ძებნის რეზულტატი:
დრონების მწარმოებელი თურქული Baykar-ი უკრაინაში $100 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს
თურქული Bayraktar TB2-ს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების მწარმოებელი Baykar-ი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინაში სამ პროექტში, მათ შორის, თვითმფრინავების წარმოების ქარხნის მშენებლობაში, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება. ამის შესახებ Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, ყველა შემოწირულობა Baykar-დან, ისევე როგორც უკრაინიდან და პოლონეთიდან, რადარის სისტემების შესაძენად გამოიყენეს, მათ უკვე აღმოაჩინეს ათასობით სამიზნე და ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანეს. „ამ შემოწირულობების ჯამური ღირებულება 106 მილიონ დოლარამდეა,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა. Baykar-ის ხელმძღვანელი: ახალი დრონების წარმოებით, თურქეთ ხმელთაშუა ზღვაში გავლენას გაზრდის
რუმინეთი იძიებს, დაარღვია თუ არა რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე - მედია
რუმინეთი იძიებს, დაარღვია თუ არა რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე 29-30 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე ბოლო თავდასხმის დროს, იტყობინება რუმინეთის საინფორმაციო საიტი Digi24 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. სამინისტროს ცნობით, როდესაც რუსეთი უტევდა უკრაინის პორტებს მდინარე დუნაიზე, საჰაერო განგაშის სირენები გააქტიურდა რუმინეთის ახლომდებარე ქალაქ ტულჩეასა და გალათში, რადგან სარადარო სისტემებმა დააფიქსირეს არასანქცირებული ობიექტი, რომელიც ამ უკანასკნელისკენ მიემართებოდა რუმინეთის საჰაერო სივრცეში. Reuters-ი 29 სექტემბერს წერდა, რომ რუმინეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინის საზღვართან აახლოებს. დამატებითი ზომები ოთხი ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განლაგებას და არასაფრენი ზონის გაფართოებას მოიცავს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს. რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა აღიარა, რომ რუმინელი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მდინარე დუნაის მახლობლად და უკრაინის საზღვართან „შეშინებულია." აშშ-მ რუმინეთში დამატებით, 4 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი განათავსა
უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ისინი ერთად იმუშავებენ გარე აგრესიისგან დაცვის მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამის შესახებ მან კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. თავდაცვის მრეწველობის ალიანსს 19 ქვეყნიდან 38 კომპანია უერთდება. „ჩემთვის დიდი პატივია უკრაინაში, ჩვენს დედაქალაქში, თავისუფალ კიევში გავხსნა თავდაცვის ინდუსტრიის პირველი საერთაშორისო ფორუმი. ამჟამად აქ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. ევროპა, ამერიკა, აზია, ავსტრალია. 252 თავდაცვითი კომპანია, რომლებიც აწარმოებენ იარაღსა და თავდაცვის სისტემებს. მაგრამ რაც მთავარია, ამ დარბაზში არის ნდობა. თავისუფალი სამყაროს ნდობა. გვჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი თავისუფლება. და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რასაკვირველია. იმიტომ, რომ ჩვენ ავაშენებთ საჭირო არსენალს. და მოხარული ვარ, რომ მივესალმო ყველას ფორუმზე. ყველა თქვენ, ვინც მზად ხართ, ააშენოთ თავისუფალი სამყაროს არსენალი უკრაინასთან ერთად. თანამედროვე და ძლიერი არსენალი, რომელიც არანაირ შანსს არ დაუტოვებს არცერთ აგრესორს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალური და არაპროვოცირებული აგრესიით, რუსეთმა აჩვენა ყველას, რომ მას შეუძლია, საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ერის სუვერენიტეტსა და ნორმალურ ცხოვრებას პლანეტაზე. „დღეს ამ ფორუმზე ვაცხადებთ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ. ალიანსის, რომელიც აფასებს საერთაშორისო სამართალს და შეუძლია, იმუშაოს საერთაშორისო სამართლის რეალური დაცვისთვის. უსაფრთხოების დაცვისთვის - მე ვსაუბრობ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ, მსოფლიოს ნებისმიერი ერის დაცვაზე. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი საბაზისო დეკლარაცია, როგორც ამ ალიანსის საფუძველი და შესაძლებელია, მას შეუერთდნენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს განზრახვას, რათა უზრუნველვყოთ რეალური დაცვა აგრესიისგან ჩვენი დროის ამ მაღალი რისკის გარემოში. დღეს, მისი დაარსებისთანავე, 13 ცნობილმა კომპანიამ უკვე მოაწერა ხელი ამ დეკლარაციას, რაც აჩვენებს მზადყოფნას, ავაშენოთ თავისუფალი სამყაროს ახალი არსენალი უკრაინის გვერდით.“ „თითოეულ ერს ესმის, რა სჭირდება მას საკუთარი თავდაცვისთვის - "რა იარაღი, რა ინდუსტრიები, რა თანამედროვე ტექნოლოგიები, რა ალიანსები," - აღნიშნა ზელენსკიმ. „იმით, თუ როგორ გავუძელით ომს და როგორ გაიმარჯვებს უკრაინა, ჩვენ უზრუნველყოფთ წარმატებულ სტრატეგიას ეროვნული და კოლექტიური თავდაცვისთვის მსოფლიოს მასშტაბით, ვინც მშვიდობას აფასებს. გრძელვადიანი სტრატეგია. ახლავე, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, განისაზღვრება უძლიერესი თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსები, რა იქნება მათი პრიორიტეტები და როგორი იქნება თავდაცვის სტანდარტი მსოფლიოში. ეს განისაზღვრება ზუსტად უკრაინაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმში 30-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით, 252 თავდაცვის კომპანია მონაწილეობდა.
