ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტის წარმომადგენლების შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში

საკონსტიტუციო განხილვების დროს სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ტენდენციურს უწოდებს სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის ტენდენციური. როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებსა და ტერმინებში. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას სამი მოსამართლე ეწინააღმდეგებოდა „დღეს, გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იმპიჩმენტთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან მიმართებით და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტთან მიმართებით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, ბუნებრივია, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთო-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. მხოლოდ,უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტის მიღმა და აქვს თუ არა საერთოდ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს ხედვაზე - იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი,რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. პრეზიდენტს მაია კოპალეიშვილთან ერთად წარმოადგენდა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რომელთან ერთადაც ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. ჩუგოშვილის შეფასებით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა თავისი ქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, პირიქით, მას უწყობენ იმპიჩმენტს იმის გამო, რომ იგი აკეთებდა ყველაფერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში. ჩუგოშვილის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო და ვერ გააბათილა პარლამენტმა სასამართლოს სხდომებზე. „საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პოროცედურას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის სამი შეხვედრა – 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, პირველი სექტემბერის შესხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბერის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან. თავიდან უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს შეხვედრებზე გაჟღერდა რაღაც ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას და სტატუსის მინიჭების საკითხს. სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების საკითხს. პირიქით, თავად დასკვნასაც თუ გადავხედავთ, ცდილობს სასამართლო თავიდან აირიდოს ეს საკითხი, რადგან ძალიან მკაფიოდ, ძალიან ნათლად და აშკარად არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტის ეს შეხვედრები, ისევე როგორც ყველა სხვა ქმედება შეეხებოდა და ამ შეხვედრების შინაარსიც იყო ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნა მხარდაჭერისა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ, როგორც ამბობენ, პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ თანამდებობიდან იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ძალიან ვცადეთ და გვინდოდა, საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო, ის არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე, სამართლებრივი კუთხით ემსჯელა სხვადასხვა საკითხზე. სხვათაშორის, დღესაც სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი არ გამოცხადდა განხილვებზე. არ გამოცხადდა კი არა, პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების, ჩვენ მიერ ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლო განხილვა ყოფილიყო სამართლებრივი განხილვის და არა პოლიტიკური ჭიდაობის, თუ კინკლაობის სივრცე. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი იქ ყოფნა. სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო. როცა ვკითხულობთ დასკვნას, ძალიან მიმყარდება ეს სამწუხარო განცდა, რომელიც გამიჩნდა განხილვების დროს. პირველი წუთიდან, როგორც კი სხდომა დაიწყო, სრულიად გასაგები გახდა, სად იდგნენ მოსამართლეების უმრავლესობა. დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. განსხვავებული აზრების არსებობა ამ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა არ არის ერთსულოვანი სასამართლოს მხრიდან,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილის შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის. „ახლა ალბათ სამართლებრივ მსჯელობას არანაირი აზრი არ აქვს, საკითხი უკვე გადავიდა პოლიტიკურ ველზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სამართლებრივი ნაწილი არის დასრულებული, თუ შეიძლება, ერქვას, რომ ამ საქმეს საერთოდ სამართლებრივი ჰქონდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, საერთოდ ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება, უკვე ძალიან დიდი დოზით, სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის, ევროინტეგრაციის პროცესისთვის, უკიდურესად დამაზიანებელია სტატუსის მინიჭების შანსებისთვის თვითონ ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ვიმყოფებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. როგორ დასრულდება პარლამენტში, ეს გამოჩნდება, მაგრამ თუ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ, წამოწყებამ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანამ და ასე შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან, უახლოეს თვეებში სტატუსის მიღების შესაძლებლობა დაგვაკარგვინა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ამ შედეგზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც და ის ამას ვერ გაექცევა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგენს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა. „ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგენთან საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე − ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - წერია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე ავრცელებენ ელჩის კომენტარს. „ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი, დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას,“ - განაცხადა რობინ დანიგენმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში - მარკ ნორდბერგი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე. რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად  

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამის შესახებ ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას,“ - განაცხადა რობინ დანიგენმა. რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა  

NATO-მ ბირთვული შეკავების ყოველწლიური წვრთნები დაიწყო: ალიანსი ყველა მოკავშირეს დაიცავს

