ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტის გამოვლენის საკითხს. უწყებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება, თუმცა ხაზს უსვამენ აქტოვობების კანონის უზენაესობის შესაბამისად წარმართვის მნიშვნელობას. „შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ. ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ცნობებით. ვაშინგტონი მოუწოდებს აზერბაიჯანს, შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თავიდან აიცილოს სამხედრო მოქმედებების განახლება. ამის შესახებ Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს. „შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალის გამოყენება მიუღებელია და ეწინააღმდეგება ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნის ძალისხმევას.  ჩვენ მოვუწოდებთ მათ შორის კომერციული, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობისკენ, რათა მათ ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობამდე მიაღწიონ. ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული გადაზიდვების განახლებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, უზრუნველყონ ჰუმანიტარული მუშაკების დაცვა და უსაფრთხოება. მთიან ყარაბაღში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, მშვიდად და ღირსეულად გააგრძელოს ცხოვრება საკუთარ სახლებში - მათი უფლებებისა და უსაფრთხოების პატივისცემით. ტერიტორიის დატოვების მსურველებისთვის კი, უსაფრთხო გასასვლელი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ საერთაშორისო მისიის მნიშვნელობას, რათა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები დარწმუნდნენ, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება. ხაზს ვუსვამთ ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მნიშვნელოვან დისკუსიებს ვნახავთ. შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან უმაღლეს დონეზე. გასული კვირის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ ერთობლივად მოვუწოდოთ. შეერთებული შტატები კვლავაც მიიჩნევს, რომ ერთადერთი მისაღები გზა სწორედ დიალოგია.აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში, ამ პროცესისთვის უკუსვლა იყო. შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან უმაღლეს დონეზე, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი უკვე 2900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას. ალიევის თქმით, ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ვერ მიიღეს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის შესახებ გამოაცხადა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

ფაშინიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერევნის ყოფილი მერი დააკავეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობისთვის ერევნის ყოფილი მერი დააკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერს, ალბერტ ბაზეიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში სდებს ბრალს. მის გარდა კიდევ 7 ადამიანს ადანაშაულებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბაზეიანმა და მასთან ერთად დაკავებულებმა განზრახვა სისრულეში უწყების ჩართვის გამო ვერ მოიყვანეს. ბაზეიანის ადვოკატმა გევორგ მელიქიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე დააპატიმრა. გევორგ მელიქიანმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ბაზეიანის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა. დღეს დილით დაიწყო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები ერევანში. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი, ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს. ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანია დაკავებული. პროტესტის მონაწილეების თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან ჩართულობას აგრძელებს  

რა დოკუმენტი გაფორმდა ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტის დროს - ალიევის შეფასებით, „ისტორიული ოქმი“ შუა დერეფნის ქვეყნების ინტერესებსაც მოემსახურება

იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენისთვის საძირკვლის ჩაყრის შესახებ ცერემონიის შემდეგ, აზერბაიჯასა და თურქეთს შორის დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში, 25 სექტემბერს ჩავიდა. „წარსულში მე და ჩავუყარეთ საფუძველი TANAP-ის პროექტს და გავხსენით TANAP მილსადენი. დღეს ჩვენ ვიწყებთ გაზსადენის მშენებლობას თურქეთიდან ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ნაწილამდე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.  „ისტორიული მოვლენაა ასევე ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის განზრახვის შესახებ ოქმის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მოემსახურება აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნების, როგორც შუა დერეფნის ნაწილის ინტერესებს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის თქმით, ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტები ემსახურება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას. „იღდირ-ნახჩევანის გაზსადენის მშენებლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ძმური ურთიერთობების ისტორიაში. ის ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს და დიდწილად უზრუნველყოფს ნახიჩევანის ენერგეტიკულს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

აშშ-მ 11 ჩინურ და ხუთ რუსულ კომპანიას ახალი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-მ 5 რუსული კომპანიის წინააღმდეგ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა. კომპანიებს შორისაა VSMPO-AVISMA, რომელიც მსოფლიოში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია.   გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდა გერმანიის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანის, პაკისტანისა და ფინეთს 23 ორგანიზაციის მიმართ. უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკული მხარე განმარტავს, რომ სანქცია შეეხო კომპანიებს, რომლებიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მ ახალი სავაჭრო შეზღუდვები 11 ჩინურ და ხუთ რუსულ კომპანიას დაუწეს. მათ შორის ზოგიერთი კომპანია რუსეთს დრონების დასამზადებლად კომპონენტებს აწვდიდა. „ჩვენ არ მოვერიდებით სწრაფი და მნიშვნელოვანი ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს პუტინის უკანონო და ამორალური ომის მხარდაჭერას უკრაინაში,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლის უფროსმა, ალან ესტევეზმა.  

ესტონეთის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კლარისი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისადმი მტკიცედ ერთგულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე,'' - წერს ალარ კლარისი. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კლარისს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.   

აშშ-მ პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის $22 მილიარდის ოდენობით სესხი გადასცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გადასცა. „'პოლონეთი შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა და მისი უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია NATO_ს აღმოსავლეთი ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის'', - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ '„პოლონეთმა, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით აჩვენა თავისი ურყევი ვალდებულება რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ''. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, მარიუშ ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ პოლონური არმიისთვის 486 HIMARS-ის გადაცემა HOMAR-A-ის პროგრამის ნაწილია.  

აშშ-ის საელჩო: ვაგრძელებთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მხარდაჭერას

აშშ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მხარდაჭერას აგრძელებს. შესაბამის პოსტს და ინფორმაციას ადგილობრივი მაშველებისა და მეხანძრეებისთვის სპეციალური მოწყობილობების გადაცემის შესახებ, ამერიკის საელჩო ავრეცელებს. „ვაგრძელებთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მხარდაჭერას. სამედიცინო კლინიკებისთვის კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის შემდეგ სპეციალური მოწყობილობები ადგილობრივ მაშველებსა და მეხანძრეებს გადავეცით. ხუთი რეგიონის ქართველ მეხანძრე-მაშველებს ორკვირიანი სამთო-სამაშველო სწავლებაც ჩაუტარდათ, რომელსაც ჯორჯიის შტატის სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ. აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის ოფისის მეშვეობით ხორციელდება,“ - წერს Facebook-ზე ამერიკის საელჩო.  

მედია: მთიან ყარაბაღში საწვავის საწყობში აფეთქება მოხდა

25 სექტემბერს მთიან ყარაბაღში, სტეპანაკერტი-ასკერანის გზატკეცილთან ახლოს მდებარე საწვავის საწყობში მძლავრი აფეთქება მოხდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაშავებულები  საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც საწვავი ურიგდებოდა ადამიანებს, რომლებიც მანქანით სომხეთში მიდიოდნენ, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი უკვე 2900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას. ალიევის თქმით, ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ვერ მიიღეს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის შესახებ გამოაცხადა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

ხერტ იან კოპმანი: რეფორმების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის

სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორის, ხერტ იან კოპმანის შეფასებით, რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშნველოვნაია საქართველს ევროპული დღის წესრიგისთვის. ამის შესახებ მან მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. „მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ამჯერად ბრიუსელში და გავაგრძელებთ დისკუსიებს ძირითადი ზომების შესახებ, რაც საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია განახორციელოს 12 პრიორიტეტის წინსვლისთვის. რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის”, - წერს იან კოპმანი Twitter-ზე.  

სამხრეთ კორეამ ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების საპასუხოდ, სამხედრო არსენალის დემონსტრირების მიზნით, სამხრეთ კორეამ ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა. Reuters-ის ცნობით, სამხედრო აღლუმზე გამოტანილ ტექნიკას შორის ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო ვერტმფრენებიც იყო. მასშტაბური მსვლელობა სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების დღეს გაიმართა. აღლუმში 300 ამერიკელი ჯარისკაციც მონაწილეობდა. სამხრეთ კორეაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სულ 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.  

ზედიზედ მეხუთე დღეა, რუსეთი კურსკის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი კურსკის ოლქზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 სექტემბერს ღამით და 26 სექტემბერს დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიის თავზე „ჩამოაგდეს“ საერთო ჯამში, 5 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“ 22 სექტემბრის შემდეგ ზედიზედ მეხუთე დღეა, რუსეთი აცხადებს, რომ ამ რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევენ. 24 და 25 სექტემბერს რუსული და უკრაინული მედია წერდა, რომ კურსკში დრონებით თავდასხმა იყო ხალინოს სამხედრო აეროდრომსა და რუსეთის შსს-ს და უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობებზე. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის ხელისუფლებას ამ შემთვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.  

მედიის ცნობით, საწვავის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

მთიან ყარაბაღში 25 სექტემბერს საწვავის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 290 დაიჭრა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.  7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ბევრი კი, დაკარგულად მიიჩნევა. მედია: მთიან ყარაბაღში საწვავის საწყობში აფეთქება მოხდა  

რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია. „მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა - EUROPOL და Frontex, თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ავსტრია უკრაინაში IAEA-ს საქმიანობისთვისა და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, დამატებით, €1 მილიონს გამოყოფს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ავსტრია დამატებით, 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუშაობის დასაფინანსებლად და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.“ შალენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკვე 19 თვეა, გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მოსკოვი ავლენს „მიუღებელ და უპასუხისმგებლო“ ქცევას, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხში. მინისტრის თქმით, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია რუსული ჯარების მიერ გრძელდება და ხაზი გაუსვა IAEA-ს საქმიანობას ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. უკრაინასა და IAEA-ს შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა 2022 წლის მარტში დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ორგანიზაცია უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად განლაგდა. ივნისში ავსტრიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1 მილიონ ევროს გამოუყოფს IAEA-ს, უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.  

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა

ლატვია ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს), მიმდინარე გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვან ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. მისივე თანახმად, ლატვია ახლა აქტიურად ქმნის ახალ ლოგისტიკურ მარშრუტებს, რომლებიც ქვეყანას უკრაინასთან პოლონეთის გავლით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით აკავშირებს. „შექმნილ ვითარებაში ჩვენ არ შეგვიძლია, დავეყრდნოთ ტრადიციულ მარშრუტებს გეოპოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სანქციების თავიდან აცილების რისკების გამო,“ - აცხადებენ სამინისტროში. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის შეიქმნა ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის გზები. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და სოლიდარობის ხაზებს და ამას აკეთებს ლატვიის პორტების ფართო შესაძლებლობების შეთავაზებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის და სხვადასხვა საქონლის უკრაინაში იმპორტისთვის. უახლოეს წლებში მოსალოდნელია (TEN-T) ტრანსევროპული სატრანსპორტი ქსელის გაფართოება, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ახალ ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მისცემს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისკენ - უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და თურქეთი,“ - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, ეს დერეფანი ინტეგრირდება ტრანსკასპიის დერეფანთან და TRACECA-ს სატრანსპორტო მარშრუტებთან, მომავალში მას შეუძლია, შექმნას ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს, კავკასიას, ყაზახეთს, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებსა და ჩინეთს შორისაც. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების არანაირი მიზეზი არ არსებობს. შალვა პაპუაშვილმა, რომელიც რუმინეთში ვიზიტით იმყოფება, მედიას განუცხადა, რომ თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, მას ყოველთვის მოძებნის. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, საქართველოსთან მიმართებით წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხს და „ტრიოს“ მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, შარშან ისე მოხდა, საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიენიჭა, გარკვეულწილად, ის „ასოცირებული ტრიო“ დაირღვა, რომელიც, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს შემადგენლობით ჯერ კიდევ არსებობს და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ასეთი სტრატეგიული მიდგომებით მიიღოს გადაწყვეტილება, „ტრიო“ არ დაშალოს, არამედ, სამივე ქვეყანა თანაბრად წაწიოს წინ ევროპის გზაზე. დღესდღეობით, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა რომ შარშან, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იყო, ასევე სამართლიანობის და დამსახურებაზე დაფუძნებით მიღებული გადაწყვეტილების მხრივ იყო შეცდომა. ვფიქრობ, ამის გააზრებით, წელს ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. არანაირი მიზეზი სტატუსის არმინიჭების არ არსებობს, თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, საბაბს ყოველთვის მოძებნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პასუხისმგებლობით მოქმედება და ამიტომ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებისგანაც მხარდაჭერა გვაქვს, იმედია, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ - განაცხადა პაპუაშვილმა ქართულ მედიასთან. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ლატვიაში მანქანებზე წარწერისთვის - „მე რუსი ვარ", მძღოლებს დაჯარიმება ემუქრებათ

ლატვიაში მძღოლები მანქანაზე წარწერისთვის -  „მე რუსი ვარ" შესაძლოა, დააჯარიმონ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში ლატვიური სანომრე ნიშნით ავტომობილის ფოტო გამოჩნდა წარწერით - „მე რუსი ვარ." სახელმწიფო პოლიცია, ასეთი წარწერებით დაფარული მანქანების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ დაავალებს პირებს მათ მოხსნას, მძღოლებისგან ასევე მოითხოვენ ახსნა-განმარტებას. პირს შეიძლება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს. დეპარტამენტის განმარტებით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინის ომის გათვალისწინებით, ასეთი სტიკერები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო აგრესიის მოწონება ან რუსეთის სამხედრო დანაშაულების მხარდაჭერა. მძღოლები ასევე შეიძლება დაჯარიმდნენ სამხედრო აგრესიის ხელშემწყობი პროპაგანდისთვის. ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა სახის ჯარიმაზეა საუბარი. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ფინეთმა და ესტონეთმა აკრძალეს თავიანთ ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების შესვლა.  

კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება - რაც შეეხება იმპიჩმენტს, არაფერს გამოვრიცხავ

„სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ისაუბრა. რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურას, რაზეც ქვეყნის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, კახა კალაძის თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს. „მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკას ატარებს არა პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის მთავრობა. პრეზიდენტმა კი, თავისი ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს. „ჩვენს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. თუ აქამდე ამას აკეთებდა და მთავრობას უთანხმებდა, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ცხადია, რა არის ამის მიზეზი. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციაში რა მოცემულობაც გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. საგარეო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვართ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას,“ - განაცხადა თბილისის მერმა.  

რუსული დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინა-რუმინეთის საბორნე გადასასვლელმა მუშაობა შეაჩერა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ 26 სექტემბერს ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულია რუმინეთთან საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვები პუნქტი „ორლოვკა“. მედიის ცნობით, უკრაინის დაბა ორლოვკაზე რუსული დრონით დარტყმის ამსახველი კადრები რუმინეთის ტერიტორიიდან გადაიღო მოსაზღვრე ქალაქ ისაკჩის მცხოვრებმა, რომელიც საბორნე გადასასვლელზე მუშაობს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს სამშაბათს დილით, რუმინეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ისაჩეის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობა დაიხურა უკრაინის ტერიტორიაზე დაბომბვის გამო.