ძებნის რეზულტატი:

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს უგზავნის

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, მათ შორის ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემისთვის გადასცა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ უკრაინითვის გაწეული სამხედრო დახმარების სია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე განახლდა. კერძოდ, უკრაინას ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი TRML-4D, 12 ჯავშანტრანსპორტიორი (APC), შვიდი სადაზვერვო დრონი Primoco ONE, ორი AMPS თვითდაცვის სისტემა ვერტმფრენებისთვის, ოთხი სატვირთო ტრაქტორის მატარებელი და 12 სატვირთო მანქანა MAN TGS და სხვა დახმარება მიეწოდა. გარდა ამისა, გერმანია უკრაინაში 25 LEOPARD 1 A5-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის გაგზავნას დანიასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გეგმავს.  

ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა

ბაჰრეინის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც საკანონმდებლო საკითხებს განიხილავს, ისრაელიდან ელჩის გაწვევის შესახებ აცხადებს. ისრაელი აცხადებს, რომ ბაჰრეინის მთავრობისგან არ მიუღია რაიმე განცხადება ან გადაწყვეტილება ამ ქვეყნების ელჩების გამოწვევის შესახებ. მედიის ცნობით, ბაჰრეინმა ასევე განაცხადა ისრაელთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შესახებ. პირველ ნოემბერს იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არაბული ლიგის იმ ოთხი ქვეყნიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებებს 2020 წელს, ერთ-ერთმა ისრაელის წინააღმდეგ ასეთ ქმდებას მიმართა.  ბაჰრეინ-ისრაელის კავშირები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა აშშ-ის მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც განიხილება, როგორც მთავარი გარღვევა ათწლეულების განმავლობაში, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7149 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8865 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8650 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0215 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

იუსტიციის მინიტრმა პატიმრების გაქცევის საქმის დეტალებზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს. მინისტრის თქმით, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით. რატი ბრეგაძე: კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი, კოლეგა უწყებასთან ერთად. ამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, დამატებითი დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია,“ - განუცხადა იუსტიციის მინისტრმა მედიას.  

მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება

დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება. დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება. პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის შესაბამისობაში მოყვანა 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა. „ბოლო ათი წელია, არ გაზრდილა ან არ შეცვლილა ხელფასი. თუმცა, ეს საკითხი ყოველთვის იყო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურში ხელფასებს, მათ შორის, ის ათპროცენტიანი ზრდა, რაც ბოლო წლებში არის, არ ეხება პარლამენტის წევრებს. ამან შედეგად გამოიღო ის, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის წევრის. ამიტომ არის საჭიროება, რომ მოხდეს, შესაბამისობაში მოყვანა. 2017 წელს დადგინდა კოეფიციენტები საჯარო სამსახურისთვის. მაშინ ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამ კოეფიციენტებთან, მათ შორის პარლამენტის აპარატში, თუმცა დეპუტატებისთვის მაშინ ეს ცვლილება არ განხორციელებულა რეგლამენტში, ამიტომ ჩემი ინიციატივაა, რომ მართალია, არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის პირველი იანვრიდან მოხდეს ხელფასების, ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია კანონდებლობით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ის კოეფიციენტები, ინიციატივა, რომელიც მე მაქვს წარმოდგენილი, სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. უფრო მაღალიც შეიძლებოდა, ყოფილიყო სახელფასო ანაზღაურება,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად: პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით), პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი (იზრდება 2 910 ლარით), კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი (იზრდება 3 460 ლარით), კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი, მოადგილე 8 750 ლარი (იზრდება 3 950 ლარით), კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 500 ლარი (იზრდება 3 760 ლარით), პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი - (იზრდება 3 626 ლარით). რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას. კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.  

უკრაინამ NESTLE ომის სპონსორების სიაში შეიყვანა

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) შვეიცარიული კორპორაცია Nestlé ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა, რადგან კომპანია რუსეთში მუშაობას, საქონლის მიწოდებას და რუსული წარმოების ბაზის გაფართოებას აგრძელებს. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტოს განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზრიდან მიღებული მოგება კომპანიის მთელი საქმიანობის მხოლოდ 2%-ზე ოდნავ მეტია, Nestlé-მ მაინც ვერ გაბედა „ტერორისტული სახელმწიფოს“ ბაზრის დატოვება. „Nestlé აგრძელებს მუშაობას რუსეთის ფედერაციაში, აგრესორისთვის საქონლის მიწოდებას. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ კომპანია შევიტანოთ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში,“ - აცხადებს NACP. მისივე თანახმად, 2023 წელს კომპანიამ რუსეთის ტერიტორიაზე 271 მილიონი დოლარის ნახევარფაბრიკატი და ნედლეული შეიტანა.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩვენი მებრძოლები ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, “ჰამასის“ თავდაცვითი ხაზების ნგრევას აგრძელებენ

