ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ეროვნულ ბანკში ახალი შტატი შეიქმნა. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს. მალხაზ ღუღუნიშვილი ეროვნულ ბანკში წლებია მუშაობს. მანამდე ის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში იყო დასაქმებული. ნათია თურნავას ამჟამად ორი მრჩეველი ჰყავს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.  

ლუკაშენკომ ფიზიკურ პირებს დრონების გამოყენება აუკრძალა

ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქალაქეებს დრონების შეძენა, შენახვა, გაყიდვა, წარმოება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება აეკრძალათ. განკარგულებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო დრონების ნებისმიერი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისთვის მათი „სამეწარმეო და პროფესიული საქმიანობისთვის.“ ამისათვის მათ ნებართვა ბელორუსის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტიდან უნდა მიიღონ. დადგენილება ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების ავტომატური სახელმწიფო რეესტრის შექმნას. ბელორუსის მცხოვრებლებს ექვსი თვე აქვთ იმისთვის, რომ თავიანთი უპილოტო თვითმფრინავები გაყიდონ ან შესანახად გადასცენ "მთავრობის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციას." რა სახის ორგანიზაციაა ეს, დოკუმენტში არ არის მითითებული. ცნობისთვის, კერძო პირების მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე შეზღუდვები მოსკოვშიც დაწესდა.  

სამანტა პაუერი სომხეთის შემდეგ აზერბაიჯანს ეწვევა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამანტა პაუერი ბაქოში უახლოეს დღეებში ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილება. პაუერი ამჟამად სომხეთში იმყოფება. 25 სექტემბერს სამანტა პაუერი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სომხეთში ჩადიან სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის საკითხს კიდევ ერთხელ განმარტავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის საკითხს კიდევ ერთხელ განმარტავს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“ „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. 19 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. მანამდე, ასევე 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.“ იუსტიციის სამინისტროს 20 სექტემბრის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება 22 სექტემბერსაც გაავრცელა, რითაც განმარტავდა, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.  

დღეიდან საქართველომ რუსეთსა და ბელორუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა

დღეიდან, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი. შესაბამისი განკარგულება ძალაში შევიდა. ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში. საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოდან რუსეთში 13,346 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1054 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, აგვისტოში კი, მხოლოდ 85 ერთეულის (781,1 ათასი დოლარის ღირებულების) რეექსპორტი მოხდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში 4840 ერთეული ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 65.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი უკავია - მთლიანი ექსპორტის თითქმის 33%, რაც ჯამში 1.178 მლრდ დოლარს აღწევს. 1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში.  

აშშ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის 30 ტანკის გადაცემას განიხილავს - მედია

თეთრი სახლი და პენტაგონი უკრაინაში კიდევ 30 Abrams-ის ტიპის ტანკის გაგზავნას განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია The Messenger-ზე დაყრდნობით წერს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ Abrams-ი უკვე უკრაინაშია და „ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან.“ „მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის!” - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდოდა. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა.  მან 21 სექტემბერს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. „დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.  

გამოვლინდა 27 კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ - მთავრობა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს. მათ შორის, სხდომაზე დამტკიცდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება, რომელიც 6 პროექტს მოიცავს: ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება - 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა - 26,9 მლნ აშშ დოლარი. განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და აუქციონმა კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია − წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში. „ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ კვტ სთ ენერგიის გამომუშავებას ჩვენი ქვეყნისთვის ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ასევე, გასულ სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება − 661,9 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა - 218 მლნ აშშ დოლარი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტ, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,“ – წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კლარისს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.  შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.  

ლევან დავითაშვილი: ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ბანკებთან, ასევე ბანკების ძირითად ინვესტორებთან, რომლებსაც აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია. დავითაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია თურნავამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის. „რთულია, რამე დავამატოთ, რადგან ვფიქრობ, ნათია თურნავამ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არაერთი გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამომწურავად არის პასუხი გაცემული ძირითად საკითხებზე. მინდა, ჩემი მხრიდან დავამატო, რომ ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე აჟიოტაჟი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტულად საფინანსო სექტორის. მგრძნობიარეა საფინანსო სექტორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა მოითხოვს, ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, აქ ძალიან მკაფიოდაა ყველაფერი და ბანკებშიც რეალურად დღეს არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა, გითხრათ, საკმაოდ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე რომ, რა თქმა უნდა, განგებ ჩვენ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით შეიძლება დავაზიანოთ, მაგრამ ეს არის უპასუხისმგებლო, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, კავშირი, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ, მათ შორის ძირითად გამოწვევებზეც ერთად ვმსჯელობთ. დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, მათ შორის კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენს ბანკებში ინვესტორებთან, რათა ჩვენს ძირითად პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით. 26 სექეტემბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა, რითაც ეროვნულ ბანკში ახალი შტატი შეიქმნა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.  

გრიპის საწინააღმდეგო ​ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება

გრიპის საწინააღმდეგო ​ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება. რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. „წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში. კრიტერიუმები იდენტურია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ბრძანებას და ეს ბრძანება უახლოეს დღეებში გამოიცემა,“ - აღნიშნა გაბუნიამ.  

სამანტა პაუერი: აშშ ყარაბაღის მოსახლეობისთვის $11,5 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას. ალიევის თქმით, ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ვერ მიიღეს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის შესახებ გამოაცხადა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა

ანტარქტიდის გარშემო ყინულის მასები ზამთარში რეკორდულად დაბალი იყო. 2023 წელს ანტარქტიდაში ზამთრის ზღვის ყინულის ფართობი 1986 წელს დაფიქსირებულ სარეკორდო მინიმუმზე ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლებია. პალეოეკოლოგების კვლევების მიხედვით, ანტარქტიდაზე მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ნებისმიერ დროს 5,5 ათასი წლის განმავლობაში. 2023 წლის ზაფხული უახლეს ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის (NSIDC) კვლევის თანახმად, წელს 10 სექტემბერს ზღვის ყინულმა 16,96 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, რაც ზამთრის ყველაზე დაბალი დონეა მას შემდეგ, რაც სატელიტური ყინულის მონიტორინგი 1979 წელს დაიწყო. სექტემბერში ანტარქტიდის ზღვის ყინულის ფართობი საშუალოდ 18,71 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევს. NSIDC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დასკვნები წინასწარია და სრული ანალიზი მომავალ თვეში გამოქვეყნდება. მეცნიერები ყინულის გაქრობას უკავშირებენ ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა „ელ ნინიო“ - წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების ტემპერატურის მატება, რომლის შედეგებსკლიმატის ანთროპოგენური ცვლილება ამძიმებს. ყინულის ფართომასშტაბიან დნობას შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს გლობალური კლიმატისა და ზღვის დონისთვის. ზღვის ყინულის შემცირების გამო, ოკეანის ტალღები ანტარქტიდის სანაპიროზე შემოდის და მის ყინულის შელფს ამცირებს. კონტინენტური ყინულის დნობა თავის მხრივ, ზღვის დონის აწევას, სანაპიროზე დატბორვის რისკსა და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლის მოსპობას იწვევს.  

ნორვეგია უკრაინას $92 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია უკრაინას 1 მილიარდი კრონის (92 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა. „ჰუმანიტარული დაფინანსება მიზნად ისახავს, უზრუნველვყოს, რომ ყველაზე დაუცველებმა, ბავშვებმა, ლტოლვილებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღონ სასიცოცხლო დახმარება, როგორიცაა "თავშესაფარი, საკვები, წყალი და სანიტარული დახმარება, განათლება, ჯანდაცვა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ასევე, სექსუალური და გენდერული ძალადობისგან დაცვა," - ნათქვამია პრესრელიზში. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის მოსახლეობას დიდ ტანჯვას აყენებს, უკრაინელებს სჭირდებათ დახმარება, რათა გადაიტანონ ომის კიდევ ერთი ზამთარი." დახმარება გაეროს და წითელი ჯვრის მიერ შექმნილი უკრაინისთვის არსებული პროგრამებით განაწილდება. ნორვეგიამ, რომელიც NATO-ს დამფუძნებელი წევრია, ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის. მან ასევე გაუგზავნა უკრაინას საზენიტო რაკეტები, და დამატებითი დაფინანსება ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად.  

უკრაინელებმა კურსკში დრონით თავდასხმა განახორციელეს, 7 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში ელექტრო ქვესადგურზე დრონით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ოლქის შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Unian-ს უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებმა განუცხადეს. „სპეცსამსახურის დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში მდებარე ელექტრო ქვესადგურზე, შედეგად შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა," - აცხადებენ წყაროები გამოცემასთან საუბარში. წყაროს თქმით, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი აპირებენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის გაგრძელებას, მკაცრ პასუხს მიიღებენ.  

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 27 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6732 ლარი, ევრო კი, 2.8325 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6681 ლარი ღირდა, ევრო – 2.8381 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 სექტემბერს შევა ძალაში.  

იულიან კიფუ: რუმინეთი საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, NATO-სა და ევროკავშირის გზაზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ინტერესია

რუმინეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოსთვის, ეს ასე იყო გასული 20 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ კონფლიქტების პრევენციისა და დროული გაფრთხილების ცენტრის პრეზიდენტმა, იულიან კიფუმ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. „რუმინეთი საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ეს ასე იყო გასული 20 წლის განმავლობაში. ახლა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირის კითხვარის შევსებისას და რეფორმების განხორციელებისას, როდესაც ამის თხოვნა იქნება მთავრობისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ მოლაპარაკების დაწყებას უკრაინასა და მოლდოვასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაქვთ, არის საზოგადოების მხარდაჭერა. ასე რომ, რამდენ ხანსაც არსებობს საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი არგუმენტი წინსვლისთვის,“ – განაცხადა იულიან კიფუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან  

საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, 26 სექტემბერ პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განეხილა.  ლატვიის პრეზიდენტმა მოუწოდა მეტი წინსვლისკენ რეფორმების განხორციელების პროცესში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციების შესრულებაში. ამავე დროს, რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. „ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა რინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს დღეს, 26 სექტემბერს შეხვდა.  

ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული - კვლევა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა, მეტწილად, მათი გარშემომყოფებისა და, ზოგადად, ქვეყნის მატერიალური მდგომარეობის მსგავსია. ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად. ახალგაზრდები თავის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო არასტაბილურად მიიჩნევენ, ვიდრე მამაკაცები და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. რაც შეეხება შემოსავლის წყაროებს, ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე (მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი. ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს. • ახალგაზრდების თითქმის სამი მეოთხედი (72%) აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით მეტწილად კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია. სწავლის პროცესში მყოფ გამოკითხულთა ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება მათ შრომის ბაზრისთვის სათანადოდ ამზადებს. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები. • 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში. • ახალგაზრდების დაახლოებით მეოთხედს (24%) მოხალისეობრივად გაუკეთებია არაანაზღაურებადი სამუშაო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში. ოდნავ მეტი ალბათობაა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, დასაქმებული და დაუოჯახებელი ახალგაზრდები შეიძლება ჩართულიყვნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში. • როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ დემოკრატიას ახალგაზრდა ადამიანები სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემად მიიჩნევენ. გამოკითხულთა დიდი რაოდენობა (44%) საქართველოში დემოკრატიის ამჟამინდელ დონეს დადებითად აფასებს. თბილისთან შედარებით (33%), სადაც საქართველოში დემოკრატიის დონეს შედარებით ნაკლებ დადებითად აფასებენ, დადებითი შეფასებები უფრო მეტად იკვეთება სხვა ქალაქებსა (47%) და სოფლებში (50%). პოლიტიკისადმი ინტერესი და პოლიტიკური ჩართულობა კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხვის შედეგები ახალგაზრდა ადამიანების ზოგად აპათიას მოწმობს, რაც თანხვედრაშია საქართველოში ჩატარებულ სხვა კვლევებთან. ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული. ისინიც კი, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულნი არიან პოლიტიკით, იშვიათად განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს თანატოლებთან თუ ოჯახის წევრებთან, ნაკლებად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს. ახალგაზრდების 62% აღნიშნავს, რომ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით, 10% არ არის ძალიან დაინტერესებული, დაახლოებით მეოთხედი გარკვეულწილად დაინტერესებულია, და მხოლოდ 4% არის ძალიან დაინტერესებული. საგულისხმოა, რომ რესპონდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი განსაზღვრავს პოლიტიკის მიმართ მათი ინტერესის დონეს (დიაგრამა 11). ახალგაზრდების დაახლოებით ერთი-მესამედი (38%) აღნიშნავს, რომ ან ნაკლებად დაინტე- რესებულია, ან გარკვეულწილად ან ძალიან დაინტერესებულია პოლიტიკით. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარი აღნიშნავს, რომ დაინტერესებულია პოლიტიკით. უმუშევარ რესპონდენტებთან შე- დარებით (34%), ათი პროცენტით მეტი დასაქმებული ახალგაზრდა (44%) ინტერესდება პოლიტიკით. ამასთან, თბილისს გარეთ მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით, თბილისში მცხოვ- რები ახალგაზრდები (43%) უფრო მეტად არიან დაინტერესებული პოლიტიკით. ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით, ასევე ჰკითხეს პოლიტიკური საკითხების განხილვის სიხშირის შესახებ. ახალგაზრდების თითქმის სამი- მეოთხედი (მათ შორის, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია პოლიტიკით) არასდროს (25%), ან იშვიათად (51%) განიხილავს პოლიტიკას მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ყოველი მეხუთე რესპონდენტი ამბობს, რომ ხშირად, ხოლო 4% - ძალიან ხშირად განიხილავს პოლიტიკას პოლიტიკის მიმართ აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ეცნობა პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას (დიაგრამა 12). გამოკითხულთა ერთი-მესამედი (34%) მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა, ხოლო ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (22%) - კვირაში ერთხელ მაინც. გამოკითხულთა 28% თითქმის არ ეცნობა პოლიტიკურ ახალ ამბებს, ხოლო 15% ეცნობა პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც. ეთნიკურად ქართველი, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები უფრო ხშირად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს. კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს. რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რაც შეეხება კვლევის თვისებრივ ნაწილს, თბილისში ჩატარდა ოთხი ფოკუსჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით. კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის, სადისკუსიო გეგმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, დოქტორი ფელიქს კრავაცეკის და R-Research-ის თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა.

ევროკავშირის ელჩი ნათია თურნავასთან შეხვედრაზე: ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას. „საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.