ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის საელჩო: დღეს გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს

აშშ-ის საელჩო USAID-ის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ორივე ქვეყანა იზიარებს. „დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს. მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები,“ - ნათქვამია განცხადებაში. ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის მეფეს წერილით ატყობინებს, რატომ ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფე ფილიპეს წერილით მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში. პრეზიდენტის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ მის წინადადებაზე“ და მეორე მხრივ 3 და 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის თაობაზე ჩანიშნული წარდგინების განხილვა შეუძლებელს ხდის მისი წარმომადგენლობითი მოვალეობის შესრულებას. ,,თქვენო უდიდებულესობავ, გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადავცეთ ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრაციის სურვილი. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ გულწრფელი სურვილი მქონდა საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლისას, ისე, როგორც 2021 წლის 21 იანვარს ჩვენი შეხვედრისას შევთანხმდით. სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა. მეორე მხრივ, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად. იმედი მაქვს, რომ თქვენი უდიდებულესობა თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის კიდევ მრავალ წელს იღვაწებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ „ევროპალია საქართველოს“ და მადლობას ვუხდი თქვენს უდიდებულესობას იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც სამეფო ოჯახსა და ბელგიის მხარეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებაში შეაქვთ. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენ მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა," - ნათქვამია წერილში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვფიქრობთ, სხდომაზე პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში

ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა. „ჩვენ მანამდეც არაერთხელ ვართ შენახვედრი და გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ღია დისკუსია ნებისმიერ თემაზე. მიხარია, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. მე ვხედავ ზვიად ბარქაიას, რომელიც არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინდა ზვიადზე ვთქვა, რომ ზვიადი შემთხვევით გავიცანი, ზვიადი იყო ამ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც შემთხვევით შეარჩია კომისიამ, როგორც ხდება და არა მხოლოდ, ნიკას ვხედავ და კიდევ ნიკოს, ძალიან ბევრ ადამიანს, ნინოს ვხედავ, ძალიან ბევრ ადამიანს გიცნობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ჩვენს მიერ დაწყებული ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი, მიმდინარე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ერთად რომ შევაჯამოთ განვლილი 8 წელი, მგონი საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 8 წლის განმავლობაში 1200 მდე წარმატებული სტუდენტი დაფინანსდა, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პრემიერის განცხადებით, პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყნის გასაძლიერებლად მიემართება. „შედეგები, ვფიქრობ, არის შთამბეჭდავი ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200 მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული გვქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტები მთელს მსოფლიოში და მე მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს იგივე უმაღლესი განათლების სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და ხედვები, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი იყო ეს 8 წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოვოთ, მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. მთავარი იდეა რაშიც მდგომარეობს, არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი. მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შევქმნათ ქვეყანაში და რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომელზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ, დახურულ ფორმატში. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ, ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება მინდა გისურვოთ. თქვენი ცოდნა ჩვენი სიძლიერეა. აი ეს კაპიტალი, რაც იქმნება, ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ბერბოკი უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე რუსული დარტყმებისგან დაცვის მიზნით, გეგმის შემუშავებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სტრატეგია, რათა უკრაინა ამ ზამთარში ენერგეტიკულ ქსელზე რუსული დარტყმებისგან დაიცვან. „უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გეგმა ზამთრისთვის, გენერატორები და ენერგომომარაგების გაძლიერება. ჩვენ ვნახეთ გასულ ზამთარში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ ომის სასტიკი გზა, მიზანმიმართული თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ელექტროსადგურები,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს კიევში, სადაც 2 ოქტომბერს დაიწყო ისტორიული შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ბერბოკი კიევში: ევროკავშირი მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე  

უკრაინა გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა

უკრაინა 2022 წელს გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ფედერალურმა მთავრობამ უკრაინაში 3,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის ექსპორტს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც კიევი გერმანული იარაღის ყველაზე დიდ მიმღებად იქცა. „გერმანიის მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კვლავ აშკარად აისახება იარაღის ლიცენზირებული ექსპორტის მოცულობაზე,“ - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში გერმანიის მიერ ექსპორტირებული იარაღის ღირებულება გასული წლის მთელ ღირებულებას აღემატება.  

რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, „კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.“ კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. ირაკლი კობახიძე კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით განმარტავს, რა შემთხვევაში დაიშვება კარვების გაშლა როგორც მომხსენებელმა განაცხადა, 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური „განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე. წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.“ „საქართველოს კონსტიტუიციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება საფრთხის თავიდან ასაცილებლად,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობისას მასში მონაწილეთა უსაფრთხოებისა და სხვა პირთა უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი პროპორციული ღონისძიებების გატარება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს (შეკრებისა და გაერთიანების უფლება). პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. აშშ-ის საელჩო: დღეს გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს ოპოზიციის შეფასებით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას და მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.  

ბულგარეთი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

ბულგარეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დონეზე. შესაბამისი განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია გაბრიელმა დღეს კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა. გაბრიელმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი სოლიდარობის მიზნით, ბულგარეთმა ცოტა ხნის წინ გააუქმა აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე. მინისტრის თქმით, ბულგარული მხარე ასევე მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას და მიაჩნიათ, რომ უკრაინამ უნდა წარმართოს ეს პროცესი. „კიევში ევროკავშირისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიზნად ისახავს, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ აღნიშნა გაბრიელმა. ბულგარეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის ნავთობზე ემბარგო დააწესა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების დროს, ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი. ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად 14 ივლისს განაცხადა.  

ზელენსკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს: რაც უფრო მეტ ძლიერ ნაბიჯს გადავდგამთ თქვენთან ერთად, მით მალე დასრულდება ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2 ოქტომბერს განუცხადა, რომ ომში გამარჯვება დამოკიდებული კიევის თანამშრომლობაზე ევროკავშირთან. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი და გამოვიდა მოწოდებით მეტი თანამშრომლობისკენ, საიმისოდ, რომ დასრულდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები და რუსეთს არ მიეწოდოს მასალა, რომელიც მას სამხედრო წარმოების გაზრდაში ეხმარება. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას და მთელ თავისუფალ სამყაროს შეუძლიათ, გაიმარჯვონ ამ კონფრონტაციაში. მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირაა დამოკიდებული თანამშრომლობაზე თქვენთან: რაც უფრო მეტ ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯს გადავდგამთ თქვენთან ერთად, მით მალე დასრულდება ომი," - განაცხადა ზელენსკიმ კიევში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ. კიევი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ისტორიულ შეხვედრას მასპინძლობს  

პოლონეთმა უკრაინას პირველი შეკეთებული leopard-ის ტიპის ტანკები გადასცა

უკრაინამ პოლონეთიდან ბუმარ-ლაბენდის ქარხანაში შეკეთებული პირველი Leoprad-ის ტიპის ტანკები მიიღო. პოლონეთი სხვა ტანკებზე სარემონტო სამუშაოს აგრძელებს. ივლისში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ Leopard 2-ის ტიპის ტანკების ტექნიკური და სარემონტო ცენტრი, რომელიც უკრაინამ მიიღო,  მუშაობა დაიწყო. ცენტრის გახსნა მაისის ბოლოს იყო დაგეგმილი. აპრილში თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანელმა კოლეგამ, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ საბოლოო ეტაპს მიაღწია.  

ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას

2 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, კიევში ისტორიულ სამიტზე შეიკრიბნენ. ამ შეხვედრის ფონია: 1) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტს 335-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. ახლა ის აშშ-ის სენატში უნდა დაამტკიცონ; 2) სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აშშ-ს უკრაინიდან მოუწოდა, გადახედოს ხსენებულ გადაწყვეტილებას. მანამდე, კიევში გამორიცხეს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში რაიმე ცვლილება იქნება. კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებით და პირობა დადეს, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის დასამარცხებლად. „ჩვენ გაოცებული ვიყავით ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელსაც მე მჯერა, რომ ვინანებთ,“ - განაცხადა ბორელმა. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა: რამდენიმე დღის წინ დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირეს 300 მილიონი დოლარის მხარდაჭერის პაკეტს და არ მგონია, რომ ეს მათი ბოლო სიტყვა იყოს." „ჩვენ ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. უკრაინელები მთელი სიმამაცითა და შესაძლებლობებით იბრძვიან და თუ გვსურს, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ, მაშინ მათ უნდა მიაწოდოთ უკეთესი იარაღი და უფრო სწრაფად,“ - აღნიშნა ესპანელმა დიპლომატმა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინაში გაგრძელდება, მიუხედავად კანონმდებლების გადაწყვეტილებისა. თუმცა AP წერს, რომ მომხდარმა შეშფოთება გამოიწვია კიევში, რომელიც დიდწილად ეყრდნობა დასავლეთის ფინანსურ დახმარებას და სამხედრო აღჭურვილობას, რუსეთთან მიმდინარე ბრძოლაში. ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ, დეპუტატები კაპიტოლიუმში შეხვდნენ ზელენსკის, რომელიც ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ მისი სამხედროები ომში იმარჯვებდნენ, მაგრამ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამატებითი დახმარება გადამწყვეტი იქნებოდა ბრძოლის გასაგრძელებლად. „მიუხედავად ამისა, პალატაში ბოლოდროინდელმა კენჭისყრამ მიუთითა აშშ-ის იზოლაციონიზმის გაძლიერებაზე და მზარდ წინააღმდეგობაზე შემდგომი დახმარების გაწევაზე, როცა ომი უკვე მე-20 თვეა, გრძელდება,“ - წერს Associated Press-ი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2 ოქტომბერს განუცხადა, რომ ომში გამარჯვება დამოკიდებული კიევის თანამშრომლობაზე ევროკავშირთან. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი და გამოვიდა მოწოდებით მეტი თანამშრომლობისკენ, საიმისოდ, რომ დასრულდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები და რუსეთს არ მიეწოდოს მასალა, რომელიც მას სამხედრო წარმოების გაზრდაში ეხმარება. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას და მთელ თავისუფალ სამყაროს შეუძლიათ, გაიმარჯვონ ამ კონფრონტაციაში. მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირაა დამოკიდებული თანამშრომლობაზე თქვენთან: რაც უფრო მეტ ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯს გადავდგამთ თქვენთან ერთად, მით მალე დასრულდება ომი," - განაცხადა ზელენსკიმ კიევში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.  

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

თეთრი სახლის ცნობით, აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი" იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მანვე დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარება კიევს იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა. „ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება,” - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას  

კადიროვმა თავისი ქალიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე განაცხადა, რომ „მხარს უჭერს წინადადებას მისი ქალიშვილის, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრ, აიშატ კადიროვას, რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.“ კადიროვის თქმით, „გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა გააჟღერა.“ მან აღნიშნა, რომ მისმა ქალიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის კულტურის მინისტრის პოსტზე რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი მუსა დადაევი დაინიშნება.  

კულება: ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე კონსენსუსს მიაღწია

„ევროკავშირმა მიაღწია კონსენსუსს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც „მხოლოდ დროის საკითხია,“ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 2 ოქტომბერს განაცხადა. „ყველას გადაწყვეტილი აქვს წინსვლა მაქსიმალური სისწრაფით, ყველა იმ რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინამ გაატარა, ახორციელებს და განახორციელებს,“ - განმარტა კულებამ პრესკონფერენციაზე კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. „ჩვენი მთავარი სიგნალი ასეთი იყო: ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის შვიდივე ძირითად რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ ეს შეფასდება პატიოსნად, გამჭვირვალედ, დამატებითი პირობების გარეშე. ატმოსფერო (შეხვედრის) აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ საკითხზე," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 2 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. ევროკავშირის ფაგრლებს გარეთ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა წელს შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის €5 მილიარდი დაამტკიცოს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დღეს კიევში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა წელს შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 5 მილიარდი ევრო დაამტკიცოს. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დღეს გამართულმა დისკუსიამ ხელი შეუწყო უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების უკეთ გააზრებას. ესპანელი დიპლომატის თქმით, ეს იყო მისი საუბრის ცენტრალური თემა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. „ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში ახალი ორმხრივი მრავალწლიური ეკონომიკური პაკეტი შევთავაზე, რომლის ოდენობაც მომავალი წლისთვის 5 მილიარდ ევრომდე იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეთანხმებას მივაღწევთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

პოდოლიაკი: მასკის ირონია ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, 2 ოქტომბერს ილონ მასკის პოსტები სოციალურ მედიაში, რომელშიც ირონიას გამოხატავდა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რუსული პროპაგანდის წახალისებად შეაფასა. პოდოლიაკმა X-ზე დაწერა, რომ „დღეს უკრაინის მიმართ ნებისმიერი სიჩუმე ან ირონია არის რუსული პროპაგანდის პირდაპირი წახალისება, რომელიც ამართლებს მასობრივ ძალადობასა და ნგრევას.“ ილონ მასკმა 2 ოქტომბერს X-ზე გააზიარა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეურაცხმყოფელი მემი, რომელშიც მიუთითებდა, რომ ზელენსკი უკრაინისთვის ძალიან დიდ დახმარებას ითხოვს.  

სლოვაკეთის საგარეო უწყებამ რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა, ბრატისლავა მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთი მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ბრალდება ეხება რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის მიერ „განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებას“ სლოვაკეთის არჩევნებთან დაკავშირებით, წერს Lemonde. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრატისლავაში დაიბარა რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი და მოუწოდა მოსკოვს, „შეწყვიტოს დეზინფორმაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია სლოვაკეთის წინააღმდეგ.“ BBC: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია არის რუსეთის ფედერაციის მიერ სლოვაკეთის რესპუბლიკის საარჩევნო პროცესში დაუშვებელი ჩარევა,“ - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო „კატეგორიულად აპროტესტებს რუსული დაზვერვის ცრუ განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სლოვაკეთში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მთლიანობას.“ მოსკოვმა უარყო სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებები. „სლოვაკეთის ზოგიერთი ამჟამინდელი მოკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და არ ვმონაწილეობთ რეჟიმის შეცვლაში,“ - აცხადებენ ბრატისლავაში რუსეთის საელჩოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთ კოლეგებთან". „აშშ არ იკავებს რომელიმე მხარეს საგარეო არჩევნებში,“ განაცხადა მილერმა და აღნიშნა, რომ აშშ „განაგრძობს მუშაობას სლოვაკეთის მიერ არჩეულ მთავრობასთან ერთად.“ რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა „როგრესულ სლოვაკეთს“ „აშშ-ის მარიონეტები" უწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „გაზარდა ჩარევა სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში." პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. „სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %.

ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტს შეუერთდა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტს შეუერთდა. სკანდინავიური ქვეყანა ჯერ კიდევ განიხილავს, თუ როგორ განახორციელოს პორტებში დაშვების აკრძალვა გემებისთვის, რომლებიც გემიდან გემზე ნავთობის გადაცემაში მონაწილეობენ. ცნობისთვის, ნორვეგია რუსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებს თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. ეს ზომა დღეიდან, 3 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ივნისში დაამტკიცა.  

გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიის მთავრობა იტყობინება, რომ გერმანიამ უკრაინას გადასცა 40 მმ-იანი საბრძოლო მასალია, ათობით ყველგანმავალი და საზღვრის დაცვის მანქანა და ასეევ, სხვა სამხედრო აღჭურვილობა. დახმარენა უკრაინას უახლესი პაკეტის ფარგლებში გადაეცა. დახმარება ასევე მოიცავს აღჭურვილობას Leopard-ის ტიპის საბრძოლო ტანკებისთვის. გერმანიის მარეგულირებელმა 28 სექტემბერს უკრაინაში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის გეგმები დაამტკიცა. კერძოდ, გერმანული მწარმოებელი უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიასთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნასა აპირებს.  

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით, 12:00 საათზე გაიმართება. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება. არსებული ინფორმაციით, სხდომას "ქართული ოცნებიდან" - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება, ხოლო ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში, ამ დროისთვის უცნობია. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“). №1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით. №1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით," - წერია ინფორმაციაში. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ აქვს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.  

რუსეთი ბრიანსკის ოლქზე დრონის შეტევის შესახებ იუწყება

გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქის თავზე მფრინავი თვითმფრინავიგ გაანადგურეს.   ბოგომაზის თქმით, დრონი ჩამოაგდეს რეგიონის ტრუბჩევსკის რაიონში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა ცნობები უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებისა და დარტყმების მცდელობის შესახებ რუსეთის ფედერაციაში.   ბევრი ცნობა მოდის ბრიანსკის ოლქიდან, რომელიც უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. 7 სექტემბერს ბოგომაზმა განაცხადა, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა ხანძარი გამოიწვია ქალაქ ბრაიანსკში მდებარე სამრეწველო ობიექტში. უკრაინის მთავრობა ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.