განათლების სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.“ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს. საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის განცხადებით, პირველ ოქტომბერს, „თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩაზე დროებით სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა 06:00-დან 10:00 საათამდე იქნება. „თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით, პირველ ოქტომბერს, 06:00-დან 10:00 საათამდე დედაქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ. გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან. გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას. ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასლის ქუჩას და მოძრაობას, კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ. „თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ფიროსმანის მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N306 და N308 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358 და N314 ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან დაასრულებენ და უკანაც ამავე ტერიტორიიდან გადაადგილდებიან; N316, N234, N364, N374, N380, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 მოემსახურებიან ვაკიდან გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და უკან; რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და უკან კრწანისის ქუჩის საშუალებით დაბრუნდება; ავტობუსი N310 იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, დაუკავშირდება გმირთა მოედანს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით; ავტობუსი N300 ჩიტაიას მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩისკენ; შეზღუდვის პერიოდში N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით, დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების საშუალებით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გამოიყენებს და სააკაძის მოედნიდან დაუკავშირდება გოთუას ქუჩას. რაც შეეხება მიკროავტობუსების მარშრუტებს, N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით; N541 მგზავრებს დიდი დიღმიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე გადაიყვანს; N472 და N534 პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით; N540 ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გმირთა მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან მოუხვევს და გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც დადგენილ მარშრუტს გამოიყენებს; N427 გიორგი გურამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე. მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან გზას გააგრძელებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან, ევროპის მოედანზე მოუხვევენ და ბარათაშვილის აღმართით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N480 ორთაჭალის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მგზავრებს გადაიყვანს ვარკეთილიდან კრწანისის მოედნამდე და უკან; მიკროავტობუსი N536 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების მიმართულებით, დაუკავშირდება ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, ბოლო გაჩერება კი, ბარათაშვილის ქუჩაზე ექნება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაივლის წერეთლის გამზირს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა. Reuters-ის ინფორმაციით, მათ შორის, 27 მიგრანტი იმყოფებოდა ბორანზე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და მაშველების დახმარების გარეშე ზღვაში დაღუპვა ემუქრებოდათ. მიგრანტები ნავების მეშვეობით იტალიის კუნძულ ლამპედუზადან სიცილიაზე გადასვლას ცდილობდნენ. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოპოვებას ათასობით მიგრანტი ცდილობს.
