ძებნის რეზულტატი:

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში ბომბი ჩამოაგდო

რუსმა სამხედროებმა ბომბი ჩამოაგდეს უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ადგილობრივი დე ფაქტო „ხელისუფლების“ მტკიცებით, არავინ დაშავებულა. რუსეთის მიერ თავის რეგიონად გამოცხადებული ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მეთაურის, ლეონიდ პასეჩნიკის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „საბრძოლო ამოცანების შესრულებისას“ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის (ФАБ-250) „არასაშტატო ჩამოსვლა.“ პასეჩნიკის თქმით, ტერიტორიიდან, სადაც საბრძოლო მასალა ჩამოვარდა, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე სამაშველო სამსახურის და სამხედრო კომენდატურის წარმომადგენლები მუშაობენ. იანვრის დასაწყისში რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო რუსეთის ვორონეჟის ოლქის სოფელ პეტროპავლოვკაშიც, სადაც სახლები დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  

FSB-ს სამი ოფიცერი 5 მლრდ რუბლის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხუთი მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება FSB-ს ოფიცრების, ალექსეი ცარიოვის, სერგეი მანიუშკინისა და ალექსანდრ უშაკოვის მიმართ მიმდინარეობს. ინფორმააციას კრემლის მიერ კონტროლირებადი Tass-ი ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამივე ბრალდებული რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) სამმართველო „М“-ში მსახურობდა. მისი თანამშრომლები ძალოვან სტრუქტურებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით არიან დაკავებულნი. ალექსანდრ უშაკოვი დაპატიმრებულია, მას ბრალად ედება დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სერგეი მანიშკინი და ალექსეი ცარიოვი შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და თანამზრახველების შესახებ ჩვენებები მისცეს.  

ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება

ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება მისცეს. გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისა და ტრიბუნალების სასამართლო ხელისუფლებამ გასულ თვეში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება, მოსამართლეს დაეხმაროს მოსაზრებების დაწერაში, მაგრამ ის არ უნდა იყოს გამოყენებული კვლევის ან სამართლებრივი ანალიზისთვის, რადგან ტექნოლოგიას შეუძლია ინფორმაციის გაყალბება და შეცდომაში შემყვანი, არაზუსტი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდება.  „არ არის საჭირო, მოსამართლეებმა ხელოვნური ინტელექტის ფრთხილი გამოყენებას თავი აარიდონ,“ განაცხადა ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯოფრი ვოსმა.  მისივე განმარტებით, მოსამართლეებმა კონფიდენციალურობის დაცვა უნდა უზრუნველყონ და ყველაფერზე, რასაც შექმნიან, სრული პასუხისმგებლობა აიღონ.“ ცნობისთვის, ხუთი წლის წინ, ევროპის საბჭოს კომისიამ სასამართლო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ეთიკური ქარტია შექმნა.  

ჩინეთმა ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ჩინეთში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, უცხოური საკონსულტაციო ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის (MI6) სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ჩინეთის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ კონსულტანტი დიდმა ბრიტანეთმა გაწვრთნა და აღჭურვა. ჩინეთის დაზვერვის ცნობით, ეჭვმიტანილი საზღვარგარეთულ საკონსულტაციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ხსენებულ პირთან MI6-მ „სადაზვერვო კოოპერატიული ურთიერთობა“ 2015 წელს დაამყარა.  

პოლიციამ ისრაელის პარლამენტთან აქცია დაშალა

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ქნესეთთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ქნესეთის შესასვლელს ბლოკავდნენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ შეკრებილები მთავრობას გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისრაელის მთავრობა უმოქმედობას იჩენს, მძევლების გათავისუფლებაზე არ ზრუნავს, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სახელმწიფოს ბიუჯეტს პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.  

კიმ ჩენ ინს დღეს, სავარაუდოდ, 40 წელი შეუსრულდა - Reuters

კიმ ჩენ ინის დაბადების დღედ 8 იანვარი ითვლება, თუმცა მის რეჟიმს ეს თარიღი არასოდეს დაუდასტურებია. აშშ-ის მთავრობამ მის დაბადების წლად 1984 წელი დაასახელა, რის მიხედვითაც, ჩრდილოთ კორეის ლიდერს 40 წელი შეუსრულდა. Reuters-ი წერს, რომ კიმ ჩენ ინის წინამორბედი მმართველების, მისი მამისა და ბაბუის დაბადების დღეები ავტორიტარულ სახელმწიფოში ეროვნულ დღესასწაულებ არის გამოცხადებული, თუმცა მოქმედლი ლიდერის სავარაუდო დაბადების თარიღს მედიაც არ მოიხსენიებს. ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ კორეაში, ლიდერის დაბადების  დღის თარიღზე 2020 წლის იანვარში მიანიშნეს. მაშინ ფხენიანმა აღიარა, რომ კიმ ჩენ ინმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან დაბადების დღის მილოცვა მიიღო, თუმცა, ზუსტი თარიღი არ უხსენებიათ. წელს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ აჩვენა კადრები, რომლის მიხედვით კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან და მაღალჩინოსნებთან ერთად ქათმის ფერმას სტუმრობდა.  

ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდეს. „9 - 11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, (10-11 იანვარს შესაძლებელია, თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯანდაცვის მინისტრი გრიპზე: პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ - კლინიკები გადავსებული არ არის და ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არსებობს. მინისტრის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია. „ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება - ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა აზარაშვილმა. კლინიკების შესაძლო გადავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს. „არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ივანე ჩხაიძე: ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა  

ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ “მაღალჩინოსანი“ დაიღუპა - Reuters

Reuters-ის ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა. სააგენტო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვისამ ტავილი, ჯგუფის ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.  

როგორ მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები

უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ათასამდე მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემენ. პროგრამა ორ წელს მოიცავს და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს ოჯახი სამი და მეტი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მრავალშვილიან ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასებს კომისია, რომელიც დევნილთა სააგენტოში შეიქმნება. „ოჯახები განაცხადს შეიტანენ ჯანდაცვის სამინისტროს მუნიციპალურ ცენტრებში. ჩვენ მუნიციპალიტეტებიდან გვაქვს ინფორმაცია და, სავარაუდოდ, ასეთი ოჯახები აღრიცხულია. ამის საფუძველზე პროაქტიულად ჩვენ თვითონაც მივმართავთ და თვითონაც შეძლებენ განაცხადის შეტანას." შეკითხვას, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, აზარაშვილმა უპასუხა: „რადგან საარჩევნო წელია, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა: სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტებიდან, პროექტის დიზაინზე მუშაობა და სხვ. წელს უკვე იწყება ეს პროგრამა და შესაბამისად, არანაირი კავშირი საარჩევნო წელთან არ აქვს, მით უმეტეს გაუგებარია, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. თანხა გამოიყოფა კონკრეტული მიზნობრიობით," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.  აზარაშვილის განმარტებით, სამინისტროს აქვს შესაბამისი ოჯახების ბაზა, თუმცა მუნიციპალური ცენტრებისთვის განაცხადით მიმართვა თავად მოქალაქეებსაც შეუძლიათ.  

უკრაინა F-16-ებისთვის აეროდრომებს ამზადებს

უკრაინა F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების განსათავსებლად, ავიაბაზის ინფრასტრუქტურას ამზადებს. „პარალელურად, მფრინავები და ინჟინრები დასავლეთში ტრენინგებს გადიან,“ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა. მრავალფუნქციური F-16-ის ტიპის თვითმფრინავის ინტეგრაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიან სისტემაში მიმდინარეობს როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო სამხედრო-საჰაერო კოალიციის ფარგლებში. ეს პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს. პავლუკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მზადება მიმდინარეობს საჰაერო ბაზის ინფრასტრუქტურის, ინჟინრებისა და ფრენის პერსონალის უწყვეტი გამოყენების პირობებში, საბრძოლო მისიების შესასრულებლად. უკრაინის საჰაერო ძალები F-16-ებზე: უკრაინას აქვს ეტაპობრივი სამოქმედო გეგმა  

უკრაინა რუსული ელექტრონული საბრძოლო კომპლექსის - TIRADA-2-ის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, დონეცკის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული TIRADA-2 ორბიტალური სატელიტური კომპლექსი გაანადგურეს. სისტემა საკომუნიკაციო თანამგზავრების მწყობრიდან გამოსაყვანად არის შექმნილი. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა ხსენებული სისტემის განვითარება 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულეს, ხოლო 2019 წლის გაზაფხულზე TIRADA-2 დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონშიც დააფიქსირეს.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6865 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9408 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9310 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები

რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ამის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე 2023 წლის ბოლოსთვის განახლდა. მისი მიხედვით, ბოლო წლებში მოკავშირეებმა გააძლიერეს NATO-ს წარმომადენლობა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების შექმნით ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მოკავშირეებმა ასევე გაგზავნეს მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ჯარი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. ალიანსის განცხადებით, ეს ქმედებები ცხადყოფს მოკავშირეების გადაწყვეტილებას და მზადყოფნას, დაიცვან ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა. მოკავშირეები NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევენ მის სამხედრო ყოფნას ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდა, რუსეთის მხრიდან მისი მეზობლებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ არსებულ საფრთხეებზე პასუხია. NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 2018 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გადაწყვიტა, გაეზარდა თავისი ყოფნა რეგიონში სიტუაციური ცნობიერების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ, საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვისთვის წვრთნების ჩატრებითა და ასევე, პორტებში ვიზიტებით. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები გაგზავნეს NATO-ს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციას. ეს მოიცავს ათასობით დამატებით ჯარისკაცს ალიანსის საბრძოლო ჯგუფებში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს NATO-ს საჰაერო საპოლიციო მისიების მხარდასაჭერად, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში საზღვაო ძალების გაძლიერებას, ჯარების საერთო მზადყოფნის გაზრდას და მაღალ მზადყოფნაში მყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას რუმინეთისკენ. საქართველოს პარტნიორები, ქვეყნის პორტებში გემების მასპინძლობის შესაძლებლობის განახლებას ელიან 2016 წლის სამიტზე ვარშავაში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2017 წელს, ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი შეიქმნა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში, რომლებსაც შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და შეერთებული შტატები ხელმძღვანელობენ.  2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა გააძლიერეს არსებული საბრძოლო ჯგუფები და შეთანხმდნენ კიდევ ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მთლიანი რაოდენობა რვამდე გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგდა ჯარების რაოდენობა ადგილზე და გაფართოვდა NATO-ს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. მოკავშირეები მზად არიან, განათავსონ ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნის ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. რვა საბრძოლო ჯგუფი აჩვენებს ტრანსატლანტიკური კავშირის სიძლიერეს და ალიანსის სოლიდარობას, მონდომებას და ნებისმიერ აგრესიაზე რეაგირების უნარს. 2022 წლის სამიტზე მადრიდში, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები ბრიგადებად ექციათ იქ, სადაც ეს საჭირო იქნება. მოკავშირეები ახლა ამ პროცესის განხორციელების ეტაპზე არიან.  „მოკავშირეების მიერ ეროვნულ დონეზე განხორციელებული მრავალი აქტივობა ასევე ხელს უწყობს მოკავშირეთა აქტივობის გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მოკავშირეებმა გაგზავნეს დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები NATO-ს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზას,“ - აცხადებენ ალიანსში. აღსანიშნავია, რომ ეს საბრძოლო ჯგუფები არ არის იდენტური; მათი ზომები და შემადგენლობა მორგებულია კონკრეტულ გეოგრაფიულ ფაქტორებსა და საფრთხეებზე. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რვა საბრძოლო ჯგუფი შედგება შემდეგი მოკავშირეებისგან: მასპინძელი ქვეყანა: ბულგარეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: იტალია მონაწილე ქვეყნები: ალბანეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: ესტონეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო მონაწილე ერები: საფრანგეთი და ისლანდია. მასპინძელი ქვეყანა: უნგრეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: უნგრეთი მონაწილე ქვეყნები: ხორვატია, იტალია, თურქეთი და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: ლატვია ხელმძღვანელი ქვეყანა: კანადა მონაწილე ქვეყნები: ალბანეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი. მასპინძელი ქვეყანა: ლიეტუვა ხელმძღვანელი ქვეყანა: გერმანია მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: პოლონეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: შეერთებული შტატები მონაწილე ქვეყნები: ხორვატია, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო. მასპინძელი ქვეყანა: რუმინეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: საფრანგეთი მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: სლოვაკეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: ჩეხეთი მონაწილე ქვეყნები: გერმანია და სლოვენია. რვავე საბრძოლო ჯგუფი ინტეგრირებულია NATO-ს სამეთაურო სტრუქტურაში, საიმისოდ, რომ უზრუნველყოს აუცილებელი მზადყოფნა და რეაგირება. 2022 წლის NATO-ს სამიტზე, მადრიდში, მოკავშირეებმა შეთანხმდნენ ძალების განლაგების ახალ მოდელზე, რომელიც მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების უფრო გაფართოებას გულისხმობს, ეს ძალები პოტენციურად ხელმისაწვდომი იქნება NATO-სთვის. ამ ახალ მოდელზე NATO 2023 წლის ბოლოდან გადავიდა. 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებმა დაამტკიცეს ახალი თაობის რეგიონული თავდაცვის გეგმები, რაც კოლექტიური თავდაცვის დაგეგმარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ესპანეთმა კოსოვოს პასპორტი აღიარა

ესპანეთი კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტს აღიარებს, თუმცა კოსოვოს არ აღიარებს დამოუკიდებელ, სერბიისგან განცალკევებულ სახელმწიფოდ. შესაბამისი განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა 8 იანვარს გააკეთა. მადრიდმა კოსოვოს პასპორტი აღიარა მას შემდეგ, რაც პირველ იანვარს ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, რომელიც კოსოვოს მოქალაქეებს უფლებას აძლევს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურონ. ამ დრომდე ესპანეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც უარს აცხადებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზეც და კოსოვოს პასპორტის მფლობელებსაც უარს ეუბნებოდა ქვეყანაში შეშვებაზე. ესპანეთი ევროკავშირის იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც არ ცნობს ბალკანეთის სახელმწიფოს, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ესპანეთის გარდა, ეს ქვეყნები არიან კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.  

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ პირს, რომლებიც გზაზე ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  

საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო - GDI

საკონსტიტუციო სასამართლომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო. ინფორმაციას სარჩელების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს. კერძოდ, GDI-მ გაასაჩივრა 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი განისაზღვრა. ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. აღნიშნული მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრძანება ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას. GDI-ს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. „ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე," - აცხადებენ ორგანიზაციაში. ასევე გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”, რომელიც ძალაში 2023 წლის 18 სექტემბერს შევიდა. ბრძანების თანახმად, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის, პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ბრძანების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე დაუშვებელია სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა. ამგვარი აკრძალვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება. GDI-ის შეფასებით, მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებითვე, ორივე საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა ცნონ.

აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ ხომალდს ტექნიკური პრობლემები შეექმნა

აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ ხომალდს, აფრენიდან 7 საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. განცხადებას კომპანია ავრცელებს, რომლის თანახმად, კოსმოსურმა ხომალდმა "ანომალია" განიცადა. ბატარეების დატენვისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობის გარეშე, მისია ვერ გაგრძელდება. „გუნდი რეაგირებს რეალურ დროში სიტუაციის განვითარებასთან ერთად და მოგაწვდით ინფორმაციას დამატებითი მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. აშშ-ში მთვარის მიმართულებით პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი 8 იანვარს გაუშვეს.  

უკრაინელი პოეტი მაქსიმ კრივცოვი ფრონტზე დაიღუპა

უკრაინელი პოეტი და ჯარისკაცი 33 წლის მაქსიმ კრივცოვი ფრონტის ხაზზე მოკლეს, ნათქვამია მწერალთა ასოციაცია PEN Ukraine-ის განცხადებაში. PEN Ukraine-ის ცნობით, კრივცოვის დედამ ცნობა დაადასტურა. კრივცოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხალისედ მას შემდეგ შეუერთდა, რაც რუსეთმა უკრაინის დონბასში ომი დაიწყო. 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, კრივცოვი ფრონტის ხაზზე დაბრუნდა. მან გამოაქვეყნა თავისი წიგნი "ლექსები სათოფურიდან." დეკემბრის ბოლოს PEN Ukraine-მა ახალგაზრდა პოეტის პუბლიკაცია 2023 წლის საუკეთესო უკრაინული წიგნების სიაში შეიტანა.  

მიშელი ვადაზე ადრე მის გადადგომაში პრობლემას ვერ ხედავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვადამდე ადრე გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად.“ „მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი, ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას,“ – განაცხადა შარლ მიშელმა. შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთი შეითავსებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. ის უკრაინის დახმარებას მკაცრად ეწინააღმდეგება. ორბანმა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. ოქტომბერში ორბანი პირველად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.