ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთი უკრაინის განაღმვის მიზნით, უკრაინელი ინჟინრების წვრთნებს აძლიერებს
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ დანაღმულ ტერიტორიად რჩება. ამის გამო, გაერთიანებული სამეფოს არმიამ უკრაინელი ინჟინრების წვრთნა გააძლიერა. უკრაინელენის მომზადების პროცესი პოლონეთის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს. ეს ტრენინგი გასულ ნოემბერში დაიწყო და თითოეული კურსი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ნაღმების კონცენტრაციამ, უკრაინის კონტრშეტევა შეანელა, შეზღუდა ტერიტორიული მიღწევები აღმოსავლეთსა და სამხრეთში. ახლა უკრაინა იმედოვნებს, რომ გაძლიერებული წვრთნებით, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება უფრო ადვილი გახდება. სერჟანტმა კევინ ენგსტრომმა BBC-ს განუცხადა, რომ ბრიტანელები უკრაინულ ჯარებს ასწავლიან ნაღმების გაწმენდის „ოქროს სტანდარტს“, რაც მოითხოვს დროსა და მოთმინებას.
შალვა პაპუაშვილი: რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და ველოდებით ისეთივე პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში სენატს ეწვია. როგორც შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა კოლეგა ნიკოლაე ჩუკასთან. „ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს რუმინეთში, საქართველოს შავი ზღვის გადაღმა მეზობელთან სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე-იონელ ჩუკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადების დროს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა რუმინეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ. „შეხვედრის დროს, რუმინეთის მიმართ მადლიერება გამოვხატე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების განაცხადების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ დაიწყო და ეფუძნება კულტურულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი საერთო ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. შემდგომში, ეს საერთო ღირებულებები სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაიქმნა, რომელიც მოიცავს საერთო ინტერესებში მყოფ ყველა მიმართულებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირებს ეთმობა. გამოვხატეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების შესახებ მზადყოფნა. ამ მიზნის მიღწევის ხელშესაწყობად, ხელი მოვაწერეთ რუმინეთის სენატისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, გვჯერა, რომ ორივე ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს. ხაზი გავუსვით ქართულ-რუმინული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავ ზღვაში დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად, რათა დღევანდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში, გავაძლიეროთ ევროპის მედეგობა და ენერგოდამოუკიდებლობა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ფლაგმანი პროექტი კარგი მაგალითია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ დაეხმაროს ევროპას, მათ შორის, რუმინეთს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გავუსვი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ამ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და დღესდღეობით ველოდებით რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაში ისეთივე წამყვან პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში. აღნიშნული დაგვეხმარება ჩვენ და მთელ რეგიონს, წარმატებით გავუმკლავდეთ წარსულის გეოპოლიტიკურ შეცდომებს და მტკიცედ დავადგეთ ევროპული მომავლის გზას. მადლიერები ვართ სენატში ჩვენი გულთბილი მიღებისთვის. ვაფასებთ რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას. დაე, იყოს ჩვენი საერთო წინაპრის - ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა ჩვენი მეგზური მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერთობლივი მომავლის გზაზე,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება იანვრამდე გაახანგრძლივა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. ცნობისათვის, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გამო 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილია.
რუმინეთი მზადაა, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის წინსვლისთვის დიალოგი გააძლიეროს
რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რადგან ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის განვითარების შესაძლებლობებს ნიშნავს,“ - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუმინეთი მზადაა, გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორისაც, სადაც შეუძლიათ, განიხილონ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. „მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დელეგაციის დონეზე თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის მომენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადასტურებს ჩვენს ორმხრივ ინტერესებს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი დისკუსიების მთავარი ფოკუსი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც დისკუსიების გაღრმავება გვინდა ორმხრივ ურთიერთობებში,“ - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს. „ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდეგი განვითარებისთვის. მხედველობაში მაქვს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოვაქციოთ პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის პროექტებს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ორი მაგალითია. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ შალვას ამ ვიზიტისთვის, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ. თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილის თქმით, რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმები და განაცხადა, რომ რუმინეთი გააგრძელებს მხარდაჭერას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე.
მედიის ცნობით, შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნაზე შვეიცარიული კომპანიაც იმუშავებს
შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ - სახელმწიფო ბიუჯეტი 42 000 ევროს გადაუხდის კომპანია "GEOTEST-ს" ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის. რადიო თავისუფლების ცნობით, ინფორმაცია ცნობილი გახდა შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განაცხადით, რომელშიც ნათქვამია, რომ "2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი." შვეიცარიულ კომპანიას, რომელთანაც იგეგმება თანამშრომლობა, საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. "GEOTEST-ი" იყო ჩართული დევდორაკის მყინვარზე მოვარდნილი მეწყრის ანალიზსა და სტიქიის ზონაში განგაშის სისტემის მოწყობის პროცესში. გეოლოგიურ კომპანიას მოქმედი კონტრაქტი აქვს გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც ეხმარება უწყებას დევდორაკზე მოწყობილი განგაშის სისტემის მუშაობაში. შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ქართველ სპეციალისტებს შვეიცარიული კომპანია უნდა დაეხმაროს: 3 აგვისტოს განვითარებული სტიქიური ჯაჭვური პროცესების აღწერაში; სხვადასხვა ქვეპროცესების (კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, ღვარცოფი და ა.შ) ანალიზსა და მოვლენის მოდელირებაში; კასკადური მოვლენების შეფასებაში, გენეზის და გამომწვევი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაში; პოტენციური საფრთხის შეფასებასა და სამომავლო სცენარების განსაზღვრაში; სცენარების მიხედვით მოდელირებასა და შესაძლო ზეგავლენის ზონების დადგენაში. ვადა, როდის იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნა შოვის სტიქიის შესახებ, განსაზღვრული არ არის, თუმცა უწყება მიიჩნევს, რომ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლევები განხორციელდეს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, რადგან კვლევების ჩატარება ძლიერ გართულდება და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება წლის ცივ პერიოდში მაღალმთიან ზონაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო." გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა დასკვნის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ღვარცოფული ნაკადის გადაადგილების სიჩქარის და სტიქიის დაწყებიდან დასახლებულ ადგილამდე მისი მიღწევის დროის დაზუსტების მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევები, რომელშიც გამოყენებულ იქნება მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები და თანამედროვე სამოდელო პროგრამები." შეგახსენებთ, გურიაში სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შოვში კი, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და 10 სექტემბერს მსხვერპლთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ერთ დაკარგულს ისევ ეძებენ. რამ გამოიწვია სტიქია - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სომხეთში ჩადიან
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები სომხეთში ჩადიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის სამანტა პაუერის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, იური კიმის ვიზიტი იქნება პირველი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. „პაუერი შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებს და დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი,“ - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პაუერი ასევე განიხილავს ზომებს ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. „აშშ ღრმად არის შეშფოთებული მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების შესახებ ცნობებით და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და კომერციული მიმოსვლის შეუფერხებლად წვდომის დაშვების მოწოდებით გამოდის,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 5 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მიიღებენ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურებისთვის, კომპანიების შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისთვის, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ინტერესთა გამოხატვის პროცესში აშშ-ის, ევროპისა და აზიის მასშტაბით მოქმედი 19 წამყვანი საერთაშორისო კონსორციუმი მონაწილეობდა. კონსორციუმების შემადგენლობაში 56 ადგილობრივი და საერთაშორისო, მრავალდარგობრივი კომპანია იყო წარმოდგენილი. „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ განაცხადები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა. მასზე დაყრდნობით საუკეთესო გამოცდილების დანიური, ბრიტანული, ფრანგული, ესპანური და გერმანული - 5 კონსორციუმი შეირჩა, რომელიც მომდევნო ეტაპზე სივრცის დაგეგმარების გეგმის საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას ერთი თვის ვადაში წარმოადგენენ. აღნიშნულ 5 კონსორციუმში სულ 18 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიაა წარმოდგენილი. გამარჯვებულ კონსორციუმს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებულ, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით გამოავლენს,“ - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ უკრაინის ენერგო სისტემის გაძლიერებისთვის $522 მილიონს გამოყოფს
უკრაინამ და აშშ-მ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, 522 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. Reuters-ის ცნობით, მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. უკრაინა თავდაპირველად მიიღებს $422 მილიონს სისტემის სტაბილურობის გასაზრდელად, ხოლო შემდგომ 100 მილიონ ამერიკულ დოლარს შესაბამისი რეფორმების გასატარებლად. საელჩოს ცნობით, ამერიკის ამ დახმარების ერთ-ერთი მიზანია, უკრაინას რუსული თავდასხმებისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ომსა და საქართველოზე
ფინეთს რუსეთის გვერდით ცხოვრების ხანგრძლივი, რთული ისტორია აქვს. როგორი რუსეთთან ცხოვრება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ? Washington Post-ის ამ შეკითხვას, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა უპასუხა. „ძალიან კარგი შეკითხვაა. და ვფიქრობ, ბევრმა ვერ გააცნობიერა, რომ ეს არ არის მხოლოდ პუტინის ომი. როგორც ჩანს, რუსული მანქანა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამისთვის,“ - აღნიშნა ფინელმა დიპლომატმ. მან გაიხსენა 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და ასევე, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია.„რა თქმა უნდა, პუტინი ამ დროის განმავლობაში იყო ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ააშენა ინფრასტრუქტურა ამის გარშემო და შეიძლება, ორი ათეული წელი დასჭირდეს ვინმეს (რუსეთში) რომ უთხრას, რომ ეს არ არის ნორმალური," - განაცხადა ვალტონენმა. ასე რომ, თუ პუტინი წავა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი როგორმე მშვიდობიანი ნორმალური დემოკრატია გახდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ რუსეთი ისეთივე რჩება, როგორიც არის და, შესაძლოა, მომავალში უარესიც გახდეს,“ - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.
Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკრაინაშია
პირველი ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკები უკრაინას გადაეცა. New Yourk Times-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Abrams-ი უკვე უკრაინაშია და „ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან.“ „მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის!” - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდოდა. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა. მან 21 სექტემბერს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. „დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.
შსს-ს ყოფილ თანამშრომელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის მკვლელობის საქმეზე ბრლადებულ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული, შსს-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. იმავე დღეს, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო ბინაში მყოფ მეორე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მარტის აქციების მონაწიე, ლაზარე გრიგორიადისს, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. გრიგორიადისი დამნაშავედ ცნეს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა. ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ „არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო." მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა. როგორც IPN წერს, ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა, 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.
რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა
რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. მანამდე ცნობილი იყო რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ.“ 21 სექტემბერს დამტკიცებული დოკუმენტის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ეხებოდა „აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ექსპორტირებულ საქონელს“. ბრიტანული დაზვერვა: რუსული „საწვავის კრიზისი" სხვა ქვეყნებზეც აისახება თუმცა, 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“ არაერთხელ განუცხადებიათ. დეფიციტის მიზეზებს შორის იყო „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი მოხმარება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმური გათიშვა და მოსავლის სეზონი.“ წყარო
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 26 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6681 ლარი, ევრო კი, 2.8381 ლარი ეღირება.ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.6816 ლარი ღირდა, ევრო – 2.8521 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2842 ლარი.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 სექტემბერს ამოქმედდება.
რა დანაკარგები განიცადა რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმისას
13 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ანექსირებულ სევასტპოლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ დააზიანეს. 22 სექტემბერს კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმისას დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. რაც შეეხება სადესანტო ხომალდ "მინსკს", იმის გამო, რომ ის მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, გემზე პერსონალი იყო და ოკუპანტების დანაკარგმა 62-ს მიაღწია. „განახლებული ინფორმაცია მტრის დანაკარგების შესახებ სადესანტო ხომალდ „მინსკზე“ სპეცრაზმის სპეცოპერაციისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების შედეგად. იმის გამო, რომ სადესანტო ხომალდი „მინსკი“ მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, მასზე პერსონალი იმყოფებოდა. დანაკარგმა 62 ოკუპანტი შეადგინა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა კიდევ 105 ოკუპანტი. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია,“ - წერია ინფორმაციაში. უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლზე თავდასხმას რუსეთის ფლოტის მეთაურები ემსხვერპლნენ
გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი. ადვოკატებმა დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი 23 სექტემბერს დააკავა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, „ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azimuth Airlines-ი 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას მინვოდი - თბილისი - მინვოდის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით, 11 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სოჭი - თბილისი - სოჭის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით და 9 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით. „ხსენებული მიმართულებებით ოპერირებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. აღნიშნულ მიმართულებეზე ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) უკვე რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ავიაკომპანია ასევე გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით,“ -აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. „ასევე, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია Red Wings-ი ჟუკოვსკი - თბილისი - ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში ხუთი სიხშირით. ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით. აღნიშნული ავიაკომპანია, ისევე როგორც Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად,“ - წერია განცხადებაში. სააგენტოს განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ამ დროიდან, ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე.
უკრაინა გათბობის სეზონისთვის მხოლოდ საკუთარ გაზს პირველად გამოიყენებს
უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, უკრაინას მომავალი გათბობის სეზონისთვის საკუთარი გაზი პირველად ექნება. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული გაზის მარაგი იზრდება. 2023 წელს „ნაფტოგაზმა“ რეკორდული რაოდენობის ჭაბურღილი აამოქმედა. ჩვენ ამ ტენდენციას მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. ამ ზამთარს ვგეგმავთ საკუთარი გაზით გავათბოთ უკრაინა და ჩვენი გათვლები ამ შესაძლებლობას ადასტურებს,“ – ამბობს ეროვნული სააქციო საზოგადოება „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი, ოლექსი ჩერნიშოვი. სს UkrGasVydobuvannya (UGV) 2023 წელს ბუნებრივი აირის წარმოების გაზრდას 1 მილიარდი კუბური მეტრით, 13,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას ისახავს მიზნად. კომპანიამ 2022 წელს აწარმოა 12,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი (კომერციული საჭიროებისთვის), 3%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს.
პარლამენტში რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტში კიდევ ერთი, რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფი - სახელწოდებით “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შეიქმნება. აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფს ორი დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა ქმნიან, რომელთაც ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს. პოლიტიკურ ჯგუფს მაჭუტაძე უხელმძღვანელებს. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა ფრაქციათაც ჩამოყალიბდეს, რაზეც ოპოზიციის რიგ წევრებთან კონსულტაციებს მართავენ. პოლიტიკური ჯგუფის “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რეგისტრაციის საკითხს, 26 სექტემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის," - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ზე. მანამდე, ადამინისტრაციამ პრეზიდენტის ბალტიური ტურნე დააანონსა. სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.