ძებნის რეზულტატი:
ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს
ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალის მთავრობის განცხადებით, მისი ექვსი მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა, სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა. „ნეპალის მთავრობამ რუსეთის მთავრობას მათი ცხედრების დაუყოვნებლივ დაბრუნება და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა სთხოვა,“ - აცხადებს ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ნეპალის საგარეო უწყების ცნობით, ნეპალის ერთი მოქალაქე უკრაინაში ტყვედ ჩავარდა და მის გასათავისუფლებლად მთავრობა დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს.
ოკუპირებული ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში წუხელ აფეთქებები იყო. მედია ადგილობრივებზე დაყრდნობი წერს, რომ ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე, 30 აფეთქების ხმა გაიგეს. აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც. ღამით ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხიდთან მდებარე რაიონს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზოვის ზღვის აკვატორიასა და ყირიმის თავზე 22 დრონი გაანადგურეს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა," განეხორციელებინა "ტერორისტული შეტევა," აცხადებს ტრადიციულად რუსული მხარე. უკრაინას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
მილერის თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე რთული სიტუაციაა, მაგრამ უკრაინელები პროგრესს აღწევენ
აშშ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციას რთულს უწოდებს, მაგრამ აცხადებს, რომ ამის მიუხეავად, უკრაინელი სამხედროები პროგრესს აღწევენ. „უკრაინაში, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. უკრაინული ძალები ებრძვიან კარგად გამაგრებულ რუს სამხედროებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პროგრესს აღწევენ. პროგრესი რთულია, მაგრამ ვხედავთ, რომ გრძელდება. როდესაც გასულ კვირას ვიყავით ბრიუსელში, ამ საკითხზე პირდაპირ ვესაუბრეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. მილერმა უკრაინის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი სწრაფად არ იმოქმედებს, რესურსები ამოიწურება. „ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებული ვართ, რომ დაფინანსების დონე იწურება. ვფიქრობთ, რომ 97 პროცენტზე მეტი ამოწურულია. ასე რომ, ძალიან შეშფოთებულები ვართ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მდივანი უერთდება პრეზიდენტს და ადმინისტრაციის სხვა წევრებს და მოუწოდებს კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ - Emerging Europe
აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს შუა დერეფნის განვითარების ხედვის ჰარმონიზაციაში. აზერბაიჯანული მედის ცნობით, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Emerging Europe-ის სტატიაში სათაურით სწორი პოლიტიკის შემთხვევაში შუა შერეფანს შეუძლია, გახდეს უფრო მეტი, ვიდრე დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ანალიზში ასევე ნათქვამია, რომ სწორი პოლიტიკით, შუა დერეფანი, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ბაზრებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, შეუძლია, გაზარდოს რეგიონული ვაჭრობა და კავშირი მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის. მსოფლიო ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით, სტატიაში ნათქვამია, რომ სწორი ინვესტიციებით, შუა დერეფანმა შეიძლება, გაასამმაგოს ვაჭრობის მოცულობა და გაანახევროს მარშრუტზე მგზავრობის დრო 2030 წლისთვის. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის საგზაო რუკას, რომელშიც ჩამოთვლილია პრიორიტეტული ინვესტიციები და ქმედებები, რომლებიც საჭიროა შუა დერეფნის გასწვრივ ოპერაციების გასაუმჯობესებლად. 2023 წლის ივნისში აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი ასევე შეთანხმდნენ მარშრუტის ერთობლივი ლოგისტიკური მიმართულების ოპერატორის შექმნაზე. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით გაემგზავრა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
ფინეთი უკრაინის შეიარაღებისთვის ჭურვების წარმოების გაზრდას გეგმავს
ფინეთი გეგმავს, უკრაინის შეიარაღების მიზნით, საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება უახლოეს რამდენიმე კვირაში გაზარდოს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა ფინურ გაზეთ Iltalehti-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს ფინეთი საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას უკრაინის შეიარაღებისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შობამდე მიიღება. მისივე განცხადებით, „ამჟამად გამოქვეყნებულია გეგმა საბრძოლო მასალის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ. მიზანია უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე.“ შეგახსენებთ, ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.
მედია: ანკარა ისრაელს აფრთხილებს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება
თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა ისრაელელი კოლეგები გააფრთხილეს, რომ თუ ისინი შეეცდებიან თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებს თავს დაესხან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, გაანადგურონ „ჰამასი“ ნებისმიერ ტერიტორიაზე, მათ შორის ლიბანში, თურქეთსა და კატარში. სააგენტო ციტირებს ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თურქეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ორგანიზაციების წევრების უკანონო საქმიანობა აღკვეთა და რომ არცერთ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოს არ აქვს უფლება, თურქეთის ტერიტორიაზე ოპერაციები განახორციელოს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "rizz" წლის სიტყვად დაასახელა
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „rizz″ წლის სიტყვად დაასახელა, რაც ახალგაზრდა თაობაში მის პოპულარობას უსვამს ხაზს. კერძოდ, სიტყვა „rizz″ მოხიბლვის, მოზიდვის უნარს აღწერს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. „ითვლება, რომ Rizz მომდინარეობს სიტყვა - ქარიზმიდან და შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც ზმნა - "rizz up," - განმარტა გამომცემელმა. სიტყვა პოპულარულია TikTok-ის მომხმარებლებში, სადაც ვიდეოებს ჰეშთეგით Rizz, მილიარდობით ნახვა აქვს.
დიდი ბრიტანეთის ფერმა მოქალაქეებს სტრესის შემსუბუქების უჩვეულო მეთოდს სთავაზობს
დიდ ბრიტანეთში იორკშირში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოტენციური სარგებლის ახალ გზას მიაგნეს. მათ ვინც, უნიკალურ გზას ეძებს სტრესის შესამსუბუქებლად, ურჩევენ, ძროხის ჩახუტება ვარიანტად განიხილონ. ორსაათიანი „სესია“ 58 ევრო ღირს, მაგრამ ერთი თვით ადრე ჯავშანის შემთხვევაში ბილეთის ფასი შეიძლება, გაიზარდოს. ფერმერებს ფერმას ფინანსურად მდგრადობის შენარჩუნების იმედით, ძროხებთან ჩახუტების იდეა გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც მეურნეობის ეკონომიკურ სირთულეებს წააწყდნენ.
ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი 6-8 დეკემბერს აზერბაიჯანსა და რუმინეთში გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბაქოში ო’ბრაიენი აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით შეხვდება. რუმინეთში ო'ბრაიენი მარცვლეულის ექსპორტის სამიტში რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვისა და ევროკომისიის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ო'ბრაიენი განიხილავს ორმხრივი ინტერესის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი. სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გამოთქმული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ვაშინგტონის საპასუხოდ, თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
სომხეთი აშშ-სთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას აანონსებს
ბაქოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გართულების ფონზე, 2 დეკემბერს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გრიგორიანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვდა ოსტინის თანაშემწის მოადგილეს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერს. სომხური მხარის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სომხეთ-ამერიკის ორმხრივი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესახებ, ხაზი გაუსვეს მშვიდობის უზრუნველყოფის ძალისხმევის ფარგლებში თანამშრომლობას; სომხეთისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას. ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთის შეიარაღებული ძალების დემოკრატიული მართვისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართულ ძალისხმევას. გრიგორიანმა შეხვედრები გამართა თეთრ სახლშიც. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბაიდენის მრჩეველს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა. ასევე სომხური მხარის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სფეროების ორმხრივი ინტერესის საკითხები და შეაფასეს სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების სტაბილური განვითარების დინამიკა. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების ვითარება. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ერთგულება აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციისა და სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მიმართ. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან გარკვეული კონტექსტი ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის. მანამდე ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სომხეთის პრემიერს გამბედაობისთვის აქებს. ო’ბრაიენის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანმა მკაფიო გზა აირჩია დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით. მან მკაფიოდ აჩვენა, რომ სურს, სომხეთმა წინ წაიწიოს დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით, მას არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ. მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც უნდა იყოს ძალიან გამამხნევებელი სომხეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი ცდილობენ, გააგრძელონ ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ჰქონდათ გასული ან ორი წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე გამბედაობა გამოიჩინა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს, ფოკუსირება მოახდინოს თავის ეკონომიკურ განვითარებაზე, ააშენოს თავისი უსაფრთხოების ურთიერთობები და გააფართოოს ვაჭრობა ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე. ეს ყველაფერი არის ის, რისი ნახვაც ძალიან გვინდა. ასე რომ, ნებისმიერი პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს სომხეთს, მისასალმებელია; თუ რა გზას აირჩევს ევროკავშირ, მისი საქმე იქნება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და სომხეთის მთავრობასთან, რათა დავინახოთ, რომ სომხეთის მოსახლეობას შეუძლია, ისარგებლოს იმ რეფორმების პოლიტიკით, რომელიც ფაშინიანის მთავრობამ განახორციელა,“ აღნიშნა ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითაც უპასუხა შეკითხვას, „როგორ შეაფასებდა სომხეთის მხარდაჭერის პერსპექტივებს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ბოლო დროს გამოაცხადა ევროკავშირმა.“ ცნობილია, რომ ჯეიმს აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ვმუშაობთ ფაშინიანის ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ხსენებულ სატელეფონო საუბარს აღწერს. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
გამახარიას თქმით, ჟენევაში ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება, რომ IPRM-ის ფორმატი აღდგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია. „არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ, ისინი არ მონაწილეობენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან რაღაც უწყების წარმომადგენლები, ისინი იქ პიროვნულად მონაწილეობენ. კიდევ ე.წ. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან აფხაზური მხარის პოზიციის გამო არ ფუნქციონირებს. ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. აქ სხვა საკითხი წარმოიშვა - ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. ახლახან გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურისპირას, იქითა მხარეს, რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეს შეხვედრები გაიმართება. ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია,” – განაცხადა გამახარიამ. ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით არანაირად არ იცვლებ პოლიტიკა. „ალბათ, მოისმინეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება ამასთან დაკავშირებით. მგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს," - განაცხადა გამახარიამ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის გამართვა 5-6 დეკემბერს იგეგმება. მანამდე, კონსტანტინე ფილიამ, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად. საგარეო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა. თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა პარტია დატოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა პარტია დატოვა. შესაბამისი განცხადება გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ. ბრიფინგს ესწრებოდა საკრებულოს ყველა ის წევრი, ვინც პარტია დატოვა. ასევე, პარტია დატოვეს, საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებმა. მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება. პარტია დატოვეს – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ. ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. მათივე ცნობით, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს. „საბოლოოდ, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე უკვე გახსნილია. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და დარჩენილ 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება. გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს. გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთმა „ჰამასის“ ლიდერის აქტივები გაყინა
საფრანგეთმა „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის აქტივები 6 თვით გაყინა. ის ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავად მიიჩნევა. ბრძანება, როემლიც საფრანგეთში 30 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, ძალაში დღეს, 5 დეკემბერს, შევიდა. რა რაოდენობის აქტივებია გაყინული, ჯერ არ გასაჯაროებულა.
Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." "ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს. ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე. „მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს... მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა. "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
ეუთოს 30-ე მინისტერიალის ფარგლებში, პირველ დეკემბერს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. საგარეო უწყების ცნობით, განცხადება კვლავ ადასტურებს მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის გამო. ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მეგობართა ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს განცხადებების გამო, რომლებიც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ოჩამჩირის რაიონში, რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას, რაც ადგილზე და შავი ზღვის რეგიონში არსებული ისედაც მძიმე სიტუაციის დესტაბილიზაციის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს. მეგობართა ჯგუფის განცხადებაში ასევე დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები. განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ მშვიდობიანი სამოქალაქო პირის, საქართველოს მოქალაქის - თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID), როგორც რუსეთის ფედერაციასთან არსებული ერთადერთი ფორმატის, ეფექტიან ფუნქციონირებას, რომლის ფარგლებშიც განიხილება 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ხაზს უსვამს პროგრესის მიღწევის საჭიროებას მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე. მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთოს ჩართულობისკენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აშშ: რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია, გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს
სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო
საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურში მონაწილე მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროს შენობის წინ, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, კონკურსთან დაკავშირებით კითხვა პირველად 6 თვის წინ დასვა და რამდენიმე განცხადებითაც მიმართა სამინისტროს. მას მინისტრი გუშინ, 4 დეკემბერს, შეხვდა, თუმცა შიმშილობა მაინც დაიწყო. მაია ეკალაძესთან ერთად სამინისტროს წინ არია მისი კოლეგები: დათო ფერაძე და გიორგი ჭაუჭიძე. მათაც სკოლის დირექტორობა სურდათ. "მე სერტიფიკატი მომცეს, რის შემდეგაც უნდა მიმეთითებინა სასურველი სამი სკოლა. არცერთში არ წარმადგინეს, ერთ-ერთში, 23-ე საჯარო სკოლაში კი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს,"- ამბობს დათო ფერაძე რადიო თავისუფლების ცნობით. მისივე თქმით, 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატიდან 390 დაბლოკეს. პროტესტის მონაწილეები დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს არ ეთანხმებიან. მასწავლებლების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები” იცავს. განათლების მინისტრი მასწავლებელთა პროტესტს გამოეხმაურა
რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობთ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს. „ჯოშუა ჰაკმა მთავრობის მეთაურს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ამ მიმართულებით მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა ჯოშუა ჰაკს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მიმართ. ცნობისთვის, ჯოშუა ჰაკი არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომელიც ზედამხედველობს პოლიტიკას სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში.
მსოფლიო ბანკი უკრაინას 1,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
უკრაინამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი პროექტის დაწყების შესახებ, სახელწოდებით "ინვესტიცია სოციალურ დაცვაში ჩართულობის, მდგრადობისა და ეფექტურობისთვის (INSPIRE)", რომელიც ქვეყანაში სოციალური დახმარების 29 პროგრამას დააფინანსებს. ამის შესახებ უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. თანხები გადაეგზავნება სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალურ ფონდს და დაეხმარება 2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარების 29 პროგრამის დასაფინანსებლად.