ძებნის რეზულტატი:
რუსეთი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე“ საუბრობს
ჟენევის დისკუსიების 59-ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე. „სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნის თანამედროვე ტიპის შეიარაღებით მომარაგებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „გამოთქვეს საერთო ინტერესი ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის, შენარჩუნებისთვის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად“. რუსეთი კვლავ მიუთითებს „სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების აუცილებლობაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, ასევე დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყების აუცილებლობაზე. „მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია „ადგილზე“ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში, ცალკეული ინციდენტების გამოკლებით, ზოგადად სტაბილური რჩება,“ - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) გალის ფორმატის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას. აფხაზურმა მხარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკვე გამოვიდა წინადადებებით, რომელიც შეეხება ამ მექანიზმის აღდგენას, „რომელსაც ქართველი მონაწილეების მხარდაჭერა არ მიუღია“. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ თქვეს უარი ქართველი დევნილების შინ დაბრუნების საკითხის განხილვაზე და მიუთითეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის „პოლიტიზებულობაზე“. „იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ აქვთ ნიუ-იორკის პლატფორმაზე წვდომა და ამიტომ არ შეუძლიათ იქ თავიანთი პრინციპული მიდგომების წარდგენა, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა კვლავ წამოჭრეს საკითხი, შეწყდეს სოხუმისა და ცხინვალის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ საკითხების კონსტრუქციულ განხილვას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდი 2024 წლის აპრილისთვის დაიგეგმა. დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას
დანიგანი საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ: ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქი ეროვნული საგანძურია. „ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით. ჩემთვის ამაღელვებელი მომენტი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა. მას ვუთხარი, თუ რამდენად იმოქმედა ჩემზე იმ გავლენამ, რაც მას აქვს საქართველოზე. ის ამდენი წლის განმავლობაში არის უდიდესი სულიერი ლიდერი და ეხმარებოდა ამ ქვეყანას აშენებაში. მე ასევე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას იმ წვლილისთვის, რასაც ის მშვიდობისთვის ეწევა, მშვიდობისთვის ხალხის სულში, ოჯახებსა და მსოფლიოში. ის ეროვნული საგანძურია და ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან სტუმრობა. მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით,“ - განაცხადა ელჩმა. საქართველოს საპატრიარქოს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები ეწვივნენ. საპატრიარქის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა.
საქსტატი: ოქტომბერში მშენებლობა გაიაფდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.2 პროცენტით შემცირდა. „საქსტატის“ ცნობით, ეს ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5 პროცენტიანი შემცირებით, რამაც - 1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.4 პროცენტით გაიზარდა, რაც უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. დღეისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია და აზერბაიჯანის გამოყოფილი საკრედიტო ხაზიდან 756 მლნ დოლარია ათვისებული. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შემდეგაც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო უბანი ექსპლოატაციაში შევა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 90% დასრულებულია
ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება. მედიის ცნობით, შესაბამის ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. „61 წლის ალიევი ბოლოს 2018 წელს აირჩიეს შვიდი წლის ვადით და პოლიტიკური უთანხმოების დიდწილად ჩახშობის პირობებში, თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ახალი ვადით აირჩევენ. ნავთობის რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მყარი ალიანსი შექმნა თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანთან და ასევე ახერხებს ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან,“ - წერს Reuters-ი. არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს იყო დაანიშნული. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზები არ გასაჯაროებულა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.
თურქეთმა საერთაშორისო სამხედრო წვრთნები ჩაატარა
თურქეთში საერთაშორისო სწავლება Nusret-2023 დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლება Nusret-2023 თურქეთის საზღვაო ძალების, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გაიმართა. „სწავლების დროს წარმატებით შესრულდა ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაო, რაც ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. წვრთნებში აზერბაიჯანთან ერთად, ბაჰრეინი, ბრაზილია, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ქუვეითი, მალაიზია, პაკისტანი და ომანი მონაწილეობდნენ. თურქეთი საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან
ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს წევრი ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან. დამატებით ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი ღონისძიების ფარგლებში გაასაჯაროებენ. ნორვეგიამ უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა თებერვალში დაიწყო, რომლის საფუძველზეც უკრაინას $7 მილიარდის მოცულობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ლონდონმა უკრაინას 4,7 მილიარდ ფუნტზე მეტი (5,9 მილიარდი დოლარი)მოცულობის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება უკვე გამოუყო.
გაეროს ბავშვთა ფონდი და საფრანგეთის საელჩო ბავშვთა უფლებების გაძლიერების მიზნით, ახალ ინიციატივას იწყებენ
გაეროს ბავშვთა ფონდმა და საფრანგეთის საელჩომ განაცხადეს ახალი პარტნიორული ინიციატივის დაწყების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების გაძლიერებას საქართველოში. საფრანგეთის საელჩოს ცნობით, პროგრამა - ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოში - აამაღლებს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციას, დაეხმარება პროფესიონალებს ბავშვებისთვის ხარისხიანი სერვისების მოწოდებაში და გააძლიერებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრებს, როგორც ცოდნის გავრცელების, ტრენინგების და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული აქტივობების მთავარ სივრცეებს. პროგრამა მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების და ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავების ხელშესაწყობად. პროგრამის მთავარი მიზნებია: ბავშვთა უფლებების ცენტრების გაძლიერება: რეგიონულ უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრების გაძლიერება და ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელება პროფესიონალებს, პედაგოგებს, იურისტებს, აკადემიურ წრეებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის. ინიციატივის მეშვეობით ახალგაზრდები ასევე შეძლებენ ბავშვთა უფლებების ცენტრების საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას. ბავშვთა უფლებების შესახებ ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება: პარტნიორ უნივერსიტეტებში ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, რომელიც მოამზადებს ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს. ბავშვთა უფლებების ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული სამართლებრივი, სოციალური, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და პოლიტიკის საკითხების სიღრმისეულ ცოდნას. ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული მოსამართლის კონცეფცია: პროექტის ფარგლებში დაიწყება დიალოგი სხვადასხვა უწყებასთან და საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან და შესაბამის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული მოსამართლის კონცეფცია. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვთა მართლმსაჯულებას და ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვთა უფლებების კოდექსის განხორციელებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან პარტნიორობით, ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, უნივერსიტეტებთან, ადვოკატთა ასოციაციებთან, ახალგაზრდულ საბჭოებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სკოლებთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები საფრანგეთიდან ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას სემინარების, ტრენინგების და სხვა აქტივობების მეშვეობით. ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საფრანგეთის მთავრობის პრიორიტეტია და მას იუნისეფთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით. გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად საქმიანობს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერების და სამთავრობო უწყებებს, პროფესიონალებს, მშობლებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ბავშვის უფლებათა კოდექსში ხაზგასმულია მთავრობის როლი ბავშვთა უფლებების განხორციელებაში და აღნიშნულია პროფესიონალების სპეციალიზაციის აუცილებლობა ბავშვზე მორგებული სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი შეუწყო ბავშვთა უფლებების ცენტრების შექმნას რიგ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტში. ცენტრების მიზანია ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და ბავშვთა უფლებების სწავლებისა და დაცვისთვის მდგრადი პლატფორმების უზრუნველყოფა.
კალასი ორბანთან საუბრის შემდეგ: ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანს ესაუბრა. კალასი წერს, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება. „ევროპული საბჭოს სამიტის წინ მე ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა," - წერს კალასი. ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს
ავსტრალიამ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის, FSB-ს თანამშრომლებს სანქციები დაუწესა
ავსტრალიამ ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას საქმის ირგვლივ, 13 რუსს სანქციები დაუწესა. შესაბამის განცხადება ქვეყნის საგარეო უწყებამ გაავრცელა. ავსტრალიის მთავრობამ ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) სამ აგენტს დაუწესა. ავსტრალიამ 10 რუსს ასევე ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. ლატვიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ. დიდმა ბრიტანეთმა კარა-მურზას საქმის მოსამართლეებსა და პროკურორებს სანქციები დაუწესა
ზელენსკიმ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ფიოდორ ვენისლავსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ფიოდორ ვენისლავსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ 7 დეკემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ვენისლავსკის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ცნობისთვის, ფიოდორ ვენისლავსკი, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის წევრია.
ოლექსი დანილოვი: ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს არ დავთმობთ - ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყოველი დღე რთულია, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილის შემდეგ, უკრაინა იზრდება და ძლიერდება. მისივე განცხადებით, უკრაინა უარს არ იტყვის საკუთარი მიწის არცერთ ნაწილზე, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მხარს სხვა ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტებს. „სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად და როგორ მისცა ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს და არ ვაპატიებთ არც ერთი მოკლულის ან დასახიჩრებულის გამო. ჩვენ ვკონცენტრირდებით და გამოვიტანთ დასკვნებს, ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას,“ - აღნიშნა დანილოვმა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია
რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია ოფიციალურად დადასტურდა - ლუბინეცი
თუ უკრაინა ყოველდღიურად დააბრუნებს რუსების მიერ დეპორტირებულ ერთ ბავშვს, ყველა მათგანის დაბრუნებას 55 წელი დასჭირდება. ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. „ამჟამად, ოფიციალურად დადასტურებული 19 540-ზე მეტი დეპორტირებული უკრაინელი ბავშვია. თუ ყოველდღიურად ერთ ბავშვს დავაბრუნებთ, 55 წელი დაგვჭირდება [ყველას დასაბრუნებლად]. და ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინელი ბავშვების უფრო და უფრო მეტი ჯგუფის დეპორტაციას ყოველდღე,“ - განაცხადა ლუბინეცმა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ამ კუთხით ახლა ბევრი ინიციატივა აქვს. „სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ინსტრუმენტი ყველა დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის დასაბრუნებლად. მაგრამ ჩვენ ვეძებთ უფრო და უფრო კონკრეტულ ინსტრუმენტებს ჩვენი უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად," - განაცხადა ომბუდსმენმა. გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ 6 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ან იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა.
ქემერონი: თუ პუტინის აქ არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა, საჭიროა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ფოკუსირება. ქემერონის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის "ჩვენი თაობის ბრძოლა", რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ კონტინენტზე. „ჩვენ ვიცით პუტინის შემთხვევაში, თუ მას აქ არ შევაჩერებთ, ის დაბრუნდება მეტისთვის და ამერიკის მტრები გაიხარებენ," - განაცხადა ქემერონმა ქემერონი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აშშ განიხილება, როგორც "ნაკლებად სანდო" მოკავშირე, თუ კონგრესი მრავალმილიარდიანი უსაფრთხოების პაკეტის წინსვლას მხარს არ დაუჭერს.
სენატში კანონპროექტის დაბლოკვის შემდეგ, თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გეგმას აანონსებს
თეთრმა სახლმა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზებს შორის „თანამშრომლობისა და ერთობლივი წარმოების“ გაძლიერების გეგმების შესახებ გამოაცხადა. აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციაზე 350-ზე მეტი წარმომადგენელი აშშ-დან, უკრაინიდან და ევროპული ინდუსტრიდან ვაშინგტონში შეიკრიბა, რათა გაეუმჯობესებინათ თანამშრომლობა და წარმოება აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაეზარდათ იარაღის მთლიანი წარმოება. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკითხში "სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს მრჩეველის ჩართვას გეგმავს, რათა მხარი დაუჭიროს და დააჩქაროს უკრაინის გადასვლა თავსებად სამხედრო ძალებზე, ებრძოლოს კორუფციას და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები კრიტიკულ ინდუსტრიებში.“ გარდა ამისა, ახალი გეგმები მოიცავს უწყებათაშორის "უკრაინის გარიგების გუნდს", ასევე "თანაწარმოებას და ტექნიკური მონაცემების გაცვლას." უწყებათაშორისი გუნდი შედგება თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც მხარს დაუჭერენ და წარმართავენ პოტენციურ გარიგებებს და საექსპორტო მოთხოვნებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. მონაცემთა გაცვლა უფრო კონკრეტულად დააკმაყოფილებს ოპერატიულ საჭიროებებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, შეკეთებას და შენარჩუნებას და კრიტიკული საბრძოლო მასალის წარმოებას, ასევე „გააადვილებს საინვესტიციო გარიგებების სწრაფ მოძრაობას.“ თავდაცვის დეპარტამენტი და ინდუსტრიის პარტნიორები ასევე მიაწვდიან უკრაინას შესაბამის ტექნიკურ მონაცემებს FrankenSAM-ის პროექტების ადგილობრივი შიდა წარმოების დასაწყებად, „რომლებიც ცდილობენ, გაააქტიურონ უკრაინის მემკვიდრეობითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გარკვეული დასავლური საბრძოლო მასალის ინტეგრირებით.“ ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როცა სენატში უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაიბლოკა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ „ფსონები ძალიან მაღალია.“
მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გირაო შეეფარდა
მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე აუკრძალა დაზარალებულთან მიახლოება. გამოძიების ვერსიით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ 4 დეკემბერს ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა. პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. უწების განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს „პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 10.000 ლარი შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკოლის მოსწავლემ რუსეთში, ბრიანსკის სკოლაში ცეცხლი გახსნა
ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი, თავი მოიკლა. ადგილობრივების ცნობით, მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი, ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.
ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - „ქართული ოცნება“
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის, იანოშ ლატორცაის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იანოშ ლატორცაის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა უნგრეთის მხარდაჭერაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ლიეტუვამ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს უკრაინის დახმარება: შედეგები უფრო ძვირი იქნება
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მძევალი გახდა. ინგრიდა შიმონიტემ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი დამტკიცდება, თუ ის აშშ-ის კონგრესის დღის წესრიგში დადგება. „ეს არის პრობლემა, რადგან, ერთი მხრივ, რიტორიკის დონეზე მხარდაჭერა ეჭვგარეშეა. როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა უკრაინას უჭერს მხარს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ არამხოლოდ უკრაინის, არამედ ისრაელის დახმარების საკითხიც, აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მძევალი გახდა,“ - განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ. თავის მხრივ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს, უკრაინის დახმარების საკითხი რესპუბლიკელ სენატორებთან განიხილა და მათგან მხარდაჭერის დაპირება მიიღო. „დიახ, ბევრი შიდა პრობლემაა, მაგრამ ომი უკრაინაში და რუსეთის ქმედებები საერთაშორისო წესრიგს ანგრევს და თუ ის დაინგრევა, ყველაფერი ათჯერ უფრო მეტად ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ახლა,“ - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია
რა იარაღი ესაჭიროება უკრაინას - კიევმა აშშ-ს სია გადასცა - Reuters
უკრაინამ შეერთებულ შტატებს იმ იარაღის სია გადასცა, რომელიც მას რუსულ ძალებთან საბრძოლველად ესაჭიროება. Reuters-ის ინფორმაციით, სია მოიცავს დახვეწილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, F-18 Hornet-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, დრონებს, Apache-სა და Blackhawk-ის ვერტმფრენებს. „იარაღების სია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, კონფერენციის დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე წარადგინეს. სია ასევე მოიცავდა იმ იარაღს, რომელიც უკრაინას უკვე აქვს მარაგში, მათ შორის Abrams-ის ტანკებსა და 155 მილიმეტრიან არტილერიას, ასევე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, დრონებსა და ATACMS-ის რაკეტებს. გარდა ამისა, კიევი ვაშინგტონს სთხოვს C-17 Globemaster-ისა და C-130 Super Hercules-ის სატრანსპორტო თვითმფრინავებს, MQ-9B Sky Guardian თვითმფრინავებს და THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.