ძებნის რეზულტატი:
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელს, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ. „გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ გამოცხადდება, რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონიდან გამომდინარე, არ ვარ უფლებამოსილი, ეს კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე გამოვაცხადო ჩემი პოზიცია. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებოდით და ჩვენ განვაცხადებდით. არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ და ცნობილია სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილება. იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება. ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებთ. მას შემდეგ რაც დოკუმენტს ხელი მოეწერება... ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. ნორმალური საქმე იყო, დროში ვიყავით შეზღუდულები. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. შეიძლება თავისი მნიშვნელობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.
ოლაფ შოლცი ხვალ ისრაელში ჩავა - მედია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ხვალ ისრაელში გაემგზავრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი მაუწყებელ ntv-ზე დაყრდნობით. სააგენტო წერს, რომ მთავრობის სპიკერმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ისრაელში გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
საქსტატი: სექტემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 253.5 ლარი იყო, სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი ორი ლარითა და 60 თეთრით შემცირდა და ჯამში 250.9 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში ორი ლარითა და 30 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 222.2 ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). საქსტატში აღნიშნავენ, რომ ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მოქალაქის მიმართ ადევნების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალბატონის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში 62 სამართალდამცავია მხილებული,“ - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
ირანის ელჩს საქართველოს პარლამენტის კომიტეტზე გამოსვლა სურს
ირანის ელჩს საქართველოში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლა სურს. რადიო თავისუფლების ცნობით, მაჰმუდ აბიდი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ შესაბამისი თხოვნით საქართველოს პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს, მიმართა. ელჩი „მკაცრად გმობს სიონისტური რეჟიმის ელჩის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ“. საუბარია ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის 12 ოქტომბრის გამოსვლაზე ამავე საპარლამენტო კომიტეტში. ისრაელის ელჩი: „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერათ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, ისრაელის სახელმწიფოსთან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ. კომიტეტის სხდომაზე ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს მოსმენა მშვიდობიან გარემოში წარმართულიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. ირანის საელჩოში მიიჩნევენ, რომ „საქართველო ოკუპაციის წინააღმდეგია, მხარს დაუჭერს პალესტინელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობაში მის მისწრაფებაში“. საქართველოს პარლამენტი ჯერ არ გამოხმაურებია კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის შესაძლებლობაზე ირანის ელჩის მოთხოვნას. მანამდე ირანის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა, ჩაერთოს ისრაელ-„ჰამასის“ ომში, თუ არ შეწყდება ღაზის სექტორის დაბომბვა. ისრაელის სარდლობა ვარაუდობს, რომ ირანის ჩართვა იქნება „მეორე ფრონტის“ გახსნა რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ სამხრეთ ლიბანსა და სირიაში.
ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შეხვდება. ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა. ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. 15 ოქტომბერს, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ." საუდის არაბეთმა ისრაელთან ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის არგუმენტები მიიჩნია სარწმუნოდ და პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა. ადვოკატ არჩილ დვალიშვილის თქმით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც, ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 - ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მიუხედავად იმის რომ ბრალდებულებს აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული, პროცესზე მათ სიტყვის თქმით არ უსარგებლიათ. საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედება. გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა, თუმცა, 27 წლის კაცის ნათესავებმა პოლიციას არ შეატყობინეს. შეგახსენებთ, პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯ შახმანოვას დედა და კიდევ ერთი ბიძა - მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა
ბენ ჰოჯესი: ჩვენ გვჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის
2014-2017 წლებში ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს მოიგებს. ის ამბობს, რომ ისტორიის მაგალითები გვიჩვენებს, ომი ნებისყოფის გამოცდაა და ეს არის ლოგისტიკის ტესტი. ამის შესახებ ჰოჯესი უკრიანულ მედიასთან („ევროპეისკაია პრავდა“) ინტერვიუში საუბრობს. „რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს. ვფიქრობ, ხალხს არასწორად ესმის, რა არის კონტრშეტევა. ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ადგილზე - ბრძოლა სანგრებში და ნაღმებთან. ეს მხოლოდ კომპონენტია ბევრად უფრო დიდი, ძალიან დახვეწილი კონტრშეტევის, რასაც NATO „მრავალ დომენს“ უწოდებს. სწორედ ამას აკეთებს ახლა უკრაინა: ჰაერი, ხმელეთი, ზღვა, კიბერსფერო, ინფორმაცია.... ყველაფერი ინტეგრირებულია ისე, რომ უკრაინას ეძლევა ინიციატივა და ის უზარმაზარ ზეწოლას ახდენს რუსეთის გენერალურ შტაბზე. თავდასხმა ყირიმზე ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ეს ყველაფერი ერთად, არ იყო შემთხვევითი. ეს იყო ძალიან დახვეწილი მიდგომა, ლოგისტიკური ტექნიკური მომსახურების ობიექტზე თავდასხმისა და განადგურებისთვის, შემდეგ კი, შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების მიზნით,“ - აღნიშნა ჰოჯესმა. ჟურნალისტმა ჰოჯესს ჰკითხა: არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდით ამ წლის ბოლომდე ყირიმის გათავისუფლების შესახებ. რატომ არ მოხდა ეს? „მე მჯეროდა, რომ უკრაინა ამ ზაფხულის ბოლომდე გაათავისუფლებდა ყირიმს. მაგრამ, როგორც გახსოვთ, მე ყოველთვის გამოვდიოდი გაფრთხილებით: თუ დასავლეთი უზრუნველყოფდა ყველაფერს, რაც საჭიროა. და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ,“ - უპასუხა ჰოჯესმა. მისივე თქმით, საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი თავს არ დაესხმებოდა უკრაინას, ამ ქვეყნის NATO-ში ყოფნაა. „რუსეთს არ სურს თვითმკვლელობა, რაც მისი მხრიდან NATO-ზე თავდასხმა იქნებოდა,“ - აღნიშნავს ჰოჯესი. მან შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ჩვენ გვჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. უნდა შევწყვიტოთ უკრაინაზე ისე ლაპარაკი, რომ ის თითქოს, კუნძულია, ამის ნაცვლად, უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, როგორც რეგიონის ნაწილზე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, როგორც NATO-ს წევრი. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მერე ვინ იცის, იქნებ მოლდოვა და საქართველო (ვნახოთ, რედ.) ევროკავშირში მაინც. ეს შეცვლიდა უსაფრთხოების დინამიკას ისტორიულად, თაობების განმავლობაში. ასეც მოხდება,“ ამბობს ბენ ჰოჯესი. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზივი
პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში - ჰადას მეიცადს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. „შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. დიპლომატმა პრემიერს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა,“ - წერია ინფორმაციაში. საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს
9 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,5%-ით გაიზარდა
ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით 9 თვის განმავლობაში. გაიზარდა 4,5%-ით, ტრანზიტი – 6,7%-ით. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 22 მილიონ 665,1 ათასი ტონა შეადგინა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი იანვარ-ივლისში 6.4%-ით გაიზარდა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 76,1% BTC ნავთობსადენით გადაიზიდა. ამასთან, „ევროპაში ექსპორტირებულია 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 7,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,7 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 4,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
როგორი ამინდი იქნება 17 ოქტომბრამდე
16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სხდომაზე გამოცხადდა. „საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი," - განაცხადა სასამართლოს დასკვნის წაკითხვისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ. ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე: სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს - „ქართულ ოცნებას” იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები პარლამენტში არ აქვს.
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას სამი მოსამართლე ეწინააღმდეგებოდა
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ დასკვნის გამოცხადებისას განაცხადა, რომ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ. კერძოდ, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. „საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. მისივე შეფასებით, „საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება ე.წ. „კოჭლ იხვად“ (ამერიკაში ასე უწოდებენ მიმავალ პრეზიდენტს, რომლის გავლენა მცირდება საპრეზიდენტო ვადის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, რედ.), რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული.“ „სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს. როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული,“ - განაცხადა კობახიძემ. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
საია: პრეზიდენტი 78-ე მუხლის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად მოქმედებდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპოიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი კონსიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად მოქმედებდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ დავას იმპიჩმენტის შესახებ. ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის თითოეული დებულების მისი ნამდვილი მიზნის შესაბამისად განმარტება და მათი პრაქტიკაში გამოყენება. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობების წარმოებასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან, უნდა განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომელიც სპეციალურ ნორმაში - 78-ე მუხლშია ასახული. სხვა სიტყვებით, უფლებამოსილებები, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა გაგებით, მათ უნდა გამოიყენონ შინაარსობრივი კომპეტენციის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს პოზიციის „ერთ ხმაში გაჟღერების“ საჭიროება. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება. პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, ხოლო პოლიტიკური კი - საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში (დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში) პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია. იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა, თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს. სრული შეფასება იხილეთ ბმულზე საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი ამ კვირაში უყრის კენჭს
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს. „მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ხვალ, 17 ოქტომბერს, ბიუროსა და პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს განიხილავენ. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის აპარატს დაუკავშირდება და თუ მას განხილვაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ. „მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პარლამენტში ოფიციალურად შემოვა, საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი უნდა შედგეს. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოვადგენთ, რომელშიც განხილვის გრაფიკი იქნება. პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან ორი კვირა აქვს, რათა საკითხი განიხილოს და კენჭი უყაროს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, აჯობებს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს
პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს თქმით, ახალი წესით პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს. „სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭერთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე; პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს; პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას; გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ; არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია,“ - წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
იერუსალიმში რომის პაპის წარმომადგენელი მზადაა, ღაზის სექტორში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს
რომის პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელმა იერუსალიმში, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა მზადაა, ღაზის სექტორში ჰამასის მიერ მძევლად მყოფ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს. „მზად ვარ გაცვლისთვის. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ, თუ ამან შეიძლება, ბავშვები სახლში დააბრუნოს. ჩემი მხრიდან სრული მზადყოფნა იქნება," - განაცხადა კარდინალმა Reuters-ის ცნობით. ის მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ტყვეების გათავისუფლებაა, სხვა შემთხვევაში კი, კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია. კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა რომის კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენს ისრაელში, პალესტინურ ტერიტორიაზე, იორდანიასა და კვიპროსში, რეგიონში, სადაც დაახლოებით, 300,000 კათოლიკე ცხოვრობს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში
საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური მოთხოვნის დაუცველობის დიადი და კეთილშობილური მიზანი თუ კეთილი განზრახვა, რასაც, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი ისახავდა, სამართლებრივად, ვერ გააუქმებს საკუთრივ კონსტიტუციური დანაწესის დარღვევის ფაქტს მისი მხრიდან - ამის შესახებ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო ვერ გამოავლენს შემგუებლურ დამოკიდებულებას კონსტიტუციის დანაწესის დარღვევისადმი იმ საფუძვლით, რომ დარღვევა კეთილ მიზანს ისახავდა. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შექმნის იმის პრეცედენტს, რომლითაც თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დასაშვებად გამოაცხადებს კეთილ განზრახვაზე მითითებით. „სასამართლოს აზრით, არ არსებობს სერიოზული, სიღრმისეული მსჯელობის საჭიროება იმაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს გაცნობიერებული, რომ კონსტიტუციის დარღვევით მოქმედებდა. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ იგი, ტრადიციულად, ყოველთვის მიმართავდა მთავრობას თანხმობის მისაღებად უცხოეთში განსახორციელებელ ყოველ ვიზიტთან მიმართებაში. სალომე ზურაბიშვილმა გასული ორი წლის მანძილზე მთავრობისგან თანხმობა მოითხოვა 38 ვიზიტზე. მან თანხმობა მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვიზიტის გამოც, თუმცა უარი მიიღო. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თითოეულ ამ შემთხვევაში მთავრობისაგან კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების სავალდებულოობა და მასთან ერთად, ის გარემოება, რომ ყოველი ამგვარი ვიზიტის დროს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წარმომადგენლობას ახორციელებდა. ასევე ყურადსაღებია, რომ სადავო სამუშაო ვიზიტები მან განახორციელა საკუთარი სახსრებით და მოერიდა ბიუჯეტური სახსრების გამოყენებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სულ მცირე, დარწმუნებული არ იყო ამ ვიზიტების კონსტიტუციურობასა და მათ გამო ბიუჯეტური სახსრების დახარჯვის მართლზომიერებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს სერიოზულად და დამაჯერებლად არ ესახება არგუმენტი, თითქოს თანხმობის საკითხზე მთავრობის რამდენიმე უარმა დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი, რომ სინამდვილეში მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა. სასამართლო მხედველობაში იღებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა გააგრძელა სამუშაო ვიზიტები სხვა სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებთან, კერძოდ, იგი იმყოფებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქ გაემგზავრა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა იქნა აღძრული სწორედ მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების გამო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის არც სასამართლოს მეგობრის მტკიცება, რომ მართალია, de facto კონსტიტუცია დაირღვა, მაგრამ de iure - სადავოა. საქმის ფაქტების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის სამი ვიზიტი, რომელთა კონსტიტუციურობა არის სადავოდ გამხდარი პარლამენტის წევრთა მხრიდან, უკავშირდებოდა საქართველოსთვის ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. სალომე ზურაბიშვილის არაერთი საჯარო განცხადების და მისი წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას გაკეთებული განმარტებების მიხედვით, ზემოაღნიშნული შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტებთან, ისევე როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მიზნად ისახავდა ამ საკითხის მხარდაჭერას. მიუხედავად კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა მხრიდან ამ მიმართებით გამოთქმული ზოგიერთი ეჭვისა და ნეგატიური მოსაზრებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია მყარი საპირისპირო მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეხვედრები პრეზიდენტის მიერ დეკლარირებულ მიზნებს არ ემსახურებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური მოთხოვნის დაუცველობის დიადი და კეთილშობილური მიზანი თუ კეთილი განზრახვა, რასაც, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი ისახავდა, სამართლებრივად, ვერ გააუქმებს საკუთრივ კონსტიტუციური დანაწესის დარღვევის ფაქტს მისი მხრიდან. სასამართლო ვერ გამოავლენს შემგუებლურ დამოკიდებულებას კონსტიტუციის დანაწესის დარღვევისადმი იმ საფუძვლით, რომ დარღვევა კეთილ მიზანს ისახავდა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ავალდებულებს პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტურ ვერდიქტს დაუჭირონ მხარი. პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტისას მათ უნდა იმოქმედონ იმპიჩმენტის იდეისათვის შესატყვისი პოლიტიკური კრიტერიუმებით და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება,” - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში. ამასთან, კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით. ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ტექსტის თანახმად, ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა „საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და მისი ადგილი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციის სტრუქტურის, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებისა და რელევანტური კონსტიტუციური ნორმების სისტემური განმარტებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განმარტა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოლაპარაკების წარმოების კონსტიტუციური შინაარსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და დაადასტურა, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაგულისხმები არ იყო და ვერც იქნებოდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტის შესაბამისი აქტივობა არ შეესაბამებოდა საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს, რის გამოც, საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებას, რომ თითქოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა, როდესაც მისი ქმედება ამ მიმართულებებს შეესაბამებოდა და მთავრობის პოლიტიკას აცდენილი არ იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში იმპიჩირებად ქმედებად მიჩნეულ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ სამ სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის რანგში, განახორციელა საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და სამივე შემთხვევაში აწარმოვა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რამდენადაც იგი კონსტიტუციურ ორგანოებს „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“ ავალდებულებდა ყველა შესაძლებელი ზომის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისათვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ ეს მუხლი საქართველოს პრეზიდენტსაც მხოლოდ „საკუთარი უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედების მანდატს ანიჭებდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს წარმომადგენლობას, ვრცელდებოდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა მთავრობისგან თანხმობის მიღების თაობაზე. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით. თავისთავად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტის ფიციც, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და პასუხი გასცა სხვა არაერთ სამართლებრივ საკითხს, რაც კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენის დროს იქნა პროცესის მონაწილეების მხრიდან დაყენებული. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასკვნით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს „კონსტიტუციის დარღვევას“ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის,“ - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაია სანდუ: ჩვენ აღარ ვყიდულობთ რუსეთის გაზს, მოსკოვს აღარ შეუძლია ჩვენი დაშანტაჟება
„მოლდოვა დღეს აღარ ყიდულობს რუსულ გაზს კომპანია „გაზპრომისგან“. ჩვენ ვყიდულობთ გაზს ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გვაშანტაჟებს, როგორც წინა წლებში გვაშანტაჟებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ მოლდოვის პოლიტიკა არ მოსწონდათ, ისინი გვიბრუნდებოდნენ და გვეუბნებოდნენ: ჩვენ ვწყვეტთ თქვენთვის გაზის მოწოდებას,“ - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, გარდა იმისა, რომ მოლდოვამ უკვე შექმნა ზამთრისთვის ბუნებრივი აირის გარკვეული მარაგი, კიშინიოვს წელს საკმარისი ელექტროენერგიაც ექნება. მაია სანდუ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ბინძური, კორუფციული ფულის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოლდოვის პროკურატურა ცდილობს, რათა მიაღწიოს ისრაელიდან პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის, ილან შორის ექსტრადიციას. მას მოლდოვის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა საბანკო მაქინაციებში მონაწილეობის გამო. „[ილან] შორი სანქციების სიაში ჰყავს შეყვანილი ევროკავშირის მრავალ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სავსებით ნათელია, რომ ჩვენ წინაშე დგას ეროვნულ უსაფრთხოებასთან და რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული საკითხები. და ეს ყველაზე მეტად იჩენს თავს ამ არჩევნების დროს. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი თავის დასაცავად. არჩევნები დემოკრატიაა. იმას, რასაც რუსეთი მოლდოვაში თავის უკანონო, ბინძურ ფულით ცდილობს, არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს,“ - განაცხადა მაია სანდუმ. მოლდოვის დღევანდელი ხელისუფლება და დასავლელი პოლიტიკოსები „შორს“ ადანაშაულებენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში და პარტიას პრორუსულს უწოდებენ. მისი აკრძალვა დაკავშირებულია მოსკოვის გავლენის შემცირების სურვილთან. თავად „შორის“ წარმომადგენლებმა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ოქტომბრის დასაწყისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ პარტია „შორის“ ყოფილ წევრებს. პარტია იმავე სასამართლომ რამდენიმე თვის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მას შემდეგ ის დაშლილად მიიჩნეოდა. მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ 4 ოქტომბერს. მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს