ძებნის რეზულტატი:

ISW: რუსეთმა გარკვეულ მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციების ტემპი შეანელა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯარებ კუპიანსკი-სვატოვე-კრემინის ხაზზე ლოკალიზებული შეტევითი ოპერაციების ტემპი შეამცირეს. ISW-ის თანახმად, ის ფაქტი, რუსული სახმელეთო თავდასხმების ნაკლებობა შეიმჩნევა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, ნიშნავს, რომ უკრაინულმა კონტრშეტევამ რუსული ძალები კუპიანსკ-სვატოვე-კრემინას ხაზიდან განდევნა და მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის შეტევითი ძალისხმევა მის გასწვრივ. ISW-ის ერთ-ერთ წინა შეფასებაში ნათქვამი იყო, რომ რუსული შეტევითი ოპერაციები კუპიანსკი-სვატოვე-კრემინის ხაზზე მიზნად ისახავდა უკრაინული ჯარების გამაგრებას ამ ხაზსა და ფრონტის უფრო კრიტიკული უბნებიდან მოშორებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს არ განუხორციელებია თავდასხმა კუპიანსკის, ხარკოვის ოლქისა და ბახმუტის გარშემო წინა დღეს. გენერალური შტაბის ცნობით, იმავე პერიოდში რუსული სახმელეთო შეტევა ლიმანის მიმართულებით მოიგერიეს. იმავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ქალაქების მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.  

უკრაინა კურსკის ოლქში ელექტრო ქვესადგურზე დრონით თავდასხმას ადასტურებს - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ დღეს, რუსეთის კურსკის ოლქში ელექტრო ქვესადგურზე განხორციელებული თავდასხმის უკან იდგა. CNN-ს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ქვესადგური დააზიანეს იმის გამო, რომ რუსულ სამხედრო ობიექტებს ელექტროენერგიას აწვდიდა. ამასთან, მიანიშნეს, რომ თუ მოსკოვი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გააგრძელებს, კიევი ადეკვატურად უპასუხებს. რუსეთი მის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ინფორმაციას ადასტურებს და როგორც აცხადებს, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა. ადვოკატის თქმით, ისინი მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ამზადებენ. „უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის მიერ წარმოებაში მიღებიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 15 სექტემბერს, მიღებული იქნა განჩინება აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვეცნობა და გადმოგვეგზავნა განჩინების ასლები. ჩვენთვის გასაკვირია, რომ სასამართლომ ეს საქმე განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ეს საქმე არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რათა უზენაეს სასამართლოს განეხილა. თუმცა, იქ ბევრი ფაქტორი იყო, რაც საჩივრებში მითითებული გვქონდა. ეს იყო თუნდაც, ამნისტირებულ მუხლთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანა, კვალიფიკაციის დაუსაბუთებლად შეცვლა, რომ არაფერი ვთქვათ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა განხილვაზე, თქვა, რომ ეს საქმე წარმოების გარეშე იქნას დატოვებული. აღნიშნულით საქართველოში სამართალწარმოება ამოიწურა. ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის, ვფიქრობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის საკითხს, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ,“ - განაცხადა წერეთელმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას "ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და  ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.  

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 24.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ეროვნული ბანკის განმარტებით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად. „საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 320.1 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი შესაბამისად 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.3 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 882.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 431.8 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 46.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.9 მლრდ აშშ დოლარია (15.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.0 პროცენტია. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, 2023 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 882.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 462.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)[1], რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის: კოალიციას შტაბური, კამპანიური მუშაობა სჭირდება. ამის გამოცდილება გიორგი ვაშაძეს აქვს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ. „საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ცვლილებები სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება აქვს გადაწყვეტილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ცხადია. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება, მათ შორის, შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს  

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება

2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს  2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება. „რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტიც ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით, ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე, მინდა შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით  27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით  რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც  გადაეგზავნება პარლამენტს.  „ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი,“ - განაცხადა პრემიერმა.  „ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. როგორც ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.    „აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი. გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.  ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით. ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში,  პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას,“ -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული.  „ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული,“ - განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის საელჩო: საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, DTRA თანამშრომლობს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან

ამერიკის საელჩო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. შესაბამისი პოსტი საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა. ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული სწავლება საქართველოში მეორედ გაიმართა. „საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) თანამშრომლობს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. ახლახან ჩატარდა ერთობლივი ჯგუფის კრიზისებზე რეაგირების ტრენინგი, რომელიც აუმჯობესებს კოორდინაციას საფრთხეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის.   შვიდ წელზე მეტია, DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ფეთქებადი ინციდენტების საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების დახვეწისა და გაზრდის მიზნით,“ - წერს ამერიკის საელჩო. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული ეროვნული სწავლების მომდევნო ეტაპი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქართულმა ქვედანაყოფებმა ამერიკელი ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. სწავლების მიზანს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორისი კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა წარმოადგენდა. იუწყება სუს-ი. უწყებათაშორის სწავლებაში, რომელიც მოიცავდა საველე-პრაქტიკულ და TTX სამაგიდო სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს, ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების 150-მდე წარმომადგენელი. სამაგიდო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმაც. დახურვის ცერემონიაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა, სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. „სწავლების პროცესში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორმა, გიგა ნიკოლეიშვილმა. „მსურს, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც შესრულდა ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული რადიოლოგიური და ფეთქებადი საფრთხეების წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ სფეროში ჩვენ გვაკავშირებს მტკიცე პარტნიორობა. ამასთან, მოხარული ვარ, რომ გავხდი ამ მნიშვნელოვანი პროგრამის დასრულების მოწმე, რომელიც გულისხმობდა იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა მინიმუმამდე დაყვანაც დღესდღეობით მსოფლიოში ყველას ინტერესებში შედის,“ - აღნიშნა თავის მხრივ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან  პერსელმა.  საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) რეგიონული ხელმძღვანელის, ჯოშუა სტრეიდერის თქმით კი, „პროგრამა უკვე მესამე წელი,ა გრძელდება და ამ დროის განმავლობაში უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება იყო გასაოცარი.“ „პარტნიორობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამერიკასა და საქართველოს შორის.“ დასკვნით ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ მღებრიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი

2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება- წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ გაისად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

კალაძე: ბიზნესი ვითარდება, ეს აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერია - მნიშვნელობა არ აქვს, რუსი იქნება, ამერიკელი, ირანელი თუ ავსტრიელი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განურჩევლად ეროვნებისა, ვინც საქართველოში დაარღვევს კანონს და კონსტიტუციას წინააღმდეგ წავა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „მე არ ვიცი, თქვენ რომელ კომპანიებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და არც მონაცემები გამაჩნია, ამიტომ, დეტალებში ვერ შევალ. ზოგადად ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანია იხსნება სხვადასხვა მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში მოქმედებს კანონები, კონსტიტუცია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რუსი იქნება, ამერიკელი, ირანელი, ავსტრიელი, ვინც დაარღვევს კანონს და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ძალიან მარტივად,“ - განაცხადა კალაძემ. TI: რუსეთის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 12,4%-მდე გაიზარდა - ეს ბოლო 16 წლის ისტორიული მაქსიმუმია  

რამდენი ლარით იზრდება პენსიები

საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. „70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და მაღალმთიან დასახლებებში – 500 ლარამდე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება  

ნათია თურნავამ და დიდი ბრიტანეთის ელჩმა სანქციების აღსრულების საკითხი განიხილეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მისივე ცნობით, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო ნათია თურნავასა და მარკ კლეიტონის შეხვედრის მთავარი თემა. „ბრიტანეთის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფას და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს,“ - იუწყება ეროვნული ბანკი. „ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩი ნათია თურნავასთან შეხვედრაზე: ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას  

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები, შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, ევროკავშირის წვერობის მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ელჩები მიესალმებიან საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში. „2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან,“ - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

ირლანდიის სენატის თავმჯდომარე: ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს

ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს, – ამის შესახებ ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ, ჯერი ბუტიმერიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კარგი დისკუსია ჰქონდათ რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით. „როგორც ირლანდიის პარლამენტის წევრი ვაღიარებ იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირში წევრობამ მოგვიტანა მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ ევროკავშირში შევედით. ღარიბი ქვეყნიდან ჩვენ ვიქეცით მდიდარ ქვეყნად. ევროკავშირი წევრობის სარგებელი თვალსაჩინოა. ირლანდია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განაცხადს. ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს. ევროკავშირმა თავისი შეფასებებში, ანალიზში, თუ რა ეტაპზეა საქართველო წევრობის გზაზე, ჩამოაყალიბა კრიტერიუმები და 12 პრიორიტეტი. ისინი დროულად უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, საპარლამენტო ჯგუფის თვალსაზრისით, ირლანდიის მეგობრობის ჯგუფს საქართველოსთან აქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები და ურთიერთგაგება წევრობამდე გზასთან დაკავშირებით. ჩვენ, ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა ჯერი ბუტიმერიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსი ოფიციალური პირები დაამატა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ ახალი სანქციბეის შესახებ გამოაცხადა. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში დაამატა ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონებში - ე.წ. მაღალჩინოსნები, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსანდრე კურენკოვი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომისიის მდივანი, ნატალია ალექსეევნა ბუდარინა და ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნილი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, მარინა ზახაროვა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე. „რუსეთის ყალბი არჩევნები არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლის ლეგიტიმაციის უშედეგო მცდელობა. სხვის ქვეყანაში არჩევნების“ ჩატარება არ შეიძლება. გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე – ყირიმი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი უკრაინა,“ - განაცხადა კლევერლიმ.  

ფინანსთა მინისტრი IMF-ის პროგრამის შეჩერების მიზეზს განმარტავს

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დადგინდა. ხუციშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ყველა ფისკალური პარამეტრი იგეგმება და სრულდება. „სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს იყო მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში IMF-თან, მიმდინარეობს პარამეტრების გაცვლა, რა პარამეტრებზეც ჩვენ შეთანხმებული ვიყავით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება. ამ მიმართულებით, ეს არის სამუშაო პროცესი, რაც შეეხება მიმოხილვას, მას შემდეგ რაც გვექნება საბოლოო შეთანხმება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, მას შემდეგ შევა ცვლილებები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა ოთხწლიან პროგრამაშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან, მის დასრულებამდე. შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც. კომუნიკაცია გვაქვს ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ხდებოდა. ყველა პარამეტრის გაცვლა და გაზიარება ხდება და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის ნიშნული, რაც რაც პროგრამის ფარგლებში თავიდანვე იყო დაგეგმილი, ის სრულდება იმის შესაბამისად, როგორც იყო დაგეგმილი. ბუნებრივია, უმჯობესია ეს პროცესი მალე დასრულდეს, საუბარია მიმოხილვებზე – მეორე და მესამე მიმოხილვის განხორციელებაზე. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მალე დასრლდეს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება  

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.  

ლაშა ხუციშვილი: ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა უკვე 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, მისივე თქმით, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია. „მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დავაზუსტეთ, რომელიც თავიდან 5% იყო და მაშინვე ვთქვით, რომ ეს კონსერვატორული მიდგომა იყო. ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა. ამან ნეგატიურად იმოქმედა უკვე იმ 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, რაც გვაქვს. ვფიქრობ, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი მოლოდინით, საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობა გაუმჯობესდება და აღდგება იმ პროდუქტების ექსპორტი, რომელიც ერთ-ერთი წარმმართველი იყო ეკონომიკური ზრდისთვის. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება ზრდის მიმართულებით და წლის განმავლობაში დაკორექტირდება“, – განაცხადა ხუციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ფინანსთა მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების საკითხზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტში სრულად იქნება ასახული ის თანხა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტისთვის 2024 წელს იქნება დასახარჯი. მისივე თქმით, პროცესში ბევრი დეტალია, რომელიც იქნება დაზუსტებული. 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ანაკლიის პორტის დაფინანსება არ იქნება გათვალისწინებული. „მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაჩნდა დაფინანსება და ამისთვის 20 მილიონი დაიხარჯება. იცით, რომ მიმდინარეობს კონკურსი და უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც ჩართული იქნება მშენებლობისა და ოპერირების პროცესში. ამ პროცესში ბევრი დეტალია, რომელიც შემდეგ იქნება დაზუსტებული. ამ წარდგენის ბიუჯეტში ეს ხარჯები არ იქნება ასახული, თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, როდესაც იქნება მეორე წარდგენა და მეტი ინფორმაცია გვექნება ამ მიმართულებით, რა თანხებიც იქნება საჭირო 2024 წელს, სრულად იქნება ასახული. დაახლოებით ერთი თვეა იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გქვონდეს. რაც იქნება დასახარჯი, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად წარედგინება პარლამენტს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრი: ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, მიმდინარე წელს, 20 მლნ ლარი დაიხარჯება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე  

შვეიცარია უკრაინას განაღმვისთვის $110 მილიონს გამოუყოფს

შვეიცარიის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის დაახლოებით, 110 მილიონ დოლარს (100 მილიონი შვეიცარიული ფრანკს) გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შვეიცარია უკვე მონაწილეობს უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვის ღონისძიებებში. დამატებითი პაკეტი კი, ამ სამუშაოს კიდევ უფრო გააძლიერებს. „სულ 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გამოიყოფა ჰუმანიტარული განაღმვისთვის 2024-დან 2027 წლამდე, თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტისა, და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მიერ," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.  

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 30 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6783 ლარი, ევრო – 2.8422 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6832 ლარი, ევრო კი, 2.8270 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 სექტემბერს შევა ძალაში.