ძებნის რეზულტატი:
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, „ჰამასის“ „სამეთაურო სტრუქტურა“ განადგურებულია
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, მან “ჰამასის“ „სამეთაურო სტრუქტურის“ დემონტაჟი დაასრულა. არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა , რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა მოქმედებენ ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადული წესით, "მეთაურების გარეშე." მისი თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, დაახლოებით 8000 მებრძოლი მოკლა. BBC წერს, რომ ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს. „ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ახლა ორიენტირებულია „ჰამასის“ დემონტაჟზე სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში,“ აცხადებს დანიელ ჰაგარი. ისრაელის შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაახლოებით 240 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. იმავდროულად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ( მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე, კანადის მიერ) შაბათს ათობით რაკეტა გაისროლა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, რასაც წინასწარი პასუხი უწოდა ბეირუთში, ამ კვირის დასაწყისში, “ჰამასის“ “მაღალჩინოსნის“ მკვლელობაზე. ისრაელმა საპასუხო იერიშები განახორციელა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შაბათს განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს და თავიდან აიცილონ "ძალადობის უწყვეტი ციკლი." ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს მართავს. პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელო ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა. ორივე ლიდერის მიზანი ვითარების ესკალაციის შემცირებაა.
მსახიობი კრისტიან ოლივერი, ორ შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა
BBC-ის ცნობით, გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ჩამოვარდა, რის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი, კრისტიან ოლივერი და მისი 10 და 12 წლის ქალიშვილები დაიღუპნენ. როგორც ცნობილია, კრისტიან ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა. მოგვიანებით კი კარიერა აშშ-ში გააგრძელა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში: The Good German, Speed Racer, Valkyrie, The Three Musketeers, Sense8, Indiana Jones 5.
იაპონიის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა დღეს უკრაინას ეწვია. ის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება. უკრაინული მედია იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის დროს იოკო კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება. გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია მტკიცედ გამოავლენს თავის ერთგულებას უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისადმი, მჭიდრო სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში და 19 თებერვალს იაპონიაში გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენცია ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობის საკითხზე და ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც დაესწრება.
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 გაანადგურეს - საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „წუხელ რუსებმა უკრაინას „Shahed-136/131“ ტიპის 28 დრონით რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან შეუტიეს, S-300 ტიპის მართვადი საზენიტო 3 რაკეტით კი ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან, თავდასხმის ძირითადი მიმართულებებია სამხრეთი და აღმოსავლეთი იყო,“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა მოწინააღმდეგის 21 დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ვინიცის და ჩერკასის ოლქებში.
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მის გასაიდუმლოებულ ჰოსპიტალიზაციაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით. „ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთ შემესრულებინა სამუშაო საზოგადოების სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას: ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებებზე,“ - აღნიშნულია ოსტინის განცხადებაში. შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. მას არ დაუზუსტებია, რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს. მოგვიანებით, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ისევე როგორც კონგრესის წევრებმა დღეების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ოსტინი ჰოსპიტალიზებული იყო.
შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს, თუ მას ივნისის კენჭისყრის დროს ევროპარლამენტის წევრად აირჩევენ. ამის შესახებ მან რამდენიმე ბელგიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. „მე გადავწყვიტე, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო,“ - განუცხადა მიშელმა მედიას. გავრცელებული ინფორმაციით, მან გადაწყვიტა, შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტიას - Reformation Movement (Mouvement Réformateur). „თუ ამირჩევენ, ერთგულების ფიცს დავდებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიქნები ივლისის შუა რიცხვებამდე, ევროპარლამენტის წევრის ფიცის დადებამდე,“ - აღნიშნა მიშელმა. მიშელს პრეზიდენტის უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება, მაგრამ ის ორ პოზიციაზე ერთდროულად ვერ იმუშავებს. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის არჩევაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები არჩევნების შემდგომ სამიტზე უნდა შეთანხმდნენ.
კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე: საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილზე, რომელშიც ილია მეორე აღნიშნავს: „ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.“ „ეპისტოლეში საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, პროგრესი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რისკები როდესაც არსებობს, ამაზე ყურადღების გამახვილებაც აუცილებელია. ამაზე იყო საუბარი პატრიარქის ეპისტოლეში,“ – განუცხადა კობახიძემ მედიას. „საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთი აცხადებს, რომ სანქციებს დაუწესებს ხუთ ამერიკულ მწარმოებელს, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო
ჩინეთი სანქციებს დაუწესებს ხუთ ამერიკულ სამხედრო მწარმოებელს, ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის შესახებ უახლესი ნაბიჯის საპასუხოდ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანქციები ტაივანის 13 იანვრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ დაწესდა. სპიკერმა აღნიშნა, რომ იარაღის ბოლო მიყიდვები "სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების ინტერესებს; მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში." „სანქცირებული კომპანიები არიან BAE Systems Land and Armaments, Alliant Techsystems Operations, AeroVironment, Viasat და Data Link Solutions. ჩინეთი გაყინავს ამ კომპანიების აქტივებს და აუკრძალავს ადამიანებს ან ორგანიზაციებს ჩინეთში მათთან ჩართულობას,“ - განმარტა სპიკერმა. ცნობისთვის, ტაივანის ტაქტიკური საინფორმაციო სისტემების შესანარჩუნებლად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 300 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა გასულ თვეში დაამტკიცა.
მეუფე გრიგოლი საშობაო გზავნილში, საეკლესიო დღესასწაულთა თარიღებთან დაკავშირებით საუბრობს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, საშობაო ეპისტოლეში საუბრობს. „საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია (ასე ხდება დღესაც) ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ; აქვე იმასაც დავსძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე. მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს და ამაში გვარწმუნებს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილი გზა,“ - წერს საშობაო გზავნილში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით.
ჯანმოს დირექტორი: განაგრძეთ ნიღბების ტარება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ COVID19, გრიპი, რესპირატორული ვირუსებ ბოლო რამდენიმე კვირების განმავლობაში მატულობს ბევრ ქვეყანაში და, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ბოლო დღესასწაულების ფონზე გაგრძელდება. „დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება, COVID-19-ზე მკურნალობამ შეიძლება, მძიმე დაავადება და სიკვდილი თავიდან აგვაცილოს. განაგრძეთ ნიღბების ტარება, ვენტილაციისა და დისტანციის წესის გამოყენება და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ინფორმირებულნი ხართ COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრების შესახებ,“ ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ტესტირება და რესპირატორული დაავადებების მკურნალობა, ვაქცინებზე ვწდომა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტი რისკის ქვეშ იმყოფება.
უკრაინის საჰაერო ძალები F-16-ებზე: უკრაინას აქვს ეტაპობრივი სამოქმედო გეგმა
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გააკეთა კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დანიამ კიევისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდება 6 თვით გადაავადა. იგნატი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია და კონკრეტული გამოცემა წყაროს ეყრდნობა. მან უკრაინელი პილოტების მომზდების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინა დაჩქარებული ტემპით პროგრესირებს და ასეთი პროცესი არცერთ ქვეყანას არ გაუვლია. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ დანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს. იქ ოფიციალური განცხადებები არ იძებნება,“ - აღნიშნა იგნატმა. 6 იანვარს დანიურმა გამოცემამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კომენტარის ციტირების დროს დაწერა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება დანიიდან უკრაინაში, 6 თვით გადაიდო. 22 დეკემბერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჰოლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გასაგზავნად მოამზადოს პირველი 18 F-16 -ის ტიპის გამანადგურებელი. ნორვეგიული F-16-ები დანიაში ჩაფრინდნენ
მეუფე შიო: ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, განწმენდისთვის, გადარჩენისთვის
„ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, „ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საინტერესო,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა, „ეს დღესასწაული, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, იმსახურებს უფრო აღმატებულ თაყვანისცემასა და მოწიწებას სხვა დღესასწაულებთან შედარებით და მას შეიძლება ეწოდოს დღესასწაულების დედა, ვინაითგან მისგან იღებს სათავეს სხვა დღესასწაულები: ნათლისღებაც, აღდგომაც, ამაღლებაც და სულთმოფენობაც. მაგრამ მხოლოდ ამიტომ როდი იმსახურებს ასეთ აღმატებულ თაყვანისცემას სხვა დღესასწაულებთან მიმართებით, არამედ კიდევ იმიტომ, რომ თვითონ ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, არის სრულიად განსაცვიფრებელი - ძე ღმერთმა ინება განკაცება, მიიღო კაცობრივი ბუნება, როგორც ადამიანი, მოევლინა კაცობრიობას და თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ ეს ადამიანის გონებისთვისაც კი წარმოუდგენელია. და აი, წმინდა პავლე მოციქული ამით გაკვირვებული წერს, რომ „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით.“ უფალი ჩვენი იესო ქრისტე როცა იშვა, თავდაპირველად მასთან მოდიან უბრალო მწყემსები და თაყვანს სცემენ მას; შემდეგ მოდიან აღმოსავლეთიდან განსწავლული მოგვები და მოაქვთ მასთან ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა მივართვათ საჩუქრად მაცხოვარს? რა შეიძლება იყოს ჩვენი ძღვენი ახალშობილისთვის? და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო აღმატებული ძღვენი მივუტანოთ მაცხოვარს მოგვებთან შედარებით: ოქროს მაგივრად მივართვათ ჩვენი რწმენა, გუნდრუკის მაგივრად - სასოება, ხოლო მურის ნაცვლად - სიყვარული. რწმენა - ცოცხალი, გულწრფელი, მზად მყოფი თავგანწირვისთვის და თუ საჭირო გახდა, სიკვდილისთვისაც; სასოება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საუკეთესო. მას უნდა, რომ ჩვენ ბედნიერი და გახარებული ვიყოთ, თუ ჩვენ თვითონ არ შევუშლით ხელს ამაში მას ჩვენი ცოდვებითა და ვნებებით; და ბოლოს, მივართვათ უფალს ჩვენი სიყვარული: სიყვარული ღმერთის, სიყვარული ადამიანის. ეს თვისება ძალიან იშვიათი გახდა, იშვიათი ნიჭი გახდა და ამიტომ სწორედ დღევანდელ დღეს ვეცადოთ, რომ უფალს მივუძღვნათ, მივართვათ ჩვენი სიყვარული და მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს და სითბოს ადამიანებთან მიმართებით. და თუ ჩვენ ასეთი ძღვენით მივალთ ეკლესიაში, უფალი მოგვცემს დიდ კადნიერებას და შევძლებთ, დავტკბეთ, გავიხაროთ და ვინუგეშოთ ამ წმინდა სულიერი ტრაპეზით. თუ მოგვებმა მხოლოდ თაყვანი სცეს უფალს, ჩვენ თუ კეთილი სინდისით მივეახლებით, გვეძლევა შესაძლებლობა ეკლესიაში, რომ მის წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ, აი, ასეთი მადლით დავბრუნდეთ სახლში. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული.“ „თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური“ - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სრულად
კანადამ და იტალიამ უკრაინის შემდგომი დახმარების აუცილებლობა განიხილეს
კანადისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მელანი ჯოლიმ და ანტონიო ტაიანმა რუსული აგრესიის შეკავებაში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ მელანი ჯოლიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილეთ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა და ჩვენი შესაბამისი ჩართულობა ინდო-წყნარ ოკეანეში,“ - განაცხადა მინისტრმა. როგორც ცნობილია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადა უკრაინას თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უწევს. გასული წლის დასაწყისიდან კანადის სხვადასხვა სახის დახმარებამ უკრაინისთვის, მათ შორის, ჰუმანიტარულმა და ფინანსურმა დახმარებამ, 7,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, ამას ვეუბნები, როგორც ჩვენს მტრებს, ასევე, მეგობრებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება. „ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ მივაღწევთ მის ყველა მიზანს - „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება“, - ამბობს ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერმა „ჰეზბოლასაც“ მიმართა. მისი თქმით, იმუნიტეტით არცერთი ტერორისტი არ სარგებლობს. „ვთავაზობ „ჰეზბოლას“ ისწავლოს ის, რაც ჰამასმა უკვე ისწავლა ბოლო თვეებში: არც ერთი ტერორისტი არ არის იმუნური. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვა გზით ვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა ბენიამიინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლურ ტურნეს განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იორდანიის მეფე აბდულამ ენტონი ბლინკენი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო კამპანიის გაგრძელების „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა. იორდანიის მონარქმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მხარდაჭერაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფაში. იორდანიის მეფე აბდულამ კიდევ ერთხელ ისაუბრა პალესტინის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტის და ყოვლისმომცველი მშვიდობის აუცილებლობაზე, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე რეგიონული სტაბილურობისთვის. იორდანიის მონარქი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა პალესტინელების იძულებით გადაადგილებას და აღნიშნა, რომ იორდანია მხარს არ უჭერს ღაზის სექტორისა და დასავლეთ ნაპირის გამიჯვნის მცდელობებს, რადგან ისინი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. იორდანიის მედია წერს, რომ მეფე აბდულამ დაგმო პალესტინელების დასახლებული პუნქტების მიმართ ძალადობის აქტები და იერუსალიმში წმინდა ადგილების დარღვევა, რაც ხაზს უსვამს სასწრაფო ინტერვენციის აუცილებლობას რეგიონული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბლინკენის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის“ თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის საშინელი მდგომარეობაა შექმნილი, რის გამოც აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ დიპლომატიაში, როგორც თავად ღაზის მომავლისთვის, ასევე, უფრო ფართოდ, ისრაელელების, პალესტინელებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. აშკარაა, რომ რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას აქვს ძლიერი სურვილი მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების დეესკალაციისა და ქვეყნების ინტეგრაციისთვის. ეს არის ერთი გზა, ეს არის ერთი მომავალი. სხვა მომავალი არის ძალადობის დაუსრულებელი ციკლი, იმ საშინელი მოვლენების განმეორება, რაც ჩვენ ვნახეთ, რაც, პრაქტიკულად, არავის სურს,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა უკვე საბერნეთში ვიზიტისას. 2023 წლის 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ბლინკენი თურქეთში ვიზიტზე: ჩვენს ფოკუსში მოექცა გამოწვევების მთელი სერია
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტამბულში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირების აუცილებლობას. „მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე „განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება და ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.“ მანამდე ბლინკენი თურქ კოლეგას შეხვდა. „ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განაგრძეს დისკუსია ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და ყველა მხარის პასუხისმგებლობას, გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად როგორც ისრაელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს NATO-ს მოკავშირეების საერთო პრიორიტეტები. მდივანმა ხაზი გაუსვა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის საბოლოო ნაბიჯების დასრულების მნიშვნელობას, სანქციებიას და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილების საკითხებს. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს. ერთ-ერთი რეალური შეშფოთების სფეროა საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გზებს, რათა შვეცადოთ, განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, რათა ადამიანებმა თავიანთ სახლებში იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში არამხოლოდ ისრაელში, არამედ, ზოგიერთ სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მედიის შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე, ბლინკენმა უპასუხა: „დეტალურად - არა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით გამოწვევების მთელ სერიაზე, რომლებიც უკავშირდება სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კიდევ, იმ როლზე, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეასრულოს კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ბლინკენმა უკვე საბერძნეთში ვიზიტისას. ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. თურქეთი აქტიურად ითხოვს ცეცხლი შეწყვეტას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. Reuters-ის წყაროს ცნობით, ბლინკენი ასევე იმედოვნებს პროგრესს მოლაპარაკებებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ღაზის სეტორის მართვა და მიაღწევს თუ არა ისრაელი თავის მიზანს „ჰამასთან“ ბრძოლაში. „ვაშინგტონს სურს, რომ რეგიონულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით თურქეთმა, თავისი როლი შეასრულონ ღაზის სექტორის აღდგენაში, მართვაში და, შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებთან გააგრძელებს დისკუსიებს ღაზის სექტორში ომის შემდეგი ეტაპის შესახებ, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოგზაურობს, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ხანგრძლივი პროცესით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მალე დაამტკიცებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. შეგახსებთ, ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 5 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, შეაკაონ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე. ვიზიტები იმართება ზუსტად სამი თვის შემდეგ, რაც ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. "ჰეზბოლამ", რომელიც ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, საპასუხოდ, ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე მათი თავდასხმის მსხვერპლია.
იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში $37 მილიონს შეიტანს
იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. „იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში,“ - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების მიწოდების მიზნით, NATO-ს ფონდში 37 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს. იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.
იტალია ევროკავშირს არმიის შექმნისკენ მოუწოდებს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი გაერთიანებული არმია, რომელსაც სამშვიდობო და კონფლიქტის თავიდან აცილებაში თავისი როლის შესრულება შეულია. იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუში ტაიანიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო ევროპული თანამშრომლობა პრიორიტეტია Forza Italia პარტიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. „თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპელი სამხედროები. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა, რომ უზრუნველვყოთ ეფექტიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა," - აღნიშნა ტაიანიმ.
რუსეთისგან ევროპის დასაცავად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ზელენსკი
გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გარდა, რუსეთი ამჟამად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ევროპის დიდი ნაწილის წინააღმდეგ. „იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა სამხედრო გზით დავიცვათ რუსეთისგან, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ერთობლივი ევროპული იარაღის წარმოება,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ "უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი. „ჩვენ ვეძებთ მსოფლიოში საუკეთესო იარაღს და ტექნოლოგიებს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროპა რუსეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის უნდა მოემზადოს - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილტრმი აცხადებს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში შვედეთისა და ევროპის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხედ დარჩება. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის, რომელიც გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი აგრძელებს გაეროს წესდებისა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის რღვევას,“ - განაცხადა მინისტრმა. ბილსტრომის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იბრძვიან ევროპის თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის. 11 დეკემბერს შვედეთის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი $133,5 მილიონიიანი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს თანხები ზამთარში უკრაინელების საჭიროებას მოხმარდება.