ძებნის რეზულტატი:
საქსტატი: სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები. ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში. „როგორც მოგეხსენებათ 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით, 13%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 18%-ით. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით, 14%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდ.მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით. 3%-ით გაზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 170 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში - მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 9% სამშენებლო მასალების იმპორტი და 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა ცემენტის იმპორტის მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა. ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის გაფართოებასთან. დაახლოებით, 97%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად ყირგიზეთის და ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა ასევე გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მოცულობაც. სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ტურიზმთან. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი საერთაშორისო ვიზიტი, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. რამდენიმე სექტორში ზრდის მიუხედავად კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება მეტალურგიული მრეწველობა. კერძოდ, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობების შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 28-29%-ით არის შემცირებული ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად, რუსეთის და ამერიკის მიმართულებით. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კლებას განაპირობებს დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების მოცულობის შემცირება, ხოლო რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს - აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საფრანგეთში რუსი ოლიგარქი დააკავეს - მედია
საფრანგეთში, 30 ოქტომბერს, პოლიციამ რუსი ოლიგარქი ალექსეი კუზმიჩევი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავა. ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ ადგილებში, იუწყება Le Monde. მილიარდერი, რომელიც საფრანგეთში იახტებს და უძრავ ქონებას ფლობს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების ქვეშაა. ჟურნალისტების ცნობით, ჩხრეკა სენ-ტროპეში ბიზნესმენის ვილაში და მის სახლში, პარიზში ჩატარდა. ეს ინფორმაცია მედიას პროკურატურამ დაუდასტურა. გამოცემის თანახმად, ალექსეი კუზმიჩევი, კონსორციუმის Alfa Group-ის თანააქციონერია, რომელიც Alfa Bank-ს ფლობს. სანქციები თეორიულად კრძალავს პირების ყოფნას ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ოლიგარქთან დაახლოებული წყარო Le Monde-ს უყვება, რომ კუზმიჩევი იმ დროს უკვე საფრანგეთში იმყოფებოდა, როცა სანქციების სიაში შეიყვანეს. ჩხრეკაში ჩართულ იყო 60 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები კორუფციისა და ფინანსური და ფისკალური სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისიდან (OCLCIFF), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გამოძიებაზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კალაძე ჩინეთში გამართულ ფორუმზე: რადგან ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მნიშვნელოვანია
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. კითხვას, შედგა თუ არა აღნიშნულ ფორუმზე დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიცრუე. „სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი უდგას სათავეში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესოა. შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაც აუცილებელია. რადგან ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეტი ბენეფიტი მიიღოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსგავს ფორმატებში შეხვედრები ალბათ მომავალშიც იქნება. საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები,“ - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხეება ლევან დავითაშვილს, მან 28 ოქტომბერს, არ უპასუხა „მთავარი არხის“ კითხვას, შეექმნა თუ არა უხერხულობა ვლადიმერ პუტინთან ერთად ღონისძიებაზე დასწრებისას. დავითაშვილისა და პუტინის ერთ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. მისი შეფასებით, „კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.“ ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა დისკმოფორტი, როცა კონფერენციას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრება, ირაკლი ქარსელაძემ უპასუხა: „დისკომფორტი არის, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის. იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები.“
იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, შეიარაღებულმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა
იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, შეიარაღებულმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით კი, დღეს, იმავე რეგიონის ქალაქ ტოდის საავადმყოფოში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, 40-დან 50 წლამდე, მოტოციკლით გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს. „დღეს დაახლოებით 14:15 საათზე, შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და თავი ქალაქ ვარაბის ფოსტის შენობას შეაფარა. ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი აქვს,“ - განაცხადა ქალაქის ხელისუფლებამ, რომელმაც შესაბამისი ტექსტი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა
ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია მიიღო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 30 ოქტომბერს კიევში ამერიკელ კონგრესმენთა ორპარტიულ ჯგუფს შეხვდა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკელი ჯეიმს ფრენჩ ჰილი, ასევე, დემოკრატები მაიკლ ქუიგლი და სტივენ ლინჩი. „ვიზიტი შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მთელი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები, პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი, ერთიანდებიან უკრაინის მხარდასაჭერად,“ - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში. ცნობისთვის, პალატის ახლად არჩეული სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ის უკრაინისა და ისრაელის დახმარების გაერთიანებას არ ემხრობა, თეთრი სახლი კი, პაკეტის გამიჯვნას ეწინააღმდეგება. 27 ოქტომბერს ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიატოვებს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში ისრაელს დაეხმარება. ამის შესახებ AP წერს. „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში, რადგან მჯერა, რომ ის იქ არ შეჩერდება,“ - განაცხადა ასევე ჯონსონმა Fox News-ის ეთერში. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
ტურიზმის ადმინისტრაცია: 9 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი $3,3 მილიარდი იყო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9%-ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, 2022 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით. „2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო
თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად ამცნო. ევროპის მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე მხარეებმა თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებსა და პროექტის განხორციელების გრაფიკზე ისაუბრეს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მწვავე პრობლემა იყო მიწების მიზანმიმართული მიტაცება, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ბევრი ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების დადგენა აღემატება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გადაჭრის. თბილისის მერიის ინფორმაციით, შერჩეულ არეალებში პროექტი შეეხება დაახლოებით 27 684 მიწის ნაკვეთს. დედაქალაქში პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი. იმისთვის, რომ მოქალაქემ გაიგოს, არის თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოს პლატფორმას - MAPS.GOV.GE და გადაამოწმოს მონაცემები. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია, თუ მიწის ნაკვეთი მოქალაქეს 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად აქვს დაკავებული და მას სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის მომენტისთვის ფლობს, ხოლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და/ან მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიისაა. ამ შემთხვევაში დასაშვებია მასზე შენობა-ნაგებობა განთავსებული არ იყოს, ან საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ემიჯნებოდეს. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში ეხება მიწის ნაკვეთების მფლობელებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული საკუთრების უფლება. თბილისის მერიის განცხადებით, განისაზღვრა მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალები. აღნიშნულ პროცესში თავდაპირველად ერთვება ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი და საღორისი, დეკემბრიდან - წყნეთი, მომავალი წლის თებერვალში - კოჯორი, აპრილში - ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ივლისში - ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულიად უფასოდ არეგისტრირებს. სისტემური რეგისტრაცია არის პროცესი, რომლის დროსაც, სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით, ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას. იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეფორმის დაწყებამდე ვერ არეგისტრირებდნენ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციის არქონის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის, აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის ან სხვა დაბრკოლების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის და მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ უწევთ.
2022 წელს საქართველოდან რუსეთში მომსახურების ექსპორტი 419%-ით გაიზარდა
გასული წლის განმავლობაში მომსახურების საექსპორტო მიმართულებებს შორის ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6% შეადგინა. პირველი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტის ზრდა ყველაზე მაღალი იყო. რეგიონის ქვეყნების გარდა ათეულში ვხვდებით ასევე აშშ-სა და საუდის არაბეთს. მომსახურების უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია. რუსეთი - 981 მლნ დოლარი, ზრდა - 419%; თურქეთი - 688 მლნ დოლარი, ზრდა - 88.4%; უკრაინა - 327 მლნ დოლარი, ზრდა - 58.6%; ისრაელი - 318 მლნ დოლარი, ზრდა - 119.8%; აზერბაიჯანი - 306 მლნ დოლარი, ზრდა - 26.5%; ბელარუსი - 266 მლნ დოლარი, ზრდა - 245.8%; სომხეთი - 257.5 მლნ დოლარი, ზრდა - 265.9%; აშშ - 243 მლნ დოლარი, ზრდა - 204.8%; საუდის არაბეთი - 177.8 მლნ დოლარი, ზრდა - 110.7%; ყაზახეთი - 176.8 მლნ დოლარი, ზრდა - 88.5%. გასულ წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 123.9%-ით, 5 მილიარდ 703 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მომსახურებით ვაჭრობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, ექსპორტში პირველი ადგილი 3 მილიარდ 516 მილიონი დოლარით, მოგზაურობამ დაიკავა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სატრანსპორტო მომსახურება 1 მილიარდ 201 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 21.1%) იკავებს, მესამე ადგილზე 597.2 მლნ დოლარით (შესაბამისად 10.5%) სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებაა. საექსპორტო ათეულში შედის ისეთი მომსახურებებიც, როგორიცაა, სამთავრობო და ფინანსური მომსახურება, კულტურული და რეკრეაციული, სადაზღვევო და მანუფაქტურული და სხვა. 2022 წელს მომსახურების ექსპორტი იმპორტს აღემატებოდა.
Reuters: რუმინეთი და ბულგარეთი ფრინველის გრიპის შესახებ აცხადებენ, ევროპა ვირუსის ახალი ტალღის წინაშეა
რუმინეთმა და ბულგარეთმა ფრინველში მაღალი პათოგენური გრიპის აფეთქება დააფიქსირეს. ამის შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH) განაცხადა როდესაც ევროპას მომაკვდინებელი დაავადების სეზონური ზრდა ემუქრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ფრინველის გრიპის გავრცელებამ შეშფოთება გამოიწვია მთავრობებსა და მეფრინველეობის ინდუსტრიაში მას შემდეგ, რაც მან ბოლო წლებში ფარები მთელ მსოფლიოში გაანადგურა , შეაფერხა მიწოდება, გაზარდა საკვების ფასები და გაზარდა ადამიანზე ვირუსის გადაცემის რისკი. რუმინეთში H5N1 ვირუსი ბულგარეთის საზღვართან მდებარე სოფელ ტიგანესტში, 120 ფრინველის ფარაში დაფიქსირდა, რამაც 28 ფრინველის სიკვდილი გამოიწვია, განაცხადა პარიზში დაფუძნებულმა WOAH-მა რუმინეთის ხელისუფლების ანგარიშზე დაყრდნობით. იმავდროულად, ბულგარეთმა ორ მეფრინველეობის ფერმაში ფრინველის გრიპის H5 ტიპის ვირუსის გავრცელების შესახებ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, ნათქვამია WOAH-ის ცალკე შეტყობინებაში.
გაეროს ისრაელის მისიის თანამშრომლები "ყვითელი ვარსკვლავით" შეახსენებენ, "რას ნიშნავს ბოროტების წინაშე დუმილი"
30 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გილად ერდანმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ბოლო 80 წელიწადში ვერაფერი ისწავლა და დაივიწყა, რისთვის არსებობს გაერო, ამიტომ, როცა „ყვითელ ვარსკვლავიანს“ დაინახავენ, გაახსენდებათ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე დუმილი. ისრაელის ელჩის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები „ყვითელ ვარსკვლავს“ არ მოიხსნიან, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო არ გამოფხიზლდება და „ჰამასს“ არ დაგმობს. ბოლო დღეებში, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავდა ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციის სხვადასხვა პროექტს, მათ შორის რუსეთის მიერ ინიციირებულს, რომელშიც არ იყო დაგმობილი ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმა. ამის გამო, ისრაელის მოკავშირე სახელმწიფოებმა რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას არ გმობს. ელჩმა ერდანმა და გაეროში ისრაელის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ატარონ „ყვითელი ვარსკვლავი“, წარწერით: „აღარასდროს“ და ამ ფორმით ყველას, ჰოლოკოსტი შეახსენონ. ცნობისთვის, ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებს სხვებისგან „ყვითელი ვარსკვლავით“ არჩევდნენ. რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას, რომლის მიღებასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა
მედია: ოკუპანტებმა ყირიმში ოლენა ზელენსკას ბინა გაყიდეს
ოკუპანტებმა უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას სახლი ყირიმში, აუქციონზე გაყიდეს. აუქციონზე მოსკოვში მცხოვრები ორი ინდივიდუალური მონაწილე გამოცხადდა. ქონების საწყისი ფასი 24.6 მილიონ რუბლს ($268 000) შეადგენდა. ბინის ახალი მფლობელი მოსკოველი ბიზნესმენი ოლგა ლიპოვეცკაია გახდა, რომელმაც 44,356 მილიონი რუბლი გადაიხადა. სახლი ყირიმის სამხრეთში, ლივადიას დასახლებაში მდებარეობს. მეხუთე სართულზე, 120 კვადრატული მეტრის ბინის აივნიდან, ხედი შავ ზღვაზე იხსნება. ე.წ. ყირიმის ხელისუფლების განცხადებით, აუქციონის შედეგად მიღებული თანხა რუსული არმიის დაფინანსებას მოხმარდება.
