ძებნის რეზულტატი:

საფრანგეთის პროკურატურა მილიარდერ ბერნარ არნოს ტრანზაქციებს იძიებს, საქმეში ფიგურირებს რუსი ოლიგარქი

პარიზის პროკურატურის განცხადებით, ფრანგი მილიარდერი, ბერნარ არნო და რუსი ოლიგარქი, ნიკოლაი სარქისოვი ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების ქვეშ არიან. გამოძიება ეხება მათ საქმიანობას საფრანგეთის ალპებში, კურშაველში, სათხილამურო კურორტზე, რომელიც მდიდარი ადამიანებისთვის მიმზიდველ ადგილად ითვლება. ამის შესახებ France24 წერს. ფრანგული გაზეთი Le Monde, Tracfin-ის ფინანსური დაზვერვის განყოფილებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 55 წლის რუსმა მილიარდერმა 2018 წელს 16 მილიონ ევროდ (დღევანდელი კურსით 17 მილიონი აშშ დოლარი) 14 საცხოვრებელი სახლი შეიძინა გარიგების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყვნენ კომპანიები საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველად ითვლება, შესყიდვის განმახორციელებელი კომპანიის მონაცემებში სარქისოვის სახელი არსად ფიგურირებს. Forbes-ის მიხედვით, არნო, რომელიც LVMH-ს მართავს, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია ილონ მასკის შემდეგ. ის ეჭვმიტანილია სარქისოვისთვის 18,3 მილიონი ევროს სესხის გადაცემაში. გამომძიებლები თვლიან, რომ სარქისოვმა ოპერაციიდან ორი მილიონი ევრო გამოიმუშავა. Le Monde ციტირებს წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ოპერაცია „კანონის უმკაცრესი დაცვით ჩატარდა.“ გაზეთი ასევე ციტირებს სარქისოვთან დაახლოებულ ადამიანებს, რომლის მიხედვით, მოგება „მხოლოდ რამდენიმე ასეულ ათას ევროს" შეადგენდა და რომ რუსი ოლიგარქი პირადად არ იყო ჩართული ამ ოპერაციაში.  

NATO კოსოვოში დამატებით ძალებს გზავნის

ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს, 29 სექტემბერს შეიკრიბა კოსოვოში არსებული ვითარების განსახილველად. მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კოსოვოში მზარდი დაძაბულობის გამო, ღრმა შეშფოთება გამოხატეს. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება კოსოვოში დამატებითი ძალების გაგზავნის თაობაზე. შესაბამის ინფორმაციას NATO ავრცელებს. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს სასწრაფოდ დეესკალაციისკენ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ბელგრადს და პრიშტინას ჩაერთონ ევროკავშირის ხელშეწყობით დიალოგში, როგორც ერთადერთი გზა გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და გადაწყვეტილებების მისაღწევად, რომლებიც პატივს სცემს ყველა თემის უფლებებს. ეს არის კოსოვოში გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის გასაღები,“ - წერია ალიანსის განცხადებაში. 24 სექტემბერს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას ოთხი ადამიანი შეეწირა. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც კოსოვოს პოლიციასთან სროლა მოჰყვა. Reuters: კოსოვოში შეიარაღებული პირები სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ  

ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს თანამშრომლობა და კავშირები, როცა ბერლინი ცდილობს გავლენის მოპოვებას რეგიონში, რომელიც ტრადიციულად, რუსეთის დომინანტურ სფეროდ მოიაზრება. 29 სექტემბერს შოლცმა ყაზაზეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის პრეზიდენტებს და თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტსა და სახალხო საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ერთი დღით ადრე, შოლცმა მოლაპარაკება ყაზახეთის პრეზიდენტ, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან გამართა მოლაპარაკება, რომლის დროსაც, გერმანიის კანცლერმა შეაქო ყაზახეთის ძალისხმევა, შეჩერდეს რუსეთისთვის უკრაინაში აგრესიის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა. თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო  

„გაზპრომის“ მიერ წარმოებული გაზის მოცულობა 25%-ით შემცირდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ მის მიერ გაზის მოპოვება 25%-ით შემცირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს. ომამდელ პერიოდთან შედარებით, მოცულობა თითქმის მესამედით არის შემცირებული - 2021 წლის იანვარ-ივნისში გაზპრომმა 260.8 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი აწარმოა.   ერთმანთთან შედარებაშია მოყვანილი 2023 წლის პირველი ნახევარი და 2022 წლის პირველი ნახევარი. „გაზპრომმა“ გაზის წარმოების ვარდნაში „რიგი ქვეყნების მიერ „პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებების მიღება“ დაადანაშაულა. რეალურად კი, ამ გადაწყვეტილების მოტივი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმაა. კომპანიამ აღნიშნა, რომ გაზის მოხმარებაზე გავლენას ახდენს არასასეზონო თბილი ამინდი, ასევე „ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები“. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, „გაზპრომმა“ წარმოება 16%-ით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი (1992 წლიდან 1998 წლამდე), მხოლოდ 12%-ით შეამცირა. Bloomberg-ის შეფასებით, წლიურად წარმოებული დაახლოებით, 90 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მყიდველის გარეშე დარჩება.  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა მიზნად დაისახა, თავი დაეღწია რუსულ გაზზე, ისევე როგორც სხვა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან. 

ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეუკვეთა

ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალა შეუკვეთა. ამის შესახებ Reuters იტყობინება. შესყიდვა მოხდება იმ სქემის ფარგლებში, რომელიც 2 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმის ნაწილია და რომელიც ევროკავშირმა მარტში წამოიწყო. კერძოდ, ევროკავშირის მიზანი ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში მილიონი ჭურვისა და რაკეტის გაგზავნაა. „შვიდმა წევრმა ქვეყანამ უკვე გასცა შეკვეთები 155 მმ-იანი საბრძოლო მასალისთვის EDA-ს სწრაფი პროცედურის მეშვეობით,“ - განაცხადა სააგენტომ Reuters-ის კითხვების საპასუხოდ. EDA-მ უარი განაცხადა ქვეყნების დასახელებაზე ან შეკვეთების მოცულობაზე და განაცხადა, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი კონფიდენციალური იყო. Reuters-ის შეკითხვების საპასუხოდ კი, ლიეტუვამ და ლუქსემბურგმა განაცხადეს, რომ ისინი ხსენებულ შვიდ ქვეყნას შორის იყვნენ.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა და მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გელა ხასაიას თქმით, ლაზარე არის სისტემის მსხვერპლი და ამით ცდილობენ ახალგაზრდების დაშინებას. „სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა 7-8 მარტის აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს. ლაზარე არის მარტის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც დღეს ტყვეობაში იმყოფება. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ვალდებულება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ლაზარესთან მიმართებაში. ევროპაში ვიზიტებს რომ მართავს, საუბრობს იმ ადამიანების სახელით, რომლებიც 8 მარტს აქციაზე ვიმყოფებოდით. ლაზარე არის ამ ყველაფრის სიმბოლო. ამიტომ ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიმართოს საქართველოს მთავრობას და უთხრას, რომ ლაზარე უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში,” - განაცხადა გელა ხასაიამ IPN-ის ცნობით. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება. ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა  

Reuters: რუმინეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის საზღვართან გადააქვს

რუმინეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინის საზღვართან აახლოებს. დამატებითი ზომები მოიცავს ოთხი ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განლაგებას და არასაფრენი ზონის გაფართოებას მოიცავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს. რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა აღიარა, რომ რუმინელი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მდინარე დუნაის მახლობლად და უკრაინის საზღვართან „შეშინებულია." აშშ-მ რუმინეთში დამატებით, 4 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი განათავსა  

ზელენსკი უკრაინისთვის „მნიშვნელოვან სიახლეს“ აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მალე მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ამ კვირამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის - ჩვენი მეომრებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალი კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა - შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან, რათა მსოფლიომ მოგვისმინოს და მხარი დაგვიჭიროს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება.

რეპერ თუფაქ შაკურის გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, მის მკვლელობასთან დაკავშირებით კაცი დააკავეს

ლას-ვეგასის პოლიციამ რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობასთან დაკავშირებით კაცი დააკავეს. BBC წერს, რომ კაცი 29 სექტემბერს დააკავეს, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად რას ედავებიან მას. სამართალდამცავებს სასამართლოს მიერ საბრალდებო აქტის გამოცხადებამდე, მომხდარის დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ. ჰიპ-ჰოპის ლეგენდა ლას-ვეგასში 1996 წელს მოკლეს. 4 სექტემბერს მას ოთხჯერ ესროლეს და ერთი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია. თუფაქ შაკურმა სადებიტო ალბომი 1991 წელს გამოუშვა.  

გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ

გერმანიამ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პარასკევს პირველი სამიტი გამართეს და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ბერლინში გამართულ სამიტზე უმასპინძლა, რათა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებში თანამშრომლობა განეხილათ. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მისივე ცნობით, ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ გერმანიასა და ცენტრალურ აზიას შორის „სტრატეგიული რეგიონული პარტნიორობის“ დამყარებაზე შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგან. ისინი ასევე მიესალმნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშს, რომელმაც მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა. ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალ წელს რეგიონში გერმანიის კანცლერისა და ცენტრალური აზიის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართება. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული 30 დრონის განადგურების შესახებ იუწყება

გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 30 დრონი გაანადგურეს. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დრონები, ძირითადად, სამხრეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული. „ჩვენს პასუხისმგებლობის ზონაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 30 თავდასხმის დრონი: 20 – ვინიცის ოლქში, 6 – ოდესაში, 4 - მიკოლაევის ოლქში," - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ვინიცის ოლქის ერთ-ერთ თემში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ცეცხლის გავრცელებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ ჩაატარა ევაკუაციისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები. თუმცა, ხანძრის ლოკალიზაციისთვის მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო," - აცხადებს თავდაცვის ძალები.  

დღეს „თბილისობაა”

დედაქალაქი დღეს და ხვალ „თბილისობას” აღნიშნავს. „დედაქალაქი “თბილისობას” 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს აღნიშნავს რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე. 12:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დასრულებისას საზეიმო კონცერტი დაიწყება. ღონისძიება პირდაპირი ეთერით გაშუქდება. ასევე, რამდენიმე დღეში გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას”,-განაცხადა თბიისის მერმა, კახა კალაძემ. „თბილისობის“ პროგრამა 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ და გიწვევთ დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე! რიყის პარკი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი 12:00 – 22:00 მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები გასტრონომიული ფესტივალი სამეწარმეო მარკეტი ღვინის ფესტივალი მხიარული სტარტები საბავშვოკონცერტები საბავშვო - გასართობი და სპორტული აქტივობები ატრაქციონები 30 სექტემბერი - საბავშვო კონცერტები 13:00 – 14:00 - ნუკრი კაპანაძის საბავშვო სტუდია 14:00 -15:00 - ,,ჟოზეს წარმოდგენა“ 1-ელი ოქტომბერი - საბავშვო კონცერტები 13 :00 – 14:00 - გიგი გეგელაშვილის საბავშვო სტუდია 14:00 – 15:00 – N სტუდიო 30 სექტემბერი 16:00 – 21:00 -ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი 21:00 – 23:00 - კონცერტი ,,ჩემი თბილისი“ - ავტორი რუსუდან მორჩილაძე 1-ელი ოქტომბერი 20:00 –მიუზიკლი „და, აი ჩვენც აქ ვართ, - მამა მია!“ ორბელიანის მოედანი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი 12:00 – 22:00 „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “ მრავალფეროვანიდეკორაციებიდაინსტალაციები კაფე „ლაღიძისწყლები" საბავშვოკონცერტები საბავშვო - გასართობიაქტივობები ტკბილეულისფესტივალი კვებისზონა „ქარავანიორბელიანზე’’ გუგაკოტეტიშვილისინსტალაცია ,,თბილისურისუფრა“ წიბახასსამაგიდოთამაშები ლუკანაჭყებიასგასტრონომიულიფესტივალი „ისპანახობა“ ნინოჩუბინიშვილისთეატრალიზირებულიპერფორმანსი „თბილისურიტრადიციები“ ორბელიანის მოედნის მიმდებარედ განთავსებულ სცენებზე, მუსიკალური შემსრულებლები, ბენდები და საბავშვო სტუდიები კონცერტებს გამართავენ: 30 სექტემბერი - გიორგი ათონელის ქუჩა 13:00-15:00 - ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი 15:00 – 18:00 - Dj Haverdi 18:00 - 20:00 - ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი 20:00 - 21:00 - TORCHO&NIKALA 21:00 – 23:00 - ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე 30 სექტემბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა 12:00 – 15:00 - Dj Kevana 15:00 -16:00 - ბიგ ბენდის კონცერტი 16:00 – 19:45 - Dj Yamoc 21:30 – 22:30 – ,,MAIKERU” 30 სექტემბერი - საბავშვო სცენა - ფხოვის ქუჩა 12:00 – 13:00 - ,,ბასტი-ბუბუ” 13:00 -14:00 - ,,ანა-ბანა” 14:00 – 14:40 - ,,ექსპერიმენტიორიუმის” შოუ 14:40 – 15:40 - ,,ნია სტუდიას“ კონცერტი 1-ელი ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა 13:00-15:00 - ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი 15:00 – 18:00 - Dj Dariani 18:00 - 20:00 - დრამ სქულის პერფორმანსი 20:00-21:00 - სანდრო ნიკოლაძე „Jam Session Georgia” 21:00-22:00 – ,,TAMADA” 1-ელი ოქტომბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა 12:00-15:00 - Dj Makara 15:00 -17:00 - Dj Tobaco Tween 17:00 -19:00 - Dj Levi Love Disco 19:00-20:00 - კონცერტი ,,შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ" 21:00 – 22:00 - ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“-ს დახურვა, კონცერტი Mechanical Rainbow 1-ელი ოქტომბერი - საბავშვო სცენა - ფხოვის ქუჩა 12:00 – 13:00 - ,,ბზიკების სტუდია“ 13:00 -14:00 - ,,ვოკალის აკადემია“ 14:00 – 16:00 ,,ქენდი სტუდია“ აბანოთუბანი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი 12:00 -20:00 - გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“ 30 სექტემბერი - სახელმწიფო ცერემონიების სასახლე 20:00 – 22:00 - საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება, რომელიც მრავალფეროვანი პროგრამით და საინტერესო მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტით, „თბილისობის“ თემატიკას მოერგება. კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ✓ გენო ნადირაშვილი, პროექტ „რანინას“ მონაწილეები (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია), ანსამბლი „ირიაო“, ნინო ბაშარული, ია შუღლიაშვილი, ნათია თოდუა, მანანა მენაბდე, ანსამბლი „იალონი“, ნანი ბრეგვაძე, ეკატერინე მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი „მგზავრები“, მაყვალა ჩიხლაძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი New One, გიორგი მახარაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები.“  

ნიუ-იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. იტყობინება BBC. დაიტბორა ქალაქის მეტროს მრავალი სისტემა, ქუჩები და მაგისტრალები, დახურულია სულ მცირე ერთი ტერმინალი LaGuardia-ს აეროპორტში. გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და არ იმოგზაურონ დატბორილ გზებზე. დაშავებულების შესახბ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Microsoft რუსული კომპანიებისთვის ლიცენზიების განახლებას წყვეტს