ვინიკოვი: პროგრესი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიაღწევთ, არის პროგრესი NATO-ში გასაწევრიანებლად, ქართველ მეგობრებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ შესაძლებლობების ფანჯარა
„მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, სრულყოფილად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესი გვთავაზობს,“ – შესაბამისი განცხადება NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პროგრესი, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწევს, არის პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენაც. „NATO და ევროკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციაა, მაგრამ ნებისმიერი პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ასევე არის პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს NATO-ში გაწევრიანებისკენ. ორივე ორგანიზაცია, ევროკავშირიც და NATO-ც დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებზე, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, უნდა გაიზიაროს. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, სრულყოფილად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესი გვთავაზობს, რათა მიაღწიონ პროგრესს და განახორციელონ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა, რასაც ასევე NATO ურჩევს საქართველოს,“ – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. სარჩელში სომხეთი სასამართლოს მოუწოდებს, დაიცვას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციით (CERD) დაცული უფლებები. ერევანი ასევე ითხოვს, ბაქომ თავი შეიკავოს სადამსჯელო ზომების მიღებისგან მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური თუ სამხედრო წარმომადგენლების მიმართ. სომხეთის მოთხოვნები მოიცავს სამხედრო და სამართალდამცავი პერსონალის სრულ გაყვანას მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დაწესებულებებიდან და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობას. სომხეთი ასევე მოუწოდებს გაეროს სასამართლოს, დაადასტუროს აზერბაიჯანის ვალდებულება, უარი თქვას მოქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან იქ დარჩენილი ეთნიკური სომხების გადასახლებას. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი: ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მცხოვრებთა რაოდენობამ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, სომხეთში წასულიყვნენ, 100 000-ს გადააჭარბა. ამ მონაცემებს გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი აქვეყნებს. წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობად 120 ათასი სახელდებოდა. აზერბაიჯანი ლტოლვილთა რაოდენობის შესახებ საკუთარ მონაცემებს არ აქვეყნებს. „ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. ბევრი მშიერია, დაღლილი და საჭიროებს სასწრაფო დახმარებას. UNHCR და სხვა ჰუმანიტარული პარტნიორები აძლიერებენ დახმარებას სომხეთის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ საერთაშორისო დახმარება ძალიან სასწრაფოდ არის საჭირო,“ - წერს Twitter-ზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი. ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 30 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს
უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო. ზელენსის თქმით, ახლა პარტნიორებთან წარმოების გაფართოებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ზელენსკიმ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა „ჩვენ დავიწყეთ ბრძოლის ველზე საჭირო ქვემეხებისა და NATO-ს კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოება. ჩვენს ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო სისტემებს უფრო დიდი დიაპაზონი აქვთ და მოქმედებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ანალოგების მთელი დიაპაზონი. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს პროგრამულ გადაწყვეტილებებს თავდაცვისთვის, მენეჯმენტიდან კიბერუსაფრთხოებამდე.ჩვენ დაინტერესებულნი ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.
რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე
ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ტრანსპორტის მარეგულირებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATR) გენერალური ასამბლეისა და ამ მარშრუტის განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ბაქოს პორტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის (Azerbaijan Caspian Shipping Company CJSC), თურქეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და რუმინეთის სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დისკუსიების დროს ხაზი გაესვა შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ამ მარშრუტზე მეტი ტვირთის მოზიდვის აუცილებლობას. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ამ დერეფნის გასწვრივ კონტეინერების ტრანსპორტირების უფრო ეფექტიანი ორგანიზება. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისთვის. გარდა ამისა, შეფასდა განაცხადები ახალი წევრობისთვის, ორგანიზაციაში მიიღეს ყაზახური ლოგისტიკური კომპანია "Eastcomtrans" და სინგაპურის კომპანია "Global DTC." ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო დერეფანი, რომელიც იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთში. გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, შუა დერეფნის მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ყაზახეთის საპორტო-ქალაქ აქტაუში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და რუმინეთის სარკინიგზო და საზღვაო კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: • 2023 წლის 8 თვის შედეგები და ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განხორციელებული გადაზიდვების დროს გამოვლენილი გამოწვევები; • შუა დერეფანში გადაზიდვების ვადების ოპტიმიზაციის მიზნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების გადაზიდვის ორგანიზებისას, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელშიც გადაზიდვის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებებელი იქნება გაწერილი; • კასპიის ზღვის პორტებს შორის (აქტაუ, ბაქო, ალიატი) პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო კომუნიკაციებით საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზების შესახებ შეთანხმება, რომელიც კასპიის ზღვაზე საფიდერო გემების ოპერირების სტაბილურობას უზრუნველყოფს; • კონტეინერების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციების მიღების და გაცვლის პროცესების ავტომატიზაცია და დიჯიტალიზაცია. „აქვე აღსანიშნავია, რომ აქტაუში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის 10 წლის იუბილე აღინიშნა. შეხვედრის დასასრულს, საერთო კრების თავმჯდომარემ, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ ჩინეთი -ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტვირთმფლობელებისთვის,“ - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ შეთანხმება მიღწეულია - აზერბაიჯანული მედია
აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, როვშან რუსტამოვმა და თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრის დროს მიაღწიეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ, იუწყება Trend. აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ერთობლივ ღონისძიებებზე, რათა BTK-ის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, ხაზის სრული პოტენციალი გამოიყენონ. საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, შუა დერეფნის მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა BTK-ის სერტიფიცირების შემდეგ დაიწყება
ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების შედეგად დაზარალებული ადგილების აღდგენას. „ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიიდან. უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან და საკუთარ ტერიტორიაზე სრული კონტროლი აღადგინოს,“ - განაცხადა ბორელმა. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა ბორელმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე“. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.
სტოლტენბერგი კიევში: იარაღი უკრაინისთვის არის გზა მშვიდობისკენ
უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, რადგან რაც უფრო ძლიერი იქნება ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში თავდაცვის ინდუსტრიის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „მხოლოდ გამბედაობა არ აჩერებს თვითმფრინავებს. მარტო გმირობა ვერ მოერევა რაკეტებს. უკრაინას სჭირდება შესაძლებლობები. მაღალი ხარისხი. მაღალი რაოდენობა. და სწრაფად. არ არსებობს თავდაცვა მრეწველობის გარეშე," - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან შეაქო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მიღწევები და აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოებაში, დრონებიდან დაწყებული განაღმვითი აღჭურვილობით გაგრძელებული, უკრაინამ ინოვაცია მოახდინა „ელვის სისწრაფით." „რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარადოქსად ჟღერს, იარაღი უკრაინისთვის არის გზა მშვიდობისკენ," - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ზელენსკის: 50-ზე მეტი ქვეყანა გამარაგებთ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაგიჭირათ გაეროში NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევს 28 სექტემბერს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 26 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა. მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ – არჩილ ხომასურიძეს (რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი); ჟანრი ლოლაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); ნუგზარ უბერს (ექიმი, პედიატრი); ალექსანდრე კოტორაშვილს (ფოტორეპორტიორი); რამაზ გახოკიძეს (მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი); გია ბაღაშვილს (მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე); გურანა გრიგორაშვილს (ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი); ნანა ფაჩუაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); თამაზ მაღლაკელიძეს (ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ამირან ქორიძეს (ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი); გურამ ახალაიას (მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე); მურმან ჯინორიას (თეატრისა და კინოს მსახიობი); ლია სტურუას (პოეტი); ლეო ანთაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); იმედა კახიანს (კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); იამზე დოლაბერიძეს (მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი); ლევან ლაღიძეს (მხატვარი); დავით მაღრაძეს (პოეტი, საზოგადო მოღვაწე); რადიშ თორდიას (მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი); ავთო მახარაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი); ზურაბ ლეჟავას (სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი); მანანა ახმეტელს (მუსიკათმცოდნე, პედაგოგი); მამუკა ჩარკვიანს (მუსიკოსი, კომპოზიტორი); ევა ბაბალაშვილს (მხატვარი, მწერალი); რევაზ არველაძეს (ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი); ზაზა ავალიანს (ექიმი-ფთიზიატრი). „დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ. მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ბორელი: ევროკავშირმა 27 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოამზადა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 27000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ევროკავშირში მომზადება გაიარა. ცნობისთვის, 2024 წლისთვის დაგეგმილია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40 ათასამდე მებრძოლის გადამზადება. შაბათს, 30 სექტემბერს, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ვიდეომიმართვა მან ოდესის ფერისცვალების ტაძრის ფონზე ჩაწერა. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა
ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2-ის ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს
ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ამასთან, ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება. „ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ,'' - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დანიელ ბლაზკოვეცმა. შეგახსენებთ, უკრაინაში თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი გაიმართა, სადაც თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი.
დღეს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება
გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება, გურჯაანში კი, მერს ირჩევენ. გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“). №32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 16 უბანზე კი ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. ოლქში სპეციალური უბანი გახსნილი არ არის, თუმცა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალური სიის საფუძველზე, საკუთარ არჩევანს გორის №12 უბანზე დააფიქსირებენ. ,,ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება (ამ უბნებზე რეგისტრირებულია ამომრჩეველთა 84 %), 16 უბანზე კი კენჭისყრა აქამდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება,“ - განაცხადა #32 გორის ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა. №30 კასპის საარჩევნო ოლქში კი 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოლქის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, 29 საარჩევნო უბნიდან, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ჩატარდება. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კი, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა. მუნიციპალიტეტში 36 საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 08:00 საათზე შეფერხების გარეშე გაიხსნა. აქედან 28-ში ხმის მიცემა, თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, 6 კი კენჭისყრა კვლავ ტრადიციული მეთოდით ტარდება. ოლქში 50 200 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის. ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ „მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს," - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.