ნახეს, უკრაინის საზღვართან 14 კილომეტრში, ხოლო იზმაილის პორტიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას უკრაინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების IAR 330 Puma-ს ტიპის ვერტმფრენის ეკიპაჟმა ტულჩას მაზრაში მდებარე დასახლებული პუნქტების ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში აღმოაჩინა ფრაგმენტები, რომლებიც, შესაძლოა, უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნის. ნამსხვრევები ათეულობით მეტრის ტერიტორიაზეა გაფანტული," - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დილით ტულჩის საგანგებო სიტუაციების ინსპექციაში ნუფარულის რაიონში ობიექტების ჩამოვარდნის შესახებ რამდენიმე სატელეფონო ზარი შევიდა, შეტყობინება დაზიანებებზე ან ხანძარზე არ შესულა. NATO ომში რუმინეთის „ჩათრევის რისკებს“ ვერ ხედავს „ეროვნული თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობის ზონებში რეალური დროის რეჟიმში საჰაერო ვითარების მონიტორინგს ახორციელებს,“ - ნათქვამია უწყების პრესრელიზში. შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს. რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა. რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები გასული კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს

შმიგალი: უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ზამთრისთვის სრულად მზად იქნება მომავალი თვის განმავლობაში

უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისთვის მზადება მომავალი ზამთრის გამოწვევების დასაძლევად ფინალურ ეტაპზეა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რუსულმა ძალებმა სცადეს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის დაშლა მასიური დარტყმებით 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში, რამაც გამოიწვია ხშირი გამორთვა და გათბობის ნაკლებობა მთელ ქვეყანაში. უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვისთვის, პარტნიორებისგან $2,3 მილიარდი მიიღო - შმიგალი შიმალმა თქვა, რომ გათბობის ქსელების 84%, ცენტრალური გათბობის სადგურების 78%, საცხოვრებელი კორპუსების 80%-ზე მეტი და სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების 86% მზად არის ზამთრისთვის და აღნიშნა, რომ „ეს მაჩვენებელი ერთ თვეში 100%-მდე უნდა ავიდეს.“ მთავრობა მიზნად ისახავს, რომ სეზონის დასაწყისისთვის 25 თბოელექტროსადგური და ცხრა ატომური ელექტროსადგური იყოს მზად. პრემიერის თქმით, თბოელექტროენერგია უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას 4,5 გიგავატი სიმძლავრით უზრუნველყოფს, ბირთვული ენერგია კი, 7,8 გიგავატი იქნება. 35 ჰიდროელექტროსადგური ენერგიის წარმოებისთვის მზადააა ან შეკეთების პროცესშია, ისინი 2,3 გვტ ენერგიას უზრუნველყოფენ. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინა ორიენტირებულია „ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე“, რივნის ატომური ელექტროსადგური ახლა იყენებს საწვავს ამერიკული კომპანია Westinghouse-დან, რომ „რუსული მონოპოლია“ შეწყვიტოს. უკრაინამ თითქმის დაასრულა თავისი ენერგოსისტემის რემონტი, მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში რუსეთმა დარტყმები მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, და ის მზადაა ზამთრის შესახვედრად. ამის შესახებ 13 სექტემბერს სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.

გერმანიამ უკრაინას Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების დიდი პაკეტი გადასცა. დახმარების პაკეტი მოიცავს Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, განაღმვის ტანკებს და საარტილერიო ჭურვებს. უკრაინული მედიის ცნობით, პაკეტში შესული შეიარაღების განახლებული სია გერმანიის ფედერაციული მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა. პაკეტშია: Marder-ის ტიპის 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, შესაბამისი საბრძოლო მასალით (მანამდე გერმანიამ უკრაინას 40 ასეთი მანქანა გადასცა); WISENT 1-ის ტიპის 2 განაღმვის ტანკი (საერთო ჯამში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე 8 ასეთი ტანკი ჰყავს); დიდი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი ნახევარმისაბმელი 8x8 HX81 და 4 ნახევარმისაბმელი (მანამდე უკრაინას შესაბამისად 50 და 41 ერთეული გადაეცა); 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება (სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები, ყველგანმავლები); 5 სატვირთო მანქანა 8х8с და სასწრაფო დახმარების 3 ავტომობილი. გერმანია უკრაინას დამატებით, Marder-ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას გაუგზავნის  

მოსამართლემ ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი გაამართლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანის წინააღმდეგ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯარიმა არ გამოიყენა. რადიო თავისუფლების ცნობით, დღეს, 13 სექტემბერს, მოსამართლე იოსებ აბრამიძემ 20 მაისს "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 14 ადამიანიდან მხოლოდ სამს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დანარჩენი 11 - გაამართლა. ამ მოსამართლის აცილება 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ მოითხოვა. პოლიცია ყველა მათგანს ედავებოდა "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას" და "წვრილმან ხულიგნობას" - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას. მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა ალექსანდრე მირახოვს, ტიტე გედენიძესა და შუშანა მაცაბერიძეს. საქმის წარმოება შეწყდა რამაზ ქერეჭაშვილის, ბექა პაპაშვილის, დავით იმედაშვილის, დიმიტრი ჩიქოვანის, თამაზ ჩხობაძის, გიორგი გეწაძის, ლაშა ხუსკივაძის, გიორგი მირახოვის, ნიკოლოზ ნარსიას, გელა ხასაიასა და ნიკოლოზ ღონიაშვილის მიმართ. „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. იგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება. 20 მაისს ყვარლის ტბასთან აქციის გამართვამდე დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძე. ამ საქმეს გურჯაანის სასამართლო ცალკე განიხილავს და გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოცხადდება.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მომდევნო ექვსი თვით, 2024 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მისთვის საფრთხის შექმნაზე. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. სანქციები ითვალისწინებს ფიზიკური პირების მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. სანქციები გაგრძელდება მთლიანობაში თითქმის 1800 ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ.  

საელჩო: შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში

ამერიკის საელჩო პასუხობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება „აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს NATO-ში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში,“ - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას, ქართულ მხარეს ამერიკული ბაზების საქართველოში განლაგების საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა, რასაც მმართველი გუნდი არ დათანხმდა.    თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს. ფაშინიანის თქმით, უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის გამო სომხეთს აღარ შეუძლია მოსკოვს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის დაბრუნების შიში იზრდება. „უკრაინაში მოვლენების გამო რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა… ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, თუ როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნა… არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი “პროქსი” გახდება. ეს დაუშვებელია,” - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით “ჰუმანიტარული კრიზისი” შექმნა და რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. „ეს ყველაფერი… რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარ მისია ვერ შეასრულეს,” - განაცხადა ფაშინიანმა. „რუსი მშვიდობისმყოფელები რომ არ ყოფილიყვნენ, მას არ შეუძლია თქმა, რომ ვითარება უკეთესი იქნებოდა,“ - აღნიშნავს ფაშინიანი ამავე ინტერვიუში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხელშია უზრუნველყოს, რომ რეგიონში “ეთნიკური წმენდა” არ მოხდება. გასული კვირის განმავლობაში სომხეთის ნაბიჯებსმოსკოვის პროტესტი მოჰყვა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სასამართლომ მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლაგვაში დანმაშავედ ცნო

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მ. ქ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე მ. ქ.-მ სხვადასხვა დროს 60 000 ლარი გაიტანა. ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის“ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 60 000 ლარი, რომელიც მ. ქ.-ს მართლზომიერ განკარგულებაში იმყოფებოდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოყენებულა და ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა. მ. ქ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლომ მ. ქ.-ს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებულს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ მ.ქ. არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა. მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში,” - ნათქვამია განცხადებაში.  

სომხეთი ICC-ის რომის სტატუტის სრულად რატიფიცირებას მოახდენს - ფაშინიანი

სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.   

უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში რუსული ჩქაროსნული ხომალდი ჩაძირეს - საზღვაო ძალები

უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებმა რუსული საპატრულო კატარღა გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებს. „კიდევ ერთი რუსული ჩქაროსნული ნავი, KS-701 Tunets გაანადგურეს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამხრეთის თავდაცვის ძალებმა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  უკრაინული მედია წერს, რომ ეს ჩქაროსნული კატარღები ჩვეულებრივ გამოიყენება პატრულირებისთვის.