ძებნის რეზულტატი:

რუმინეთში წითელას ეპიდემია გამოცხადდა

რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ წითელას ეპიდემია გამოაცხადა. გადაწყვეტილება „წითელას შემთხვევების საგანგაშო ზრდის გათვალისწინებით მიიღეს. რუმინეთში წითელას 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - დაავადება გამოვლინდა ქვეყნის 41 ოლქიდან (რეგიონიდან) 29-ში. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მცხოვრებთა 78%-მა მიიღო ვაქცინის პირველი კომპონენტი, ხოლო ბავშვების 62%-მა ორივე კომპონენტი მიიღო. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანაში ბავშვების 78%-მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ვაქცინაციის უფლების მქონე ბავშვების 62%-მა მიიღო ორი დოზა. ამასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში აცრილი ბავშვების რიცხვი მცირდება.  

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია შევძელით

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. უმეროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებს ფრონტზე თავდაცვის სამი ხაზი აქვთ და ახლა უკრაინის სამხედროები მეორე და მესამე ხაზებს შორის იმყოფებიან. „ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია, ჩვენ რუსეთს ჩვენს მიწაზე ვამარცხებთ, დავიბრუნეთ ტერიტორია, გავათავისუფლეთ ის. ახლა კი 2024 წლის გეგმა გვაქვს“, - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.  

აშშ-მ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. Reuters-ის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ამასთან, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანების სწრაფად დასრულების მოლოდინი აქვს, მაგრამ უჭირს ზუსტად დაასახელოს თარიღი, როდის აუნთებენ შვედეთს მწვანე შუქს თურქეთი და უნგრეთი. „შვედეთი არის ძლიერი, ქმედუნარიანი თავდაცვის პარტნიორი, რომელიც NATO-ს ღირებულებებს მხარს უჭერს და ალიანსს გაწევრიანების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებს. შვედეთის წევრობა ჩვენს კოლექტიურ თავდაცვასა და ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის უნარს გააძლიერებს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

მწერალთა სახლში წიგნი „PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება

7 დეკემბერს, მწერალთა სახლში წიგნი „PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის ავტორები არიან სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი - ირინა ცერცვაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი - თეონა შარიქაძე. წიგნში განხილულია PR-ის თანამედროვე ტექნოლოგიების კონცეფციის, სტრატეგიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მართვის სხვადასხვა მოდული, პროდუქტის ბრენდად ფორმირების ღირებულებათა სისტემა, კულტურის ძირითადი ტიპოლოგიური კონცეფციები, მოსაზრებები. საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და სხვა მომიჯნავე დისციპლინების დეფინიციები; PR - ის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის მეცნიერულ - თეორიული საფუძვლები და მისი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციისა და სოციალური სუბიექტების ურთიერთქმედების პროცესში. გაანალიზებულია ყველა ის მოდული და პიარ-ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ასევე განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალი სტრატეგია, რომელიც დიდ აუდიტორიებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენება. ნაშრომში გაანალიზებულია, კომუნიკაციური პროცესის სტრუქტურა, მახასიათებლები, ფუნქციები; ემოციების მართვის ძირითადი პრინციპები და ფსიქოლოგიური ასპექტები; საჯარო გამოსვლებისა და დარწმუნების ხელოვნების მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მექანიზმები. წიგნში განხილულია კომუნიკაციის პროცესები და ამ პროცესებით მიღწეული შედეგები, რომლებიც ვლინდება ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს. მოცემული ნაშრომი განკუთვნილია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. მათთვის ვინც დაინტერესებულია და მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. წიგნის პრეზენტაცია 19:00 საათზე გაიმართება.

თბილისის ნაძვის ხე და ილუმინაციები 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი, საახალწლო სოფელი გაიხსნება

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 15 დეკემბერს მსმენელის წინაშე წარდგება იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონი ბენდთან ერთად. „15 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია აინთება საზეიმოდ. მინდა მივმართო მოსახლეობას, ყველას ვისაც სურვილი აქვს მობრძანდით საღამოს, 20:00 საათზე. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს, ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 16 დეკემბერს ასევე დაგეგმილი გვაქვს საახალწლო სოფლის დაგხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანი ელოდება. საახალწლო დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს მრავალფეროვანი კვების და ტკბილეულის ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ეს არის: ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე დედაენის ბაღში იქნება საახალწლო სოფელი. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ. საახალწლო სოფელი 7 იანვარს, მუსიკალური საღამოთი დაიხურება,“ - აღნიშნა კალაძემ.  

შსს-ში საკადრო ცვლილება განხორციელდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ვახტანგ გაბრიჭიძე წარუდგინა.შსს-ს ცნობით, „ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან ერთად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.“ ვახტანგ გაბრიჭიძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.ვახტანგ გაბრიჭიძე უწყებაში 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.  

სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება. „სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მერიამ 20-ზე მეტი უნებართვო, დაუსრულებელი შენობა დაანგრია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების მიერ კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად ხორციელდება,“ — აცხადებს მერია. ამასთან, მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკაონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას ჰპირდებიან.  

ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟე იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს. უკრაინის დახმარების საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმაც გააკეთა. „თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია, მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ,“ - განაცხადა ჯანეტ იელენმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ამერიკელი სენატორებისადმი მიმართვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმიეროვმა განმარტა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორების წინაშე გამოსვლა ვერ შეძლო უკრაინაში ომისა და მუდმივად ცვალებადი სიტუაციის გამო. „ეს არის ომი, ასე რომ, სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს. მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი ამას გააკეთებს  [სენატორებისადმი მიმართვა] შემდეგ ჯერზე, როცა შესაძლებელი იქნება,“ - აღნიშნა მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე უკრაინამ, შეიძლება, ომი წააგოს. ერმაკმა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება, კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცოს. ზელენსკის გამოსვლის გაუქმების თაობაზე, 5 დეკემბერს სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, თუმცა მას მიზეზებზე არ უსაუბრია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლა, რომელიც 5 დეკემბერს, კიევის დროით 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. სენატმა დღეს, 6 დეკემბერს უნდა იმსჯელოს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო დაფინანსებაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

YouTube Premium-ი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

YouTube პრემიუმ ვერსია საქართველოშიც ხელმისაწვდომია, სერვისი დღეს, 6 დეკემბერიდან ჩაირთო. ფასიანი სერვისი მომხმარებლებს უფასო, სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, რიგ უპირატესობას სთავაზობს. ესენია: ვიდეობის რეკლამის გარეშე ყურება; ვიდეობის ფონურ რეჟიმში ყურება – მაგალითად, სმარტფონში, ვიდეო არ გამოირთვება მაშინაც კი, როდესაც სხვა აპლიკაცია გაქვთ ჩართული. ფასიანი ვერსია ასევე გვთავაზობს YouTube Music-ის სერვისს, რომელშიც მილიონობით მუსიკალური კომპოზიცია შედის. სულ ხელმისწავდომია სამი პაკეტი: სტუდენტური – თვეში 10.29 ლარი; ინდივიდუალური – 17.49 ლარი; საოჯახო (ექვსი მომხმარებლისთვის) – 33.29 ლარი. YouTube Premium მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგია.   

მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა. ამასთან, მან გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, გაიანის ხელისუფლებამ რეფერენდუმს ანექსიის მცდელობა უწოდა. თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, გაიანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესეკიბოს გაიანის სახმელეთო ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს. იქ 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაიანის მოსახლეობა სულ 800 ათასია. ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა ვენესუელა დიდი ხანია, ესეკიბოზე პრეტენზიას აცხადებს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია ExxonMobil-მა რეგიონში ნავთობით მდიდარი საბადოები აღმოაჩინა. გაიანამ და ვენესუელამ 1966 წელს ჟენევაში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გაიანა გახდა ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში ბრიტანეთის სამართალმემკვიდრე. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გაიანა ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ესეკიბო გაიანის ნაწილად აღიარა. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენესუელამ არ უნდა მიმართოს ქმედებებს, რომლებიც სადავოს გახდის ამ რეგიონზე გაიანის კონტროლს, თუმცა კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ აუკრძალავს. ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც საქართველოს ორი ნაწილის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.  

ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს სამაგალითო პარტნიორობისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ყურადღება გამახვილდა NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე. საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს. აღინიშნა აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა. შეხვედრას აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრნენ,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვაშინგტონის განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია  

ნათია თურნავა: განუხრელად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, რომ სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. თურნავას თქმით, “ამის არანაირი დასტური არ არსებობს.“ „საქართველო არასდროს იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და სანქციების დარღვევის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ დაფიქსირებულა, არ მომხდარა და ჩვენც ამ მიმართულებით ვაკონტროლებთ საფინანსო სისტემას. არის თუ არა სანქციების აღსრულების წესის დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ კანონმდებლობასთან რაიმე დამატებითი რისკის შემქმნელი? - არამც და არამც და პირიქით, რაც უფრო თანხვედრაში იქნება ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში, მით უფრო ნაკლებია შემდგომი სასამართლოში მოდავების რისკები და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ძალიან ბევრი რისკის ადრესირება მოხდა ამ თვალსაზრისით. ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. შეკითხვები იყო ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს - მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას, არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია,” - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“

„ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის 30-მდე წევრმა პარტია დატოვა

ხობის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 30-მდე წევრმა პარტია დატოვა. მათგან 10 საკრებულოს წევრია. შესაბამისი განცხადება ხობის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა გააკეთა. ისინი მანდატების დატოვებას არ აპირებენ, ფრაქციისთვის კი სახელის გადარქმევას გეგმავენ. „პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგაჟირებული, „ფსევდომიშისტების“ ფსევდოჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია, რამაც გამოიწვია ღირსეული და მრავალბრძოლა გამოვლილი ადამიანების გვერდზე გაწევა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეაზე, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ბიზნეს-ინტერესებით იყო ნაკარნახები. ვინაიდან პარტია ასცდა თავდაპირველ იდეას, ვის გარშემოც ვიყავით გაერთიანებული გულწრფელი ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც წარმოვადგენდით 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე და 2012 წლის შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას შემოერთებული ადამიანები, დღეს, ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა წევრმა, ასევე პარტიის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. სადაც ნიკა მელია იქნება, იქ ვიქნებით ჩვენ. ოპოზიციის ველზე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს ადამიანი არის ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი, ყველაზე მებრძოლი,“ - განაცხადა ია ჯიშკარიანმა.  

რა საკითხებზე ესაუბრნენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს

ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „გირჩი - მეტის თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ძირითადი დრო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს დაეთმო. მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რამდენად გააჩნია ოპოზიციას თანამშრომლობის უნარი, ვინაიდან შესაძლოა, „თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია.“ „ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც საგარეო და რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის შიგნით რა პრობლემები არის, ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას. აინტერესებთ, რამდენად გაგვაჩნია თანამშრომლობის უნარი, გვერდიდან რომ უყურებენ, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ. „განვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების პროცესი, რომ არ განმეორდეს ის საძაგლობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა 2020 და 2021 წელს. არსებობს ტენდენცია, რომ იგივეს გაიმეორებენ.  მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ თუ გაიმეორებს გაყალბების მცდელობებს, ვერ მოახერხებს დააღწიოს თავი ძალიან კრიტიკულ შეფასებას, რომელიც არ მისცემს საშუალებას, მოახდინოს ლეგიტიმაცია უკანონოდ ჩატარებული არჩევნების,“ – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის თქმით, მან ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, რა სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?! ასევე, ჩვენი ემიგრანტების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაზე, რომ მიიღონ მონაწილეობა თავისი სამშობლოს ბედის განსაზღვრაში,“ - განაცხადა ბარამიძემ. სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, ბარამიძემ მედიასთან საუბრისას კოალიციური მთავრობის აუცილებობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სადამკვირვებლო მისიისთვის რესურსები უკვე მობილიზებულია. ჩიხლაძის თქმით, აშშ აცნობიერებს, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ იმ თვალსაზრისით - რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ მიდის ქვეყანა. დღესვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ცხადია, აშშ უჭერს მხარს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას შეეხებოდა და ამ მოლოდინებს. მეორე მნიშვნელლოვანი თემა, ცხადია, იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ვიცით, რომ იქნება საერთაშორისო მისიები აშშ-დან და საუბარია, რომ იქნება გრძელვადიანი მისიები საკმაოდ დიდი. ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი და თუკი ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები შევაფასოთ დემოკრატიულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ეტაპი იყოს კარგად ჩატარებული. ისინი ჩამოვლენ უფრო არე, ვიდრე ეს არის საარჩევნო პერიოდი და შეხედავენ, ხომ არ ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი პროცესი და ჩვენთან ამ თემებზე იყო საუბარი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სწორედ იმას ნიშნავს, რომ კონკურენტული გარემო უნდა იყოს და ყველა პოლიიტკურ ძალას შეეძლოს თანაბრად მიიღოს მონაწილეობა და თანაბარი კამპანია აწარმოოს,“ - აცხადებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.  „ვთხოვეთ ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარაჭერა მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს საარჩევნო წელს. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რომლებიც წინასარჩევნო პერიოდში შეიძლება, გვქონდეს, მათ შორის, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, მასზე ზეწოლა. ყველა მხრიდან, ყველა მეთოდით დააკვირდებიან ამ არჩევნებს,“ - აცხადებს თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური „ტვპირველის“ ცნობით. ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა  

რა მიმართულებებით მუშაობდა ბლინკენის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოშ ჰაკი, რომელიც საქართველოს მეორე დღეს, ვიზიტით სტუმრობს, სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკის საკითხებს ზედამხედველობს ბლინკენის უწყებაში. მანამდე ის სამხრეთ ევროპის საქმეთა მიმართულებით ოფისის დირექტორად მუშაობდა. მისი სამუშაო სფერო მოიცავდა კვიპროსს, საბერძნეთს, მალტასა და თურქეთს. საგარეო სამსახურში მოღვაწეობის დაწყების შემდეგ ის საზღვარგარეთ მსახურობდა შანხაიში, ტოკიოში, სოფიაში, რანგუნში, ტაიპეისა და ჰონგ კონგში. ჯოშუა ჰაკი  ვაშინგტონში ასევე მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ჩინეთისა და კორეის საქმეთა ოფისებშიც. მას ასევე ეკავა აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კურტ კემპბელის შტაბის უფროსის პოზიცია. განათლებაჯოშუა ჰაკი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ბოლონიის, იტალიის ჯონს ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის სერთიფიკატი. და ბოლოს, უცხო ენების გრაფაში მითითებულია, რომ ჰაკი საუბრობს, ჩინურ, იაპონურ, ბირმულ და ბულგარულ ენებზე. ასევე გაეცანით: რა საკითხებზე ესაუბრნენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა

რუმინეთის ელჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ამ პროექტს

საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა, რომ შუა დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ მხარს უჭერდა ამ პროექტს. რუმინეთის ელჩი თბილისში მიმდინარე შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. „დღეს მე დავესწარი შავი ზღვის პლატფორმის შეხვედრას. ამ პლატფორმას მესამედ ვესწრები. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც სახელმწიფოთა წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი ხვდებიან ერთმანეთს. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ უჭერდა მხარს ამ პროექტს, როგორც ალტერანტივას ტრადიციული სატრანსპორტო გზებისთვის. ჩვენი აზრით, პოტენციალი არსებობს და ის გაზრდილია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, ასევე, დერეფანს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის,“ – განაცხადა რაზვან როტუნდუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ICC-ს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. რუსეთის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩავიდა. აბუ-დაბის შემდეგ, პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. არაბთა გაერთიანებული საამირო და საუდის არაბეთი ICC-ის მუშაობაში არ არიან ჩართულნი. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დსთ-ს სამ ქვეყანას და რუსეთს მოსაზღვრე ჩინეთს ეწვია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი ასვე გასცა ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. რუსეთის მაღალჩინოსნებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებითი დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.  

უნგრეთში აშშ-ის ელჩმა უნგრეთის მთავრობა NATO-ს მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა

უნგრეთში აშშ-ის ელჩმა უნგრეთის მთავრობა NATO-ს მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დევიდ პრესმანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფა აშკარაა, როცა პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხვევა და იმუქრება, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარებას შეაჩერებს. „დღეს ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მოკავშირეს, რომელიც NATO-ს ეყრდნობა და თავს კომფორტულად გრძნობს, ასევე, უგულებელყოფს მოკავშირეებისა და ჩვენი ალიანსის ინტერესებს, მათ შორის ევროპაში ომის დროს,“ - განაცხადა პრესმანმა. ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ახლა უნგრეთი ვითარდება, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, რაც კომპანიებს ადგილზე წარმატებული ბიზნესის წარმართვის საშუალებას აძლევს.