ძებნის რეზულტატი:
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსი აგენტების დაკავების შესახებ იუწყება
უშიშროების სამსახურის კიბერპროფესიონალებმა ორი რუსი აგენტი დააკავეს, რომლებიც მიმდინარე წლის 21 სექტემბრის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას აორგანიზებდნენ. დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყურადღების ცენტრში სოციალურ ქსელებში ანტიუკრაინული გზავნილების გამო მოექცნენ. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. SBU-ს თანახმად, ორი ადგილობრივი, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატში (ცნობილი, როგორც GRU), კიევის მიმართულებით რუსული რაკეტების დამიზნებაში მონაწილეობდნენ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული GRU-ს წარმომადგენელმა დისტანციურად გადაბირებულ აგენტებს კიევის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაავალა. ჯაშუშები სწავლობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების გადაადგილებას კიევში. მათ რუსებს უკრაინის სამხედროების ლოკაციები გადასცეს. გარდა ამისა, აგენტებმა რუს "კურატორს" ფოტოები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გეოლოკაციები გაუგზავნეს. ყოველი დასრულებული დავალებისთვის ჯაშუშები რუსეთიდან ფულს იღებდნენ, რაც მათ საბანკო ბარათებზე ანონიმური „გადამხდელებისგან“ ირიცხებოდა.
„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში დაბრუნდნენ
რუსული „ვაგნერის“ ჯგუფის ზოგიერთმა დაქირავებულმა ბელორუსი დატოვა და დონეცკის ოლქის ფრონტზე დაბრუნდა, იტყობინება RBC უკრაინა 27 სექტემბერს, აღმოსავლეთ ძალების დაჯგუფების სპიკერზე, ილია ევლაშზე დაყრდნობით. სპიკერმა განმარტა, რომ დაახლოებით, 8000 მებრძოლიდან, რომლებიც ბელორუსში იყვნენ დისლოცირებულნი, ზოგი აფრიკაში გაემგზავრა, დაახლოებით 500 კი, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ბრუნდება. „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტებზე ხელახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ დაქირავებულ მებრძოლებთან, რათა იმსახურონ, როგორც მებრძოლებმა და ინსტრუქტორებმა,“ განმარტა ევლაშმა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაგნერის მებრძოლები არ წარმოადგენენ „მნიშვნელოვან საფრთხეს“ მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ.
ფინეთი რუსეთის კიდევ ერთი საკონსულოს დახურვის საკითხს განიხილავს
ალანდის კუნძულებზე რუსეთის საკონსულოს დახურვის მოთხოვნით პეტიციამ საჭირო 50-ათასი ხელმოწერა მოიპოვა და ამიტომ ფინეთის პარლამენტმა ეს საკითხი უნდა განიხილოს. ინიციატივის ავტორები ამტკიცებენ, რომ საკონსულოს ყოფნა ზღუდავს და საფრთხეს უქმნის ფინეთის უსაფრთხოებას იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრია. ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან ფინეთში, ქალაქ ტურკუში რუსეთის საკონსულო იხურება. 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა. შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება. ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის მდებარეობს. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური. ფინეთმა შესაძლოა, დემილიტარიზებულ ალანდის არქიპელაგზე რუსეთის საკონსულო დახუროს NATO-ს ბაზები შესაძლოა, ბალტიის ზღვის კუნძულებზე პირველად განთავსდეს - მედია
მეორე დღეა, ლარი დოლართან უფასურდება, ევროსთან მყარდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6778 ლარი, ევრო კი, 2.8259 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6732 ლარი ღირდა, ევრო – 2.8325 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 სექტემბერს შევა ძალაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობით, ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა.
ჯო ბაიდენი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ვაშინგტონში, სამიტზე უმასპინძლებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ევროკავშირის ლიდერებს შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს 20 ოქტომბერს, ვაშინგტონში სამიტზე უმასპინძლებს. AFP-ს ცნობით, ამის შესახებ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. ევროკავშირი-აშშ-ის ბოლო სამიტი ბრიუსელში, 2021 წლის ივნისში გაიმართა, თუმცა ბაიდენი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერის შეკრების სტუმარი იყო გასული წლის მარტში. მომავალი შეხვედრის მიზანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება იქნება, რათა უკეთ ებრძოლონ ისეთ კრიზისებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ამასთან, როგორც მედია წერს, ვაშინგტონი და ბრიუსელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.
რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.“ „საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომლებიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ," - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ ბაზარს წარვუდგენთ," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის, თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებით ზეგავლენას მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. მეორე, ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი ბაზრისთვის. ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ," - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის ნათია თურნავას თქმით, მათი საერთო მიზანია, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. „საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
UBS-ის აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც საბანკო-საფინანსო ორგანიზაციას სანქციების თავიდან არიდებას ედავებიან
ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი შვეიცარიული საბანკო-საფინანსო ორგანიზაციის, UBS-ის აქციები ოთხშაბათს 8%-მდე დაეცა მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომ შვეიცარიული ბანკი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ გაფართოვებული გამოძიების ქვეშაა. მიზეზი რუსული სანქციების თავის არიდებისთვის ხელშეწყობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით მცოდნე ადამიანებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ ის, რაც დაიწყო რამდენიმე ბანკში გამოძიების სახით, გადაიზარდა სრულმასშტაბიან გამოძიებაში, რომელიც Credit Suisse-ზეა ფოკუსირებულია.Credit Suisse- UBS-მა ამ წლის დასაწყისში იყიდა. UBS-მ CNN-თან კომენტარი არ გააკეთა.
NATO: უკრაინელები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შავი ზღვის რუსულ ფლოტს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი საფრთხედ რჩება. სტოლტენბერგის თქმით, ნიშნები იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა, არ ჩანს. „გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინული კონტრშეტევის მყარ პროგრესს, რომელშიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და ახლა მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შავი ზღვის რუსულ ფლოტს,” - განაცხადეს NATO-ს პრესსამსახურში შეხვედრის შემდეგ.
აშშ-მ გამოაცხადა სანქციები ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ირანში დრონების წარმოებას უწყობს ხელს
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ოთხშაბათს გამოაცხადა სანქციები ხუთი სუბიექტისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ ირანიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც ხელს უწყობენ კომპონენტების მიწოდებას ირანის დრონების პროგრამისთვის. აშშ-ს ცნობით, კომპანიებისა და ფიზიკური პირების ქსელმა ხელი შეუწყო მიწოდებას და ფინანსურ ტრანზაქციებს კრიტიკული კომპონენტისთვის, რომელიც გამოიყენება ირანის Shahed-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების სერიაში. შეერთებულმა შტატებმა ასევე შავ სიაში შეიყვანა ირანული კომპანია Pishgam Electronic Safeh Company და მისი ლიდერი ჰამიდ რეზა ჯანგორბანი. ირანის უპილოტო საფრენი აპარატის პროგრამის წინააღმდეგ ეს არის აშშ-ის სანქციების მეცხრე რაუნდი - ვაშინგტონი მიზნად ისახავს, შეაჩეროს თეირანის უკანონო საქმიანობა და ხელი შეუშალოს მას რუსეთის შემდგომი შეიარაღებული მხარდაჭერისგან. აშშ დიდი ხანია, მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. გაეცანით Europetime-ის ექსკლუზიურ კომენტარს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს
ჩეხეთი ამერიკული წარმოების F-35-ის ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს
პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ამერიკული წარმოების F-35-ის ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს. შესაბამის ინფორმაციას AFP ავრცელებს. პირველი ზებგერითი თვითმფრინავები ჩეხეთში 2031 წელს ჩავა, არმიას კი, 24-ვე თვითმფრინავი 2035 წლისთვის ექნება. „პირველი F-35-ები მზად 2029 წელს იქნება და ჩვენი პილოტები მათთან ერთად წვრთნას შეერთებულ შტატებში დაიწყებენ,“ - განაცხადა ფიალამ. კონტრაქტის ღირებულება 6,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩეხეთის არმია ამჟამად შვედური წარმოების 14 გამანადგურებელ Gripen-ს იყენებს. მათი იჯარის ვადა 2027 წელს იწურება. NATO-ს დაპირების შესაბამისად, ჩეხეთი მომავალი წლიდან გეგმავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვაზე დახარჯოს.
პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე, ამერიკულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ხელშეკრულების ხელმოწერაში, რაც პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება. შეთანხმება ითვალისწინებს ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობას პოლონეთის პომერანიაში ატომური ელექტროსადგურის პროექტირებასა და მშენებლობაში. პოლონეთის მხრიდან სამუშაოს კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe განახორციელებს, რომელსაც მანამდე შესაბამისი ნებართვა მიეცა. მორავიეცკის თქმით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა პოლონეთს გახდის "ცენტრალური ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების მიმწოდებელს, ისევე როგორც დღეს პოლონეთი უკვე ხდება გაზის კერა - სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელია გაზის მხრივ." გეგმის მიხედვით, პომერანის ატომური ელექტროსადგური პოლონეთს 23 მილიარდი დოლარი დაუჯდება და საბოლოოდ, ექსპლუატაციაში 2033 წელს შევა. მან ელექტროენერგია 12 მილიონ პოლონურ ოჯახს უნდა მიაწოდოს. პოლონეთი სულ სამი ატომური ელექტროსადგურის შექმნას გეგმავს, რომელიც მთელი ენერგიის დაახლოებით 30%-ს გამოიმუშავებს. პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა მიმდინარე წლის ივლისში გაიცა.
ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი რჩება
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს. „ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია საქართველოს უნარზე, მოახდინოს რეფორმებზე ფოკუსირება და ხელი შეუწყოს ევროპულ ღირებულებებს,“ - წერს ნაუსედა. ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია
უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ინგლისი, პოლონეთი და ლატვია ბოიკოტს უცხადებენ
ინგლისი, პოლონეთი და ლატვია არ მიიღებენ მონაწილეობას UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებზე, სადაც რუსი ფეხბურთელები დაიშვებიან. მანამდე, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
მედია: ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის S-300-ის ტიპის კომპლექსებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემას მხარი დაუჭირა
27 სექტემბერს ბულგარეთის პარლამენტმა დახურულ კარს მიღმა მხარი დაუჭირა უკრაინას S-300-ის ტიპის კომპლექსებისთვის რაკეტების მიწოდებას, რომელთა შეკეთება ქვეყანას საკუთარი ძალებით არ შეუძლია. ინფორმაციას უკრაინული მედია ბულგარეთის გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კიევი შეძლებს მათ შეკეთებას და თავდაცვის მიზნით გამოყენებას. „გადაწყვეტილების მიღებამდე დებატები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დახურული კენჭისყრის ზუსტი შედეგი უცნობია. ასევე გაუგებარია, რატომ ჩატარდა კენჭისყრა დახურულ კარს მიღმა,“ წერს Sofia Globe.
აშშ-მ რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსული ავიახაზების Aeroflot-ის, Utair-ის და Azur Air-ის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები 180 დღით გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და 180 დღით აგრძელებს შეზღუდვებს. დოკუმენტების თანახმად, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ, რომელიც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის, რუსული ავიახაზების წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ მოთხოვნა 5 სექტემბერს წარადგინა. აშშ-მ „აეროფლოტს“, Utair-სა და Azur Air-ს ექსპორტზე სანქციები დაუწესა აშშ-ის მრეწველობისა და ვაჭრობის დეპარტამენტში სანქციების შემოღებისას განმარტავდნენ, რომ შეზღუდვები იმის გამოა მიღებული, რომ ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები დაარღვიეს.
ნაუსედა: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციის სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას, განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. ის ლიეტუვაში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ევროკომისიის რეფორმებისა და რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება. ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია პროგრესის დემონსტრირება რეფორმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოების პოლიტიკური დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი მედია. ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი რჩება ლიეტუვის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად და მოუწოდა საქართველოს, არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ტაშკენტში, აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. უზბეკური მედიის Daryo-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა ქალაქ სერგელის რაიონში, აეროპორტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საწყობში ხანძრის ჩასაქრობად. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია."ტელეგრამ" არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა. უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 44 დრონიდან, 34 გაანადგურა
უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-136/131 ტიპის 44 დრონით შეუტიეს, დრონები ჯგუფურად, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას რაიონებიდან გაუშვეს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს. „შეტევის მოგერიებაში ჩართულია გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები“, - აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში. 28 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
პოდოლიაკი: ყირიმი უკრაინის მხრიდან საცეცხლე კონტროლის ქვეშ ეტაპობრივად ექცევა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე პანიკური განწყობების გაძლიერებას აანონსებს. მისი თქმით, რუსები ახლა ყირიმში ცხოვრობენ თავდასხმების მოლოდინში, სირენების ქვეშ და ესმით, რომ ყირიმი მათთვის დიდი საფრთხის ტერიტორიაა და მათი საჰაერო სივრცე აღარ არის ასე ძლიერად კონტროლირებადი. „ყირიმი უკრაინის მხრიდან ეტაპობრივად ექცევა საცეცხლე კონტროლის ქვეშ," - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, უკრაინის სტრატეგიულ ამოცანებს შორის არის რუსული საოკუპაციო ჯგუფისთვის საკვანძო მიწოდების ხაზის გაწყვეტა. ის განმარტავს, რომ რუსებს არ აქვთ სარკინიგზო კავშირები, მაგალითად ქალაქებით, როგორიცაა მელიტოპოლი, ბერდიანსკი და ა.შ., როსტოვის რეგიონთან. და შესაბამისად, მიწოდების 80% ყირიმზე გადის. მისივე თქმით, ყირიმში არის რუსეთის სასაწყობო შესაძლებლობების უზარმაზარი ინფრასტრუქტურა: "დღეს ყირიმი არის რუსული საოკუპაციო ჯგუფების საბრძოლო ეფექტურობის საგრძნობლად შემცირების გასაღები."