ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში პუტინს ბრინჯაოს ძეგლი გაუხსნეს
ტელეგრამ-არხ Baeston-ის ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძეგლიც გაუხსნეს. რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევის ინიციატივით, სკულპტურა მის მშობლიურ სოფელ წორბისში დადგეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ თედეევს სანქციები დაუწესა. რადიო თავისუფლების ცნობით, პუტინის სკულპტურა სტალინის ძეგლის გვერდით გახსნეს.
ბელორუსის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მინსკი და თბილისი „ურთიერთქმედების გააქტიურებაზე“ შეთანხმდნენ
მინსკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იგორ ნაზარუკსა და ბელორუსში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი საგანელიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „შეხვედრაზე განიხილეს ბელორუსულ-ქართული დიალოგის აქტუალური საკითხები. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთქმედების გააქტიურების შესახებ,“ - აცხადებენ დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის სექტემბერში ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე 2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან „გადაიდო და ხელი არ მოაწერა ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას.“
მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის
მოლდოვის მთავრობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) გამორიცხავს იმ ორგანიზაციების სიიდან, რომლებსაც ქვეყანა ყოველწლიურ საწევრო გადასახადს უხდის. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური ავრცელებს. მოლდოვა დსთ-დან გასასვლელად ემზადება. ფინანსთა მინისტრის პეტრუ როტარუს მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, თანხა, რომელსაც მოლდოვა 2023 წელს გამოყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევრო შენატანების გადასახდელად, 16 მილიონი ლეით - 66,5 მილიონიდან 50,5 მილიონ ლეიმდე მცირდება. კლება დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ მოლდოვა გადასახადს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეასა და თანამეგობრობის შვიდ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის აღარ გადაიხდის. ბოლო 4 წლის განმავლობაში დსთ-ს ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საწევრო გადასახადის სახით თითქმის 35 მილიონი ლეი ჩაირიცხა. ივლისში პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვის გასვლას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა,“ - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.
პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. უწყების ცნობით, დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია. „სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ენტონი ბლინკენი ხუთ ქვეყანას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისრაელში, ენტონი ბლინკენი დაადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და განიხილავს მცდელობებს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში აშშ-ის მოქალაქეების დასაცავად, მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების ტემპისა და მოცულობის გასაზრდელად და კონფლიქტის გავრცელების პრევენციისთვის. „იორდანიაში, სახელმწიფო მდივანი ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას და ერთობლივ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილ, მდგრად მიწოდებას, აუცილებელი სერვისების განახლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ პალესტინელები ღაზიდან იძულებით არ გადაადგილდნენ. ის ასევე განიხილავს გადაუდებელ მექანიზმებს ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად, რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად და კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, იმუშაოს პარტნიორებთან ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც მოიცავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი ტოკიოში ვიზიტის დროს მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ კიშიდა ფუმიოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ კამიკავა იოკოსთან, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები, მათ შორის უკრაინის ეკონომიკური აღდგენისა და ენერგეტიკული საჭიროებების მხარდაჭერა. ენტონი ბლინკენი იაპონიის შემდეგ სეულში ჩავა, სადაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს, საგარეო საქმეთა მინისტრ პარკ ჯინს და მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩო ტაე-იონგს შეხვდება. შეხვედრებზე განიხილავენ გზებს, თუ როგორ უნდა უპასუხონ შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მზარდ სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. მხარეები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრებენ. ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეის შემდეგ ნიუ-დელიში ჩავა, სადაც 2+2 მინისტერიალის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინიც დაესწრება. აშშ-ის დელეგაცია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრამანიამ ჯაიშანკარს, თავდაცვის მინისტრს, რაჯნათ სინგს და ინდოეთის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივი და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ცნობისთვის, თურქული მედია პირველ ნოემბერს წერდა, რომ ბლინკენი 5 ნოემბერს ანკარაში ჩავა.
აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს. მისი თქმით, აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა, ვაშინგტონმა, მერილენდმა და არიზონამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და ნოემბერი ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის თვედ გამოაცხადა. „ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო, ჰოლოდომორის გენოციდის აღიარების შესახებ აშშ-ის რეგიონულ კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს ჰოლოდომორის, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით. ჩვენ ყველა შტატის უკრაინულ საზოგადოებას ვიწვევთ, რომ მონაწილეობა მიიღონ 90 წლის წინ საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში,“ - აცხადებს აშშ-ში უკრაინის ელჩი. ცნობისთვის, დღემდე, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად მსოფლიოს სამ ათეულამდე ქვეყნის პარლამენტის, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არის აღიარებული. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში
ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში და ასევე ხედავს ქვეყანაში ურანის ექსპორტის პოტენციალს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში პირველ ნოემბერს ჩავიდა. ყაზახეთ-ფრანგულ ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას თოყაევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროები მიმოიხილა. მისი აზრით, ასეთი პრიორიტეტები მოიცავს ენერგეტიკულ სექტორს. „ყაზახეთი არის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი საფრანგეთის ბაზარზე და ჩვენი ქვეყანა მზად არის, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა," - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. მისივე თანახმად, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ევროპაში მოხმარებული ატომური საწვავის მეოთხედზე მეტს შეადგენს. „ვინაიდან ატომური ენერგიის გამომუშავების წილი საფრანგეთის ენერგეტიკულ სექტორში 63%-ს აღწევს, თანამშრომლობის გაგრძელების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს," - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში. მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზეც ისაუბრა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს
EUMM ერგნეთის შეხვედრაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მხარი დაუჭირეს დაკავებულების გათავისუფლებას
პირველ ნოემნერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 115-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას EUMM-ის განცხადებით, თანათავმჯდომარეებმა „დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ სექტემბერში გამართული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შედარებით სტაბილური იყო.“ ამავე დროს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემები, მათ შორის უსაფრთხოების ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავებები. ცნობილია, რომ საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში 7 მოქალაქე რჩება (რედ.) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას და მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას,“ - აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გარდა ამისა, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების სრული თავისუფლების დამყარების მიმართ და წარმოადგინეს კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ევროკავშირის მონიტორინსგის მისიის შეფასებით, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე კვლავ დგას დაბრკოლებები, რომლებიც ზღუდავენ მათ საარსებო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხელს უშლიან მათ სოციალურ ურთიერთობებს. „თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს შეზღუდვები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და იზოლირებულ თემებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ აღნიშნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების რეზოლუციის მიღების გუშინდელი 23-ე წლისთავი და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის კონტექსტში ქალების მძიმე გამოცდილების გაანალიზების შესაძლებლობას და მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი ასრულებენ მისთვის გადაწყვეტილების ძიებაში.“ მონაწილეები ასევე მიესალმნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებს. განსაკუთრებით დადებითად აღნიშნეს, თანამშრომლობა ექსპერტებს შორის 27 ოქტომბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომლის დროსაც შეთანხმდა წყლის გაზიარების საერთო მიდგომა მომავალი 2024 წლის სარწყავი სეზონის დროს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი რეგულარული შეხვედრა 2023 წლის 13 დეკემბერს მოიწვიონ. ერგნეთში ინციდენტების პრევნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, განხილული საკითხები დაასახელა. მათ შორის არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია
ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი. იუსტიციის მინისტრი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“
პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბადრაგი 342 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია. კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია
რატი ბრეგაძე: კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. მისი თქმით, დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. „სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,“ - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში. პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს
გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა
გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა, რომელიც ქვეყანაში უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. გერმანიის შს მინისტრის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ „ჰამასის“ სახელით შეხვედრების გამართვა ან მათი პროპაგანდის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. „დღეს მე სრულად ავკრძალე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა,“ - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიშლება პროპალესტინური ქსელი, რომელიც Samidoun-ის სახელით არის ცნობილი. გასულ თვეში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის წევრები გერმანიის ქუჩებში „ჰამასის“ ტერორს ზეიმობდნენ. გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას აჩერებს, კრძალავს „ჰამასის“ მხარდამჭერ აქტივობებს
ორბანი ყაზახეთში: უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, ასე იქნება მომავალშიც
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი ასტანაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხები. ორბანის თქმით, უნგრეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა ისეთ კარგ დონეზეა, როგორც არასდროს, მაგრამ პოტენციალი, განსაკუთრებით ეკონომიკაში, ჯერ კიდევ დიდია. „ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება. უნგრელები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან ყაზახეთში, რადგან ჩვენ ხალხებს ათასწლიანი საერთო ფესვები აკავშირებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ ჩვენი თანამშრომლობის გასავითარებლად და კარგი შედეგები მივიღეთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა. უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი და ასეთად დარჩება მომავალშიც,“ - განაცხადა ორბანმა. ორბანი ასტანას თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მე-10 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სტუმრობს. ყაზახეთში ასევე ელოდებიან თურქეთის პრეზიდენტს. უფრო ადრე, ყაზახეთში, პირველ ნოემბერს იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუალ მაკრონი.
მედია: რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებას ამცირებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა წერს. „რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის“ გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიასთან გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების საფუძველზე,“ - მიიღეს ნათქვამია, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. ადრე რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4.05 მილიარდი რუბლი იყო. შესაბამისად, დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 824,4 მილიონი რუბლია ათვისებული, 2023 წლის ლიმიტის ნაშთი კი 390.6 მილიონი რუბლია. ასლან ბჟანია: აფხაზეთისთვის რუსული ფულადი დახმარება მცირდება სხდომის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის “ინვესტიციის“ მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს. დე-ფაქტო “მთავრობამ“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხზე, რუსულ კომპანიასთან „შეთანხმება“ გააფორმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.
სანდუ რუსეთს მოლდოველი ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა. სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვმა ორ თვეში თითქმის 5 მილიონი დოლარი გამოყო "კრიმინალური ჯგუფებისთვის", მათ შორისაა აკრძალული პარტია, რომელსაც გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს. სანდუმ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დამნაშავეების დასასჯელად ზომები მიიღონ. მოლდოვაში არჩევნები ამ კვირას იმართება. „მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხმა მისცეს იმ კანდიდატებს, რომლებიც მოლდოვის პროევროპულ პოლიტიკას გააგრძელებენ და ამ გზაზე დაბრკოლებებს არ შექმნიან,“ - განაცხადა სანდუმ. 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში. საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.
ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს სინოდის სხდომაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, რაც საეკლესიო თემებს ეხება. მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა, რომ არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, „თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული.“ „დაზუსტებით, უკვე, როდესაც გამოქვეყნდება სინოდის განჩინება, იქ ვნახავთ განხილულ საკითხებს. ზოგადად გეტყვით, რა საკითხები იყო. არცერთი ის განცხადება, რაც აქამდე გაკეთდა, რომ თითქოს მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე. ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ და მოსახლეობას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. ასევე მიმოხილული იყო სიტუაცია იმ ეპარქიებში, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური საომარი ვითარება განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. მიმდინარე საკითხები, იყო რაც საეკლესიო თემებს ეხება,“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. გარდა ამისა, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პატრიარქის გადადგომის საკითხი არ დამდგარა. „განხილვა შეეხებოდა საერთაშორისო საკითხებს, ამ დიდ დაძაბულობას - უკრაინას, პალესტინას. მეტი არაფერი,“ - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია
სუს-ის ცნობით, 31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელ გვირგვინის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას პირველ ნოემბერს განუცხადა, რომ უკანონი პატიმრობაში სულ 7 მოქალაქე რჩებოდა.
სომხეთი აცხადებს, რომ გაანეიტრალა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სამთავრობო შენობების დაკავებას აპირებდა
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა (NSS) განაცხადა, რომ გაანეიტრალა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სამთავრობო შენობების დაკავებას აპირებდა. უწყების ცნობოთ, ხუთი ბრალდებული და სხვა დაუდგენელი პირები, წინასწარი შეთქმულებით, ემზადებოდნენ 2023 წლის განმავლობაში აფეთქებისა და „სხვა სოციალურად საშიში აქტის“ ჩასადენად, ასევე სომხეთში და სხვა სტრუქტურებში ეროვნული მნიშვნელობის შენობების დასაკავებლად. „2023 წლის განმავლობაში ისინი ემზადებოდნენ აფეთქებებისა და სხვა სოციალურად საშიში მოქმედებების განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო და სხვა შენობების დასაკავებლად. ამ ქმედებების მიზანი იყო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის შეფერხება,“ - წერია განცხადებაში. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა გეგმა ვერ განახორციელეს, რადგან მათი იდენტიფიცირება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა. სისხლის სამართლის საქმე დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით აღიძრა. მათ ბრალი წაუყენეს. უსაფრთხოების ძალებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში, მისი მონაწილეები ხალხის მოსაზიდად, "უკრაინული და მოლდოვის ტელეგრამ არხების" - (“ეროვნული ხსნის აჯანყება") შექმნას აპირებდნენ. გარდა ამისა, ბრალდებულები მათი ოჯახის წევრების საქართველოში ევაკუაციას გეგმავდნენ. დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ არხების გააქტიურება და აქტივისტების მობილიზება, ტერორისტული აქტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე იგეგმებოდა.
მოსკოვი ერევნის „ანტირუსულმა ჟესტმა“ აღაშფოთა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრას დემონსტრაციულ ანტირუსული ნაბიჯი უწოდა. „სომხეთის ხელმძღვანელობა ანგრევს მოსკოვსა და ერევანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. ჩვენ ამ შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ,“ - განაცხადა ზახაროვამ. კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის შეხვედრა მალტაში გაიმართა, რომლის დროსაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ერმაკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტში მონაწილეობისა და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ვალდებულება, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხებში. მანამდე მედია წერდა, რომ უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ბერბოკი: კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ. „ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა. ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა. „ამჟამად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ვბედავთ. გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეკემბერში გასამართ სამიტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებაზეც მიანიშნა. „გვსურს, უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად ვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გასცემს,“ - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.