ძებნის რეზულტატი:
ნათია თურნავა: ვიპოვეთ ფორმულა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე ვმუშაობთ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოვა ფორმულა, რომლითაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე მუშაობენ, ეს ფორმულა კი, კანონში ერთგვარ ცვლილებებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, მენეჯმენტის საკითხი გაუმჯობესდება. თურნავა აღნიშნავს, რომ მათთვის სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა პროგრამა შეჩერდა, სავალუტო ფონდისგან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოვისმინეთ, ჩვენ ამ პროგრამის აღდგენაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. მათი მთავარი მოსაზრებაა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში განსაკუთრებით უნდა ჭარბობდნენ არააღმასრულებელი წევრები, რაც გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას ზრდის. ამის ჩვენ წინააღმდეგი არც არასდროს ვიყავით. ახლა ამას დაემატა არასწორი აღქმა, რაც გაჩნდა საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ. როცა მათ არგუმენტებს წარვუდგენთ, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული რეკომენდაციები, მაგრამ როცა მოისმენენ ჩვენს პოზიციას, გვექნება შესაძლებლობა, რომ იგივე ნიშნულს დავუბრუნდეთ და შემდეგ უკვე შეიძლება, პროგრამის აღდგენაზე ვიფიქროთ," - ამბობს ნათია თურნავა „ბიზნესის კვირეულის" ეთერში. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული 7 დრონიდან 4 ჩამოგდებულია
უკრაინის შეარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 2 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 7 დრონიდან 4 ჩამოაგდეს. მანამდე სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ 3 დრონი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის ოლქში და ერთი ხერსონის ოლქში. ხერსონში იფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 2 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა რამდენჯერმე დაბომბა რეგიონი, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სასწავლო დაწესებულებები, კერძო სახლები და კორპუსები, ასევე საწარმოს ფართები. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაახლოებით 05:00 საათზე მტერმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხერსონის ცენტრს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა მალევე ჩააქრეს.
ბორელი კიევში: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თანხა მოიცავს 25 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას და 60 მილიარდ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას. ბორელმა აღნიშნა, რომ მან "კონსტრუქციული შეხვედრა" გამართა ახლახან დანიშნულ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, რომლის დროსაც განიხილეს ქვეყნის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები, როგორიცაა საბრძოლო მასალა და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება. ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ბორელი ეწვია უკრაინის სამხრეთ ქალაქ ოდესას, რომელიც, მისი თქმით, „აქტუალური უნდა იყოს მისი ცოცხალი კულტურული სულისკვეთებით, მაგრამ ამის ნაცვლად ახალ ამბებშ ის როგორც (ვლადიმერ) პუტინის ომის ხშირი სამიზნე ხვდება.“ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებებს ამზადებს. „ვნახავთ, რა მოხდება შეერთებულ შტატებში და ჩვენი მხრიდან ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, - თქვა ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინას დასჭირდება“, - ამბობს ბორელი ვიდეოში, რომელიც ოდესის ტაძარში ჩაწერა. ფერიცვალებს ტაძარი მძიმედ დაზიანდა რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, რომელიც ივლისში მოხდა.
მედია: სომხეთში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისკენ მოუწოდებენ
სომხეთში გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან გასვლის პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს, - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, განცხადების ავტორები გმობენ იმ საფრთხეს, რაც "სომხეთის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას რუსეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ემუქრება" და სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვოს. განცხადების ავტორები „ყარაბაღელი სომხების იძულებით დეპატრიაციას შიმშილისა და სამხედრო აგრესიის გზით“ იმავე ლოგიკით განიხილავენ, როგორც „რუსეთის აგრესიასა და გენოციდს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“. ისინი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, მიმართოს ევროკავშირს სრულუფლებიანი გაწევრიანების თხოვნით, ხელი მოაწეროს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, ინდოეთთან და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან და დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა დასავლურ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო და სამხედრო ტექნიკური გაღრმავების მიზნით.
დმიტრო კულება: უკრაინა ზრდის იარაღის შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არამხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას. „რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არამხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად NATO-სა და მის ფარგლებს გარეთ,“ - აცხადებს დმიტრო კულება. 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგად არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, მათ შორის შეთანხმებას იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ. ზელენსკიმ იარაღისა და თავდაცვის სისტემების უკრაინასთან ერთობლივი წარმოების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის. „დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აძლიერებს უკრაინისა და უკრაინელებისთვის თავისუფლების ახალ და დიდებულ ისტორიას."ყველა ჩვენს მცველს ვუსურვებ, რომ არასოდეს დაკარგონ არც ერთი შესაძლებლობა უკრაინისთვის. ყველა შესაძლებლობა გამარჯვებასთან დაახლოებად უნდა ვაქციოთ - და გამარჯვება მოვა!" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აფრიკა თავის ტერიტორიაზე უკრაინული იარაღის წარმოებით დაინტერესდა
აფრიკა დაინტერესებულია არამხოლოდ უკრაინული კომპანიებისგან იარაღის შეძენით, არამედ მათი წარმოების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, „დღეს აფრიკა ელოდება უკრაინული კომპანიების დაბრუნებას ამ ბაზარზე იარაღის გასაყიდად. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი დახურულია. [...] მეორე საკითხი, რომლითაც აფრიკა დაინტერესებულია, არის უკრაინული იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება მის ტერიტორიაზე. ეს ახალი ტენდენციაა, რადგან აფრიკელ პარტნიორებს ესმით, რომ უკრაინული იარაღი იქნება ძალიან მაღალი ხარისხის,“ - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინაში წარმოებული იარაღის გაყიდვასა და წარმოებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იქნება, რადგან აფრიკა უკრაინას პარტნიორად ხედავს. კულება დარწმუნებულია, რომ აფრიკა დაბრუნდება უკრაინელი იარაღის მწარმოებლებისა და მათი დასავლელი პარტნიორების ტოპ ბაზრებზე.
უკრაინის არმიამ შესაძლოა, თურქული „ბაირაქტარის“ დრონების გაუმჯობესებული ვერსია მიიღოს
თურქეთი უკრაინისთვის Bayraktar Akinci-ს თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს, განაცხადა Baykar-ის გენერალურმა დირექტორმა ჰალუქ ბაირაქტარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბაირაქტარის თქმით, უკრაინაში ასეთი თვითმფრინავის წარმოებისთვის კომპანიას თურქეთის მთავრობის ნებართვა უნდა ჰქონდეს. „თავდაცვითი თანამშრომლობა მოითხოვს მთავრობის თანხმობას და ჩვენ გვაქვს ეს ნებართვა. ამიტომ, Bayraktar Akinci-ს განხილვის პროცესშია აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა. უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო „რაც შეეხება Bayraktar Akinci-ს, ეს საკითხი განიხილება,“ - განაცხადა ჰალუქ ბაირაქტარმა.
მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას 9 ადამიანის სოცოცხლე შეეწირა, 20 კი, ნანგრევებშია მოყოლილი. BBC-ის ცნობით, ეკლესიაში 100 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ნანგრევებში მოყოლილებს შორის რამდენიმე ბავშვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, 49 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
დესტაბილიზაციისა და არეულობოს მოწყობის საქმეზე, სუს-მა ახალი დეტალები გაავრცელა
დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების დამხობის გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე სუს-ში დეტალები გაასაჯაროეს. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებულნი არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წელს კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით. სუს-ში სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი. სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ, შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც. სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით. წარმოგიდგენთ სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება წინმსწრებად გაავრცელა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ,“ - განაცხადეს სუს-ში. სუს-ის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობას გეგმავს გამოკითხვის დასრულების შემდეგ სერბეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, საქმის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრეს, რადგან გამოძიების ფარგლებში საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვს შეთანხმება. მისივე თქმით, საქმე არის აბსურდული და დაკითხვაზე სასაცილო შეკითხვები დაისვა. სერბეთის კიდევ ერთი მოქალაქის ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, გამოკითხვისას ხელი მოაწერეს დოკუმენტს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ საქმის დეტალების შესახებ არ ისაუბრონ. „თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ, ეს იქნება დანაშაული, იმიტომ, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება არის დანაშაული. სახელმწიფო საიდუმლოებას უტოლებენ ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა.
ანკარის ცენტრში აფეთქების შემდეგ, თურქეთმა ერაყში, ქურთ მებრძოლებზე საჰაერო იერიში მიიტანა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი ბოევიკი "გაანეიტრალეს". საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც "ქურთისტანის მუშათა პარტია" იყენებდა."ოპერაციის მიზანი იყო "ქურთისტანის მუშათა პარტიისა" და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა,“ - განააცხადეს უწყებაში. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.
სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მხილებულია 4 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყების დაკვეთით, ტენდერში გამარჯვების შედეგად, ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას, სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველეყო. 2021-2022 წლების პერიოდში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები ე.წ. ფორმა N2-ები შეადგინა, რომლებშიც გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 330 097 ლარს. „გამოძიების პროცესში, ასევე, დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით, დამკვეთმა სპეციალისტები დაიქირავა, რომლებმაც თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს, რითაც მას საშუალება მიეცა უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბორელი: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე
ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი "სტრუქტურირებული და მუდმივია" და არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე "მომდევნო დღეებში ან კვირებში", განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული ერთდღიან მიღწევებზე. ეს არის მუდმივი, სტრუქტურირებული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ," - აღნიშნა ბორელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევის დროს ძლიერი რუსული თავდაცვის წინაშე დგანან, რაც ართულებს მათ პროგრესს. „უკრაინელი ჯარისკაცები დიდი გამბედაობით იბრძვიან რუსეთის შთამბეჭდავი თავდაცვის სიმაგრეების წინ,” - განაცხადა ბორელმა. სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმაგრეები 25 კილომეტრის სიღრმეზეა. ბორელი კიევში: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს ცნობისთვის, 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ბულგარეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს
ბულგარეთში რუსული ნომრების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვები გავრცელდება როგორც ავტომობილებზე, ასევე სატვირთო მანქანებზე. ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა. აკრძალვა სავარაუდოდ, 2 ოქტომბრის დღის ბოლომდე ამოქმედდება. რუსულ ნომრიანი მანქანების აკრძალვას ხორვატია და საფრანგეთიც შეუერთდნენ. გარდა ამისა, ჩეხეთი გერმანიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული ნომრების მქონე მანქანების აკრძალვის პრეცედენტი დაფიქსირდა. ანალოგიურ გადაწყვეტილებას სამი ოქტომბრიდან აამოქმედებს ნორვეგიაც, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ შენგენის შეთანხმების ნაწილია და აქვს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან. მანამდე შეზღუდვები ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე, პოლონეთმა და ფინეთმა შემოიღე, რითაც ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
კიევი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ისტორიულ შეხვედრას მასპინძლობს
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იკრიბებიან. ეს პირველი ასეთი შეხვედრაა. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. „ჩვენ ვიწვევთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ისტორიულ შეხვედრაზე უკრაინაში, კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოში,“ - წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ბორელთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მიესალმა. ისინი საგარეო საქმეთა საბჭოს სესიაზე შეიკრიბნენ. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. კულებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან კიევში, უკრაინისადმი ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის გზავნილია. ევროკავშირის მთავარი დიპლომატები ასევე შეისწავლიან პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას, მიმდინარე ომის დასასრულებლად. ბორელი კიევში: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია
ლევან იოსელიანი: იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა.“ მისივე განმარტებით, სახალხო დამცველს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, რასაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს და სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს და გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტით კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა. იოსელიანის თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ უფლებებთან დაკავშირებული არ იქნება, „სასამართლოს მეგობრის“ გამოყენებისგან თავს შეიკავებს. „იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა სახალხო დამცველს აქვს საშუალება, სასამართლოს „მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. ცალკე საკითხია, იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში. თუ ამაზე პრეზიდენტის მხრიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ნაწილი თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რაშიც სახალხო დამცველი მანდატი მოაზრებული არ არის. თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატი ამაზე იმსჯელებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა. ომბუდსმენმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ომბუდსმენი აკეთებს კომენტარს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნულ პროცესს მმართველი გუნდიდან 5 დეპუტატი დაესწრება. კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი მოლოდინი არის ოპტიმისტური. „ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება. 80 - კაციანი ჯგუფიდან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება შეიტანა, ადგილზე 5 დეპუტატი ვიქნებით წარმოდგენილები და პირადად მივიღებთ ბათუმში, ამ პროცესში მონაწილეობას. მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
ირაკლი კობახიძე კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით განმარტავს, რა შემთხვევაში დაიშვება კარვების გაშლა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის. „ეს კანონპროექტი, თავიდან ბოლომდე, მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის, თეორიის გათვალისწინებით და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად არის თანხვედრაში. ასევე მოისმინეთ, სუს-ის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების შესანახად და ა.შ. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც, ბუნებრივია, რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება, რომელიც არის დაინფიცირებული და პარლამენტი ამ კანონპროექტს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს,“ - განაცხადა კობახიძემ. „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ეშინია, თუ არა „ქართულ ოცნებას“. „პირდაპირი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციური პროცესები, რომლებზეც დეტალური ინფორმაცია დღესაც მოვისმინეთ, იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან, ნოემბერ -დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე დაჩქარებას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს. ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. დღევანდელი არჩევნების შედეგებიც ამის დასტურია [შუალედური და რიგგარეშე არჩევნები]. ოპოზიციამ ვერ გაბედა არჩევნებში მონაწილეობა, აბსოლუტურად დაცემულია მათი რეიტინგი, არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე, სწორედ სისუსტის გამო. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება,“ - აღნიშნა კობახიძემ. ახალი კანონპროექტის თანახმად, მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. პროექტი ბიუროზე დღეს დაარეგისტრირებენ. შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება
რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეფასებით, ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. „USAID-ის მიმდინარე პროგრამები ორიენტირებულია: ეკონომიკური რეფორმების, კერძო სექტორის ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უკეთ მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ჩვენ ვუწყობთ ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში; ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და ავტორიტარული სახელმწიფოებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად; დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ მდგრადობის გაზრდას და განათლებისა და პროფესიული უნარების გადამზადების სისტემების გაუმჯობესებას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სტუდენტებისა და სამუშაო ძალის პროფესიულ წარმატებას; განვითარების ეს მიზნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს ევრო კავშირისკენ ინტეგრაციას 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესაბამისად,“ - ნათქვამია USAID-ის ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალში წერია: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა პროგრამას ახორციელებს - აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტი პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, მდგრადობას და მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოს რეგიონებში. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ მათთვის საჭირბოროტო საკითხებში. პროგრამა ხელს შეუწყობს გაუმჯობესებულ მმართველობას, მოქალაქეთა უფრო მეტ აქტიურობას და პოლიტიკურ პროცესებზე ზედამხედველობას. ინფორმაციისთვის, აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად მიღება გამოაცხადა. კურსი განკუთვნილია მათთვის, „ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს გაუმჯობესდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობები და სფეროს მართვის სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს.“ სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის. ოთხდღიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განსახორციელებლად ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან. სასწავლო კურსის თემებია: საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მომავლის ხედვაზე მუშაობა; ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოვლენა-მობილიზება; ცვლილების მექანიზმები: როგორ დავარწმუნოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში; მიზანმიმართული კომუნიკაცია: ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების განსაზღვრა; კრეატიული ტაქტიკების გამოყენება; სამოქმედო გეგმისა და კამპანიების სტრატეგიების შემუშავება. მეტი დეტალი იხილეთ აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. შეგახსენებთ, USAID-ი და აღნიშნული ინსტუტიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრიფინგის თემა იყო.
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ გრიგორი კარასინის განცხადებას „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს
აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა მეორე მხრივ, ასეთ განცხადებებს სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, მათ შორის, რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება. პაპუაშვილის თქმით, მიუღებელია, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელს არასათანადოდ მოიხსენიებს. კითხვას, ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს საქართველოს ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებები, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ერთადერთი რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.“ „როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამით შემოდის არასტაბილურობა, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების ურთიერთობაში. ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს რუსეთი, ამიტომ წისქვილზე წყალს ასხამს არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გრიგორი კარასინმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა: „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!“