ძებნის რეზულტატი:
საზღვაო ძალები: შავი ზღვის დროებითი დერეფნის გავლით, ოდესა ამ დრომდე 7 გემმა დატოვა
უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერის, დმიტრო პლეტენჩუკის განცხადებით, ამ დრომდე შავი ზღვის დროებითი დერეფნის გავლით, ოდესის პორტები შვიდმა გემმა დატოვა. საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს მოიცავს ხუთ ხომალდს, რომლებიც ოდესის პორტებში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე იყო გაჩერებული და ასევე, ორ ხომალდს, რომლებიც პორტში ახლახან შევიდნენ. სპიკერმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის გავლით გემების ტრანზიტის საფრთხე ძირითადად გამოწვეულია რუსული ავიაციისა და სარაკეტო დარტყმებით. პლეტენჩუკის თქმით, რუსეთი ღია ზღვაში თავისი ხომალდების განლაგებისგან თავს იკავებს, უკრაინული ძალების მიერ მათი განადგურების შიშის გამო. შეგახსენებთ, დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
აშშ-ის საჰაერო ძალებმა პირველი ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავი მიიღო
აშშ-ის საჰაერო ძალებმა საჰაერო ტაქსის კომპანიისგან პირველი ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავი მიიღო. მას ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს გაყიდიან ათასობით ასეთ მანქანას საჰაერო ტაქსებად, იუწყება New York Times-ი. საჰაერო ტაქსის კომპანია Joby Aviation-მა თვითმფრინავი მიაწოდა ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზას სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც შედგა პირველი ზებგერითი ფრენა. საჰაერო ტაქსები, როგორც წესი, იკვებება ბატარეებით და შექმნილია ვერტმფრენების მსგავსად ასვლისა და დაშვებისთვის, მაგრამ მოიცავს ფრთებს თვითმფრინავების მსგავსად ფრენისთვის. კომპანიის ცნობით, თითოეულ თვითმფრინავს ერთი პილოტისა და ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მგზავრობა საათში 200 მილის სიჩქარით და 100 მილის სიჩქარით. კონტრაქტი $131 მილიონად შეფასდა. შეთანხმება მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, ცხრა თვითმფრინავი მიიღოს.
ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდგომ კომენტარში დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა შეჩერებულია. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამ თემაზე კომენტარი ელჩმაც გააკეთა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. 2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ - ტექნიკურ დონეზე. საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ივნისში უნდა მიეღო. Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება, რაც დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებაში - ევროკავშირის ელჩი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია „საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით.
ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია
ფილიპინების ხელისუფლება პირობას დებს, რომ ჩინეთს ფილიპინელი მეთევზეებისთვის სახრეთ ჩინეთის ზღვაში სათევზაო ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის საშუალებას არ მისცემს. Reuters-ის ცნობით, ეს კომენტარი ფილიპინების მიერ სკარბოროს შელფთან ჩინეთის აღმართული 300 მეტრის სიგრძის მცურავი ბარიერის გარღვევას მოჰყვა. ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა განმარტა, რომ ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერები ფილიპინურ სათევზაო ნავებს შელფთან მისვლის საშუალებას არ აძლევს და თევზაობას აფერხებს. თავის მხრივ, ჩინეთმა ფილიპინები პროვოკაციაში დაადანაშაულა. „მათ შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააბრუნონ მცურავი ბარიერი, კიდევ ერთხელ გააკეთონ საშიში მანევრები,“ განუცხადა ფილიპინების სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა კომოდორმა ჯეი CNN Philippines-ს. ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ფილიპინელი ხალხი უკან არ დაიხევს და ჩვენ კვლავ ვაპირებთ, თანმიმდევრულად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ყოფნის შესანარჩუნებლად,“ - განმარტა სპიკერმა. ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა. ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას.
ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებას. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო, რა სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების კუთხით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უზრუნველყოფს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით. „ევროკომისარი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას, განსაკუთრებით, იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციათა იმპლემენტაციის მიმართულებით და გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს მთავრობასთან,“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში. „კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველო მუშაობს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის, სასამართლო სისტემის და კორუფციის მიმართულებით. მოვუწოდებ საქართველოს, დააჩქაროს მუშაობა მიმდინარე ღონისძიებებზე,“ - დაწერა თავის მხრივ, ვარჰეიმ Twitter-ზე. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით, საქართველომ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. მან აღნიშნა, რომ ევროკომისრებთან შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა. „ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობას. ეს არის რთული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზა,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა. „ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს კომისრების კიდევ უფრო მეტად მობილიზება ჩვენი მხარდაჭერის მიმართულებით,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, ბრიუსელში მის ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც დადებითაც შეფასდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. დარჩიაშვილის თქმით, 25-26 სექტემბერს ბრიუსელში გამართული სამუშაო შეხვედრები სწორედ ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 25-26 სექტემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარომადგენლებსა და ევროკომისრებს შეხვდა. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისართან, ილვა იოჰანსონთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან. ბრიუსელში ვიზიტისას, ასევე შედგა ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან. რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ხერტ იან კოპმანი: რეფორმების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, „რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი.“ „ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს ურთიერთ-სოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის. ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. ამ ისტორიული ვიზიტის დროს მქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები მეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან, რათა თანამშრომლობის ახალი გზები გამომევლინა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ხედვა საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ხელშესახებ და ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს. ამ კონტექსტში, მოხარული ვარ ხაზი გავუსვა ჩვენს უკვე კარგად ჩამოყალიბებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც აშკარაა ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში - ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, განათლებითა და ტურიზმით დამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით. შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრეების გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა. ამის გათვალისწინებით, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მან ასევე ისაუბრა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. „ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თურნავა ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან ტრანზაქციების შესრულებაზე: ვვარაუდობ, რომ არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა
„არ მაქვს უფლება თუნდაც სანქცირებული კლიენტის ტრანზაქციებზე ვისაუბრო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა - კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის „თვალთახედვის არეში“ აღნიშნული საკითხი მოხვედრილია. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს. „ასეთი ეჭვები თვითონ პიროვნების პოლიტიკური აურისგან გამომდინარეობს. ჯერ იმის გამო, რომ ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს, ამ შემთხვევაში, ზოგადად, ყოფილი მაღალჩინოსანი და თვითონ სანქციის მოტივი. სანქციის მოტივი იყო ისეთი ჟღერადი, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენ არაფერი გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ბანკებმა ავტომატურად გაავრცელებს შემზღუდავი ზომები და უკვე დაიწეს სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ეჭვის გამოთქმა. ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპუტატის მომართვები დამიგროვდა უკვე მაშინ, რომ „თქვენ კი ამბობთ, რომ სანქცირებული არის, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მან თანხა გაიტანა, სადღაც გადაიტანა, რაღაცა მოხდა“. მერე როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მეორე ტალღა წამოვიდა - „აჰა, თქვენ იმიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძე“. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებს არც ერთი სახელი და გვარი. ოთარ ფარცხალაძე იქნება ხვალ ამ გადაწყვეტილების არეალში თუ არ იქნება, როცა ბოლო-ბოლო გადაწყდება მისი მოქალაქეობის მრავალტანჯული საკითხი... აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ ორიენტირებული მოქალაქის სახელსა და გვარზე. რაც შეეხება ეჭვებს, რასაც თქვენ ამბობთ, რომელიც მანამდეც გაჩნდა და მერეც არ დაგვაკლეს ეს ეჭვები - საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტი, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი - მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას - მართალია, პირველი შემთხვევა იყო ოთარ ფარცხალაძე და ამიტომ მიება თითქოს აღქმაში ეს საკითხები, მაგრამ მერწმუნეთ, ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადავა და სწორი რეგულაცია დარჩება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
პრემიერი: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად რჩება
სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი, ღრმად გვწამს-მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაური ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი. ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას - ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე; რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი; ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს - მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის,” -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა.
გენშტაბის ცნობით, უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამასთან, უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არიან სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის და აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს. გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სევერნოეს, რაიონში და ქალაქ მარინკასთან, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში - სოფელ ნოვოდაროვკასთან. დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მებრძოლი უკრაინის ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის ხაზები გაარღვიეს სოფელ ვერბოვესთან.
კანადის პარლამენტის სპიკერი გადადგა მას შემდეგ, რაც ნაცისტური კავშირების მქონე უკრაინელ ვეტერანს „გმირი" უწოდა
ენტონი როტამ კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერის თანამდებობა დატოვა. 22 სექტემბერს, პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის სტუმრობის გამო, მან სხდომაზე 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა მიიწვია და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანად და გმირად წარადგინა. ჰუნკას ტაშით შეეგება დარბაზი, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც. თუმცა გაირკვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰუნკა გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ, უკრაინელ მოხალისეთა დივიზია „გალიციაში“(გალიჩინა) მსახურობდა. კანადის თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დამატებითი ინფორმაცია გვიან გახდა მისთვის ცნობილი. ამასთან, განმარტა, რომ ჰუნკას მიწვევა პირადად გადაწყვიტა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც დეპუტატებმა და არც უკრაინის დელეგაციამ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ მომხდარს პარლამენტის და ყველა კანადელის სირცხვილი უწოდა. მისი კაბინეტის ზოგიერთმა წევრმა კი როტას გადადგომისკენ მოუწოდა.
ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო
ნიუ-იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი შვილები თაღლითობაზე არიან პასუხისმგებლები. მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ზოგიერთ კომპანიას, მათ შორი Trump Organization-ის ბიზნეს სერთიფიკატი და განაცხადა, რომ ტრამპები აწვდიდნენ ყალბ ფინანსურ ანგარიშგებას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც ტრამპებმა კრედიტორებს და მზღვეველებს აწვდიდნენ დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ყალბი იყო და თქვა, რომ ისინი არაერთხელ იყვნენ ჩართულნი თაღლითობაში. ტრამპის ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილებას "მართლმსაჯულების შეცდომა" უწოდა. გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპს გასულ სექტემბერს უჩივლა, რომლითაც მოითხოვს 250 მილიონი დოლარის ანაზღაურებას, ტრამპებისთვის ნიუ-იორკში ბიზნესის წარმოების აკრძალვას, კომპანიის საქმიანი ტრანზაქციის შეჩერება ხუთი წლის განმავლობაში. პროცესი 2 ოქტომბერს დაიწყება.
ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნის თარიღი დაასახელა
ნიდერლანდებიდან უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება მომავალ წელს დაიწყება, განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა MSNBC-სთან ინტერვიუში 26 სექტემბერს. მინისტრის შეფასებით, მეოთხე თაობის რეაქტიულ თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას შეიძლება ექვს-რვა თვე დასჭირდეს, რაც ჰოლანდიელი პილოტების ჩვეულ წვრთნაზე უფრო მოკლე პერიოდია. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზუსტი ვადები არ არის ნათელი და რომ სხვა პერსონალმა, როგორებიც არიან ტექნიკოსები, ასევე უნდა გაიარონ ტრენინგი. ოლონგრენმა განაცხადა, რომ დანიამ უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების სწავლება, მალე კი, აშშ-შიც დაიწყება წვრთნები, ხოლო ნიდერლანდები რუმინეთში სასწავლო ცენტრს ამზადებს. კოპენჰაგენმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა ახალი წლისთვის მიიღებს ექვს დანიური F-16-ის პირველ პარტიას. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს. F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა
მედია მოსკოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომთან ძლიერი ხანძრის შესახებ იუწყება
რუსული ტელეგრამის არხების ცნობით, რომელსაც უკრაინული მედია ეყრდნობა, ოთხშაბათს, 27 სექტემბერს ღამით, მოსკოვის ოლქში სამხედრო აეროდრომთან ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსული მედია წერს, რომ ხანძარი დედაქალაქის გარეუბანში ქალაქ შჩელკოვოში იყო. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ჩკალოვსკის სამხედრო აეროდრომი, სადაც მანამდე მომხდარმა აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ აეროპორტის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ ზონაში დიდი კვამლი გამოჩნდა. ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. თუმცა ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქების მსგავსი ხმები გაიგეს.
კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ
კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ. პროტესტიწ მონაწილეები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ. პიანისტის, გიორგი გიგაშვილის თქმით, მისთვის მოსალოდნელი იყო, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კონსერვატორიის საქმიანობაშიც ჩაერეოდა, ისე, როგორც ბოლო პერიოდში მინისტრი კულტურის სხვა სფეროებს მოექცა. „კონსერვატორია უკვე 100 წელიწადზე მეტია ერთად დგას და ერთიანობით ვიბრძვით, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. დღეიდან უკვე წარიმართება ის პროცესები, რითაც ჩვენ ყველა შევძლებთ ამ დამოუკიდებელი, თავისუფალი სასწავლებლის დაცვას. დიახ, ეს არის რეპრესიები და ამას ყველა ველოდებოდით, განსაკუთრებით მე. ის, რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდით, რომ ეს კონსერვატორიაშიც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ,” - განაცხადა მუსიკოსმა, გიორგი გიგაშვილმა მედიასთან. 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”. მისივე შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს,” - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება არჩევნების პროცედურის შეწყვეტას, სამინისტრო კულტურის აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.
ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე - ამერიკის საელჩო
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა და დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი: „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ათობით ათასი დაღუპული ადამიანის ხსოვნას. უამრავ დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად ამ ტრაგედიას ასობით ათასი ადამიანის მიერ სახლის დაკარგვა მოჰყვა. ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე," - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა.
EBRD-მა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, 2024 წლისთვის კი, შეამცირა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს. ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დადებითი პროგნოზის ფონზე, EBRD-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელის ეკონომიკური პროგნოზი მცირდება და 5.3%-ის ნაცვლად, 4.5% შეადგენს. მანამდე, 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშით EBRD საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, სექტემბრის ანგარიშით კი EBRD-ს აქვს მოლოდინი, რომ სქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. რაც შეეხება რეგიონს, EBRD-ის პროგნოზით, 2023 წელს თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით, აზერბაიჯანის1.5%-ით, სომხეთში - 6.5%-ით, რუსეთის ფედერაციაში 1.5%-ით, ხოლო უკრაინაში 1%-ით გაიზრდება. 2024 წლის პროგნოზთან მიმართებით კი, EBRD-ის პროგნოზით თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკა შემცირდება, ხოლო უკრაინისა და აზერბაიჯანის გაიზრდება.
თურქული სახელმწიფო ოპერატორი BOTAS-ი რუმინეთში გაზის ექსპორტს იწყებს
თურქეთის გაზის ქსელის სახელმწიფო ოპერატორმა BOTAS-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუმინეთის OMV Petrom-ისთვის (ROSNP.BX) 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, ანკარა გაზის ექსპორტის შესაძლებლობებს აფართოებს. თურქეთი, საკუთარი გაზის მწირი წყაროებით, მაგრამ თხევადი გაზის იმპორტის ფართო ინფრასტრუქტურით, მიზნად ისახავს, ალტერნატიული მიმწოდებელი გახდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზის მცირე ბაზრებზე. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაე დაყრდნობით ავრცელებს. გაზის ექსპორტი რუმინეთში პირველ ოქტომბერს დაიწყება და დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე, ანუ წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება. ხელშეკრულება 2025 წლის პირველ კვარტალამდე იქნება ძალაში. თურქეთმა ანალოგიური ხელშეკრულებები ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა. ბოლო გარიგებით, BOTAS-ის საექსპორტო ვალდებულებები 3.3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ საექსპორტო მარშრუტის თითქმის სრული სიმძლავრეა. ანკარის შეფასებით, მაჩვენებელი შესაძლოა, ევროპელი მეზობლების გარკვეული ინვესტიციების ხარჯზე გაორმაგდეს.
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. „გუშინ, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. მოხდა სწრაფი რეაგირება და უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. აღნიშნულ საკითხზე დღესვე მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს დაზიანების გამომწვევი მიზეზი. ტერიტორიაზე გზის აღდგენისთვის ყველა საჭირო სამუშაო მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის მობილიზება წუხელვე მოხდა. არის ვარაუდი, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა, რამაც გზის ფუნდამენტი გამორეცხა,“ - აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამით 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები შეივსება, ხოლო ამჟამად მომუშავე მძღოლები 18-მეტრიან ავტობუსებზე გადანაწილდებიან. „უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 - 3 000 ლარს გამომუშავებით. „ვისაც სურვილი აქვს დასაქმების, უნდა მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება 400 მძღოლზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.