ძებნის რეზულტატი:

პუტინი ლატვიას ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულენოვან უმცირესობასთან დაკავშირებით ლატვიის პოლიტიკას შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან 4 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პუტინის განცხადება NATO-ა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობისა და ორ სამხედრო ძალას შორის შესაძლო სამომავლო კონფლიქტის შესახებ დისკუსიების ფონზე კეთდება. „არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკის გამტარებლებს ბედნიერება ეწვიოთ. ახლა არ ვიცი რამდენია, მაგრამ ლატვიაში, მგონი, 40% იყო რუსულენოვანი, ალბათ, ახლაც საკმაოდ ბევრია,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ საპასუხოდ უნდა შეიმუშაოს „სისტემური ზომები.“ ლატვიის მთავრობის 2023 წლის მონაცემებით, ლატვიის 1,8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 23,7% ეკუთვნის რუსულ უმცირესობას. ლატვიის პარლამენტმა 2022 წელს მიიღო ცვლილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესებს ამკაცრებს. ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. ლატვიაში მცხოვრები რუსები ახლა ვალდებულნი არიან, გაიარონ ლატვიური ენის საბაზისო დონის გამოცდა. ბალტიისპირეთის ქვეყანამ ბოლო დროს ასევე გააძლიერა დე-საბჭოთა და საზოგადოებრივი სფეროს დერუსიფიკაციის პოლიტიკა. სექტემბერში მიღებული კანონი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის სკოლებში რუსული და სხვა უმცირესობების ენების სწავლების ენად გამორიცხვას. რუსეთმა ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში ასეთ პოლიტიკას „რუსოფობია“ უწოდა. მაისში ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მოსკოვის გეგმები, გავლენა მოახდინოს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ადგილობრივი პრორუსული ორგანიზაციებისა და რუსული ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით.  

რა შედგები აქვს საქართველოს PISA-ს განათლების კვლევაში

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) მსოფლიოში განათლების ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენება. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ტარდება. PISA აფასებს 15 წლის ადამიანების ცოდნასა და უნარებს მთელ მსოფლიოში კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში. უახლესი მონაცემებით, 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. PISA-ს ბოლო კვლევა სწორედ ამ წელს ჩატარდა. 2022 წელს 2018 წელთან შედარებით მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში, კი 8 და 6 ქულით გაუარესდა. ამის მიუხედავად, PISA-ს შეფასებაში ნათქვამია, რომ არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკას არ ცვლის. კვლევის მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს ქართველ მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც PISA-ს შეფასებაში მონაწილეობენ. წაკითხულის გააზრებაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა. მე-2 დონე ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან მარტივი სტრატეგიები პრობლემის გადასაჭრელად. შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ერთი ან მეტი წყაროდან, მარტივი ამოცანების გადაჭრა, შედეგების პირდაპირი ინტერპრეტაცია. კერძო სკოლის მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეები; მათემატიკაში მაღალი შედეგები თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ, შემდეგ სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებლებს. ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც; საქართველოში ბიჭები და გოგოები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგოები 35 ქულით სჯობნიან ბიჭებს; საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგოების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანს, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას; საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანი და რუსულენოვანი ჯგუფის შედეგებს. შედეგები სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3 %-ი ყველაზე ღარიბი მოსწავლეები არიან; საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების, დაახლოებით, 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო. ისინი მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდნენ. კვლევა ამ მოსწავლეებს აკადემიურად მდგრადებს უწოდებს, რადგან მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. მოსწავლის კმაყოფილება სასკოლო ცხოვრებით საქართველოში 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ისინი ადვილად იძენდნენ მეგობრებს სკოლაში და 51%-ი სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს. ამავდროულად, 14% თავს სკოლაში მარტოსულად, ხოლო 13% თავს უცხოდ ან გარიყულად მიიჩნევს. 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, ყოველმა მეათე მოსწავლემ თქვა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით. საქართველოს 15 წლის გოგოების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. მოსწავლეები სკოლის გაცდენისას მიზეზად, ყველაზე ხშირად ავადმყოფობას, მოწყენილობას ასახელებენ. 2022 წელს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისეთი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც იციან თავიანთი მომავალი პროფესია. ათი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დაბალი საერთო PISA ქულები აქვს: ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა დომინიკის რესპუბლიკა. მე-9-ზე - საქართველო. დომენიკის რესპუბლიკა - 334.3 ფილიპინები - 350.0 კოსოვო - 361.3 პანამა - 365.0 მაროკო - 368.0 ლიბანი - 376.7 ინდონეზია - 382.0 საუდის არაბეთი - 386.0 საქართველო - 387.0 არგენტინა - 395.0 ყველაზე მაღალი PISA ქულების მქონე ქვეყნები ასე განაწილდნენ: ჩინეთი - 578,7 სინგაპური - 556,3 ესტონეთი - 525,3 იაპონია - 520.0 სამხრეთ კორეა - 519,7 კანადა - 516,7 ტაივანი - 516,7 ფინეთი - 516,3 პოლონეთი - 513,0 ირლანდია - 504,7 მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგებს გამოეხმაურა გამოცდების ეროვნული ცენტრი.     „უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს კოვიდპანდემიასთან (Covid-19) მიმართებით საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა - 2018 წლის შედეგებთან მიმართებით 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არცერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა. PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც, გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაო. მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა). საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი - 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი - 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კომპანია იტყობინება. „ლუკოილს“ ბულგარეთში  ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ნეფტოხიმი“ ბურგასში, ასევე, საწვავისა და ბენზინგასამართი სადგურების საცავების ქსელი ეკუთვნის. კომპანია „გადახედავს სტრატეგიას ქვეყანაში აქტივების მიმართ“, რის მიზეზადაც ასახელებს ცვლილებებს თავისი საქმიანობის განხორციელების პირობებში. „ლუკოილის“ თანახმად, ბულგარეთის ხელისუფლებამ მოიწონა „დისკრიმინაციული კანონები“ და „მიკერძოებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები“ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ბიზნესის გაყიდვას. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს რუსეთის საწვავზე დამოკიდებულება.  

პრეზიდენტმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი და გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.  

უკრაინა ჰუმანიტარული განაღმვის ოპერაციისთვის სლოვენიისგან 1,5 მილიონ ევროს მიიღებს

უკრაინა სლოვენიიდან ჰუმანიტარული განაღმვის საჭიროების დასაკმაყოფილებლად 1,5 მილიონ ევროს მიიღებს შეთანხმებას ხელი მოაწერეს სლოვენიის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრიი ტარანმა და სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა. „ეს თანხები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდას ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან და მრავალი უკრაინელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას,“ - განაცხადა იულია სვირიდენკომ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს, შეიმუშაოს გრძელვადიანი გადაწყვეტილებები და დაიწყოს პროექტები, რომლებიც დააკმაყოფილებს გადაუდებელ საჭიროებებს და საფუძველს ჩაუყრის ამ სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობას,რასაც აკეთებს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და დიალოგით. ამ დროისთვის უკრაინა ყველაზე დანაღმული ტერიტორიის მქონე ქვეყანა. მისი ტერიტორიის თითქმის მესამედი, დაახლოებით 174,000 კვადრატული კილომეტრი, პოტენციურად საშიშად ითვლება. უკრაინის მთავრობა მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების 80%-ის ეკონომიკურ ექსპლუატაციაში დაბრუნებას 10 წლის განმავლობაში. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და ამერიკული კომპანია Tetra Tech შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაღმებისგან გაწმენდის მიზნით ითანამშრომლებენ  

რუსეთი და ირანი სანქციების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებენ

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა, ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას სანქციების საწინააღმდეგოდ, იუწყება რუსული მედია. ხელმოწერა მოსკოვში შედგა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის დედაქალაქს კასპიის ზღვისპირა ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დეკლარაცია ცალმხრივი იძულებითი ზომების უარყოფით შედეგებთან დაპირისპირების, შერბილებისა და კომპენსაციის გზებისა და საშუალებების შესახებ.“ ლავროვმა განაცხადა, რომ დოკუმენტი შესაძლებელს გახდის, გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა „უკანონო“ შეზღუდვების წინააღმდეგ, „რომლებითაც, მისი მტკიცებით, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს.“ ირანის წინააღმდეგ უკვე 40 წელი, 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, საერთაშორისო სანქციები მოქმედებს. შარშან თებერვლამდე თეირანი მსოფლიო ლიდერი იყო ადამიანებისა და კომპანიების თვალსაზრისით, რომლებსაც შეზღუდვები შეეხო. Castellum.AI-ის ანალიტიკოსების დაანგარიშებით, 2022 წლის 22 თებერვლისთვის ირანის წინააღმდეგ შემოღებული იყო 3600-ზე მეტი სანქცია, რუსეთის წინააღმდეგ - თითქმის 2700. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეზღუდვების თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერად რუსეთი იქცა. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე რუსეთის წინააღმდეგ 15200 სანქცია, ირანის წინააღმდეგ - ათასზე ცოტა მეტი შემოიღეს. 7 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ჩადის. ირანული მედიის ცნობით, ვიზიტი, რომელიც პუტინის მიწვევით იმართება, ერთდღიანი იქნება. მოლაპარაკებების ძირითადი თემები იქნება კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. ეს მოსკოვში რაისის მეორე ვიზიტი იქნება პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ. რუსეთში მისი წინა ვიზიტი 2022 წლის იანვარში შედგა.  

მედია: უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში

უკრაინულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავებით დაარტყეს რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტს ოკუპირებულ ყირიმში, იტყობინება გამოცემა Hromadske სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. მისი მიხედვით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) და ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (HUR) სამიზნე ერთ-ერთი ობიექტი იყო საზღვაო ნავთობის ტერმინალი ფეოდოსიაში. „SBU-მ ასევე დაარტყა Nebo-M სარადარო სისტემას აღმოსავლეთ ყირიმის სოფელ ბაჰეროვესთან, ასევე სამხედრო ვერტმფრენის სადგომ, P-18 Terek-ს სარადარო კომპლექსს, და Baikal-1M-ის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების კონტროლის სისტემას ნახევარკუნძულზე,“ განუცხადა Hromadske-ს სხვა წყარომ. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი უკრაინის თავდასხმების სამიზნეა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, კიევი ყირიმის ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. ოკუპირებული ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაცია  

ლაშა დარსალია: გალის ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები, არანაირ პირობებს არ განვიხილავთ

გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები ჟენევის ფორმატის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა. დარსალიას თქმით, ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები და ქართული მხარე არანაირ პირობებს არ განიხილავს. „აქ ამ თემის არანაირი განხილვა არ ყოფილა. ხვალ იქნება განხილვა. მესმის სხვადასხვა სპეკულაცია ამ თემაზე და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება ამ თემასთან, ნუ სპეკულირებენ ამ თემაზე, ეს მხოლოდ დამაზიანებელია. გალის აიპიარემი მნიშვნელოვანი ნაწილია ჟენევის ფორმატის, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები. ნებისმიერი პირობის წაყენება ცალსახად მიუღებელია ქართული მხარისთვის და არანაირ პირობებს ჩვენ არ განვიხილავთ. ერთადერთი პირობა ისაა, რომ გალის აიპიარემის ფორმატი უნდა აღდგეს იმ ფორმატით, რასაც ითვალისწინებს შეთანხმებული დოკუმენტები. აქვე გეტყვით, რომ ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უნდა იყოს განხილული, პირველ რიგში არის დაკავებების თემა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი, ვინც დღესაა ციხეებში, იყოს გათავისუფლებული,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება. დღევანდელი დღე თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხევდრებს დაეთმობა, ხვალ კი, ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.   შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.   „ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ დოკუმენტში, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ პარლამენტს გადაუგზავნა

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ ნიდერლანდების პარლამენტისთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილ დოკუმენტში, ნიდერლანდების მთავრობა „სიფრთხილით“ ეკიდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ამის მიზეზად კომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე შეზღუდულ პროგრესს ასახელებს. ეს არის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელსაც ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახალ შემადგენლობაში განიხილავს, სადაც უმრავლესობა პარტიას თავისუფლებისთვის (PVV) ეკუთვნის. შესაბამის ინფორმაციას civil.ge ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობა აღიარებს ევროკომისიის გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების მთავრობა ხაზს უსვამს გაფართოების პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობას. ნიდერლანდების მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აქტს არ აქვს სამართლებრივი, ფინანსური ან ოპერატიული შედეგები. დოკუმენტის თანახმად, „ეს უფრო შეიძლება, ჩაითვალოს როგორც მკაფიო სიგნალი საბჭოს მხრიდან, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისკენაა მიმართული.“ ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, ნაწილობრივ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნავს რა, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა, როგორც ჩანს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა, ის აცხადებს, რომ „საქართველოსთან მოლაპარაკებები შეიძლება, მხოლოდ მაშინ დაიწყოს, როდესაც იქნება მდგრადი პროგრესი კომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებზე. ამისთვის მოკლე გზა არ არსებობს.“ მართალია, პროგრესის ნაკლებობის გამო ნიდერლანდების მთავრობა საქართველოს საკითხს სიფრთხილით ეკიდება, ის დადებითად უყურებს კომისიის რეკომენდაციას მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ ორ სახელმწიფოს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისიის წინადადება გაზომილი და დაბალანსებულია და რომ მთავრობას დადებითი დამოკიდებულება აქვს კომისიის რეკომენდაციის მიმართ, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვამ და უკრაინამ შეასრულეს კომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების უმეტესობა და რომ მთავრობა მხარს უჭერს კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ნაბიჯებს, რომლებიც მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღებამდე უნდა გადაიდგას. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

პრეზიდენტი: ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დროს, სულ ამ დრომდე 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. ზურაბიშვილის განცხადებით, ნებაყოფლობითი მოხალისეობა მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენაა. „თქვენ წარმოადგენთ სწორედ ძალიან დიდი ძალას, რომელსაც ვერავინ ვერ შეაკავებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა. არა მხოლოდ „თქვენი ხმა ევროპას“, არამედ თქვენ ხართ ევროპა იმიტომ, რომ ესაა ევროპა: თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგება იმისა, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას და ქვეყანას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

მაღაროელები აცხადებენ, რომ კომპანიასთან შეთანხმება შედგა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების განცხადებით, ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook გვერდზე გაავრცელეს. მათი თქმით, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. „რაღაც დრო არის აღებული, რათა სრულყოფილებაში მოვიდეს ეს ყველაფერი. დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან გადავა 12-საათიან გრაფიკზე, რაც აქ დასაქმებულების მოთხოვნა იყო. ამავე დროს, პირველი თებერვლიდან გასწორდება ხელფასების სხვაობა და გაუთანაბრდება დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს; ასევე, 8-საათიან გრაფიკზე მომუშავეთა საათობრივი ანაზღაურება ნაკლებია 12-საათიან გრაფიკზე მომუშავეებთან შედარებით, რაც გაღიზიანებას იწვევდა დასაქმებულებში, ესეც გასათანაბრებელი იყო. მივედით იმ შედეგამდე, რომ კომპანიამ გვთხოვა, გაეთვალისწინებინა კრიზისი, ე.წ. გაჭირვება და მიგვეცა 6 თვე. პირველ ივნისს იმ ადამიანების ხელფასიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება საათობრივი ანაზღაურებით 12-საათიან მომუშავეებს,“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა.

შეერთებულმა შტატებმა ბელორუსის თავდაცვის ინდუსტრიას სანქციები დაუწესა

სამშაბათს აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა გამოაცხადა სანქციები ბელორუსში 11 სუბიექტისა და რვა ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ რეპრესიებში, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის კორუფციულ ფინანსურ გამდიდრებაში და რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. სანქციების სიაში მოხსენიებულია ბელორუსის წითელი ჯვრის გენერალური მდივანი, დიმიტრი შევცოვი, რომელმაც აღიარა მონაწილეობა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში და რის გამოც ბელორუსის წევრობა საერთაშორისო წითელ ჯვარში შეჩერდა. ლუკაშენკოს ოჯახის გამდიდრებაში ჩართულ პირთა შორის აშშ ასახელებს ოლიგარქს ალექსანდრე შაკუტინს და მის Amkodor ჰოლდინგს, რომელიც გეგმავს თვითმფრინავების და საარტილერიო სისტემების წარმოებას, ოლიგარქებს პაველ ტოპუზიდისს და ვიქტორ პეტროვიჩს, რომლებიც ერთობლივად ფლობენ შპს Tabak Invest-ს, თამბაქოს წამყვან მწარმოებელს ბელორუსში. ბელორუსის რეჟიმის სხვა „საფულეებს“ შორის მოხსენიებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბელორუსული ცემენტის კომპანია, ხე-ტყის კონცერნი Bellesbumprom და ლოგისტიკური მიმწოდებელი Beltamozhservice და მისი გენერალური დირექტორი ვადიმ ბაბარიკინი. ბელორუსის თავდაცვის სექტორში, ვავილოვის სახელობის მინსკის მექანიკური ქარხანა, რომელიც აწარმოებს ოპტიკურ სამიზნეებს, და მის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე მოროზს; ასევე OJSC Zenit BelOMO-ს, რომელიც ასევე სამხედრო სექტორში საქმიანობს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

ნიდერლანდები უკრაინას $8,6 მილიონს გამოუყოფს

ჰოლანდიის მთავრობა 8 მილიონ ევროს (8,6 მილიონი დოლარი) გამოყოფს, რომლითაც რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამართალდამცველების საქმიანობას დაუჭერს მხარს. შესაბამის განცხადება ევროკავშირის მრჩეველთა მისიამ (EUAM) გააკეთა.  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა კიევში მოაწერა ხელი პროექტის „განხორციელების შეთანხმებას“ როლფ ჰომბოესთან, EUAM Ukraine-ის ხელმძღვანელთან ერთად. დაფინანსება მოხმარდება ძირითად აღჭურვილობას, როგორიცაა, მობილური პოლიციის განყოფილებები, საკომუნიკაციო და IT აღჭურვილობა და სასამართლო ექსპერტიზის აღჭურვილობა ომის დანაშაულის ადგილებისთვის. „გათავისუფლებული ტერიტორიების წინაშე დგას გამოწვევები უსაფრთხოების აღდგენის კუთხით და „განსაკუთრებით სოციალური ერთიანობის აღდგენის მიმართულებით,“ განაცხადა EUAM უკრაინამ.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა არ შემცირდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ლონდონის მხარდაჭერა უკრაინისადმი მომავალ წელს არ შემცირდება. მან აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაუწია ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება 4,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე (სულ რაღაც 6 მილიარდ დოლარზე ნაკლები) და გააგრძელებს დახმარებას. ქემერონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 4,6 მილიარდი ფუნტის (დაახლოებით 5,7 მილიარდი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარება გაუგზავნა და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები შავ ზღვაში უკუაგდეს. ლორდთა პალატაში დასმულ კითხვას, თუ რამდენს დახარჯავს დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებაზე 2024 წელს, ქემერონმა უპასუხა, რომ მას ეს მაჩვენებელი ხელთ არ აქვს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარდაჭერა იქნება ისეთი მასშტაბით, როგორიც ადრე იყო. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ქემერონის პირველი სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 16 ნოემბერს შედგა. დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში, პირველ ვიზიტით 6 დეკემბერს ჩადის.  

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ  რუსულ ბომბდამშენი SU-24М გაანადგურეს. „რუსული სუ-24მ ბომბდამშენი ცდილობდა თავდასხმას ოდესის რეგიონის სამხრეთით,“ - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 323 თვითმფრინავი და 324 ვერტმფრენი რუსეთის საოკუპაციო არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.  

წალკასთან მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სიესმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56კმ-ში ქალაქ წალკასთან, სოფელი სალამალეიქი იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 37 მილიონი ფუნტი სტერლინგია. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, კამერონმა აშშ-ში მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის წინა დღეს უკრაინისთვის ზამთრის ჰუმანიტარული დახმარების ახალი, 29 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პაკეტის და ასევე ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დამატებით 7.75 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ განაცხადა. „აღნიშნული დაფინანსება არის დიდი ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების, 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული და რომლის შესახებ ქვეყანამ ივნისში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა,“ - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში. მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ჯამური ღირებულება 9.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.  

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან დახურულ შეხვედრას გამართავენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. თეთრი სახლის ცნობით, ვირტუალურ შეხვედრას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა გაუძღვება და უკრაინის პრეზიდენტი პირველ ნაწილს შეუერთდება. უკრაინის საკითხის გარდა, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ახლო აღმოსავლეთის, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრებენ. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.  

ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე მადურომ გამარჯვება გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. „ესეკიბოს მთელ ტერიტორიაზე ნავთობის, გაზისა და მაღაროების მოძიებისა და ექსპლუატაციის საოპერაციო ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაცემას გავაგრძელებ,“ - განაცხადა მადურომ. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა