ძებნის რეზულტატი:

ისრაელი აცხადებს, რომ სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს. „გუშინ, დღეს, ჩვენ „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში,“ - განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ.  

კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის პოსტი დაიკავა. შესაბამის ინფორმაციას გვენეტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში,” – წერს გვენეტაძე. შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე 2023 წლამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტად, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2002-2015 წლებში, სავალუტო ფონდში (IMF), ვაშინგტონში. უფროს ეკონომისტად მუშაობდა.  

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასს“ სხვა ქვეყნებშიც გაანადგურებენ

ისრაელი „ჰამასის“ გაანადგუროს არამხოლოდ პალესტინელთა ტერიტორიებზე, არამედ, სხვაგანაც გეგმავს. 3 დეკემბერს, ისრაელის სამაუწყებლო კომპანია Kan-ის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ისრაელის უშიშროების სამსახურის შინ ბეთის ხელმძღვანელი რონენ ბარი საუბრობს. ჩანაწერზე დაყრდნობით, CNN-ი და BBC-ი წერენ, რომ რონენ ბარის განცხადებით, ეს მიზანი „მათი მიუნხენია“ და ამ მიზანს მისდევენ ყველგან - ღაზის სექტორში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ლიბანში, თურქეთში, კატარსა და სხვაგან. ბარის განცხადებით, მიზნის მიღწევას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ამ ამოცანას აუცილებლად შეასრულებენ. რონენ ბარი მიუნხენში გულისხმობდა 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის დროს, პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფების, „შავი სექტემბრის“ წევრების მიერ ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წარმომადგენლის მკვლელობას. ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ტერაქტის ყველა მონაწილის და ორგანიზატორის ლიკვიდაციის ოპერაცია, რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა. ისრაელის, აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ლიდერები ცხოვრობენ ან ხშირად ჩადიან ლიბანში, კატარსა და თურქეთში. „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის დელეგაცია არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთშიც. ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სპეცსამსახურების სისტემაშია, პირადად პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და მისი ძირითადი ფუნქციაა კონტრდაზვერვა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი  

შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო გადაზიდვები ორჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საკონტეინერო გადაზიდვები დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, შუა დერეფანში 2,3-ჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC შვილობილი კომპანია ADY Container-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ADY Container-ის წარმომადგენელმა რაშად მაჯიდოვმა უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ევროპის აბრეშუმის გზის სამიტში მიიღო მონაწილეობა. მან სამიტის მონაწილეებს გააცნო აზერბაიჯანის მნიშვნელობა შუა დერეფანში და დერეფნის ფუნქციონირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები. ევრაზიულ სივრცეში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განიხილეს შუა დერეფნის უპირატესობა სხვა ალტერნატიულ მარშრუტებთან, ასევე, დერეფნის კომპლექსური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები. ხაზი გაესვა შუა დერეფნის განსაკუთრებულ როლს სავაჭრო ბრუნვის გაზრდაში. მსოფლიო ბანკი მზადაა, შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაში წვლილი შეიტანოს  

როგორი ამინდია მოსალოდნელი 4-7 დეკემბერს

4 დეკემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

SIPRI: მსოფლიოში იარაღის წარმოება მზარდ მოთხოვნას ვერ ეწევა

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის(SIPRI) ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, იარაღის გაყიდვითა და სამხედრო მომსახურებით მსოფლიოს 100-მა უმსხვილესმა კომპანიამ 2022 წელს, საერთო ჯამში, 597 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,5%-ით ნაკლებია.  შემოსავლები შემცირდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იარაღზე მოთხოვნის მკვეთრად გაზრდის მიუხედავად. ანგარიშის თანახმად, შემოსავლების კლება დიდწილად მოდის ამერიკულ კომპანიებზე(-7,9%). ევროპული ფირმების შემოსავალი მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა. დაკვეთების გაზრდის მიუხედავად, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა პერსონალის დეფიციტის, გაზრდილი ხარჯების და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთო ჯამში, 3,1%-ით გაიზარდა აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მწარმოებელთა შემოსავლები. ერთ წელიწადში 94%-იანი მატებით რეკორდსმენია თურქული კომპანია Baykar-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, Bayraktar-ს აწარმოებს. ეს ფირმა პირველად შევიდა მსოფლიოში იარაღის მწარმოებელი 100 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში. 2022 წელს 18%-იანი ზრდა ჰქონდათ ჩინეთის კომპანიებს. SIPRI-ს ანგარიშში მოხვდა მხოლოდ 2 რუსული კომპანია, „როსტეხი“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“, რომელთა შემოსავალი, საერთი ჯამში, 12%-ით შემცირდა. რუსეთის სამხედრო მრეწველობის სხვა კომპანიების მონაცემები საჯარო სივრცეში არ არის ხელმისაწვდომი.  

უკრაინა და იტალია განახლებადი ენერგიის სფეროში ითანამშრომლებენ

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრომ განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ენერგეტიკის გარდამავალი და განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სვიტლანა ჰრინჩუკმა და იტალიის გარემოს დაცვის სამინისტროს ვიცე მინისტრმა ვანიამ,“ - წერია განცხადებაში. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტექნოლოგიების გადაცემისა და შესაძლებლობების განვითარებას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სექტორებში და სხვა. როგორც ცნობილია, COP28 კლიმატის სამიტზე დუბაიში (UAE) 22 ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, მსოფლიოს მოუწოდა, განავითაროს ბირთვული ენერგია.  

რომელი პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. საქსტატის ცნობით, ფასები უმეტესწილად მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე 26.3 პროცენტით; პირად ნივთებზე, სხვა – 5.6 პროცენტით და პირად ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.9 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 1.5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 6.5 პროცენტით არის მომატებული ფასები თამბაქოს ნაწარმის, ხოლო 4.0 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე. საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებელი, მიმდინარე მოვლა და შეკეთება, სადაც ზრდამ 14.4 პროცენტი შეადგინა. ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – აქაც 7.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1-პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი -19.4 პროცენტი, ბოსტნეული და ბაღჩეული -11.7 პროცენტი, პური და პურპროდუქტები -9.2 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი -3.5 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -2.5 პროცენტი. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 12.2 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 6.3 პროცენტით, თევზეულზე – 5.0 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.7 პროცენტით გაძვირდა.  

უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. დედაქალაქის მერიის ცნობით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეაბილიტაციის შედეგს მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. „უნივერსიტეტის ქუჩა დასრულებულია. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეს ორმხრივად გახსნილია და თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები - ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის. დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა საავტომობილო მოძრაობა გახსნილია, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. იცით, რომ ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. განათების ახალი ქსელი მოეწყო, ტროტუარებიც, რომელიც არ არსებობდა, შეიქმნა და უკვე ფეხით გადაადგილებაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაო. გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო. აღნიშნული სამუშაო, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა.  

თბილისს უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა

5 დეკემბერს, ქალაქ თბილისს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლებს ქართული უმსხვილესი ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველი.“ ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასტუმრო „ბილტმორში“ ოფიციალურად მოეწერება ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს „ჩექინ თრეველის“ გენერალურ დირექტორს ია გედავანიშვილსა და უზბეკეთის სრულუფლებიან ელჩს ბატონ ბახრომ აშრაფხანოვს Bakhrom Ashrafkhanov - ს შორის. „მემორანდუმი გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, ტურისტული და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას. ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ აბრეშუმის გზაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ტურისტულ სეზონზე „ჩექინ თრეველმა“ უმასპინძლა 33 პირდაპირ ჩარტერულ რეისს უზბეკეთის რესპუბლიკიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. კომპანია „ჩექინ გრუპი“ ოფიციალურად დასახელდა უზბეკეთის მთავარ მასპინძელ ორგანიზაციად, რომელსაც უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინაში ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ბულგარული სამსახური პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 22 ნოემბერს, ქვეყნის პარლამენტმა უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უფასო გადაზიდვის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოში მოაწერეს ხელი. საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობამ რატიფიცირებას მისცა ხმა, წინააღმდეგი მხოლოდ სოციალისტები და პრორუსული აღორძინება იყვნენ. რადევმა თავისი ვეტო იმით გაამართლა, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ბულგარეთში - მაგალითად, საზღვრის დაცვაში ან სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. „მე ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტის ვეტო გააუქმოს და შეთანხმების შესრულება მოითხოვოს. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია  

ამერიკის საელჩო: აშშ ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 რეზიდენტს კურსის დამთავრება მიულოცა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.   „ჯანდაცვის პროფესიონალების გაძლიერება სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარება. ელჩმა დანიგანმა ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 რეზიდენტს კურსის დამთავრება მიულოცა. ეს პროფესიონალები მზად არიან დაავადებათა პრევენციის, მათ გავრცელებაზე რეაგირებისა და სხვა გადაუდებელ სიტუაციებზე საპასუხოდ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და გლობალური ფონდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.   საქართველო აშშ-ის ინტენსიური მხარდაჭერის ქვეყანაა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით და სიამაყით ვუჭერთ მხარს მის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოებენ

პარლამენტი, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება. „ზურაბ ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. მან პარლამენტი ისეთ ინსტიტუციად აქცია, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე. ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება.  

აღმოსავლეთ ევროპაში ქარის უდიდესი ელექტროსადგური უკრაინაში ამოქმედდება

უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპაში ქარის უდიდესი ელექტროსადგური ამოქმედდება. ამის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი. პროექტი 2025 წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად. უკრაინის DTEK Group-მა და Vestas-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შესახებ -  პროექტს მხარს უჭერენ ევროკომისია, უკრაინისა და დანიის მთავრობები. ჯამური ინვესტიცია 650 მილიონ ევროს აღემატება. ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატი იქნება. DTEK მზადაა, მეორე ეტაპის მშენებლობა 2024 წლის მეორე კვარტალში დაიწყოს, მის დასრულებას კი, 2025 წლის ბოლოსთვის ელის.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9279 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9421 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

საფრანგეთის ელჩი: ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კარი გაუხსნა

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას. „როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რადგან ეს არის გრძელვადიანი მიზანი და საჭიროებს ძალების გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში. იმედი მაქვს, რომ მთავრობა, ოპოზიციის პოლიტიკური ძალები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიანთ ძალისხმევას ერთად, კონსტრუქციულად და და ინკლუზიურად მუშაობისთვის, რათა განახორციელონ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები,“ – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ელჩი ფიშერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: გერმანია საქართველოს გვერდით დგას 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩადის

7-8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში (უკრაინაში) შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ვარშავაში (პოლონეთში) შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს.  

განათლების მინისტრი მასწავლებელთა პროტესტს გამოეხმაურა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა მასწავლებლების პროტესტს. მინისტრის განცხადებით, ის პედაგოგებს შეხვდა. „ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ. მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება მასწავლებლები და მშობლები სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია,” - განაცხადა ამილახვარმა. შეხვედრის შემდეგ ცნობიილი გახდა, რომ პროტესტი გაგრძელდება. „არ სურთ იმის აღიარება, რომ გასაუბრებაზე ხდებოდა დანაშაული. მოთხოვნა არის, აღიარონ დანაშაული კონკრეტულად ჩვენ წინაშე, ჩვენი დისკრიმინაცია არ არის სწორი. სამუშაო დღის დასრულებამდე დაველოდები და მერე ჩვენ არ გავალთ არსად. გაგრძელდება შიმშილით აქცია, თუ ვერ მივიღებთ პასუხს," - განაცხადა დირექტორთა კონკურსის მონაწილემ მაია ეკალაძემ. ის განათლების სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. პროტესტის მონაწილეები დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს არ ეთანხმებიან. მასწავლებლების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები” იცავს.  

პოლონეთმა რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრებზე სპეციალური ბატალიონი განათავსა

აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, პოლონეთმა რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრებზე დამატებითი ბატალიონი განათავსა. საუბარია სპეციალიზებულ სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფზე, რომელიც პასუხისმგებელია გზებისა და ხიდების მშენებლობა-რემონტზე, ნაღმების დაგება ან გაწმენდაზე, სიმაგრეების მოწყობაზე. პოლონეთი პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნას აძლიერებს. „დღეს ჩვენ ვხსნით ახალ სამხედრო ნაწილს ავგუსტოვში. იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც პოლონეთს ელის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ვარშავა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. მიმდინარე თვეს პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა. რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა  

Rheinmetall-ი უკრაინისთვის $142 მლნ-ის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს

გერმანული კომპანია, Rheinmetall Concern-ი უკრაინისთვის 142 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს. „2024 წელს Rheinmetall გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება გერმანიაში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მდებარე ქარხნებში, რაც უზრუნველყოფს 700 000-მდე საარტილერიო ჭურვის წლიურ წარმოებას. უკრაინისთვის დაახლოებით 40 000 წინასწარ შეკვეთილი ჭურვის წარმოება და მიწოდება 2024 წელს იგეგმება," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.