ძებნის რეზულტატი:

ნიდერლანდებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, რუს ბიზნესმენს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის სასამართლომ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, რუს ბიზნესმენს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და მისი კომპანია 200 000 ევროთი დააჯარიმა. ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, პროკურორებმა დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან სავარაუდოდ, იგი ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად, 2022 წელს ბრალი წაუყენეს. კაცი გაასამართლეს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების -  მიკროჩიპების და სხვა ელექტრონული საქონლის ტრანსპორტირებაში, უცხოური კომპანიების მეშვეობით, რათა შეენიღბათ ის ფაქტი, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთი იყო. ცნობისთვის, ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 რაუნდს, რომელიც, ნაწილობრივ, იმ ხვრელების ჩაკეტვას ისახავს  მიზნად, რამაც სანქციების გვერდის ავლა შესაძლებელი გახადა.  

იუსტიციის მინისტრი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან სამი პატიმარი გაიქცა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. მინისტრი მოუწოდებს გაქცეულ პატიმრებს, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. „დღეს, ადგილი ჰქონდა სამწუხარო შემთხვევას. გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს,“ - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, თუ ვინმე პატიმრებს მიმალვაში შეუწყობს ხელს, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი. „ასევე მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ მათთან კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია ამ ადამიანებისთვის. თუ ვინმე შეუწყობს ხელს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი,“ - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრი განმარტავს, რომ მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელია გატაცებული. ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.  

შსს-მ დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ისროლეს. ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად ავტომანქანას საბურავი აქვს გახვრეტილი, ხოლო ერთი ტყვია გაჭედილია მძღოლის სავარძელში, რომელზეც თავად იჯდა. გიორგი ტატუაშვილი 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების" რიგებიდან აირჩიეს. ის იყო „ქართული ოცნების" დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2020 წლის აგვისტოში ტატუაშვილი მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მანამდე მან მხარდაჭერა გამოუცხადა დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკს შეუერთდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ტატუაშვილი „ენმ - ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატი იყო დმანისში. გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმას განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. თავდასხმას ისიც ტატუაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი შეფასებით, დმანისის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს, რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა."  

Bloomberg: აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მომავლის სამ სცენარს განიხილავენ

აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მომავლის რამდენიმე ვარიანტს იკვლევენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, მოიცავს მრავალეროვნული ძალების შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ასევე შეიძლება, ამერიკულ ჯარებს შეიცავდეს. სააგენტოს ცნობით, პირველი სცენარი გულისხმობს ღაზას სექტორზე დროებითი კონტროლის გადაცემა რეგიონის ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჯარების მხარდაჭერით. “ასევე სასურველია ისეთი არაბული ქვეყნების ჩართულობა როგორიცაა, საუდის არაბეთი ან არაბეთის გაერთიანებული საამიროები,“ აღნიშნავენ Bloomberg-ის თანამოსაუბრეები. მეორე ვარიანტი არის მრავალეროვნული ძალებისა და დამკვირვებლების მსგავსი სამშვიდობო ძალების შექმნა სინაის ნახევარკუნძულზე, რომელიც აღასრულებს 1979 წელს ისრაელ-ეგვიპტის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ისრაელი, მიიჩნევს, რომ იდეა განხილვას იმსახურებს. მესამე ვარიანტი გაეროს ეგიდით ღაზის სექტორში დროებითი მთავრობის შექმნას გულისხმობს. ასეთი სცენარს უპირატესობას გაეროს ლეგიტიმურობა ანიჭებს, მაგრამ ისრაელი ამას  შეუსაბამოდ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ორგანიზაციის საქმიანობას “სარგებელი ნაკლებად მოაქვს.“ თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეფასებით, ყველაზე გონივრული იქნება, თუ ღაზის სექტორის მმართველობას და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, საბოლოო ჯამში, პალესტინის ხელისუფლება აიღებს. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, არ შეიძლება, სტატუს კვოს დაბრუნება „ჰამასის“ მმართველობასთან მიმართებით. ისრაელელი მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა. „ისრაელელები თავად იწყებენ ამ წინადადებით, რომ ისრაელის განზრახვა არ არის ღაზის სექტორის კონტროლი. ეს არ შედის მათ ინტერესში და ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ექნება მხარდაჭერა,“ – აღნიშნა ბლინკენმა აშშ-ის სენატში, ასიგნებების კომიტეტზე მოსმენისას. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში, 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და ორი ვერტმფრენია ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელის ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. აღნიშნავენ, რომ “რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.“ უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.  

ერაყის მოქალაქეები ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლას ცდილობდნენ

ერგნეთში ინციდენტების პრევნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, განხილული საკითხები დაასახელა. მათ შორის არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. „განვიხილეთ შვიდივე შემთხვევა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა დისკუსიას. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა პოზიტიური შედეგები ვამცნოთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ე.წ უკანონო ბორდერიზაცის შემთხვევევზე, „საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ბორდერიზაციის სამ ფაქტს. უკანასკელი დაფიქსირდა გუშინ. კიდევ ერთხელ გაჟღერდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია აღნიშნიული დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რადიო თავისუფლების ცნობით. ირაკლი ანთაძის თქმით, ისაუბრეს ასევე ე.წ. გადასასვლელებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. „გადადასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს 24 საათის განმავლობაში, რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, ისევ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ კონკრეტული არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ შესაძლოა არსებული გადაადგილების რეჟიმი გაუმჯობესდეს,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. მანვე ისაუბრა ლომისის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე და საქართველოს დროშის ჩამოხნის თემაზე. „დროშის ჩამოხსნაზე შედგა დისკუსია და მიეცა პრინცუპული შეფასება, საოკუპაციო ძალების ქმედება არის ცალსახად დასაგმობი, რაც მოხდა ლომისის წმიდნა გიორგის სალოცავზე,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ასევე ისაუბრა ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც ანთაძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს. ანთაძის განცხადებით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს. „როგორც თქვენთვის ცნობილია პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეკითხვაზე, რამდენად უწყობს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვითარების დესტაბილიზაციას ხელს, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე. მისივე ცნობით, ცხელი ხაზით წარმოებული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ერაყის მოქალაქეების უკან დაბრუნება და ისინი საქართველოში იმყოფებიან. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე დააკავეს რვა არაბი ლტოლვილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შესვლას. შამბას თქმით, მათ უკან დაბრუნებაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას  

საქართველომ და ავსტრიამ, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარებისა და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

ავსტრიამ და საქართველომ ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს, გერჰარდ კარნერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, ორმხრივ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი. „ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ალექსანდრე დარახველიძემ ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და ვენის პოლიციის დირექციას ეწვია, სადაც დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.  

ჯოზეფ ბორელი: მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს - სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს

„მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს“ შესაბამისი პოსტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ე ავრცელებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა. მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს. ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა,” - წერს ჯოზეფ ბორელი.  

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო, პროტესტის ნიშნად მიიღეს. „ელჩი თელ-ავივში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, „თუ ისრაელი შეაჩერებს ომს ანკლავზე და დაასრულებს „მის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ. „ეს არის იორდანიის პოზიციის გამოხატვა, რომელიც უარყოფს და გმობს ისრაელის ომს ღაზის სექტორში; რომელიც კლავს უდანაშაულო ადამიანებს და იწვევს უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას,“ - აღნიშნა საფადიმ. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს  

პრემიერის მრჩეველმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარუდგინა

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა,  ნიკო თათულაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) სამუშაო ვერსია წარუდგინა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. „აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველად სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორთან შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელების ფორმატზე, რაც ითვალისწინებს თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობით,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის ცნობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება  