რუტე: დაპირებული F-16-ები რუმინეთში, უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად 2 კვირაში იქნებიან
F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას დაჰპირდა, ორ კვირაში გადაეცემა რუმინეთს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მარკ რუტემ 30 ოქტომბერს. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის გაგრძელების ფონზე, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.“ ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიდერლანდები უახლოეს კვირებში გადასცემს რუმინეთს F-16-ებს, რათა პილოტებმა სწავლების დაწყება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ F-16-ის შესყიდვისა და სწავლების ტემპი გაიზარდა, სავარაუდოა, რომ პირველი უკრაინელი მფრინავები, რომლებიც F-16-ის ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებზე წვრთნას გაივლიან, 2024 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნებიან. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. დანიამ აგვისტოს ბოლოს დაიწყო F-16-ზე რვა უკრაინელი მფრინავის მომზადება სკრიდსტრუპის საჰაერო ბაზაზე. ამავე ბაზაზე წვრთნას გადის ასევე 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც თვითმფრინავების მომსახურება და მათი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა დაეკისრებათ.
მედია: უზბეკეთში პირველად გასამართლდა პირი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
უზბეკეთის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაქირავებულის სახით მონაწილეობისთვის აღძრული საქმის (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფარგლებში პირველი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ 38 წლის უზბეკი ილდარ ხაირულინი დამნაშავედ ცნო და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამომძიებლების თქმით, ხაირულინი 2014-2015 წლებში დონეცკის რეგიონში, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ. გამოძიებამ, დანაშაულის მტკიცებულებად, კერძოდ, მოიყვანა ილდარ ხაირულინის პროფილი უკრაინულ ვებგვერდზე "მშვიდობისმყოფელი", რომელიც შეიცავს ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიის რიგებში მებრძოლი დაქირავებულების შესახებ. მსჯავრდებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ის უკრაინის ომში არ მონაწილეობდა, იქ არ წასულა და ბრალდების დროს რუსეთში იმყოფებოდა. თუმცა ამავე დროს, მსჯავრდადებულის ნათესავებმა აღიარეს, რომ საიტ „მშვიდობისმყოფელზე“ განთავსებულ ფოტოზე, სამხედრო ფორმაში და იარაღით ხელში, მართლაც ხაირულინია აღბეჭდილი. ილდარის ძმამ, ლენურ დავლეშინმა რადიო "ოზოდლიკს" (რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური) განუცხადა, რომ „მშვიდობისმყოფლის“ ვებგვერდზე განთავსებული ფოტო ხაირაულინმა რუსეთში ყოფნის დროს გადაიღო და ფოტოზე აღბეჭდილი იარაღი არ არის ცეცხლსასროლი. მსჯავრდებულის ძმამ ასევე განაცხადა, რომ ხაირულინი 2023 წლის მაისში, სრულიად განსხვავებული მიზეზით, ქონების გარშემო საკუთარ დედასთან მომხდარი კონფლიქტის გამო დააპატიმრეს დააპატიმრეს
მედია: კარანტინი, რომელიც პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა
კარანტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა. ამის შესახებ ფარიდა რუსტამოვას პროექტი Faridaily წერს. პუტინთან შეხვედრის მონაწილეები კარანტინში 2020 წლის პანდემიის დაწყებიდან იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, იზოლაციის პერიოდი ორ კვირამდე იყო, ამ ზაფხულს კი, ეს პერიოდი ერთ კვირამდე შემცირდა. Faridaily-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განმარტა, რომ იზოლაცია ტესტირებით უნდა იყოს დაცული, თუ მზადდება პირისპირ შეხვედრა პუტინთან, ან ადამიანს პრეზიდენტთან კონტაქტი ახლო მანძილიდან ექნება. მაგალითად, მის გვერდით ჯდომა ან ხელის ჩამორთმევა. თუ პირდაპირი კონტაქტი არ არის, საკმარისია ტესტების ჩატარება, აცხადებს წყარო.
მთავრობის ცნობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, ხვალ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „პირველ ნოემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან იმართება პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) განხილვის მიზნით. აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველ სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც იმართება სამოქალაქო სექტორთან. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საკოორდინაციო შეხვედრა იმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე.
საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი: შუა დერეფნის ქვეყნებმა ინფრასტრუქტურა უნდა გააფართოონ
შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა უნდა გააფართოონ ინფრასტრუქტურა, რათა ტვირთების ნაკადის შენარჩუნება შეძლონ. ამის შესახებ საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა. „ამჟამად ვაკვირდებით ინტერესის ზრდას შუა დერეფნის მიმართ და დერეფნის გავლით ტვირთების ნაკადის მიმართ. თუმცა, მთავარი საკითხი დამოკიდებულია დერეფნის წევრი ქვეყნების სატვირთო ნაკადის მართვაზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილებაზე, პორტებში შემოსული ტვირთის მოკლევადიან ტრანზიტსა და ტვირთის ნაკადზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაგირებაზე. კომპანიები გამოიყენებენ შუა დერეფანს, თუ საქონლის ტრანსპორტირება უფრო სწრაფი და უსაფრთხო იქნება,“ - IRU-ს პრეზიდენტმა რადუ დინესკუმ. დინესკუს თქმით, დერეფნის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. „მათ შეუძლიათ, ისარგებლონ აზერბაიჯანის გამოცდილებით ამ საკითხში. ზოგადად, თუ ელექტრონული TIR და ECMR სისტემები გამოიყენება შუა დერეფანში, საზღვრებზე ლოდინის დრო შეიძლება, შემცირდეს და მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოხდეს,“ - განაცხადა დინესკუმ. საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის ხელშეწყობას გეგმავს. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
რუსეთში, სამხედრო-სამრეწველო ქარხანაში აფეთქება მოხდა - მედია
ურალის სამხედრო-სამრეწველო ქარხანაში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია რუსეთში, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის ოფიციალუ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სოლიკამსკში ურალის ქარხნის სახელოსნოში აფეთქების შემდეგ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“. მოგვიანებით, დაწესებულების წარმომადგენელმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ქარხანაში აფეთქება „მოხდა იმ დროს, როდესაც ამ შენობაში არავინ იმყოფებოდა.“ „ამჟამად სამუშაო ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.“ სოლიკამსკის ურალის ქარხანა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-სამრეწველო ქარხანა და როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის ნაწილია. იქ იწარმოება ფეთქებადი მასალები და სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებები, მათ შორის მცირე იარაღისა და ჭურვისთვის.
Carlsberg-ის აღმასრულებელი დირექტორი: რუსეთმა ჩვენი ბიზნესი მოიპარა
დანიურმა კონცერნმა, Carlsberg-მა რუსეთთან ყოველგვარი საქმიანი კავშირები გაწყვიტა და უარს ამბობს, მოურიგდეს რუსეთის მთავრობას, რომელსაც ფირმის აქტივების კონფისკაცია სურს, კანონიერად გააფორმოს. ამის შესახებ კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა. დანიური ჯგუფი გასული წლიდან ცდილობს, გაყიდოს თავისი შვილობილი ფირმა, „ბალტიკა“ რუსეთში, როცა გაჰყვა სხვა დასავლური ფირმების ნაბიჯებს, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყვების გამო რუსეთი დატოვეს. Reuters-ის ცნობით, ივნისში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მყიდველს მიაგნო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მომდევნო თვეში მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დაეპატიმრებინა ადგილობრივ ლუდსახარშ კომპანიაში Carlsberg-ის წილი. „გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ მათ მოიპარეს ჩვენი ბიზნესი, და რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავეხმაროთ მათ, ეს კანონიერად გაასაღონ," - განაცხადა იაკუჰ აარუპ-ანდერსენმა. Carlsberg-ს რუსეთში რვა ქარხანა ჰქონდა, სადაც 8400 ადამიანი იყო დასაქმებული. შარშან "ბალტიკის" ღირებულება 1,41 მილიარდ დოლარად შეფასდა. აარუპ-ანდერსენმა განმარტა, რომ ივლისიდან მოყოლებული Baltika-ს მენეჯმენტთან და რუსეთის ხელისუფლებასთან შეზღუდული ურთიერთქმედების გამო, კარლსბერგმა ვერ იპოვა რაიმე მისაღები გამოსავალი სიტუაციიდან.
საქართველოს დერეფნით 9 თვეში ყაზახეთის გაზის ტრანზიტი 23%-ით გაიზარდა
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალითა“ (მონაწილეობის 100% ეკუთვნის სს „ყაზტრანსოილს“) და შპს „ბათუმის ზღვის პორტით“ (100%-იანი წილების მართვის ექსკლუზიური უფლება), 2023 წლის 9 თვეში 2 მილიონ 570 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 86 ათასი ტონა შეადგინა. გადაზიდულია 961 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი. საანგარიშო პერიოდში ყაზახური გაზის გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 135 ათასი ტონიდან 166 ათას ტონამდე გაიზარდა. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1 მილიონ 357 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სს „ყაზტრანსოილი“ საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით, საწარმოო აქტივებს უშუალოდ ფლობს და მართავს. BNT მომსახურებას ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავებული პროდუქტების გადაზიდვასა და ამოტუმბვის საკუთარი ნავმისადგომების, მილსადენების და ტანკების გამოყენებით უზრუნველყოფს.