ძებნის რეზულტატი:
თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
ყაზახეთი აუცილებლად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 28 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრიანული მედიის ცნობით, თოყაევმა ასევე მოითხოვა „უკრაინაში საომარი მოქმედებებისა“ და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დასრულება გაეროს წესდების შესაბამისად. თოყაევმა აღნიშნა, რომ დროა „გონივრული და რაციონალური დიპლომატიის.“ ევროკავშირმა ადრე განაცხადა, რომ აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნებთან, რათა სანქციების გვერდის ავლის საკითხი გამოირიცხოს. ცნობისთვის, თოყაევი გერმანიაში დღეს ჩავიდა. ამავე ვიზიტიდან: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და შესაბამისად, პრეზიდენტთან ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე ჰქონდათ საუბარი. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. მოხდა უმძიმესი რამ, დასანქცირდა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ჯაშუშობისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბოტაჟი გამოუცხადოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ დასავლეთის სანქციების რეჟიმს და ამით საფრთხეში ჩააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საბანკო სისტემით და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორეს მხრივ, საკუთარი გადაწყვეტილებით დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც დასანქცირებულია ჯაშუშობისთვის. ქვეყანა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე საუბარი“, - განაცხადა სამადაშვილმა. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა, ხოლო დეტალებზე ვერ ისაუბრებს. “ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტი ჩვენს გუნდთან ჩათვლის საჭიროდ, ბუნებრივია მივალთ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენი გუნდი პატივს სცემს. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, მაგრამ ძირითადი საკითხი კვლავ ევროინტეგრაციის პროცესი იყო. დახურული შეხვედრა იყო და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამის უფლებას თავს არ მივცემ“, - განაცხადა ბუჩუკურმა მედიასთან. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია, იმპიჩმენტთან, ასევე ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება. „პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რა თქმა უნდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ადვოკატირებს და ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიარა. ჩვენც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს განცხადებას. პრეზიდენტის პოზიცია, ალბათ, ცნობილი გახდება იმპიჩმენტთან, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ირანის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
ირანის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საავტომობილო ბატარეების ქარხანაში ხანძარი, ერთ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში უკვე მეორედ გაჩნდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. „არავინ დაშავებულა ხანძრის შედეგად, რომელიც გაჩნდა იმ ადგილას, სადაც პლასტმასის ნარჩენები ინახება,“ იუწყება სახელმწიფო ტელევიზია. ირანულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები და ვიდეოკადრები, რომლებზეც დედაქალაქის ჩრდილოეთით, შავი კვამლის სვეტი ჩანს. ირანის რევოლუციური გვარდია ქვეყნის მასშტაბით ამუშავებს რამდენიმე ქარხანას, რომელთაგან ბევრი სამოქალაქო საქონელს აწარმოებს. ირანს სამხედრო ობიექტებზე ხანძრები და სხვა უბედური შემთხვევები გახშირდა, რაშიც თეირანი თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ისრაელს ადანაშაულებს. გასულ თვეში ირანმა განაცხადა, რომ ისრაელი საბოტაჟის მოწყობას ცდილობდა. ირანი დასავლეთის მკაცრი სანქციების ქვეშაა, რაც მას სხვადასხვა ტექნიკისა და შემცვლელი ნაწილების იმპორტში ხელს უშლის. ეს აიძულებს თეირანს, შავ ბაზარს მიაშუროს.
შვედეთმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად $26.6 მილიონი გამოყო
შვედეთმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 25,2 მილიონი ევრო (26,6 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო. ქვეყანამ უკრაინა უკვე უზრუნველყო 1000 ტონაზე მეტი აღჭურვილობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დასახმარებლად. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები იაროსლავ დემჩენკოვი და სვიტლანა გრინჩუკი შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. შვედეთმა ასევე გაგზავნა უკრაინაში ენერგიასთან დაკავშირებული აღჭურვილობა, როგორიცაა ტრანსფორმატორები, გენერატორები და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. 24 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაუმჯობესებას. თანხების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, აშშ გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს 522 მილიონი აშშ დოლარი ენერგეტიკასთან დაკავშირებული დახმარების სახით, მათ შორის 100 მილიონი აშშ დოლარი იმ პირობით, რომ კიევი პროგრესს მიაღწევს ენერგეტიკის სექტორის ზოგიერთ რეფორმაში.
რუსეთის ოლქები კვლავ დრონების სამიზნეა
რუსეთის კურსკისა და კალუგის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონმა ბელოვის რაიონში, ელექტროქვესადგურზე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 5 დასახლებულ პუნქტს და საავადმყოფოს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 დრონი კურსკის ოლქში, ერთი კი - კალუგის ოლქში გაანადგურეს. „29 სექტემბრის ღამეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. 11 უპილოტო უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემით, მათგან ერთი კალუგის ოლქის ტერიტორიას და 10 კურსკის ოლქში,“ - აცხადებენ უწყებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.
F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის წვრთნების ფარგლებში, უკრაინელმა პილოტებმა აშშ-ში ინგლისური ენის შესწავლა დაიწყეს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის გაკვეთილების დაწყება ოფიციალურად დაადასტურა. „ინგლისური ენის სწავლება რამდენიმე მფრინავისთვის დაიწყო," - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა საბრინა სინგმა. მან დასძინა, რომ კურსების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება უკრაინელი ჯარისკაცების კომპეტენციაზე. პენტაგონის გენერალურმა მდივანმა პატრიკ რაიდერმა გენერალურმა პატრიკ რაიდერმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ აშშ უკრაინელი მფრინავების და მექანიკოსების ინსტრუქტას ოქტომბერში, არიზონაში, მორისის საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე დაიწყებდა. ანამდე უკრაინელმა სამხედროებმა ინგლისური ენის მომზადების კურსი ტეხასის შტატში, ლაკლენდის საჰაერო ძალებში უნდა გაიარონ.
უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოში აირჩიეს
უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად აირჩიეს. სააგენტოს ინფორმაციით, 35-წევრიანი საბჭოს ახლად არჩეული წევრები არიან ალჟირი, სომხეთი, ბანგლადეში, ბურკინა-ფასო, ეკვადორი, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, პარაგვაი, ესპანეთი და უკრაინა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს პოზიცია კიევს მისცემს "რეალურ შესაძლებლობებს" გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სავალდებულოა სააგენტოს ყველა წევრისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა იმუშავებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის პირველი პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ეხება „ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას“ და რომ კიევი ორიენტირებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსული ძალებისგან სრული გათავისუფლების უზრუნველყოფაზე.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ახალი აღჭურვილობა გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა - პასპორტის წამკითხველები გადასცა. შსს-ს ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული უახლესი ტექნიკური საშუალებები საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განთავსდება და ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებასა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით. აღჭურვილობის გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტების - “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)” და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" - ფარგლებში განხორციელდა.
საქართველომ გერმანიის მთავრობის გრანტით ლოგისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა
საქართველოს თავდაცვის ძალებმა გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით ლოჯისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი გრანტით შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. „თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, გერმანიის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. პანდას დიპლომატიის მიმართ ჩინეთის მიდგომაში ცვლილებაა
ე.წ. პანდას დიპლომატიის მიმართ ჩინეთის მიდგომაში ცვლილებაა. ჩინეთი თავისი გიგანტური პანდების დაბრუნებას ელოდება. ამის შესახებ Washingtonpost-ი წერს. შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ზოოპარკებში მყოფი პანდები, ჩინეთში სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაბრუნდებიან. ვაშინგტონში ეროვნული ზოოპარკიდან სამი პანდის დაბრუნება ჩინეთში, 7 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, რადგან ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, ატლანტაში მხოლოდ ოთხი პანდა დარჩება, რომლებმა ასევე მომავალ წელს უნდა დატოვონ შტატები, თუ ახალი შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ბრიტანეთი ასევე დაკარგავს თავის ბოლო ორ პანდას დეკემბერში, ისევე როგორც ავსტრალია მომავალ წელს, თუ არსებული შეთანხმება არ გაგრძელდება. ამჟამად არ არსებობს შეთანხმება რომელიმე მათგანის ჩანაცვლებაზე. შეერთებულ შტატებს 1972 წლის შემდეგ პირველად, გიგანტური პანდა არ ეყოლება. „ეს არის ალბათ პეკინის სიგნალი დასავლეთისთვის, რომ ისინი შეიძლება, არ იყვნენ ძალიან