ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის ელჩი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ დეზინფორმაციის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მედეგობა გავზარდოთ
ევროკავშირის ელჩის შეფასებით, დეზინფორმაცია არის გლობალური გამოწვევა და საშიშროება ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი მზადაა ,დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც საქართველოში მედიაწიგნიერების ხელშეწყობის სფეროში მოღვაწეობს, სადამდეც ეს საჭირო იქნება.“ „საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა აღნიშნა, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზანია „ატმოსფეროს მოწამვლა, გზავნილების არევ-დარევა და უნდობლობის შექმნა.“ დამარწმუნებელი ფაქტებით გამყარებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სიმართლის გარჩევა დახვეწილი სიცრუისგან, რომელიც შექმნილია ჩვენი დაშორების, შეცდომაში შეყვანის ან თუნდაც ზიანის მიყენების მიზნით, უწყვეტი ბრძოლაა. უნდა გავაუმჯობესოთ მედიაწიგნიერების უნარები, რათა უკეთ გავარჩიოთ სიმართლე სიცრუისგან და მისი გავრცელება შევაჩეროთ. ამისთვის გვჭირდება ერთიანი ფრონტი და მჭიდრო თანამშრომლობა. ევროკავშირის მხრიდან ბოლო რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორებთან, რომ საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარებას ხელი შევუწყოთ. ვმუშაობთ კომუნიკაციების კომისიასთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, ასევე რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომ ინფორმაციის მოხმარების კრიტიკული შეფასების უნარის გაუმჯობესების გზით, დეზინფორმაციის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მედეგობა გავზარდოთ. ტრენინგების საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეხმარებით სკოლების მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე ვაწვდით ევროკომისიის მიერ შემუშავებულ თანამედროვე სახელმძღვანელოებს, რათა მათ კლასებში ციფრული წიგნიერების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების პოპულარიზაციაში დავეხმაროთ. გასულ კვირას გორის მახლობლად მდებარე სოფელ აძვის საშუალო სკოლაში ევროკავშირის დაფინანსებით მედიაწიგნიერების ტრენინგი ჩატარდა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი“ იმ სკოლიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრის დაშორებითაა, ის საკლასო ოთახის ფანჯრებიდან ჩანს. საქართველოში მედიაწიგნიერების აქტივობების მხარდაჭერით, ვიცავთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა ბავშვები და მასწავლებლები აძვიდან, უცხოური აქტორების მიერ გავრცელებული მანიპულირებული და იარაღად ქცეული ინფორმაციისგან, რომელსაც ზოგჯერ შიდა აქტორები იმეორებენ და აძლიერებენ. ვეხმარებით, უკეთესი ნავიგაცია რომ შეძლონ ხშირად დამაბნეველი ან ბოროტი განზრახვით დატვირთული ინფორმაციით ზედმეტად გაჯერებულ სამყაროში. ქართველი ფაქტების შემმოწმებლების ციტირების ნება მიბოძეთ; ისინი ამბობენ, რომ „მედია წიგნიერება არის გადარჩენის უნარი ქაოსურ საინფორმაციო ეკოსისტემაში ნავიგაციისთვის. ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ გრძელვადიან იმუნიტეტს უზრუნველყოფს“. მიუხედავად იმისა, რომ მედიაწიგნიერება ეფექტური საშუალებაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, შედეგის მიღებას დრო სჭირდება. ევროკავშირი მზადაა ,დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც საქართველოში მედიაწიგნიერების ხელშეწყობის სფეროში მოღვაწეობს, სადამდეც ეს საჭირო იქნება,“ - განაცხადა ელჩმა.
ელჩი მაქიი: კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა
კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაქიიმ განაცხადა, რითაც ამერიკის დაზვერვის ცნობებს გამოეხმაურა არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. მან უპასუხა შეკითხვას - „მართლაც აქვს რუსეთს შესაძლებლობები, რომ გლობალურად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში?“ „დემოკრატია დიდ საშიშროებას წარმოადგენს პუტინისთვის. ამას ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ გადაცემებში. ვიტყოდი, რომ კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია. ასე რომ, დიახ, ვიცით, რომ მსგავსი რამ ხდება, მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე, დასაბუთებული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ასევე აკვირდებიან სადამკვირვებლო მისიები, რათა არ მოხდეს არანაირი ჩარევა,“ – განაცხადა ერინ მაქიიმ. ელჩმა აღნიშნა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და არამარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დარწმუნდნენ, რომ განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების შემთხვევაშიც, ხელს უწყობენ დემოკრატიული პროცესებისადმი მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას. „სწორედ იმიტომ ვმუშობთ ამდენს, რომ დავრწმუნდეთ, ეს პროცესი არის ნათელი, გამჭვირვალე, სადაც მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომელთა ხმებიც გათვალისწინებულია არჩევნებზე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომობთ თქვენთან, საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ თუნდაც განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების გაჩენის შემთხვევაშიც, ხელს ვუწყობთ მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას დემოკრატიული პროცესებისადმი და, რა თქმა უნდა, თავად დემოკრატიული შედეგებისადმი,“ – განაცხადა მაქიიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში. საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
31 ოქტომბერს, შიდა ქართლში, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. რადიო თავისუფლების ცნობით, ინფორმაცია ჟურნალისტებს ერგნეთში 115-ე შეხვედრის დაწყების წინ მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ. „მთავარი თემაა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი, რადგან გუშინ ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება... დაკავება მოხდა ოსურ სოფელ გვირგვინასთან, რომელსაც ესაზღვრება ქართული სოფელი ტახტისძირი," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 31 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. დღეს, პირველ ნოემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 115-ე სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და მოითხოვს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
ელჩი დანიგანი: ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა შესაძლებლობები განვითარდეს, გარკვეული ინოვაციები დაინერგოს
ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები.“ ელჩის თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. „ჩემთვის დიდ პატივია, ვიმყოფები თქვენს გარემოცვაში. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და პატივსაცემი სტუმრები არიან დღეს შეკრებილი. სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიების, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აშშ საქართველოს გვერდით არის სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით. ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტებული მიდგომა, ზუსტად ამაშია საქმე. არის სხვადასხვა მიმართულება, პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემნები, როდესაც პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ და პაემნები ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებები გააზრება, იდენტიფიცირება,“ – განაცხადა ელჩმა. ელჩის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. „საქართველოს წარმომადგენლობა ახლახან დაესწრო ბელგიაში ჩატარებულ კონფერენციას. ასევე სამინისტროს წარმომადგენლები კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში და უახლოეს მომავალში ასეთი რამ იგეგმება. პროფესიული გადამზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, მოხდეს გარკვეული ინოვაციების დანერგვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ადამიანზე ორიენტებული მიდგომაა. ასევე არის გამოფენა, ჩვენთან ახალა ეს არის კიდევ ერთ ინოვაციური მიდგომა, როდესაც პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე გაყიდვები და ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ხდება. ეს კონფერენცია დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, რათა კვლავაც აღვნიშნოთ გამოწვევები, რომელიც არსებობს და აღვნიშნოთ ის რეფორმები, რომელიც ჩატარდა. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე, მის უფლებები ორიენტებული. ეს კონფერენცია წინ გადადგმული ნაბიჯია,“ – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა
ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფების მიერ განხორციელებული რამდენიმე შეტევის შემდეგ, ისრაელმა წითელი ზღვის ტერიტორია საზღვაო ძალების სარაკეტო გემებით გააძლიერა. „წითელ ზღვაში გემები სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე განლაგდნენ,“ - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტა და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ხოლო დღეს დილით, კიდევ ერთი საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს
სახალხო დამცველი შსს-ს მოქმედი თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი განმარტავს, თუ რატომ არ დაადგინა მის მიმართ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი. სახალხო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს წარუდგინა გოგა რაზმაძის მიერ მიწოდებული, დისკრიმინაციის შესაძლო გარემოებების გამაქარწყლებელი ყველა არგუმენტაცია. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის მომართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხს ეხმიანება. როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გოგა რაზმაძის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა და საქმისწარმოება შეწყდა. სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა. ამ საქმეში, სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია. ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა. დამატებით, საქმეზე გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილში, სახალხო დამცველმა შეაფასა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ამასთან, ცალკე მსჯელობა დაეთმო პოლიციელთა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, ევროსასამართლოს პრაქტიკისა და პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ანალიზს. სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს. რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს, სრული ტექსტის გამოქვეყნება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია,“ - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ელჩმა დანიგანმა და სუს-ის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე. „გრიგოლ ლილუაშვილმა და რობინ დანიგანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. გრიგოლ ლილუაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობისთვის,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია
პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს
ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოში ევროკავშირის მისია 2004 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დაახლოებით, 60 მილიონი ევროა განსაზღვრული. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ჩვენი მისია 2004 წლიდან დაიწყო, ამას საფუძველი ჩაეყარა და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევროა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო - ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებას და გაძლიერებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში, ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. „ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციების წვლილიც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, მუხტი არ უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ არსებული, დარჩენილი გამოწვევები და პრობლემები ერთად გადავლახოთ, რათა შემცირდეს პატიმრობის მაჩვენებელი საქართველოში და იყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან საქართველო არის მოწინავე და იმ ხუთ ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა, როგორც სასჯელის. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დახმარებას კვლავაც აღმოუჩენს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად, საზოგადოებასაც ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს
ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო გახდება ბლოკის შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირის მისია 2004 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული. „დღევანდელი კონფერენცია ფანტასტიკური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით. ჩემთვის სასიხარულოა ევროკავშირის წარმომადგენლობის ნახვა, უამრავი ქვეყნის წარმომადგენლობა ესწრება ჩვენს კონფერენციას და ჩემთვის ეს სასიხარულოა, ვინაიდან ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია და შესაძლებლობებზე ვისაუბროთ. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ჩვენი მისია 2004 წლიდან დაიწყო, ამას საფუძველი ჩაეყარა და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო - ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებას და გაძლიერებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში, ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მედია: კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიხედვით, ღაზის სექტორს 500-მდე უცხოელი დატოვებს
საერთაშორისო მედიის ცნობით, კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ღაზის სექტორის დატოვებას უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ. საუბარია 500 ადამიანზე. მედია წერს, რომ აშშ-ის ზედამხედველობით გაფორმებული შეთანხმების თანახმად, უცხოური პასპორტის მფლობელებს და ზოგიერთ მძიმედ დაშავებულს უფლება ექნება, რომ ღაზის სექტორი დატოვოს. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეგვიპტური სასწრაფო დახმარების მანქანები ღაზის სექტორში უკვე შევიდნენ, რათა დაშავებული პალესტინელები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით დარჩება ღია რაფაჰის გადასასვლელი ევაკუაციისთვის. წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ კატარმა შუამავლობა ისრაელს, ჰამასსა და ეგვიპტეს შორის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოახდინა, რათა გაეთავისუფლებინათ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მძიმედ დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზის სექტორში.
ირაკლი კობახიძე: ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა. ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან განსხვავებით, ქალ ოპოზიციონერებს ბოდიში არ მოუხდიათ თავიანთი გამონათქვამებისთვის. „როდესაც ეს ადამიანები, მათ შორის, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი სწორედ ეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ. ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატს „პატარა კაცებს“ რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ „ბოდიში“ თეონა აქუბარდიასგან გახსოვთ, რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა? ამიტომ, ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი - სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა სინანულის გამოხატვა. ჩვენ „ბოდიშიც“ კი არ მოგვისმენია ამ კონკრეტული დეპუტატებისგან, როცა ისინი უზრდელობდნენ, არღვევდნენ ეთიკის სტანდარტებს. ეს არ გაუჭირდა ირაკლი ბერაიას, იმიტომ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი. როგორ შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან?! ისინი ახდენენ, მათ შორის, გენდერული კვოტების დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემოვიღეთ. როცა ამ დეპუტატებს ვუყურებ, აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია. თუკი ვინმე ამ პარლამენტში ახდენს პოლარიზაციას ხელოვნურად, ესენი არიან სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. მინდა, მანდ მოვუწოდო, პატივი სცენ საკუთარ საპარლამენტო სტატუსს, იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები და მოიქცნენ სხვანაირად! მათ აქვთ ორმაგი, შვიდმაგი სტანდარტი, ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი, რომ უნდა იყოს ეთიკური წესები დაცული,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა. მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა ქალ დეპუტატებს, რომლებიც მმართველი გუნდის წევრების, მათ შორის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ.
ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა, არჩევნები 17 დეკემბერს დანიშნა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ვადამდელი საყოველთაო არჩევნები, რამდენიმე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, 17 დეკემბერს დაინიშნა. „ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, გლობალური გამოწვევების დროს, როცა აუცილებელია ყველა გაერთიანდეს ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად," - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კამპანია არის შესაძლებლობა, ცივილიზებული ფორმით წარმოადგინონ სხვადასხვა იდეა, პროგრამა, პოლიტიკა, რომლებიც კონკურენციაში შევა ერთმანეთთან, მაგრამ არასოდეს შეუქმნის საფრთხეს უმნიშვნელოვანესს, სახელმწიფოს, ხალხისა და ეროვნულ ინტერესებს. სერბეთის პრეზიდენტს 250-ადგილიანი ეროვნული ასამბლეის არჩევნების გამოსაცხადებლად დრო 2 ნოემბრამდე ჰქონდა. ადგილობრივი არჩევნები დედაქალაქ ბელგრადთან ერთად, 60-მდე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. მაისში მომხდარი მასიური სროლის შემდეგ, რასაც პროტესტი და პრეზიდენტისა და სხვა ლიდერების გადადგომის შესახებ მოწოდება მოჰყვა, ვუჩიჩი მზარდ ზეწოლას განიცდიდა.
მედია: ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ კიდევ 20 მანქანას გაუგზავნის
ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ კიდევ 20 მანქანას გაუგზავნის, იტყობინება ადგილობრივი მედია ლატვიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით. მანქანები გადაეცემა პოლტავის პირველ საქალაქო ჰოსპიტალს, ხარკოვის სამედიცინო ცენტრსა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციას. 2023 წლის ივლისში ლატვიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 432 მანქანის კონფისკაცია მოახდინეს და მზად იყვნენ, ისინი უკრაინაში გაეგზავნათ. 26 ოქტომბერს, ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა. ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინას გადასცეს - მედია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით ერთხმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა. კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს. სააგენტო: საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება
საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიღო. საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას. პარლამენტის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ 10-წლიან ცენზს, "უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად." იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ 10-წლიან ცენზს, "უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად." ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები; გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება; მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით ბარათში წერია, რომ მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5-წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე 2018 წელს გაიზარდა, რამაც "გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოქალაქეობის არმქონე პირებზე." უწყება განმარტავდა, რომ "მოქალაქეობის არმქონე" სტატუსის დადგენა დაიწყო 2012 წლიდან, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა.
კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხნენ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 810 300 ამერიკულ დოლარს, 110 ევროს და 6500 ლარს დაეუფლნენ. „დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ უნდფორმაციაში.
მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე: სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეგვიცვლია - ვინც არ უნდა იყოს, მიმტევებლები უნდა ვიყოთ
განიხილება, თუ არა წმინდა სინოდის 2 ნოემბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი, ამ შეკითხვას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მედიასთან უპასუხა. მას არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე იმსჯელებენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სინოდის სხდომა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებითაა მოწვეული. „მინდა, დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდის სხდომა. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთ არ გვაქვს უფლება, რომ სინოდი მოვიწვიოთ, პატრიარქის გარდა ვერავინ მოიწვევს,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა. გარდა ამისა, კითხვაზე, როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ „ნორმალური“. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა. „გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია. და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი,“ - ეწერა საპატრიარქოს განცხადებაში ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მაკრონი ყაზახეთშია: საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენ მიჰყვებით
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრაზე, მაკრონმა ყაზახეთი უკრაინის საკითხში მოსკოვის მხარეს დადგომაზე უარის თქმისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საქმიან გარიგებებს, მათ შორის, პარტნიორობის შესახებ განზრახვას იშვიათ მიწათა და იშვიათი ლითონების საკმაოდ მოთხოვნად სფეროში. „საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენ მიჰყვებით თქვენი ქვეყნისთვის, უარს ამბობთ, რომელიმე ძალის ვასალობაზე და ცდილობთ, დაამყაროთ მრავალრიცხოვანი და დაბალანსებული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან,“ - განუცხადა მაკრონმა თოყაევს. Reuters- წერს, რომ რუსეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში დასავლეთის მზარდი დიპლომატიური აქტივობის გამო, შეშფოთება გამოთქვა. „ყაზახეთმა და უზბეკეთმა, სადაც მაკრონი მოგზაურობს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე უარი განაცხადეს და პირობა დადეს, რომ დაემორჩილებიან დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთს და დასავლეთის ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებენ,“ - წერს Reuters-ი. „ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენ აქ ვართ, როცა მათ ვჭირდებით და პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას. იმ სამყაროში, სადაც დიდ ძალებს სურთ, გახდნენ ჰეგემონები და სადაც რეგიონული ძალები არაპროგნოზირებადები ხდებიან, კარგია, გყავდეს მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ამ ფილოსოფიას,“ - განაცხადა მაკრონმა. მაკრონის ვიზიტის შესახებ კითხვას, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთი ყაზახეთთან ურთიერთობას „ძალიან აფასებს.“ „ჩვენი მხრივ, ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები, სტრატეგიული პარტნიორობის კავშირები ყაზახეთთან, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან და ჩვენი ინტერესები გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ყაზახეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს დახვედრისას განაცხადა: „გმადლობთ, რომ მიიღეთ ჩემი მოწვევა და ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩამოხვედით. ყაზახეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა კარგად ვითარდება. თუმცა, აუცილებელია ორმხრივ ურთიერთობებს ახალი ბიძგის მიცემა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ვიზიტი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება.“ ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თოყაევი ბერლინს ეწვია. ოქტომბერში კი, ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით რუსეთის მცდელობებთან საბრძოლველად.
თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს
ყაზახეთი დამატებით ძალისხმევას ახორციელებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ასტანაში, ყაზახურ-ფრანგული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მიწოდების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით, ყაზახეთი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, რათა მიაღწიოს ტვირთის წლიურ მოცულობას - 10 მილიონ ტონამდე. „ახლა მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის დაკავშირება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან და ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივასთან,“ - აღნიშნა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.7149 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0070 ლარი შეადგინა. ევროს კურსი 2.8650 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8877 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.