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს. IDF-მ პარასკევს განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციებს აფართოვებს.  „ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ “ჰამასის“ თავდაცვითი ხაზების ნგრევას ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და აკონტროლებენ ცენტრალურ ტერიტორიებს...ბრძოლა მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავდით,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

მაკრონი: საფრანგეთი მზადაა, შუა დერეფნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს

საფრანგეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარებაში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასტანაში, ყაზახეთ-საფრანგეთის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე, პირველ ნოემბერს განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული Trend-ი ავრცელებს. „ყაზახეთი არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო მარშრუტების მეშვეობით, პირველ რიგში კი, შუა დერეფნის გავლით," - განაცხადა მაკრონმა. თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს ყაახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა მაკრონის ვიზიტის დროს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე ისაუბრა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მ, რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის, 230 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტქნოლოგიების, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტირებას ახდენდა, მათ შორის არიან პირები და კომპანიები თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან დაკავშირებული პირთა ქსელი. პეტროვი სექტემბერში აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსში დააკავეს. ამერიკელების ცნობით, მან რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად სანქციების გვერდის ავლის რთული სქემა დააორგანიზა. აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა და შვიდი კომერციული ბანკი. ცალკე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით 100 სანქცია შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული და საშემოსავლო, მეტალურგიული და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორების წინააღმდეგ. ასევე, იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც რუსეთის ხელმძღვანელობის სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ გააფართოვა სანქციები, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.  

კვიპროსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდა

კვიპროსი გახდა 30-ე ქვეყანა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ვილნიუსის დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა. „ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებას და გავაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას,“ - აღჯიშნავს ზელენსკი.  11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა. ღონისიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივისა და საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარდა. ღონისძიებაში ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე” მონაწილეობდნენ. ამასთან, სიმბოლურად სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები. „თბილისს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს. ასეულობით ქართული სიმღერა, რომელიც არ არსებობდა როგორც ჩანაწერი, ანზორ ერქომაიშვილმა გადაიტანა ფურცლებზე და დაგვიტოვა უშველებელი საგანძური. ჩვენ სიამაყით ვართ აღვსილი. შვილებს, შვილიშვილებს, ბავშვებს უნდა გავაცნოთ ვინ იყო ბატონი ანზორი და რამხელა ღვაწლი აქვს მას ქვეყნის წინაშე,“ - მიმართა სტუმრებს სიტყვით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ. ცნობისთვის, დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ასევე გაეცანით: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა  

ლატვიამ რუსულნომრიანი ავტომობილების გადაადგილება აკრძალა

ლატვიის სეიმმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესწორებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელებს ავტომობილის დარეგისტრირების ან ქვეყნიდან გაყვანისთვის ვადა 2024 წლის 14 თებერვლამდე განესაზღვრათ. ვადის გასვლის შემდეგ რუსულ სატრანსპორტო საშუალებას თუ მაინც გამოიყენებენ, მფლობელებს ამ მანქანებს ჩამოართმევენ და მათ უკრაინას გადასცემენ. გამონაკლისი მხოლოდ ტრანზიტულად მიმავალ ავტომობილებზე გავრცელდება, თუმცა ტრანზიტი ერთჯერადად დაიშვება და ის 24 საათის ვადაში უნდა განხორციელდეს. კანონი 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა  

ისრაელის თავდაცვის ძალები: „ღაზა სრულიად ალყაშია, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება“

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ “ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება.“ „ჩვენმა ძალებმა სრულიად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი,” - განაცხადა ჰაგარიმ. ჰაგარის ინფორმაციით, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს. „ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ “ჰამასზე“… შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ, ჰაგარიმ ასევე აღნიშნა, რომ ტერმინი “ცეცლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება.“  

საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს უკრაინის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია DTEK-სთვის $267 მილიონის გადახდა დააკისრა

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინის უმსხვილეს კერძო ენერგეტიკულ კომპანია DTEK-ს 267 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი უნდა აუნაზღაუროს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა 2017 წლიდან მიმდინარეობს. „მე მჯერა სამართლიანობის და ზუსტად ვიცი, რომ დღევანდელი დღე იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი სწორი მსოფლიო წესრიგის აღდგენისკენ. და ჩვენ მივყვებით ამ გზას, ვიდრე რუსეთი პასუხს არ აგებს იმ ბოროტებისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა,“ - განაცხადა DTEK-ის აქციონერმა რინატ ახმეტოვმა. კომპანიის განმარტებით, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩამორთმეული აქტივების გამო, კომპანია DTEK-ის მოთხოვნა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ, სრულად დააკმაყოფილა. „დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, ყირიმში უკრაინული ინვესტიციების ექსპროპრიაციისთვის,“ - განაცხადა მარნი ჩიკმა, Covington & Burling LLP-ის პარტნიორმა, რომელიც DTEK-ს წარმოადგენდა. DTEK-მა განმარტა, რომ გეგმავს, გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ დაიწყოს.  ცნობისთვის, უკრაინის უმდიდრეს ადამიანს, რინატ ახმეტოვს მარიუპოლში ფოლადის ქარხნების დაბომბვის შედეგად უდიდესი ზარალი მიადგა. ახმეტოვის მფლობელობაში იყო ქარხანა „აზოვსტალი“, რომელიც რუსეთის ძალების სამიზნე გახდა. მარიუპოლის დაბომბვისას ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდა „ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატი.“  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა, სენატი მის უარყოფას აპირებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ სენატი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 226 ხმით196-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი 12-მა „დემოკრატმა“ დაუჭირა, ორი „რესპუბლიკელი“ კი წინააღმდეგი წავიდა. „დემოკრატები“ აპროტესტებენ იმას, რომ კანონპროექტი არ მოიცავს უკრაინის დახმარებას და შიდა შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტს ღრმა ხარვეზიანი წინადადება უწოდა და განაცხადა, რომ სენატი, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, მას მხარს არ დაუჭერს. მანამდე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუკი კანონპროექტი მის მაგიდაზე აღმოჩნდება, ვეტოს დაადებს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატში კი - დემოკრატები.  

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის მიერ გამოყენებული 38 დრონიდან 24 ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამით 38 დამრტყმელი დრონი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის დაჯგუფების პრესმდივნის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, მართვადი რაკეტა კიროვოგრადის ოლქში ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის 5 საათის განმავლობაში მუშაობდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცისა და კიროვოგრადის ოლქებში. ოდესის ოლქში დრონით დარტყმა ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას, ქალაქ ხარკოვში დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.  

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის $425 მილიონიანი დახმარების პაკეტს გამოყოფს - Reuters

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის წარდგენას გეგმავს. ეს დახმარება მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემას და  და სხვა საბრძოლო მასალებს. ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს. მოსალოდნელია, რომ პაკეტისთვის თანხები გამოიყოფა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან (USAI), რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, შეიძინოს ახალი იარაღი, ვიდრე ძველი მარაგები გამოიყენოს. დანარჩენ იარაღში შედის საჰაერო სარაკეტო სისტემები (NASAMS), HIMARS-ის საბრძოლო მასალები, საარტილერიო ჭურვები და სხვა სახის კრიტიკული საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინამ მოითხოვა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პაკეტი ჯერ კიდევ დაუსრულებულია და მისი კორექტირება შესაძლებელია. ბაიდენს ამ დახმარების გამოცხადეა კონგრესის თანხმობის გარეშე შეუძლია. სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა. ბაიდენის ადმინისტრაციას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი. პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით უკრაინას 44 მილიარდი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გაუწია.  

უნგრეთში NATO-ს ძალების მონაწილეობით, ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო

უნგრეთის შეიარაღებული ძალები 2-26 ნოემბერს NATO-ს ძალების მონაწილეობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნას - "Adaptive Hussars 23" გამართვენ. წვრთნების დროს, რომელიც უნგრეთის რამდენიმე რეგიონში ჩატარდება, არმიის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა შემოწმდება. ამასთან, შეიმუშავებენ „ურთიერთქმედებას თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო ადმინისტრაციას შორის.“ „ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ ეპოქაში: ომი, არალეგალური მიგრაცია და მათთან ერთად ტერორიზმის საფრთხე აწუხებს ევროპას. უნგრეთის მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოებ, რაც გარანტირებული იქნება კარგად გაწვრთნილი ჯარით,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა კშიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ. შეგახსენებთ, რომ სწავლება უნგრეთის გენერალური შტაბის უფროსმა გაბორ ბერენდიმ ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. მედიის ცნობით, მომავალ წელს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ ერთობლივ სამეთაურო სწავლებას ამზადებს, რომელშიც 40 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.  

პროკურატურა: საბადრაგო ჯგუფის უფროსმა სათანადოდ არ ჩაკეტა სატრანსპორტო საშუალების კარები, რითაც სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა

პროკურატურამ „ავერსის“ კლინიკიდან, 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები, რითაც სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა და ღია კარებებიდან სატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად დატოვეს. „პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. რატი ბრეგაძე: კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია  

ბლინკენი ისრაელშია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში აშშ-ის ელჩ ჯეკ ლიუსთან ერთად ჩავიდა. ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. მან გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ყურადღებას გაამახვილებს იმ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად. საუბარი იქნება "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლებისა და კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის შესახებაც. „ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ ზიანის შესამცირებლად და ეს არის ის, რის მიმართაც შეერთებული შტატები ერთგულია," - განაცხადა ბლინკენმა. ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს ეწვია, რის შემდეგაც ისევ ისრაელში დაბრუნდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა.