ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მან ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი შორი დისტანციის რაკეტების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დახმარებამ უკრაინის ჯარის შესაძლებლობები მკვეთრად გაზარდა. „მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდის წინ. ცალკე აღინიშნა შვიდი ჯგუფის მიერ ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება და მოლაპარაკებების დაწყება დიდ ბრიტანეთთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ," - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გრანტ შაპსმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2023 წლის სექტემბერში დაიკავა და ბენ უოლესი შეცვალა.
მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა
მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, არაღიარებული რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის პირველ იანვრამდე შეწყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაგდასარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 ადამიანი ჩავიდა. ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო
საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებმა ესპანური კომპანიის მიერ წარმოებული საბრძოლო და სასწავლო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სადემონსტრაციო სროლების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოსცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. მისი განცხადებით, აღნიშნული შეიარაღების შესყიდვა კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის ძალების მობილურობას. საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, სადაც კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები. პირადი შემადგენლობა მომზადდა ინსტრუქტორებად, რომლებიც სამომავლოდ უზრუნველყოფენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ძალების მასშტაბით. ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებაში ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. NATO-ს წევრი ქვეყნები ეფექტიანად იყენებენ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ ესპანურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტის (IMD) წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა, რომელიც "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს ამ ინდექსში ჩართვას მოჰყვება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინსტიტუტის საქართველოთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებითა და სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავებითაა გამოწვეული. ახალ რეიტინგში საქართველო ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური გარემოს შესაბამისად შეფასდება. „მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც IMD-ია, დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო სხვა ავტორიტეტული რეიტინგების მსგავსად „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება. მათი მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სწორედ სებ-ისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 75 წლის წინ დაარსებული მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტი (IMD) "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს. რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე
მეთიუ მილერი: მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ. მილერის თქმით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები შეიარაღების გადაცემის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროსაც გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო ურთიერთობები, რუსეთში ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთისგან ჩრდილოეთ კორეაში ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით, უფრო მეტად დაარღვევს გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება, რომლებსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი. „ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ვაფრთხილებდით ამის შესახებ. ვთვლით, რომ მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება. ამიტომ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაიცვას თავისი საჯარო განცხადებები და თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან," - აღნიშნა მილერმა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაბარდეს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა. „ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე, სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირველ რიგში, ჩემს ახლობლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გაიგებენ. ჩემი გამოუცხადებლობა, ან უარესი, ჩემი გაქცევა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სულგრძელ ხალხს, ბევრ ადამიანს და მე, როგორც პატიოსან ადამიანს, შრომისმოყვარეს, პატრიოტსა და ქრისტიანს, ამის დაშვება არ შემიძლია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი,“ - წერს ბაბაიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
ლავროვი სომხეთს დაემუქრა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და მოუწოდა, გაიხსენონ შეერთებულ შტატებზე დაყრდნობილი ქვეყნების ბედი. კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ შეკითხვას, შეიძლება თუ არა, სომხეთმა დაკარგოს რუსეთი, ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანში რამდენიმე წამყვან პოლიტიკოსს სურს მსგავსი სცენარი და დასავლეთისკენ იყურება. „ისინი თუ ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს, როგორც პირდაპირ გამომდინარეობს სომხეთის ხელმძღვანელობის მრავალი წარმომადგენლის განცხადებებიდან, მაშინ ალბათ მათთვის კარგი იქნება, გადახედონ უახლეს ისტორიას, როგორ ეპყრობოდა შეერთებული შტატები მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების პოპულარიზაციას ამერიკის სანაპიროებიდან შორს ცდილობდა. ყველა ამ ხალხის ბედი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია,“ – აღნიშნა ლავროვმა. ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესების იგნორირება ამიერკავკასიაში შეუძლებელია. „ისტორიულად, გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად რუსეთის ინტერესების სრული იგნორირება, მისი დაკარგვა ამიერკავკასიაში შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ლიდერს ერევანში აქვს ასეთი იმედები და ამაზე პირდაპირ საუბრობენ,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პარლამენტში რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ განხილვების დაწყებას გამოეხმაურა. სომხეთი ICC-ის რომის სტატუტის სრულად რატიფიცირებას მოახდენს - ფაშინიანი „რომის სტატუტის რატიფიციკაციას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ყველაზე ნეგატიური შედეგები ექნება,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. მათივე განცხადებით, ამ ნაბიჯის მიუღებლობის შესახებ სომეხ პარტნიორებს თავიდანვე აცნობეს და კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზეს: „სამწუხაროდ ჩვენი წინადადებები არ გაითვალისწინეს, სანაცვლოდ კი, ერევანმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ." ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ბაქო ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ „სახელმწიფო მინისტრს", მილიარდერ ვარდანიანს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის სასამართლომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენ რუბენ ვარდანიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვარდანიანს ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. შეგახსენებთ, გუშინ, 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა. მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
ლავროვი: როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ფრენების განახლებაზე შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო "ტასთან" ინტერვიუშიგანაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის დანახვის შემდეგ აღდგა ფრენები და გაუქმდა სავიზო რეჟიმი. „დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ," - აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა და საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. "როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა," - აღნიშნა ლავროვმა. 2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმდინარე წლის 10 მაისის განკარგულებების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 19 მაისს შესრულდა პირველი ავიარეისი მოსკოვიდან თბილისში. დასავლეთი საქართველოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
TI: სახელმწიფოსგან პრივილეგირებულმა "ნეოსტარმა" შვილობილ კომპანიებთან ერთად ₾53 მილიონზე მეტის შესყიდვები მიიღო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა "ნეოსტარმა" და "ლეგიმ" ხელისუფლებისგან მასშტაბური მხარდაჭერა რამდენჯერმე მიიღეს. ორგანიზაციის ცნობით: „ნეოსტარი” სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანიაა. ის და მისი შვილობილი კომპანიები უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო კონტრაქტებს იღებენ. „ლეგისთან” და „ჯორჯიან სტოუნთან” ერთად, ქობულეთის მუნიციპალურ შესყიდვებში „ნეოსტართან” დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია, შპს „ლეგიონი” გამოჩნდა. „ნეოსტარს” შვილობილ კომპანიებთან ერთად 2011 წლიდან დღემდე 161,369 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები (მათ შორის 129,852 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად) და 53,661,137 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული. „ნეოსტარი” - ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კომპანია ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა „ნეოსტარმა” და „ლეგიმ” ხელისუფლებისგან მასშტაბური მხარდაჭერა რამდენჯერმე მიიღეს: პირველი ქონება, რომელიც შპს “ლეგიმ” აჭარის მთავრობისგან 1 ლარად მიიღო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 32,382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო. ეს გარიგება 2011 წლის 18 ივლისს შედგა და კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა კქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. 2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, უკვე საქართველოს მთავრობამ მიყიდა 1 ლარად „ნეოსტარს” ლილოს დასახლებაში 97,470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3,508,920 ლარის ინვესტირება მოეხდინა. იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. 2020 წელს შპს “ლეგიმ” უპირობო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მიიღო თერჯოლაში, სოფელ ნახშირღელეში, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, 31,517 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ ლეონიდ ეზიკმა 160,000 ლარი გადაიხადა. კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორის, სერგო ლექვინაძის თქმით, „ლეგი” აქ დეკორატიული ფილების საწარმოს ააშენებდა და მასში 6 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავდა. სერგო ლექვინაძე 2010 წელს ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა 2013 წელს დატოვა ეს პარტია და „პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას შეუერთდა. „ჯორჯიან სტოუნის” 30 მილიონიანი ხელშეკრულებები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან შპს „ლეგი” 100%-ს ფლობს კომპანია „ჯორჯიან სტოუნში”, რომლის დირექტორი ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა. “ჯორჯიან სტოუნის” ამავე მუნიციპალიტეტის ტენდერებში საეჭვო მონაწილეობის შესახებ პირველი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2021 წლის 3 თებერვალს გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებამდე შპს „ჯორჯიან სტოუნმა” ტენდერებიდან 39,154,543 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვებიდან - 756,229 ლარი. მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოგებული ტენდერებიდან მიღებული ჰქონდა 24,550,616 ლარი. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კი სახელმწიფო შესყიდვებიდან დამატებით 11,677,225 ლარი მიიღო, მათ შორის 4,942,264 ლარი - ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან.“ ვრცლად TI-ს ანგარიში ამ ბმულზე წაიკითხეთ.
ნაკლებად ვუსმენ ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვა. „მე ნაკლებად ვუსმენ ხოლმე ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, რომ ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ის არასდროს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებას და ძალიან კარგი იქნება, თუ მის განცხადებებს არ გავიმეორებთ ხოლმე,“ - უპასუხა დეკანოიძეს გიორგი კაკაურიძემ. „თქვენ და ლავროვი ერთიდაიგივეს ლაპარაკობთ სულ. თქვენი და ლავროვის განცხადებები არის უნისონში,“ - მიმართა ასევე საპასუხოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დეკანოიძეს. მან ოპოზიციონერ დეპუტატს გამოსვლა შეაწყვეტინა, რასაც ხმაური მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეკანოიძის შეფასებით, „ლავროვმა „ჩაუშვა“ საქართველოს ხელისუფლება, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ.“ საპასუხოდ, სარჯველაძემ დეკანოიძეს მიმართა, რომ ის, რასაც აკეთებს, „ხულიგნობაა და სასაცილოდ გამოიყურება“. მისივე შეფასებით, როდესაც ოპოზიციას არგუმენტები ელევა, „ლავროვი მათ „პადაჩას“ აწვდის.“ ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას წარადგენდა.
გიორგი კაკაურიძე: სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებით გამოსყიდვის ხარჯებს განათლების სამინისტრო გაიღებს
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებით გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს. კაკაურიძის თქმით, რა ხარჯებზე იქნება საუბარი სამინისტროს მხრიდან, ეს დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი. „პრემიერს არ უხსენებია, რომ 40 მილიონი დაიხარჯება ბიუჯეტიდან. 40 მილიონი ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. იქნება გამოსყიდვა ამ ვალდებულებების საბაზრო ღირებულების, რაც აქვს ამ ვალდებულებებს, როგორც არსებობს პროდუქტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ გამოსყიდვის ხარჯებს. რა თანხა იქნება ზუსტად, ამას ვიხილავთ 1 თვის განმავლობაში. ეს იქნება გაცილებით ნაკლები 40 მილიონზე,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე: არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა
NATO უკრაინისთვის იარაღის წარმოებას გაზრდის
NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ ალიანსი გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას როგორც უკრაინისთვის, ასევე NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც თავიანთი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას შესწირეს. სმიტის თქმით, ალიანსი მუშაობს კერძო სექტორთან კავშირების გასაძლიერებლად, რათა დაჩქარდეს თავდაცვის პროდუქციის წარმოების ხაზები. „საკითხი, რომელიც NATO-ს მოლაპარაკებების მაგიდასთან გვესმის, არის ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში. ჩვენ ვიზიარებთ ვალდებულებას მხარი დავუჭიროთ უკრაინას. გვესმის, რა დევს სასწორზე. უკრაინა არ იცავს მხოლოდ თავის ტერიტორიას, ის იცავს ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცავთ აქ,“ - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო, ზოგიერთი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი დეფიციტურია, რადგან NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. „ამიტომ, NATO-მ დაიწყო მუშაობა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ფოკუსირებულია საბრძოლო მასალის ნაკლებობის აღმოფხვრაზე, როგორც უკრაინელებისთვის, ასევე NATO-ს ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც, უკრაინის დახმარების გამო დეფიციტს განიცდიან," - აღნიშნა ელჩმა.
ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.“ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დაგმობას, თუმცა, ფაშინიანის შეფასებით, თუ ამას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება, ეს განცხადებები განხილული იქნება მხოლოდ „ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნად." სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 68 386 იძულებით გადაადგილებული პირი. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს
ევროკავშირი შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებასა და კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებაზე მსჯელობენ
ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს. ინფორმაციას უკრაინული მედია მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის ანონსზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობა გამოქვეყნდა ესპანეთის მიერ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს. „საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 28-29 სექტემბერს ქალაქ მურსიაში გაიმართება, რომელიც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრისთვის გარკვეული მოსამზადებელი ეტაპი გახდება. შეხვედრა 5 ოქტომბერს გრანადაში გაიმართება და მასზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება,“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის მთავარი ფოკუსი - ევროკავშირის 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის შიდა მომზადების საჭიროება, და ასევე კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერება იქნება. „არაფორმალური შეხვედრის დროს დაგეგმილია რამდენიმე მსჯელობა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე მომავალი გაფართოების ზეგავლენას, კანდიდატი ქვეყნების თანმიმდევრული ინტეგრაციის კონცეფციას და ინსტიტუტების რეფორმებს მიეძღვნება, რომლებიც თვით ევროკავშირს სჭირდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
რობერტა მეცოლა: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად, 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მილიონებით ადამიანისთვის, რომლებიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევენ, იმედის გაცრუება არ ღირს. მეცოლას თქმით, უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის შესახებ რობერტა მეცოლამ ბრიუსელში პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოსალოდნელი ვადებიც დაასახელა. „ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა მეცოლამ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს მგზავრობაში არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არასოდეს არ უსარგებლია ბიუჯეტით და არ დაუფინანსებია ოჯახის მგზავრობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მის ოჯახს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლები აქვს. მან მოუწოდა მედიას, დაელოდონ დეკლარაციას, რადგან არაფერი აქვს დასამალი. „მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის წერების მგზავრობაში. განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა და კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი, განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის, რომ ჩვენ ბიუჯეტს არასოდეს ვიყენებთ როგორც ოჯახის პირად ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც აქ 10 წლის წინ იყო გამეფებული, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა მილიონობით ლარს ხარჯავდა. მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული. რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე. მეუხერხულება საუბარი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გპასუხობთ,“ - განუცხადა მედიას პრემიერმა. ანზორ ჩუბინიძის თქმით, პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გააკეთა
ირაკლი ღარიბაშვილი: გაუგებარია, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ 10 წელია, დატოვა საჯარო სამსახური და გაუგებარია, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს გასაკვირია. „ეს ჩემთვის აუხსნელია. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მინდა გითრხრათ ერთი განმასხვავებელი - ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება - ის არის გამყიდველი და მოღალატე. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძე ჩვენი ქვეყნის საზიანოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მტკიცებულება სჭირდება. „ჩვენ მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი წუხილი რაც მინდა, გამოვხატო და გაკვირვება არის ის, რომ შეერთებული შტატების არცერთ სამსახურს არასოდეს მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ, რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეს დასამალი არ არის. რანაირი ოლიგარქია, კაცი წასულია 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იენს სტოლტენბერგი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში ეტაპობრივად იკავებენ ტერიტორიებს. იენს სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია მისი თქმით, რუსული ჯარები მოსკოვის „იმპერიული ილუზიებისთვის" იბრძვიან.
სახლიდან და რესტორნიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მკაცრდება
დღის ან ღამის საათებში სახლიდან ან/და ნებისმიერი კომერციული დაწესებულებიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მნიშვნელოვნად მკაცრდება. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით დღეს, 28 სექტემბერს განიხილეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როცა დაწესებულებების მფლობელებს ურჩევნიათ, დაეკისროთ სანქცია (მისი სიმცირის გამო), ვიდრე აღმოფხვრან პრობლემა. პარტია „ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ როცა კანონმდებლობა სამართალდარღვევის პირველად ჩადენის გამო მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, არ ხდება პრობლემის გამოსწორება. ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციები გამკაცრდება ხმაურზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს ან კომერციულ დაწესებულებას, გაფრთხილების ნაცვლად, პირველ შემთხვევაში დააჯარიმებენ - მოქალაქეს 150 ლარით, კომერციულ დაწესებულებას 1500 ლარით (იზრდება 3-ჯერ); ხელმეორედ მსგავსი დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით (ახლა 300 ლარია), ხოლო ორგანიზაცია 5000 ლარით (ახლა 1000 ლარია) დაჯარიმდება; თუ მესამედ დაარღვევს ადამიანი ხმაურზე დაწესებულ შეზღუდვას ჯარიმა 1000 ლარი იქნება, ორგანიზაციის შემთხვევაში - 10 000 ლარი.