Microsoft-ი 2023 წლის 30 სექტემბრის შემდეგ რუსული კომპანიებისთვის ლიცენზიებს აღარ განაახლებს. 2022 წლის მარტში Microsoft-მა რუსეთში ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვები შეაჩერა. Forbes-ის ცნობით, მიზეზი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებია, რომელიც რუსეთს უკრაიანაში შეჭრის გამო დაუწესდა. ყველა აქტიური გამოწერა ფუნქციონირებას გააგრძელებს  განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ლიცენზია განახლებადი აღარ იქნება. საოპერაციო სისტემები, საოფისე პროგრამები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები - ეს ის პროდუქტებია, რომლითაც რუსული კომპანიები სარგებლობენ. რუსი მომხმარებლები უკვე აწყდებიან პრობლემებს საოპერაციო თუ სხვა სახის სისტემების განახლებებზე შეზღუდვებში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. გარდა ამისა, განუახლებელი სისტემები კიბერთავდასხმებისათვის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა.  

სუს-ში სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სერბეთის სამი მოქალაქის, ჯგუფ „კანვასის“ წევრების გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ სერბეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, საქმის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრეს, რადგან გამოძიების ფარგლებში საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვს შეთანხმება. მისივე თქმით, საქმე არის აბსურდული და დაკითხვაზე სასაცილო შეკითხვები დაისვა. „ბატონი სლობოდანის ინტერესებს ვიცავ. გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რისი თქმა შემიძლია ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის აბსურდული საქმე. რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო შეკითხვები დაისვა, ამის თქმის საშუალება რომ მქონდეს, საზოგადოება ამას ცხადად დაინახავდა,“ - განაცხადა ადვოკატმა. სერბეთის კიდევ ერთი მოქალაქის ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, გამოკითხვისას ხელი მოაწერეს დოკუმენტს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ საქმის დეტალების შესახებ არ ისაუბრონ. „თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ, ეს იქნება დანაშაული, იმიტომ, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება არის დანაშაული. სახელმწიფო საიდუმლოებას უტოლებენ ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა. შეგახსენებთ, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი. სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციით, რევოლუციური სცენარისთვის, ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება. „დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.  

ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამხედრო საზღვაო წვრთნებს ოქტომბერში ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.  სამხედრო წვრთნები „Blue Sword 2023,” სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდონის ქალაქ ჟანჯიანგი გაიმართება. საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს ცნობით, ქვეყნებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები 2019 წელსაც ჩაატარეს.   

მარკ მილი ჩარლზ ბრაუნმა შეცვალა

ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილიმ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გენერალ ჩარლს ბრაუნს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა. მილის ეს პოზიცია ოთხი წლის განმავლობაში ეკავა. მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში უკრაინაც ახსენა. „ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში პუტინის აგრესიული ომის წინააღმდეგ და გავაძლიერეთ NATO-ს ალიანსი,“ - განაცხადა მარკ მილიმ. „ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი სამხედრო ძალების ინტეგრირებაზე ჩვენს სამსახურებში, ერთობლივ ძალებსა და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა შევაჩეროთ აგრესია,“ - განაცხადა ბრაუნმა. რაც შეეხება ჩარლზ ბრაუნს, ის აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი იყო. ბრაუნი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე მაისში დაასახელა. სენატმა მარკ მილის შემცვლელი 22 სექტემბერს დაამტკიცა.  

პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს. „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არჩევნების მოდერნიზება - ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - ერთად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა“, - განაცხადა იოსელიანმა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. „აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ - განაცხადა იოსელიანმა.  

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული. „აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად,“ - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე. „ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ. პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

საქართველოში ფრირაიდის მსოფლიო ტური პირველად ჩატარდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება - საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი (რაიდერი) იასპარეზებს. ხაზგასასმელია, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი. შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული ბრენდის გაძლიერებისთვის. „ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები, ამით ძალიან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, კონკრეტულად, სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბრენდს და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზამთრის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის ჩამოსვლას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტებზე,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. „აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ ორი წლის განმავლობაში, წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს და უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი. შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარება საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის როგორც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.