ძებნის რეზულტატი:

ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარუდგინა

ვიქტორ ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. დოკუმენტის ავტორების თქმით, „უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. დღეს ამის პირობები არ არსებობს.“ უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაში აღნიშნულია , რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ პროცესად უნდა დარჩეს, რომელიც წესებსა და შედეგებს ეფუძნება. უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ორბანი ემანუელ მაკრონს ხვალ პარიზში შეხვდება. Politico 5 დეკემბერს წერდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." "ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს. ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე. „მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს... მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა. "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.  

ლატვიის პრეზიდენტმა პუტინის მუქარას უპასუხა

ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლოს დროს გახშირდა რუსეთის მცდელობები, გახლიჩოს არამხოლოდ ლატვიის, არამედ, დასავლური საზოგადოებაც, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეირყეს. „ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა, დამალოს ყველა ის სისასტიკე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სჩადის, ეს პირდაპირი მუქარაც კი არ იყო, ეს იყო ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოწოდების მცდელობა მათთვის, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს და ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობს," - განაცხადა რინკევიჩსმა. პუტინი ლატვიას ემუქრება  

პრეზიდენტი ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში 10 დეკემბერს, პრეზიდენტი Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრას გამართავს ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან.  „შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით.   კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ერთ-ერთი განცხადებაში, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ.  

ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში

„საქართველო და აზერბაიჯანი ახლო პარტნიორები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ენერგეტიკული თანამშრომლობა. თუმცა ამ თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, ევროპაში სტრატეგიული მნიშვნელობის კონსოლიდირებულ გუნდად წარმოგვეჩინა თავი,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: შინ დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განაცხადა. ილჰამ ალიევმა გაიხსენა, რომ ხშირად სტუმრობს საქართველოს, ისევე როგორც საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - ბაქოს და ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. „ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ქართველ მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ ამ წამოწყებაში და ვულოცავ სტატუსის მინიჭებას,“ - აღნიშნა ალიევმა.  

პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა. პარლამენტის თავმჯდომარემ მირჩა ჯოანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევას. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.  

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორები დაამატა. დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში სამხედრო და ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან მოხვდნენ. სანქციები შეეხო ოთხ იურიდიული პირს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში ასევე შეიყვანა რუსეთიდან 31 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც თვითმფრინავების და რაკეტების წარმოებასთან და ძირითადი ელექტრონული კომპონენტების იმპორტთან არიან დაკავშირებულნი.  

პისტორიუსი: დასავლეთის პასუხისმგებლობაა, შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში უარყო მოსაზრება სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა „ძალიან ცოტას იღებს მისი პარტნიორებისგან.“ „ჩვენ უკრაინას ვამარაგებთ ისე, როგორც შეგვიძლია. იგივე ეხება თითქმის ყველა სხვა მოკავშირესა და პარტნიორს," - განმარტა ბორის პისტორიუსმა. თუმცა გერმანელმა მინისტრმა აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები იყო იარაღის მიწოდების ჯაჭვში. ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ თავდაცვის ინდუსტრია ზრდის შესაძლებლობებს, როგორც შეუძლია", მაგრამ ამავე დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამას დრო სჭირდება. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის პასუხისმგებლობაა, ომში, „ბრძოლის ველზე შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს და ამიტომ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.“  

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა.   აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში," - გორგოძის განცხადება ცენტრის Facebook გავრცელდა. ამასთან, ქართული მედიასაშუალებების ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვება PISA-ს კვლევებს უკავშირდება. სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად 2018 წელს დაინიშნა.  

FBI კვიპროსის პოლიციას რუსი ოლიგარქების მიერ სანქციების დარღვევის გამოძიებაში დაეხმარება

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები კვიპროსში ჩავიდნენ, რათა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამოძიებას დაეხმარონ. ამის შესახებ The Guardian იტყობინება. მედია წერს, რომ კვიპროსის სამართალდამცავ ორგანოებს 24 კაციანი გუნდი დაეხმარება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე კვირას გვიან ჩავიდნენ. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ დაეხმარნენ კვიპროსში იურისტები და ბუღალტრები კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენების აქტივების დაცვაში. აშშ-ის გუნდში შედიან ექსპერტები აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელიდან, რომელიც სპეციალიზირებულია სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების იდენტიფიცირებაში საბანკო ოპერაციების ანალიზის გზით. სავარაუდოდ, კვიპროსის ხელისუფლება სპეციალურ დახმარებას ალექსეი მორდაშოვის, რუსი ლითონების, სამთო და საბანკო მაგნატის საქმეში ითხოვს.  კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა არაერთხელ გამოაცხადა „ნულოვანი ტოლერანტობა“ სანქციების დარღვევის მიმართ.  

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას - ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში

„ჩვენ გვქონდა პირველი პროდუქტიული დისკუსია პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მომავლის შესახებ,“ ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 6 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა. „გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება რეგიონში, ისტორიულ შესაძლებლობებს შექმნის,“ - აღნიშნა ო'ბრაიენმა შეხვედრის შემდეგ. მანამდე ალიევი აცხადებდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის  

არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. „გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 - ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში განახლებული დანართის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთის ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით. „აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმათულებით აქვთ. თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება,“ - ნათაქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ აცხადებს, რომ ილჰამ ალიევთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და აზერბაიჯანმა ერთმანეთის მიმართ კრიტიკული შეფასებები გაცვალეს. რაც შეეხება 6 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმაც. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ო'ბრაიენის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების განხილვისა და რეგიონულ საკითხებზე აზრთა გაცვლის თვალსაზრისით. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების მდიდარი ისტორიაა და რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ურთიერთობები დამყარდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ამავე შეხვედრისას ალიევმა აღნიშნა, რომ 44-დღიანი  ომის შემდეგ სომხეთს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, გაგზავნა იარაღი და სამხედრო პერსონალი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და მხარი დაუჭირა სეპარატიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ჩაატარ ანტიტერორისტული ღონისძიებები თავის სუვერენულ ტერიტორიებზე, ბოლო მოუღო აგრესიულ სეპარატიზმს და ოპერაციის დროს ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დაცვის მაგალითი აჩვენა. ალიევმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს რეგიონულ სამშვიდობო დღის წესრიგს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენის შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობები მშვიდობის დამყარებისთვის და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს ახალი რეალობების გათვალისწინებით. ილჰამ ალიევმა მიუთითა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და კასპიისა და შავ ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ რეგიონში შეიქმნა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას ღრმა ფესვები აქვს და ორი ქვეყანა კარგი პარტნიორია. მან ისაუბრა შეერთებული შტატების როლზე აზერბაიჯანის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების კონტექსტში და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რეგიონში სამშვიდობო დღის წესრიგს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ამ კუთხით მოლაპარაკებები ვაშინგტონში გააგრძელოს. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის განვითარებას, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის შესახებ დისკუსიების გაგრძელებას. მან აღნიშნა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მომავლისკენ ხედვის მნიშვნელობა. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ორმხრივი ვიზიტების განახლება მხარეებმა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონულ საკითხებზე,“ - ნათქვამია ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას - ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის  

ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში: აშშ შუა დერეფნის კონცენფიის განვითარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ილჰამ ალიევს შეხვდა ბაქოში. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ, ოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, მხარეებმა შუა დერეფნის კონცეფციაზეც ისაუბრეს. ილჰამ ალიევმა მიუთითა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და კასპიისა და შავ ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ რეგიონში შეიქმნა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის განვითარებას.  

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად აცნობა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გადის - Reuters

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად აცნობა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას ტოვებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი იტალიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა. პეკინს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია. ასევე წაიკითხეთ: იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს  

უკრაინული მედია: პრორუსი პროპაგანდისტის ილია კივას ლიკვიდაცია SBU-ს სპეცოპერაციაა

“ინტერფაქს-უკრაინა” სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის ოლქში მაღალი რანგის კოლაბორანტის ლიკვიდაცია მოახდინა.  „მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა. დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.” - განაცხადა “ინტერფაქს-უკრაინას” წყარომ. ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო გამოცემამ “რია ნოვოსტი” ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ილია კივას ცხედარი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ სუპონევოში იქნა აღმოჩენილი. მათ კივას გარდაცვალების გარემოებები ან მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ. ინფორმაციისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა. უკრაინულმა სასამართლომ კივას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისთვისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისა და გადაგდებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.  

აშშ-მ რუს ჯარისკაცებს ამერიკელის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულისთვის ბრალი პირველად წაუყენა

აშშ რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ამერიკელის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ადანაშაულებს. CNN-ის ცნობით, ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენეს. ამერიკული მედია ფედერალური სასამართლოს დალუქული დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ხსენებული ჯარისკაცები რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს უკრაინაში ცხოვრობდნენ. საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სოფელ მაილოვეში, ამერიკის მოქალაქე სახლიდან ძალადობრივად გაიტაცეს და სავარაუდოდ, სცემეს, აწამეს რუსეთის სამხედრო კომპლექსში, სადაც ის 2022 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რუსი ჯარისკაცების მიერ აღძრული საქმე პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ათწლეულების წინანდელი კანონი გამოიყენა. კანონი მიზნად ისახავს იმ ადამიანების დევნას, ვინც სამხედრო დანაშაულს ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადის. აშშ-ის კანონმდებლობით, ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.  

პრეზიდენტი: სპორტს სჭირდება თავისუფლება, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ

სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა და თავისუფლება - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია,“ - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინიციატივა ხორციელდება, რათა საქართველოს ევროპულობის შესახებ ევროპაში ერთობლივი განაცხადი გაკეთდეს. „ჯერ მივესალმე ყველაზე ახალგაზრდა თაობას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სპორტულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, მათ საშუალება ექნებათ, იხილონ საქართველო ევროკავშირის წევრად. სანამ ეს მოხდება და დარწმუნებული ვარ, მალე მოხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპორტული სამყარო შესულია ევროკავშირში, იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ საქართველოს, წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში. საქართველო პრაქტიკულად არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ. ამისთვის ნამდვილად ხართ იმის ღირსი, რომ საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ. სპორტი, ალბათ, არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა - ეს რომ არ გქონდეთ, წარმატებული არ იქნებოდით; მეორე კი არის თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია, რაც ყოველდღიურად მოიპოვება და ჩვენზე, ყველაზეა დამოკიდებული. საზოგადოება ამ შემთხვევაში ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალსა და თავის თავისუფლებას. ამიტომ, მინდა ყველას გისურვოთ მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება. ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპა გაიგონებს, რადგან თქვენი წარმატებებით უკვე ესმით თქვენი ხმა. საჭიროა ეს უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს იყოს საქართველოდან ჩვენი საერთო ხმა. ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზების დეპარტამენტის ინფომაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოების გამო, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 7 დეკემბრის 10:00 სთ-დან, 9 დეკემბრის 21:00 სთ-მდე. მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.