NATO-მ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ბირთვულ წვრთნა „Steadfast Noon“ დაიწყო, რომელშიც 60-მდე თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. სასწავლო ფრენები სამხრეთ ევროპის თავზე შესრულდება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ეს არის რუტინული სასწავლო აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 13 მოკავშირე ქვეყანა. სწავლებაში ჩაერთვებიან მოწინავე გამანადგურებელი თვითმფრინავები და აშშ-ის B-52-ის ტიპის ბომბდამშენები, რომლებიც შეერთებული შტატებიდან გაფრინდებიან. სასწავლო ფრენები განხორციელდება იტალიის, ხორვატიისა და ხმელთაშუა ზღვის თავზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წვრთნები ხელს შეუწყობს ბირთვული შემაკავებელი საშუალებების სანდოობის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „ეს აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ NATO ყველა მოკავშირეს დაიცავს.“ „სწავლება არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და წვრთნების ძირითადი ნაწილი ტარდება რუსეთის საზღვრებიდან სულ მცირე 1000 კილომეტრში. ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ცხადყოფს, რომ „NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის შეკავება“. ის ხაზს უსვამს, რომ ვიდრე ბირთვული იარაღი იარსებებს, NATO დარჩება ბირთვულ ალიანსად," - წერია NATO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  სწავლება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  

მიმდინარე თვეს შავ ზღვაში ხომალდი ნაღმს მეორედ შეეჯახა

Reuters-ის ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფი ნავთობპროდუქტების მზიდი ტანკერი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროზე ნაღმს შეეჯახა. ტანკერმა გუშინ ინციდენტის დროს მცირე დაზიანება მიიღო. ეკიპაჟი კი, უსაფრთხოდაა. განუცხადეს სააგენტოს წყაროებმა. ეს არის ამ თვეში მეორე გემი, რომელიც მცურავ ნაღმს შეეჯახა. 6 ოქტომბერს თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ასევე ნაღმს შეეჯახა. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს." შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონაშია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე.  

ბლინკენი ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ხანგრძლივ ომზე“ მიუთითებს

ორშაბათს თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ ისრაელს ყოველთვის ექნება აშშ-ის მხარდაჭერა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს აქვს „ღრმა ვალდებულება ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას თავისი ხალხი“. გალანტი თავის მხრივ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება. ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა ამასთან, მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა "ჰამასის" ტერორიზმისგან დასაცავად. ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან ასევე განიხილა შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.  

პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. „მართალი გითხრათ, დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღეს დარჩენილი იყო ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთ ისეთ ადგილად, სადაც გარკვეულწილად, ნდობას იმსახურებდა სასამართლო. დღეიდან, ესეც არ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ უნდა რცხვენოდეს - ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი სამმა ადამიანმა გადაარჩინა თავიანთი თავის რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება ქვეყნისთვის იმ დროს, როცა პრაქტიკულად, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის დამახინჯებული. ამ ქვეყანაში აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი, გარდა ერთისა, პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ამიტომ მინდა, გაგამხნევოთ და გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას - არსად მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც (ან სცადეს) და დემოკრატიაც იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - ან თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც თავის მანდატს გააგრძელებს, ამას გეტყვის ახლო მომავალი, როგორ იქნება და რა იქნება, მაგრამ თქვენ მინდა, გითხრათ, რომ ერთად მივაღწევთ პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს - რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები. მომავლ წელს უკვე შემდეგი ეტაპი, გვაქვს წელიწადი, წლიწადნახევარი წინ და ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დაესწრება. მან მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ. „პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობდა ვიცი, რომ ქვეყანაში არსებობს დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის კენჭისყრას პრეზიდენტი დაესწრება: ზურაბიშვილმა ოპოზიციას მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ყველა მოსამართლეს უნდა სხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ზურაბიშვილი პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დაესწრება. მან მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ. „პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობდა ვიცი, რომ ქვეყანაში არსებობს დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.  

რუმინეთის ბაზაზე საფრანგეთის Rafale-ის ტიპის გამანადგურებლები განლაგდნენ

საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების შემადგენლობა, რომელიც დაახლოებით, 40 ჯარისკაცისგან და სამი Rafale-ის ტიპის გამანადგურებლებისგან შედგება, ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 86-ე საჰაერო ბაზაზე (კომუნა Borcea) ჩავიდა. ფრანგი სამხედროები შეასრულებენ ერთობლივ სასწავლო მისიებს ჯარისკაცებთან და რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებთან ერთად. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ერთობლივი სასწავლო მისიები ხელს უწყობს სწრაფი რეაგირებისა და შეკავების შესაძლებლობების გაზრდას, ასევე, რუმინეთის საჰაერო ძალებსა და საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს შორის თავსებადობის გაძლიერებას. 29 აგვისტოს რუმინეთმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან. საწვრთნელ ცენტრში უკრაინელი პილოტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების მართვას ისწავლიან. F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ  

ბაიდენის ისრაელში ვიზიტს მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს „სტრატეგიული მნიშვნელობა“ ექნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, როდესაც ჰკითხეს ბაიდენის შესაძლო ვიზიტის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ეს სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება მთელი აღმოსავლეთისთვის. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელში მოდის, რათა მოისმინოს სრული მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ყველა იმ ქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ,“ - განაცხადა ჰაგარმა. ეს კომენტარი იმ დროს გაკეთდა, როცა ბაიდენის ვიზიტის შესახებ აშშ-ს ოფიციალურად არ ჰქონდა გამოცხადებული. აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელში ხვალ ელოდებიან. მისივე თქმით, ისრაელის ამჟამინდელი ფოკუსი არის ღაზა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ისრაელი აპირებს, რომ გადადგას. განიხილება ბაიდენის ვიზიტი ისრაელში - Sky News 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

ბლინკენი და ნეთანიაჰუ შეხვედრის დროს საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარში გადაიყვანეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თადაცვის კაბინეტის წევრებთან ერთად, ხუთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში გადაიყვანეს. თელ-ავივში საჰაერო თავდასხმის სირენები ამოქმედდა, იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი. ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ბლინკენი ახლო აღმოსავლური ტურნედან ისევ ისრაელში დაბრუნდა კონსულტაციებისთვის. მანამდე ის ისრაელს 12 ოქტომბერს ეწვია.  

ბრიუსელის ცენტრში სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ საფეხბურთო ფორმა ეცვათ. მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კაცი სადგურის მახლობლად, დიდი იარაღის გამოყენებით რამდენჯერმე ისვრის. ბელგიური მაუწყებლების ცნობით, დაღუპულები შვედები არიან. დღეს შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ბელგიის საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. BBC წერს, რომ უცნობია, ისინი მატჩზე დასასწრებად იყვნენ თუ არა ბელგიაში ჩასულები. პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, რომ ოფიცრები მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და გზა გადაკეტეს. მან სროლის გარემოებების დაზუსტებაზე უარი თქვა. Washington Post-ი წერს, რომ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტ სიფრთხილეს იჩენენ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის გამო.  ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 20 წლის ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა, თუმცა BBC წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.  

WP: აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს, სანაცვლოდ, ვენესუელა არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობით ჩაატარებს

The Washington Post-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვენესულის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს და ვენესუელა მომავალ წელს არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს. ამერიკული გამოცემა ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით წერს. შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელას დროით ლიმიტს დაუწესებს. შეთანხმება არ მოიცავს ვენესუელის გაყინული აქტივების გათავისუფლების საკითხს. შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, მადურო ვალდებული იქნება, რომ მომავალ წელს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას და მედიის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.  REUTERS-ი გასული წლის ივნისში წერდა, რომ აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ვენესუელის ნედლი ნავთობი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარებოდა. გასული წლის მაისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებდა.  

ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ეგვიპტის გავლით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. ლაიენის თქმით, ევროკავშირი ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. პირველი რეისები მიმდინარე კვირიდან არის მოსალოდნელი. „პალესტინელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ… ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზას მიმართულებით ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი მიმდინარე კვირაში შედგება,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას, ევროკავშირი გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას 75 მილიონ ევრომდე (79 მილიონი აშშ დოლარი) ღაზის სექტორში გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ევროკავშირის განმარტებით, „დაფინანსება გადანაწილდება ევროკავშირის მიერ შერჩეული ჰუმანიტარული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც ადგილზე მოქმედებენ, შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.“  

ბრიუსელმა თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა

ბრიუსელმა ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს დონემდე გაზარდა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელგია-შვედეთს შორის შეჩერებულია და გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ სტადიონზე დარჩნენ. მანამდე ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე მიმალვაშია. პროკურორები ამბობენ, რომ სროლას ტერორიზმად განიხილავენ.  

ბაიდენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში თელ-ავივში ჩაფრინდება. ჯონ კირბის განცხადებით, ვიზიტი მოკლევადიანი იქნება და მისი მთავარი მიზანია, ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობა დაადასტუროს და ხელი შეუწყოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას. მისივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენი განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების საკითხს და ასევე იმუშავებს უსაფრთხო გადასასვლელის შექმნაზე, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღაზას ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონდეთ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში გამგზავრების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ. „ცხადია, ვიზიტი არ შედგებოდა, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდით, რომ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცულია,” - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ისრაელში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანში გაემგზავრება, სადაც იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისის და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ისრაელში ბაიდენის ვიზიტი „სტრატეგიული მნიშვნელობის“ იქნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის - IDF-ის სპიკერი  

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას ღაზის სექტორის შესახებ

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოუწოდებდა. გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გამართული კენჭისყრის დროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ოთხმა ქვეყანამ: აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და იაპონიამ მისცეს, რეზოლუციას მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, თავი კი, ექვსმა შეიკავა. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ რეზოლუციაში „ჰამასი“ ნახსენებიც არ არის. „„ჰამასის" არდაგმობით, რუსეთი ხელს აფარებს ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც სისასტიკეს სჩადის უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ. ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის თვალთმაქცობა,“ - განაცხადა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება განმარტა. ომის შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც გმობს "ჰამასის საზარელ ტერორისტულ თავდასხმებს" და რომელიც ბრაზილიამ მოამზადა, კენჭს ხვალ უყრიან.  

ნეთანიაჰუ პუტინს: ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასის“ შესაძლებლობებს არ გაანადგურებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასი“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს არ გაანადგურებს. „პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს თავს დაესხნენ ბოროტი და სასტიკი მკვლელები. ისრაელმა მათ ომი გამოუცხადა და არ გაჩერდება, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ „რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს დიპლომატიური საშუალებებით კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას.“ ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია ბენიამინ ნეთანიაჰუმდე რუსეთის პრეზიდენტი პალესტინის ხელისუფლების, სირიის, ირანისა და ეგვიპტის ლიდერებს ესაუბრა და ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილა. გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას ღაზის სექტორის შესახებ  

ირანი ისრაელს ემუქრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ ისრაელს, გააკეთოს ღაზაში ყველაფერი, რასაც მოისურვებს, უახლოეს საათებში შესაძლოა, ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას. „წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ სიონისტურ რეჟიმს, ნებისმიერი ქმედება განახორციელოს ღაზაში. ყველა ვარიანტი ღიაა და ჩვენ არ შეგვიძლია, გულგრილი ვიყოთ ღაზაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების მიმართ,“ - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტმა, შესაძლოა, უახლოეს საათებში პრევენციული ზომები განახორციელოს. „წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია, აწარმოოს გრძელვადიანი ომი მტერთან (ისრაელთან). უახლოეს საათებში ჩვენ შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას,” - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტი მხოლოდ ლიბანში „ჰეზბოლით“ არ შემოიფარგლება. „ეს ფრონტი ჩამოყალიბდა მთელ რეგიონში, რათა შეინარჩუნოს ერების დამოუკიდებლობა და დაუპირისპირდეს სიონისტური რეჟიმის მხრიდან აგრესიას,“ - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი  

„ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმის დროს გატაცებული მძევლის ვიდეოს ავრცელებს

Reuters-ის ცნობით, დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულმა “ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ქალის პირველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის არის 21 წლის მაია შემი, შოჰამიდან, ისრაელიდან. ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ოჯახს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მაია შემი „ჰამასმა“ გაიტაცა. ისინი აცხადებენ, რომ კავშირში არიან გატაცებული გოგოს ოჯახთან.  ამასთან, განაცხადეს, რომ იყენებენ „ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ ზომას" ტყვეების დასაბრუნებლად. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მიმართვა გაავრცელა გოგოს დედამ, კერენ შარფ შემმა. „ვევედრებით მსოფლიოს, რომ ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენ გელოდებით,“ - განაცხადა გატაცებული მაია შემის დედამ. სულ მცირე 199 ისრაელელი და უცხოელი „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა შეიპყრეს და ტყვედ აიყვანეს თავდასხმისას, რომლის დროსაც დაიღუპა 1300 ადამიანი, რაც ისრაელის 75-წლიან ისტორიაში ერთ დღეში დაღუპულთა უდიდესი რაოდენობაა.