კმაყოფილნი იმით, თუ როგორც მიდის საქმეები“, - განაცხადა ჩი მენგ ტანმა, ნოტინჰემის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალაიზიაში, რომელიც „პანდას დიპლომატიას“ სწავლობს. პანდებს სიმბოლური დატვირთვა აქვს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ჯერ კიდევ 1972 წლიდან - როდესაც პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი კომუნისტურ ჩინეთში ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა. მაშინ ჩინეთის პრემიერმა პირველ ლედის ორი გიგანტური პანდა შესთავაზა და მას შემდეგ, ორი გიგანტური პანდა ვაშინგტონის ზოოპარკში მოხვდა. ეს იყო პეკინსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების გაუმჯობესების ერთგვარი სიგნალი. ამასთან 2019 წლის 5 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა „ნდობის გაღრმავებისა და ორი ძალის ურთიერთპატივისცემის" ნიშნად, რუსეთს ორი პანდა გადასცა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $300 მილიონის გამოყოფა დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა. ეს თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფის საკითხი ცალკე განიხილებოდა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე მიიღო 826 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი. კიევისთვის თანხების გამოყოფის ცალკეული კანონპროექტი 311 ხმით 117-ის წინააღმდეგ მიიღეს, წერს მედია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანონპროექტი დამტკიცდა, დემოკრატები შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის დახმარების ცალკე კანონპროექტად გამოყოფას პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს და წარმოაჩენს, როგორც აშშ-ის მიერ უკრაინის მიტოვებას. „რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა,” - განაცხადა დემოკრატმა ადამ სმიტმა. უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი სამხედროების წვრთნების, აღჭურვილობის, ხელფასების და სხვა საჭიროებების დაფინანსებას. ვაშინგტონი ხელმძღვანელობს მოკავშირეთა ძალისხმევას უკრაინის ბრძოლის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა, „რესპუბლიკური პარტიის“ მზარდმა წინააღმდეგობამ ამ მხარდაჭერის მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.
NATO-მ უკრაინის მხარდასაჭერად და წევრი ქვეყნების მარაგების შესავსებად, €2.4 მილიარდის კონტრაქტები მოამზადა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO წევრი ქვეყნების შეიარაღების მარაგის შესავსებად და უკრაინის შეუფერხებლად დახმარებისთვის, იარაღის კომპანიებთან 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტებზე მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხსენებული ბიუჯეტიდან €1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია, დანარჩენზე კი, ჩარჩო შეთანხმებაა მიღწეული. უკრაინისთვის განკუთვნილია 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და შეიარაღებას ტანკებისთვის. სტოლტენბერგი კიევში 28 სექტემბერს ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინა ისე ახლოს არის NATO-სთან, როგორც არასდროს.
ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლების შემდეგ, ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდა
აშშ-ის არმიის რიგითი ტრევის კინგი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო ივლისში დააკავა. ჩრდილოეთ კორეა ამერიკელ სამხედროს აშშ-ს გადასცემს CNN ოფიციალური პირების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრევის კინგი სამხედრო თვითმფრინავით, სან ანტონიო-ფორტ სემ ჰიუსტონის ერთობლივ ბაზაზე ჩაიყვანეს. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რიგითმა კინგმა, კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის საზღვარი, შვედეთის მთავრობის დახმარებით, ჩინეთში გადაკვეთა. შეერთებულ შტატებში მისი გადაყვანა ჩინეთიდან განხორციელდა. „მადლობას ვუხდით შვედეთის მთავრობას მისი დიპლომატიური როლისთვის, როგორც შეერთებული შტატების ინტერესების გამტარი ძალა DPRK-ში, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, კინგის ტრანზიტის ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ციტირებს. კინგმა მიმდინარე წლის ივლისში, ჩრდილოეთ კორეის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოებას იწყებს
გერმანიის მარეგულირებელმა, უკრაინაში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის გეგმები დაამტკიცა. კერძოდ, გერმანული მწარმოებელი უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიასთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნასა აპირებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Rheinmetall-ი უკრაინაში ტანკების შეკეთებას უახლოეს მომავალში დაიწყებს „ეს ახალი საწარმო უზრუნველყოფს „სამხედრო მანქანების მოვლა-შენახვას, აწყობას, წარმოებას და განვითარებას“ და თავდაპირველად ექსკლუზიურად უკრაინის ტერიტორიაზე იმუშავებს, განაცხადა გერმანულმა მხარემ. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანულმა Rheinmetall-მა 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.
რა შემთხვევაში შეხვდება ბაიდენი პუტინს - ბლინკენის პასუხი
„არასოდეს თქვა არასოდეს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა კვლავინდებურად შედგეს. „არასოდეს თქვა არასოდეს, რადგან საბოლოო ჯამში, რაც ყველას უნდა, მათ შორის უკრაინელებით დაწყებული, სამართლიანი მშვიდობაა. ვნახოთ, თუ მივალთ ამ წერტილამდე.“ როგორია სამართლიანი მშვიდობა, ამერიკელმა დიპლომატმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ცნობისთვის, ინტერვიუზე დაყრდნობით რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიც წერენ, რომ „ბაიდენი ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, პუტინს შეხვდეს.“
TI: რუსეთის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 12,4%-მდე გაიზარდა - ეს ბოლო 16 წლის ისტორიული მაქსიმუმია
არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.2% იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა. „რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. კვლევის კონკრეტული მიგნებები 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6,539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21,326 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში; 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა; 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია. 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-მდე არასდროს მიუღწევია; რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად; რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა; 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ყველაზე მეტად ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ განაპირობა; რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია. რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა; 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა - 75%-ით. თუ შევადარებთ, რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდს, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი; 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო. რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რადგან იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია; 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა. უფრო ვრცლად, კვლევა ამ ბმულზე წაიკითხეთ.
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის 11 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ66-კმ76) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოს ასრულებს. აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ტროტუარების და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. გზაზე წყლის აცილების მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობა. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილი ჰორიზონტალურად მოინიშნება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.87 მლნ. ლარია. სამუშაოს დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
უძრავ ქონებაში, ლოგისტიკასა და IT კომუნიკაციების დარგებში ბრუნვა წლიურად შემცირებულია - საქსტატი
საქსტატმა წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი კი, 7.0 პროცენტით განისაზღვრა. აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის ანგარიშის თანახმად, მატებაა ეკონომიკის დარგების უმეტესობაში, თუმცა კლება ისეთ სფეროებში შეიმჩნევა, როგორიცაა უძრავი ქონების ოპერაციები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო და ინფორმაციებისა და კომუნიკაციის სექტორი. საქსტატის მიხედვით, აგვისტოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის გაზრდილი. „2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა,"- ნათქვამია საქსტატის წინასწარ ანგარიშში. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ექსპორტის 14.4%-იანმა მატებამაც. საქსტატის ცნობით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა.
შალვა პაპუაშვილი: მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას, უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ
„ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რა დროსაც ალგორითმები სიზუსტის ნაცვლად პრიორიტეტს ინტერაქციას ანიჭებენ. შედეგად, მცდარმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში შეიძლება მიაღწიოს მილიონებამდე, რაც მანიპულაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. „უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება. მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, არჩევნების დროს ეს საფრთხეები დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დგება. „დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს. საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას. საქართველოსთვის ეს გამოწვევა უცხო არ არის. დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს, დღეს კი უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან. ეს ტენდენცია უკვე ნათელია,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის გამოსვლის ტექსტს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილი ფილმ „იარე ლიზას“ ირგვლივ გამართულ პოლემიკაზე კომენტარს აკეთებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფილმ „იარე ლიზას“ ირგვლივ გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ფილმი არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს. „დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე ჩემი მოსაზრებების გამოთქმისაგან თავს ვიკავებ და მომავალშიც არ ვგეგმავ ამ მიმართულებით აქტივობას, თუმცა დღეს თავი ვალდებულად ჩავთვალე, საჯაროდ, მოკლედ გამომეთქვა ჩემი აზრი არა იმდენად ფილმზე „იარე ლიზა“, არამედ იმ პროცესების ხასიათზე, რაც აღნიშნული ფილმის დღის შუქზე გამოსვლამ გამოიწვია. თავს ვალდებულად მივიჩნევ ორი მიზეზის გამო: პირველი, რადგანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში და ამიტომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ანტისაოკუპაციო და შერიგების პოლიტიკა, საზოგადოებისთვის ჩემი პოზიციის თქმა მუდმივ მოვალეობად მიმაჩნია; მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და პოზიტიური ინიციატივის, " ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის" ინიციატორი და ავტორი გახლდით თანაგუნდელებთან ერთად. მეორე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამომეხატა პოზიცია, გახლავთ ჩემი მორალური ვალდებულება ფილმის ავტორის მიმართ, საჯაროდაც ვთქვა ის, რაც მას პირადად ვუთხარი, როცა მომეცა საშუალება, მენახა ფილმი კინოთეატრებში გამოსვლამდე, მითუმეტეს, ახლა, როცა რეჟისორის მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო და დაუმსახურებელი შეტევა. სანამ სათქმელს ვიტყოდე, მინდა გამოვხატო ტკივილის თანაზიარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ ფილმმა იარა და ტრაგედია განუახლა და მათ მიმართაც, ვისთვისაც ფილმის იდეა თუ მხატვრული ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა. არასოდეს მექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ვგრძნობ, რასაც იმ ჯოჯოხეთში გამოვლილი ადამიანები დღესაც განიცდიან და ალბათ, ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. ვფიქრობ, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს. ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და ვფიქრობ, რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ის, რომ რუსეთია მომხდარი ბოროტების მთავარი აქტორი, რომელმაც ასევე საუბედუროდ შეძლო, აემოქმედებინა საბჭოთა იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩადებული ყველა ნაღმი, ფილმს არცერთ მომენტში არ გაუხდია სადავოდ. არც ანტისაოკუპაციო და არაღიარების პოლიტიკას აყენებს ამ ფილმით ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ. ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული, უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო - საუბარი, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების უდიდესი ტკივილის აღქმაზე და თანაზიარობაზე. უფრო ზოგადად კი, და ეს მარტო ამ ფილმს არ ეხება, არის ეროვნული დონის საკითხები, რომელთა ირგვლივაც თუნდაც კარდინალურად განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა თუ ვერ შევძელით დასხდომა და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე არგუმენტებით მსჯელობა, რომელმაც შესაძლოა, ყოველთვის ვერც მიგვიყვანოს საერთო პოზიციამდე, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევდგებით იმ საზოგადოებად, რომელიც საკადრისი იქნება ჩვენი ერის წარსულის და კაცობრიობის ცივილიზებული თანამედროვეობის და რომელიც უნდა გახდეს შემოქმედი ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის. ვფიქრობ, ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა ასეთი (თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული) ფორმით ეთქვა თავისი, ერთი ადამიანის, რომელსაც უდავოდ სტკივა ეს პრობლემა, სათქმელი და ამისთვის ის ინკვიზიციას ნამდვილად არ იმსახურებს,”- წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში. კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღეს, ფილმის კინოთეატრ „ამირანში“ ჩვენებას, დამსწრეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი ფილმში მოყვანილ „მცდარ ფაქტებზე“ მიუთითებენ. „ჩვენ ფილმში ვთქვით ჩვენი სათქმელი, ის რასაც ადამიანები იქ ადამიანურ დონეზე ვხედავდით, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ჩვენს ფილმებში, ჩვენს წიგნებში გამოვხატოთ? ის აგრესია, რაც გუშინ მათ გამოავლინეს იქ, იყო სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ 90-იანი წლების დაბრუნება საქართველოში შეუძლებელია," - აცხადებს თავის მხრივ, ფილმის სცენარისტი, ლიკა ტოკლიკიშვილი. 28 სექტემბერს გაცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომაც. უფრო ვრცლად ფილმის შესახებ მოსაზრებებს გაეცანით: ლია ტოკლიკიშვილი, ფილმ "იარე ლიზას“ სცენარის ავტორი: - პირველი ტიტრიდან ბოლო ტიტრამდე, მთელი სიუჟეტით, ეს არის ანტირუსული, ანტიოკუპაციური ფილმი! ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთს მიბმული აქვს 30 წლის განმავლობაში, შენკენ შემოატრიალო, დაანახო შენი ნამდვილი სახე და სული. აჩვენო, როგორ ახოცვინა რუსეთმა ერთმანეთი ორ ხალხს, რომ ლიხნის კრებიდან მოყოლებული, რუსეთი უდებდა ტვინში აფხაზებსაც და ოსებსაც ანტიქართულ განწყობას, რაც მაშინდელი პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით ომით დააგვირგვინა. ეს ფილმი იმაზეა, რომ რუსების ტექნიკით შემოდიოდა აფხაზი ჩვენი სახლების ასაოხრებლად, მერე კი, ჩვენ რომ აგვაოხრეს, აფხაზები აქციეს მოერეხარისხოვან მოქალაქეებად აფხაზეთში. ეს არის ანიმაციაში: როცა ლენინის ძეგლი დაძრწის და იყურება ომით დაბნელებულ ფანჯრებში; ეს არის გმირების სიტყვებში, როცა ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, რომ რუსი შეესია ახალდაბას აფხაზების სახელით და გაჟლიტა იქაურები, რუსულმა ტექნიკამ ჩამარხა გაგრის მიწაში ასობით ქართველი. ეს არის ფილმი ქართველებისა და აფხაზების ტრაგედიაზე, ჩვენს ერთად დაკარგულ სამშობლოზე, რუსეთის გამარჯვებაზე და ორივე ხალხის დამარცხებაზე აფხაზეთში. ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერცერთი ხელისუფლებისგან: რომ ბუჩამდე იყო გაგრა, სადაც რუსული იარაღით გაგვჟლიტეს და დაგვაკარგვინეს ქვეყანა. კინო არის კულტურის სფერო. კინოს თავისი ენა აქვს იმის სათქმელად, რასაც პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან ამბობენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილმით: ანიმაციით, ტექსტით, სიუჟეტით... ტექსტი დღიურებია, რომლებიც ომის მონაწილეების მონათხრობისგან შედგება. ომის მონაწილეები არიან ჯარისკაცები, დევნილები, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. ქართულ დღიურებთან ერთად, აფხაზური დღიურებიც არის გამოყენებული. ფილმში გაშლილია, ქართველი რას გრძნობს და აფხაზი რას გრძნობს ამ ომის წინააღმდეგ. გურამ ოდიშარია, მწერალი, კულტურის ყოფილი მინისტრი: - ამ ფილმის სცენარის ავტორი არ გახლავართ, არც შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. ფილმის ფინალში გამოყენებულია პასაჟი ჩემი "დევნილთა უღელტეხილიდან". გაუგებარია, ზოგიერთს რატომ ჰგონია, რომ ფილმი პრორუსულია. პირიქით, მანდ რუსული პოლიტიკის კრიტიკაა. ვისაც არ უნახავს, მეგობრულად ვურჩევდი, ნახოს. მეც აუცილებლად ერთხელ კიდევ ვუყურებ, და კიდევ - ვისაც არ წაუკითხავს, უმორჩილესად ვთხოვდი, წაიკითხოს. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: - ეკატერინე, ლიზას როლის შემსრულებელი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. ეკა და მე ვმონაწილეობდით ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, გვყავს აფხაზი მეგობრები სოხუმში და ვიცით, რა მნიშვნელოვანია დიალოგი ამ ორ მხარეს შორის, რადგან ბევრი მტრულად განწყობილი გვიქცევია მეგობრად... ეკას ბოლო რომანი, ისევე, როგორც ჩემი, არის აფხაზეთზე. თუ არ იქნება დიალოგი, თუ არ იქნება პატიება, თუ არ იქნება ორივე მხრიდან ომის ტრაგედიების და საკუთარი შეცდომების აღიარება, ისე შერიგება არ მოხდება... ანუ რა გვინდა, ომში მარტო ერთი მხარეა დამნაშავე? მარტო აფხაზები იყვნენ მკვლელები? „კვირის პალიტრის“ შეკითხვას, რომ კრიტიკოსები ამბობენ, ფილმი კულტურის სამინისტრომ დააფინანსა და რუსეთი სათანადოდ დამნაშავედ არ არის გამოყვანილი, დოლენჯაშვილი ასე პასუხობს: სალომე ჯაშის "მოთვინიერება" ვინ დააფინანსა? ვინ დააფინანსა ყველა ქართული ფილმი ? კინოცენტრმა არა? თუ უცხოპლანეტელი სპონსორები ჰყავდათ? აბსურდული არგუმენტია! და რუსეთი ფილმში კარგადაა გამოყვანილი? თუ აგრესორად და მტრად? ჩვენ თუ არ მოვახდინეთ წარსულის გადაფასება, თუ ორივე მხარემ არ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, არ გავიაზრეთ მთელი ომი, მისი ტრაგედია და ვერ შევძელით ვერც პატიება, ვერც დიალოგი, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და ზუსტად ეს უნდა ჩვენს საერთო მტერს - რუსეთს! ამიტომ ეს ცალმხრივი წივილ-კივილი, როგორ გაბედეთ და აფხაზების ტკივილზე და მათ პოზიციაზე ასაუბრეთ, დაწერეთ, გადაიღეთო - ზუსტად რუსული ნარატივი და ჩვენი მტრის მიზანია, რომ მუდმივად ვიყოთ დაპირისპირებულები, ენგურის სხვადასხვა მხარეს ერთმანეთზე დაბოღმილები, ვატოლებდეთ ჩვენს მკვდრებს და ტკივილს და ვერასდროს ვერ გავუგოთ ერთმანეთს. მე მყავს მეგობარი სოხუმში, ბიჭი, რომელსაც მამა ქართველებმა მოუკლეს. ის საქართველოში ჩამოვიყვანეთ და ეგონა, მტრებთან მოდიოდა, ახალ ომში. სამ დღეში ადამიანი ისე შეიცვალა და გარდაისახა, მეუბნებოდა, გადმოვსახლდები და ანაკლიის პორტში ან თბილისში დავიწყებ მუშაობასო. ზუსტად ესაა დიალოგის ძალა, ხელოვნების ძალა, ერთმანეთთან დიალოგის და საუბრის ძალა! დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე: - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმში ჩვენს დანაშაულებზეც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ნაჩვენებია ჩვენს საკუთარ პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე ... როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა მხრიდან, თანაპროპორციულად წარმოდგენილი, რაც ჩვენმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, ასევე - აფხაზებმაც. ორივე წყაროა გამოყენებული, როგორც აფხაზი პოეტის და მწერლის, ასევე, ქართველი სცენარისტის - ლია ტოკლიკიშვილის... სიუჟეტი ასეთია: ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინათ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, რის შემდეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე... იგი ყველაფერს მიატოვებს - სახლს, დედას, შვილს, ქმარს, ყოფილ საყვარელს... მიდის და მისი სვლა არის დაუოკებელი, ფაქტობრივად, ახალგაზრდა რეპორტიორის განცდებს აცოცხლებს. ლიზას როლს ეკა ტოგონიძე ასრულებს, პარალელურად, ნაჩვენებია ის ახალგაზრდა ლიზაც, რომელსაც შედარებით ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს. ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია დამდგმელი მხატვრის - გოგი მიქელაძის როლი. შეკითხვას, თუ რამ გამოიწვია მაყურებლის ნაწილის პროტესტი, დავით ბუცხრიკიძე ასე პასუხობს: - ვფიქრობ იმან, რომ პირდაპირ განვაცხადეთ, ჩვენც რაღაცაში რომ ვართ დამნაშავე... უმეტესად ვსაუბრობთ აფხაზების სასტიკ დანაშაულზე, რომლებმაც ახალდაბაში გაუგონარი რამ ჩაიდინეს, 500 ადამიანი დახოცეს, თავები მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს... ბევრი თვლის, რომ სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ და რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს, საკუთარ დანაშაულზე საუბარი შეცდომაა... ფილმში რუსეთზე ტონი ცოტა შერბილებულია. ნაკლებად არის აქცენტი რუსეთზე გამახვილებული, უფრო წინა პლანზე აფხაზურ-ქართული კონფლიქტია წამოწეული, ვიდრე ის რომ რუსეთი ინსპირატორი იყო,“ - ამბობს დავით ბუცხრიკიძე „კვირის პალიტრასთან.“