ბულგარეთმა რუსი პროპაგანდისტი გააძევა

ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ (DANS) განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ გაცაკის ექსტრადიციის თაობაზე ბრძანება გასცა. DANS-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ბულგარეთში ჟურნალისტის საფარქვეშ ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. „ოთხშაბათს ალექსანდრ გაცაკმა ბულგარეთის ტერიტორია დატოვა, განაცხადა DANS-ის პრესცენტრმა. რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. შეკითხვებს არ გამოხმაურებია არც გაცაკი. მოსკოვი დაიმუქრა, რომ „საპასუხო ზომებს მიიღებს ბულგარეთის ხელისუფლების ქმედებების გამო.“ სექტემბრის ბოლოს ბულგარეთმა ჯაშუშობაში ეჭვის გამო, სოფიის რუსული ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვასიანი და ეკლესიის კიდევ ორი მოღვაწე გააძევა, რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა, ეკლესია კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა, ქვეყანაში პრორუსული განწყობები კვლავ შესამჩნევია. ბევრი ბულგარელი ასევე მხარს უჭერს ნეიტრალიტეტის პოზიციას რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით. 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 67.5% ამჯობინებდა, რომ მათ მთავრობას ომში მხარე არ გამხდარიყო. 2023 წლის ივნისში გამოკითხული ბულგარელების თითქმის 65%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% ემხრობოდა სამხედრო დახმარების მიწოდებას. კიდევ 66%-ს სურდა, რომ მთავრობა აეკრძალა რუსული სახელმწიფო მედია.  

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩადის - Anadolu

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა. ბლინკენი ანკარაში 5 ნოემბერს ჩავა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია სხვა დეტალებზე არ წერს. ცნობისთვის, ბლინკენი მანამდე ისრაელში ჩადის. ანკარის პოზიცია ისრაელთან მიმართებით ძალზედ კრიტიკულია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრო-პალესტინურ აქციაზე გამოსვლისას, ისრაელი სამხედრო დანაშაულში დაადნაშაულა, რის შემდეგაც ისრაელმა თავის დიპლომატებს ქვეყნის დატოვება უბრძანა. შეგახსენებთ, რომ აშშ ისრაელის მტკიცე მოკავშირეა „ჰამასთან“ ომში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

შტაინმაიერმა ტანზანიას გერმანიის მიერ წარსულში ჩადენილი კოლონიური სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ტანზანიას 1900-იან წლებში, გერმანიის მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა. ამ თემაზე მან ქალაქ სონგეაში, აჯანყების ადგილზე მდებარე მუზეუმში ისაუბრა. „მსურს, პატიება ვითხოვო იმისთვის, რაც აქ გერმანელებმა გააკეთეს. რაც აქ მოხდა, ჩვენი საერთო ისტორიაა – თქვენი წინაპრების ისტორია და ჩვენი წინაპრების ისტორია გერმანიაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.  

ზელენსკი: უკრაინა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დაბრკოლება აღმოიფხვრას

უკრაინის ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაბრკოლებები არ დარჩეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ევროპას, თანამშრომლობისკენ მიმართულ ევროპას და არა დაპირისპირებისკენ მიმართულს. ხალხის ევროპას და არა იდეოლოგიებს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეუძლია ჩვენს კონტინენტს, დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამას გააკეთებს. გავხადოთ ჩვენი ევროპა უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების თაობაზე ნებისმიერი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინის დახმარებისთვის და საერთო ღირებულებების დაცვისკენ მიმართული ერთობლივი ქმედებებისთვის. მან მადლობა გადაუხადა ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ხელს უწყობს ერთიანობის შენარჩუნებას: “ყველას, ვაშინგტონიდან ყველა მსოფლიო დედაქალაქამდე, სადაც ადამიანები და სიცოცხლე ფასდება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

რომის პაპი ისრაელ - “ჰამასის“ კონფლიქტთან დაკავშირებით „ბრძნულ გამოსავალზე“ მიუთითებს

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ბრძნულ გამოსავალზე მიუთითა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას. „ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო, ოსლოს შეთანხმების თანახმად: ორი ძალიან შეზღუდული სახელმწიფო და იერუსალიმი განსაკუთრებული სტატუსით," - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობაც. ბევრი ქვეყანა მიიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალია.  

ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატაში წერს, რომ რუსეთთან ომი გადადის ახალ ეტაპზე - პოზიციურ ომზე სტატიკური და გამომფიტავი ბრძოლებით. უკრაინელი გენერლის შეფასებით, ასეთი ომი ხელს აძლევს რუსეთს და მისთვის ძალების აღდგენის საშუალებაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, “პოზიციური” ომი დიდ რისკებს შეიცავს უკრაინისთვის, ხოლო აქედან გამოსავალი მხოლოდ მტერზე ყველაფერში უპირატესობის ქონა იქნება, კერძოდ კი “უპირატესობა ცაში, რადიოლოკაციური ბრძოლისა და არტილერიის საწინააღმდეგო ბრძოლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შესაძლებლობები, განაღმვის ახალი ტექნოლოგიები და მეტი რეზერვების მობილიზებისა და გაწვრთნის შესაძლებლობები”. ზალუჟნის შეფასებით, ახალ, ინოვაციურ მიდგომებს შეუძლიათ, ეს ომი კვლავ პოზიციურიდან მანევრირებადად აქციონ.” „უკრაინამ არამხოლოდ გააჩერა გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქის შემოჭრა, არამედ საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ომი ახალ ეტაპზე გადადის: იმაში, რასაც ჩვენ, სამხედროები, “პოზიციურ” ომს ვეძახით, რომელიც სტატიკური და დამქანცავი ბრძოლებისგან შედგება. ეს რუსეთს არგებს, ვინაიდან საშუალებას მისცემს საკუთარი სამხედრო ძალა აღადგინოს, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავად სახელმწიფოს,” - წერს ზალუჟნი. ვალერი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება გადამწყვეტი საბრძოლო საშუალებები და ტექნოლოგიები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი წერს, რომ უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთი ზრდის სამხედრო წარმოებას. წარმოება გააძლიერეს NATO-ელმა პარტნიორებმაც, თუმცა, ზალუჟნის შეფასებით, მათ შედეგისთვის სჭირდებათ სულ მცირე, ერთი წელი, ზოგიერთ, მაგალითად, თვითმფრინავების შემთხვევაში კი - ორი. უპირველეს ამოცანად და პრიორიტეტად ასახელებს ავიაციას, რადგან ზალუჟნის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს და ეს ართულებს უკრაინის ძალების წინსვლას. კიდევ 4 პრიორიტეტია უკრაინის არმიის უზრუნველყოფა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, კონტრბატარეის ბრძოლა და მოწინააღმდეგის არტილერიის განადგურების პოტენციალის გაძლიერება, ნაღმების დაძლევისთვის საჭირო ტექნოლოგიები და რეზერვის გაზრდა.

200-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიას მიმართავს

200-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს. ისინი „არსებული პრობლემების“ მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. „ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად - მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში. ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. 2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს. მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს," - წერია განცხადებაში.  

რუსეთი ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ოკუპირებულ ყირიმში რუსმა სამხედროებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყების განცხადებით, ობიექტებზე თავდასხმის მცდელობისას უკრაინამ თვითმფრინავის ტიპის დრონები გამოიყენა. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს,“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  

ფრანკფურტის მეტროში გაუხსნელი ყუმბარა იპოვეს

პოლიციის ფრანკფურტის მეტროში ყუმბარა გაანეიტრალა. ასაფეთქებელი საშუალება მეტროს ქვედა სართულზე გვირაბის სიღრმეში იყო დამონტაჟებული.  პოლიციას მისი არსებობის შესახებ მგზავრებმა აცნობეს. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ყუმბარა იუგოსლავიური მოდელი, კონკრეტულად კი, M52 იყო, რომელსაც აფეთქების შემთხვევაში შეუძლია, ადამიანები 20 მეტრის რადიუსში მოკლას. CCTV-ის კადრებში ჩანს ნიღბიანი კაცი, რომელიც სადგურის სარდაფში იმალება იმალება. „ეს აჩვენებს, რომ დაახლოებით 4:18 საათზე უცნობი კაცი საეჭვოდ მოქმედებდა მთავარი სადგურის B და C დონეზე,“ - აცხადებენ პოლიციაში. პოლიციის განცხადებით, ცოტა ხნის შემდეგ ჩანს, როგორ ათავსებდა ყუმბარას B დონეზე. მიმდინარეობს გამოძიება.  

ფილიპინები ჩინეთს მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს

ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ჩინური საბრძოლო ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვის იმ ნაწილში შეიჭრა, რომელსაც ფილიპინები საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. განცხადებას ავრცელებს ოფიციალური პეკინიც. მისი მიხედვით, წყლები, სადაც ჩინური ხომალდები გადაადგილდებიან ჩინეთს ეკუთვნის და მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ დაურღვევიათ. კუნძული ჰუანგიანი და მისი აკვატორია ჩინეთისა და ფილიპინების მუდმივი დავის საგანია. კუნძულზე ოფიციალურმა პეკინმა კონტროლი 2012 წელს დაამყარა, რასაც ფილიპინები უკანონოს უწოდებს. ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია