ძებნის რეზულტატი:

თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ განაცხადეს

თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ათენში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, კატერინა საკელაროპულუმ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის დაახლოებაზე. „როგორც არასდროს, ისეა საჭირო, რომ საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისა და ფართო რეგიონის კეთილდღეობისთვის,“ განაცხადა საკელაროპულუმ.  ერდოღანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი ათენში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდა ერთ-ერთი მიზანია. ბოლო 6 წლის განმავლობაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. მას ათენის აეროპორტში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ გერაპეტრიტისი დახვდა. ასევე წაიკითხეთ: ანკარა საბერძნეთთან ურთიერთობებში „ახალ ეპოქას“ იწყებს  

აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. აშშ ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი სხვა ვალდებულებები, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებისთვის ხელის არშეშლას. საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებისთვის ხელის არშეშლას. აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებული ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა. „რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად,“ – წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც ამჟამად განალაგებს თავის ძალებს სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით. ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით გადაადგილების გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობდა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).  

დიდი ბრიტანეთი: რუსეთი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურები 2015 წლიდან მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსების პირად საუბრებს უსმენდნენ. თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ჯაშუშური ჯგუფი Star Blizzard ასევე ცნობილი, როგორც Callisto, კიბერთავდასხმებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რომელიც დიდი ალბათობით, FSB-სთან არის დაკავშირებული. კიბერჯაშუშობის მსხვერპლებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტარები და მსხვილი პარტიების მნიშვნელოვანი წევრები. დოქერტის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის Star Blizzard-ის ორი წევრი იდენტიფიცირებულია და მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. ამ საქმეზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩიც დაიბარა. ცნობისთვის, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი  

საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 მასპინძლობს

საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით იმართება და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. მონაწილე სამხედროებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის წარმომადგენელმა, მაიორმა შონ დ. კლარკმა მიმართეს და მრავალეროვნული წვრთნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილეს ყურადღება. ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება. MAPLE ARCH 23-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც არიან ჩართულები. სწავლებაში 9 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.  

საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარეს

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით, რისკების მართვის მეორე  საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია - რისკები  არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ  კლეიტონმა გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანეთის მხარეს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში რისკების მართვის სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლები და მსმენელები არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების ფონზე, სტრატეგიული რისკების პროგნოზირების, კიბერუსაფრთხოების, ასევე კორუფციული და თაღლითობის რისკების შეფასების მნიშვნელობასა და რისკებთან დაკავშირებულ ეფექტური ანგარიშგების საკითხებს განიხილავდნენ. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, თავიანთ სახელმწიფო უწყებებში, რისკის მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით მიღებული გამოცდილების,  სამომავლო გეგმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გარდა, სხვადასხვა უწყების მაღალი და საშუალო რგოლის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6790 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6860 ლარი იყო. ევროს კურსი 2.8850 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8987 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

რა გზავნილი გადასცა ოსტინმა უკრაინის დელეგაციას

უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტის ოფისის უფროსის ანდრი ერმაკის, თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის ხელმძღვანელობით, 6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა.  ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციის ფარგლებში მართავდნენ, რომლის მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაიზარდოს იარაღის მთლიანი წარმოება. კონფერენცია 5-6 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართა. უკრაინული მედია წერს, რომ სალივანთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი აშშ-ში ოქსანა მარკაროვა და ერმაკის მრჩეველი დარია ზარივნა. ერმაკის თქმით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს სიტუაცია ფრონტის ხაზზე, თავდაცვის საჭიროებები და უკრაინის გამარჯვების აუცილებლობა. ერმაკმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და კონფერენციის ინიცირებისთვის. ეს სამიტი სექტემბერში გამართული თავდაცვის მრეწველობის ფორუმის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ ფორუმზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული თავდაცვის კომპანიები უკრაინასთან პარტნიორობის განვითარევბის მიზნით მიიწვია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაცია, რომელიც ვაშინგტონში ჩავიდა ამერიკული დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე, ასევე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს.  „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის შესაძლებლობა, რაც გვჭირდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს გრძელვადიან პერსპექტივაში მათი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში,” - განაცხადა ოსტინმა. სენატში კანონპროექტის დაბლოკვის შემდეგ, თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გეგმას აანონსებს ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას გააკეთებს აშშ, პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ - ბაიდენის

სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ |ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს განარჯვების უფლება არ უნდა მიეცეს. შესაბამისი ვიდეო და პოსტი სოციალურ ქსელებში ბაიდენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მან 6 დეკემბერს “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს  კრიტიკულად მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, თუ რას გააკეთებს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას გააკეთებს დანარჩენი მსოფლიო; იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რას გააკეთებენ NATO და G7? ჩვენ თუ განზე გავდგებით, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება - მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია  

2022 წელს, მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

2022 წელს მთლიანობაში ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა 3 მოქალაქე, აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი,” - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის წყლით სისტემური მომარაგების საკითხი დღემდე მოუგვარებელია. „დახარჯულია მრავალი მილიონი ლარი, თუმცა მოსახლეობა კვლავ აწყდება ყოფით პრობლემებს. იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არსებობს 24/7 წყალმომარაგება, მოსახლეობა აგროვებს, ინახავს წყალს. რეგიონებს შორის დიდი სხვაობაა – ბევრ ქალაქსა და სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება შეზღუდულად, განრიგის მიხედვით. აღნიშნული გარემოება, უმრავლეს შემთხვევაში, გამოწვეულია მწყობრიდან გამოსული და მოძველებული ქსელით და, შესაბამისად, ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წყალმომარაგების სექტორში,” – ნათქვამია ანგარიშში. დედაქალაქში მოქმედი ლიცენზიატი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული წყლის წყვეტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო წყალმომარაგების ქსელებზე მიმდინარე საავარიო/აღდგენითი და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები. ანაგრიშის მიხედვით, კომპანია უყურადღებოდ არ ტოვებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებს, თუმცა პრაქტიკული საქმეების შესწავლამ ცხადყო, რომ ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების დიდი ნაწილი ატარებს ერთჯერად ხასიათს, ანუ, პრობლემა გვარდება იმ მომენტისთვის და შესაძლებელია, გამეორდეს. ანაგრიშის მიხედვით, ენერგოომბუდსმენისთვის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საანგარიშო წლის განმავლობაში კომპანიის შესაბამის სამსახურებში დაფიქსირდა 2 4891 შეტყობინება  თბილისში წყალარინების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით. „აღნიშნული რიცხვი ნათლად ასახავს, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქის მოსახლეობა. ზემოხსენებული სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, დღეში საშუალოდ 68 შეტყობინება დაფიქსირდა. წყალარინების გაუმართაობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაუყოვნებლივ, სწრაფ რეაგირებას. თუ რამდენად უმკლავდება კომპანია თავისი რესურსებით (წარმოდგენილი ინფორმაციით, 15 ბრიგადა, სამუშაოს სხვადასხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელთა შემადგენლობაში შედის 188 თანამშრომელი) პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, შეგვიძლია დავასკვნათ მომხმარებლების კმაყოფილების შეფასებით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მაღალია,“- ნათქვამია ანაგარიშში.  

FSB-მ მატარებლების აფეთქების ბრალდებით ბელორუსის მოქალაქე დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა ბაიკალ-ამურის მთავარ მაგისტრალზე ორი სატვირთო მატარებლის აფეთქებაში ეჭვმიტანილი. ბელორუსის მოქალაქემ დანაშაული აღიარა. ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, რუსეთის რკინიგზის ყველაზე გრძელ სევერომუისკის გვირაბში და მის გარშემო შემოვლით გზაზე აფეთქებები ნოემბრის ბოლოს მოხდა. გამოძიების თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე საწვავის ავზები ააფეთქეს. გვირაბში მატარებლების მოძრაობა შეწყდა, ხოლო შემოვლითი გზით შემადგენლობები დიდი შეფერხებით მოძრაობდნენ. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ბაიკალ-ამურის მაგისტრალური ხაზი აქტიურად გამოიყენება ჩინეთთან ვაჭრობისთვის. გასული წლის განმავლობაში, რუსეთის რკინიგზის სტატისტიკის თანახმად, ბამ-ისა და ტრანს-ციმბირის რკინიგზით 149 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს. ამავე გზით მოძრაობს სამხედრო დანიშნულების ტვირთიც. ეფ-ეს-ბეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ტერაქტის შედეგად ტაიშეტ-ტინდასა და ტაიშეტ-ნერიუნგრის მარშრუტებზე მოძრავი ნავთობპროდუქტების მატარებლები აფეთქდა. საიდუმლო სამსახურმა სავარაუდო ეჭვმიტანილის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოზე მისი სახე არ ჩანს. უცნობია, რა პირობებშია გაკეთებული ჩანაწერი და იყო თუ არა ეჭვმიტანილი კვალიფიციური დაცვით უზრუნველყოფილი. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესშია

უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლუქსემბურგის პრემიერთან შეხვდრამდე და კიევის მიმართ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების აუცილობას გაუსვა ხაზი. „ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ მძიმეა. რუსეთი აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელებს რთული ზამთრის გადატანაში და ასევე, უკრაინას, როგორც სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დავეხმაროთ. ეს არის სწორი ნაბიჯი. ეს ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია,“ განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას გააკეთებს აშშ, პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ - ბაიდენის მიმართვა  

სტოლტენბერგი ვაშინგტონის სამიტზე: პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ

ვაშინგტონის სამიტის გეგმებზე მოკლედ ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლუქსემბურგის პრემიერთან შეხვდრამდე. მან აღნიშნა, რომ ალიანსი პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. „ჩვენ მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე გამოვალთ გეგმით, რომ მომდევნო ათწლეულში მივაღწიოთ თავდაცვისთვის მშპს დანახარჯების 2%-ს. ჩვენ ამ გეგმებს ვაშინგტონის სამიტზე წარვადგენთ. მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ალიანსის ადაპტაციას; შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას; რეაგირებას სტრატეგიულ კონკურენციაზე. და კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, საქართველო NATO-ს უახლოეს პარტნიორად განიხილება. NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს ვაშინგტონის განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია  

საუდის არაბეთის გამანადგურებელი საწვრთნელი მისიის დროს ჩამოვარდა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი F-15SA-ების ფლოტის ერთ-ერთი გამანადგურებელი სასწავლო მისიის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეჯახება რუტინული სასწავლო ფრენის დროს მეფე აბდულაზიზის საჰაერო ბაზაზე, დაჰრანში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.  მსგავსი ინციდენტებ ივლისსა და გასული წლის ნოემბერშიც დაფიქსირდა.  

ვანში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით "ევროპული საქართველოს" წევრი დააკავეს

ვანში, „ევროპული საქართველოს“ წევრი, კობა ძაგნიძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ძაგნიძე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს. საკითხზე „ევროპულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კობა ძაგნიძეს არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავებიან. „რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს. ბრალდება მძიმეა, "ევროპული საქართველო" ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს,“ - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.  

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 17 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 23 პირის, 21 სამხედრო მოსამსახურისა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის, ხსოვნას. 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტოა და გამორჩეული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული მექანიზმის მუშაობით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, წელს ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 58 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის,“ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.  

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორის მიმართ ძებნა გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია "ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წელს, შპს ,,ვივა ვაკე“ დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა კომპანიის დირექტორმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა შპს ,,ვივა ვაკის" საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 5 988 279,56 ლარი მიიღო, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შპს „ვივა ვაკის“ დირექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მოსკოვში ელექტროაღჭურვილობის საწარმო იწვის

მოსკოვში ელექტროაღჭურვილობის საწარმო იწვის. ინფორმაციას NEXTA ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  საწარმოში ყველა ინდუსტრიისთვის ელექტროაღჭურვილობა მზადდება.  როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, ცეცხლი საღებავების მაღაზიას გაუჩნდა. ხანძრის ფართობი 50 კვადრატული მეტრია.  

უკრაინამ რუსული აგრესიის მხარდამჭერებს, მათ შორის, კადიროვთან დაახლოებულ პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის 185 პირს სანქციები დაუწესა. მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა. სანქციები ასევე შეეხო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსა და უკრაინის მოქალაქეებს. სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეჩერებას, უკრაინის საზღვრებიდან კაპიტალის გატანის პრევენციას, სავაჭრო ხელშეკრულებების შეწყვეტას. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ულიანოვსკის საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორი ადილ შირინოვი, ლუგანსკის თვითმფრინავების სარემონტო ქარხნის დირექტორი ალექსანდრე ვარიჩი, შპს Aeroscan-ის დირექტორი ალექსანდრე სტოროჟენკო, თათრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე-ეკონომიკის მინისტრი მიდჰათ შაგიახმეტოვი; უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე ოლექსი კუნევიჩი; იმ კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ხრუსული არმიის საჭიროებების დაკმაყოფილებაში მონაწილეობენ. სანქციები დაუწესდა ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირებსაც. სანქციები დაწესდა 181 იურიდიულ პირზეც. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას რუსული რეგისტრაცია აქვს, ზოგიერთი კი, რეგისტრირებულია უზბეკეთში, ყაზახეთში, შვეიცარიაში, ლატვიაში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მოლდოვაში, ირანსა და ოკუპირებულ ყირიმში.  

მედია: ზელენსკი ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა TN წერს. მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. არგენტინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ზელენსკის ოფისში კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ

„ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე,“ სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ ჯარისკაცს გაათავისუფლებს. ხოლო სომხეთის მხარე იმავე მოსაზრებით აზერბაიჯანს 2 სამხედროს გადასცემს. მხარეებმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მოახდინონ ურთიერთობის ნორმალიზება და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.“ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის გაიმართა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებით გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე," - ნათქვამია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში.