ძებნის რეზულტატი:
WSJ: აშშ-მ ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის 2000 ჯარისკაცი შეარჩია
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სამხედროებმა შეარჩიეს დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან. 2000 პერსონალი განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი. პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად. „აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში ჯო ბაიდენს ელოდებიან.
ბაიდენის ვიზიტამდე ისრაელში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ჩავიდა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ორშაბათს ჩავიდა, რათა ქვეყნის სამხედრო შტაბის უფროსს შეხვდეს. გენერალ მაიკლ კურილას მიზანია, უკეთ გაერკვეს ისრაელის თავდაცვის მოთხოვნებში და ასახოს აშშ-ის მხარდაჭერა კონფლიქტის დროს, ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას არ უთქვამს, რამდენ ხანს დარჩება კურილა ისრაელში. მისი ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აწარმოებს ინტენსიურ დიპლომატიას რეგიონში - CNN წერს, რომ ბლინკენს თითქმის რვასაათიანი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის ომის კაბინეტთან. დიპლომატიური მცდელობები კრიზისის მოსაგვარებლად ძლიერდება, ოთხშაბათს ასევე დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი ისრაელში. WSJ: აშშ-მ 2000 ჯარისკაცი გამოყო ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად
აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, გეგმას შეიმუშავებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ გეგმას შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დონორი ქვეყნებიდან და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თელ-ავივი დღეს დილით ადრე დატოვა. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მან ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ხანგრძლივი შეხვედრები გამართა. მედიის ინფორმაციით, ბლინკენსა და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შორის შეხვედრა თითქმის 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბლინკენის თქმით, აშშ-ის მიერ წარდგენილი გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ”მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს,” - აცხადებს ბლინკენი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში 139 პირი ამხილა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხილებულ პირთაგან 62 სამართალდამცველია. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 139 პირი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62 - სამართალდამცველია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულშია მხილებული, 12 პირი კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულების და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინა აცხადებს, რომ ორ ოკუპირებულ რაიონში რუსულ აეროდრომებს დაარტყა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასულ ღამით, იერიში მიიტანეს რუსეთის ჯარების აეროდრომებზე ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკთან და ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ქალაქ ბერდიანსკთან. მისივე ინფორმაციით, რუსულ ვერტმფერენებზე დარტყმები წარმატებული იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სარაკეტო ჯარებმა გაანადგურეს 2 ვერტმფრენი, საბრძოლო მასალების საწყობი და საარტილერიო საშუალებები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბერდიანსკსა და ლუგანსკთან შეტევების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ე.წ. ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა გასულ ღამით, ტელეგრამ არხით განაცხადა, რომ ბერდიანსკში აფეთქებები იყო და წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქის გარეუბანში ერთი რაკეტა ჩამოაგდო.
ლევან იოსელიანი: მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს ის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება იმიტომ არ წარადგინა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ. „პრეზიდენტის წარმომადგენლებს ამ მოსაზრებისთვის არ მოუმართავთ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს არ არის კავშირში კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან. თუნდაც, რომ მოემართათ, ვფიქრობ, ამის მომზადების შესაძლებლობა არ იქნებოდა, ვინაიდან ეს არ უკავშირდება იმ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავით არის გათვალისწინებული. იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური პროცესი და ამიტომ პარლამენტში გადაინაცვლა. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას - მე ამის შეფასებას, ბუნებრივია, ვერ მოვახდენ," - განაცხადა იოსელიანმა. "მე მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს," - აღნიშნა იოსელიანმა IPN-ის ცნობით. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს. სამი მოსამართლის შეფასება ჯერ არ გამოქვეყნებულა.
NYT: ისრაელმა აშშ-ს 10 მილიარდი დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარება სთხოვა
ისრაელმა შეერთებულ შტატებს 10 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარება სთხოვა. ამის შესახებ New York Times სამ ოფიციალურზე დაყრდნობით წერს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი 2 მილიარდზე მეტის მოცულობის დახმარების პაკეტს ამზადებს. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს The New York Times-ის ცნობით, კონგრესმენები განიხილავენ ისრაელისთვის ჭურვების გაგზავნას, რომელიც რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის არის საჭირო. ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა ამასთან, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სამხედროებმა შეარჩიეს დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან. BBC წერს, რომ 2000 პერსონალი უკვე განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი. პარალელურად, პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად. „აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში ბაიდენი ჩადის.
იტალიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დააკავეს
იტალიის პოლიციამ ჩრდილოეთ ნაწილში ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ეგვიპტის მოქალაქე და ეგვიპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხე არ არსებობს, თუმცა იტალიის პოლიცია და თავდაცვის ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან.
გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო კომისარი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა
გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო კომისარი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კენან პოლეო პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებსაც. „ასოციაციის წევრებთან გამართული შეხვედრა იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართულ ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად. შეხვედრაზე განიხილეს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და ბრიტანეთის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის მიღმა,“ - ნათქამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დატვირთული რამდენიმე დღე ჩემს ბრწყინვალე კოლეგებთან ერთად თბილისში - კავშირების დამყარება სხვადასხვა სექტორიში, როგორიცაა ფინტეკი, ენერგეტიკა და რკინიგზა! აუცილებლად დავბრუნდები!“ წერს თავის მხრივ, პოლეო X-ზე. (ყოფილი Twitter-ი).
ქართველი მეხანძრე-მაშველები სომხეთში, საერთაშორისო სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ხელმძღვანელ პირებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სრულმასშტაბიან სწავლებას დაესწრო. შსს-ს ცნობით, მიწისძვრის სცენარზე შემუშავებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და მაშველმა ძაღლმა ტინტომ. სწავლებაში, ასევე ჩართულნი იყვნენ საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. საერთაშორისო სწავლება ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (EU UCPM) საგრანტო პროგრამის HOPE-ის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი, მონაწილე ქვეყნების სამოქალაქო უსაფრთხოების მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე სამი მოსამართლის - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა. მათი შეფასებით, არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკურად მიუკერძოებელ, და ამავე დროს, ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას. „ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ფუნქცია უნდა განახორციელოს სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციებში შეჭრის გარეშე," - აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მისივე თანახმად, მთავრობა არ წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა. „მივიჩნევთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე, პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. თითოეულ ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას,“ - ნათქვამია დოკუმენტში. „სადავო ვიზიტებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ამავე დროს, საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა გზავნილები, რომლებიც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოა ან/და ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც რამენაირად გასცდა მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლს, ან/და განახორციელა ისეთი ქმედება, რომელმაც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დააზიანა. 34. განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საუბრის შინაარსთან დაკავშირებით ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა, არის თავად საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების განმარტება. აღნიშნული განმარტების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა იმ „სასაუბროების“ შესაბამისად, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მიწოდებული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. არც საქართველოს მთავრობა და არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არ მიუთითებენ, რომ მათ არ სურდათ რომელიმე გზავნილის შეხვედრის ადრესატამდე მიტანა ან/და ზოგადად, რომელიმე შეხვედრა იყო თუ არა საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობის შერჩეული სტრატეგიის საწინააღმდეგო. 35. ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მიუთითებდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული სხვა ვიზიტების შესაძლო უარყოფითი პოლიტიკური შედეგების შესახებ, რომელიც იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი არ გამხდარა. თუმცა, კონკრეტულად სადავო სამ ვიზიტთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ვინაიდან არ იცნობენ საუბრის შინაარსს, ვერ მიუთითებენ, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებმა. 36. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემა, ფაქტობრივად, იმ მოტივით ხდება, რომ მან შეიძლება მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუშალოს ხელი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევის მოტივით, შესაძლოა, გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან „არ ენდობიან“ მას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო. იმპიჩმენტის ინიციატორებმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინონ უკვე მომხდარ ფაქტებზე და საქართველოს პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეაფასონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გასცდება უფლებამოსილების ფარგლებს, უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ხელყოფს მთავრობის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციას, ან/და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ გამოკვეთილა რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევის არსებობა. 37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ან/და საკუთარი მოქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედების დადგენის საფუძველს,“ წერია დოკუმენტში. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია. პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა „სასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ეს მე ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონისა და მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არამხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. „რაც შეეხება ზოგადად შემდეგ პროცედურას. მოგეხსენებათ, პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არ ჰქონდა არავის. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონის შემოქმედნი, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. სანაცვლოდ, ამის სრულად საპირისპირო სურათი მივიღეთ, როდესაც ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როდესაც ოპოზიციაში იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად,“ - განაცხადა პრემიერმა და კითხვას, თუ როგორ დასვა პრეზიდენტად თუ ერთპროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით.“
რა საკითხებზე ესაუბრა აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. აშშ-ის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და რომ ამ მხრივ მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის. „მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს ფართე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე,“ - წერის გავრცელებულ ინფორმაციაში პარლამენტის პრესსამსახური. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
პოლიციამ ბრიუსელში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაღუპვა დაადასტურა
45 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბრიუსელში ორი შვედი ფეხბურთის ქომაგის მკვლელობაში, სამშაბათს კაფეში, პოლიციის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა. „ბრიუსელის ტერაქტში დამნაშავე იდენტიფიცირებულია, ის დაიღუპა,“ - დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა X-ზე. მედიის ცნობით, კაცი, რომელსაც ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ორშაბათს ღამით ბრიუსელის ცენტრში, შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში და მესამე ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრუმ ორშაბათის სროლას სასტიკი „ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. „წუხელ სამი ადამიანი გაემგზავრა მშვენიერი ფეხბურთის ზეიმზე. მათგან ორის სიცოცხლე შეეწირა სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას,“ - განაცხადა დე კროომ პრესკონფერენციაზე. „დამნაშავის სამიზნე იყვნენ შვედეთის გულშემატკივრები, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ „წითელი ეშმაკების“ („მანჩესტერ იუნაიტედი“, რედ.) ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად,“ - განაცხადა დე კროომ. ბრიუსელმა თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა პოლიციამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
სანქციების გვერდის ავლის პრევენცია, აშშ-ის მხარდაჭერა, ისრაელის საკითხი - ამერიკის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებას. რა საკითხებზე ესაუბრა აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს „უაღრესად ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შალვა პაპუაშვილთან, ძალიან ვაფასებ მასთან და მის გუნდთან შეხვედრას. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და NATO-სთან ინტეგრაციისთვის. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების, ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების სურვილი, რასაც დიდად ვუჭერ მხარს. მე, ასევე, გამოვხატე ჩვენი ღრმა მადლიერება ამ ურთულეს მომენტში ისრაელისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდამხარ დგომისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის ისრაელის მიმართ. მე, ასევე, გამოვთქვი მადლიერება საქართველოს ძალიან ეფექტიანი მოქმედების მიმართ, რომელიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლის პრევენციისკენ და ხელს უშლის რუსეთში იმ საქონლის შეღწევას, რაც დაეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას. ბოლოს ვისაუბრეთ ჩვენს 31-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობაზე, წინ კი მრავალი წელია. ეს ორივე ქვეყნის სურვილია, გავაღრმაოთ ეს მეგობრობა უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობით, უფრო მეტი ვიზიტით შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მე მოუთმენლად ველი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას, აქ ჩემი ელჩობის განმავლობაში,’’ - აღნიშნა ელჩმა პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
Reuters: პუტინი და ორბანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ რუსეთ-უნგრეთის კავშირებს საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე
Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა უახლოესმა მოკავშირემ ევროკავშირის ლიდერებს შორის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უკრაინის ომის გამო საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, ორმხრივი კავშირებისადმი ერთგულება დაადასტურეს. შეხვედრა ჩინეთში, „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფორუმის ფარგლებში შედგა. ორბანის სპიკერის ცნობით, მხარეებმა განიხილეს გაზისა და ნავთობის გადაზიდვებისა და ბირთვული ენერგიის საკითხები. როგორც ცნობილია, 2014 წლის ტენდერის გარეშე გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, რუსული ენერგეტიკული გიგანტი Rosatom ატომურ ელექტროსადგურს უნგრეთში აშენებს. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დასრულებას და უკრაინაში ბრძოლების შეწყვეტას და ლტოლვილთა ნაკადის შეჩერებას. „პუტინმა და ორბანმა ბოლოს პირისპირ 2022 წლის პირველ თებერვალს ისაუბრეს. მაშინ რამდენიმესაათიანი შეხვედრა მოსკოვში შედგა - ზუსტად სამი კვირით ადრე რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინაში. „მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტის დამყარებისა და ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, შეუძლებელია, არ გამოიწვიოს კმაყოფილება იმან, რომ ევროპის ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვავითარებთ. ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთია უნგრეთი," - განაცხადა პუტინმა პეკინში. „იყო რთული შეხვედრები, მაგრამ ისეთი რთული, როგორიც ესაა, აქამდე არ ყოფილა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტის დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს შევძელით," – განაცხადა თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა პუტინთან შეხვედრის დროს, პეკინში, რუსული მედიის ცნობით. ორბანი პეკინში ჩასვლამდე საქართველოში იმყოფებოდა. Reuters: ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს, რადგან კიევის მხარდაჭერაზე ბუდაპეტშის თანხმობის მოპოვებას ცდილობს
მედიის ცნობით, მაკრონი ისრაელს ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს უახლოეს დღეებში ეწვევა, იუწყება ებრაულენოვანი მედია. საფრანგეთის საელჩო არ ადასტურებს ინფორმაციას, მაგრამ ამბობს, რომ მაკრონს სურს ისრაელში შესაბამის დროს და კონკრეტული ნაბიჯების ხელშესაწყოფად. ალბანეთში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გასათავისუფლებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისრაელში დღეს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ელოდებიან.
ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა მიმდინარეობს - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი შესყიდვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. „აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომ გაუმჯობესდეს სამანევრო ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა საშუალო და შორ მანძილზე,“ - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა ჯაველინების ორ პარტიად შესყიდვის პროცესი და მიმდინარეობს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა. მისი თქმით, გაფორმებულია ხელშეკრულებები ხელის ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვაზე გერმანიასა და ესპანეთთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მულტიფუნქციური სისტემების შეძენაზე. მინისტრმა არტილერიის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „მიმდინარეობს ღონისძიებები საარტილერიო სისტემების ცეცხლის დროულობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ კონტრბატარეული რადარების შესყიდვებისა და არსებული საარტილერიო საშუალებების მოდერნიზების მიმართულებით. საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა NATO-სთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად,“ - აღნიშნა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრი: კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
თავდაცვის მინისტრი: ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა NATO-სთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მინისტრის შეფასებით, მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების სამოქმედო გეგმა 2030-ში განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად არაერთი უმნიშვნელოვანესი შესყიდვა განხორციელდა, რითაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობას. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ძველი საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი კეთდება NATO-ს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე. „როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, 2022 წელს დასრულდა რაფაელის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოდერნიზება და გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე, ხოლო NATO-ს წევრ ქვეყანასთან ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე. „NATO-ს წევრ და ასევე პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე ხელით გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემების შესყიდვაზე,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აირჩია
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“ ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს. ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო. პარლამენტის მაისის თვეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ტრისტან ბენაშვილი (93 ხმით), გიორგი გზობავა (91 ხმით) და ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმით) აირჩია.