ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბირთვული საწვავის პროგრამას იწყებს
დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 300 მილიონი ფუნტის ღირებულების ბირთვული რეაქტორების მაღალტექნოლოგიური ბირთვული საწვავის წარმოების (HALEU) პროგრამას იწყებს. „დიდ ბრიტანეთს საშუალება ექნება, მიაწოდოს მსოფლიოს სპეციალიზებული ბირთვული საწვავი და კიდევ უფრო იზოლირებული გახადოს პუტინის რუსეთი," - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინვესტიციის მიზანი ქვეყანაში ახალი ბირთვული პროექტებისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების გაძლიერება, ასევე რუსეთიდან ბირთვული საწვავის მიწოდებაზე გლობალური დამოკიდებულების შემცირებაა. ინვესტიცია 2050 წლისთვის არის დაგეგმილი. გარდა ამისა, დამატებით 10 მილიონი ფუნტი (12,7 მილიონ დოლარზე მეტი) გამოიყოფა ბრიტანეთის მთავრობის მიერ სხვა მოწინავე ტიპის ბირთვული საწვავის წარმოებისთვის უნარებისა და ადგილების განვითარებაზე. 11 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ატომური ელექტროსადგურებისთვის რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს.
უკრაინა დაინტერესებულია შვედეთთან იარაღის ერთობლივი წარმოებით - ზელენსკი
შვედეთთან იარაღის წარმოება ერთობლივი უკრაინისთვის პრიორიტეტია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე „საზოგადოება და თავდაცვა“ გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ჩვენ ვიბრძვით საუკეთესო იარაღისა და ტექნოლოგიისთვის მსოფლიოში, საკუთარი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტია შვედეთთან ერთობლივი წარმოება. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ჩვენ შევძლებთ უკრაინაში თქვენთან ერთად პირველი ერთობლივი წარმოების გახსნას,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვის საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. გარდა ამისა, არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები ჩეხეთთან, შეერთებულ შტატებთან და გერმანიასთან.
მედია: ბორელი „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა
Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს. წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“ როგორც Reuters-ი 6 იანვარს წერდა, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“ ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩასა და ირპენში ჩავიდა
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა კიევის რეგიონში, ბუჩასა და ირპენს ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან კრავჩენკო წერს. „რუსეთი აგრძელებს ომის დანაშაულის ჩადენას და უკრაინელთა მკვლელობას ყოველდღე. მსოფლიომ ეს არ უნდა დაივიწყოს. დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა უკრაინაშია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში მისი დანიშვნის შემდეგ. მადლობელი ვარ, რომ მინისტრი ეწვია ბუჩასა და ირპენს, რომლებმაც კარგად იციან, რა არის "რუსული სამყარო," - აღნიშნა კრავჩენკომ. იაპონიის საგარეო მინისტრი უკრაინაში 7 იანვარს ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რა პრიორიტეტები აქვს უკრაინას ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტები ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში, ნათელია. მან ამ პრიორიტეტებზე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „სრულად განვახორციელოთ გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, მომზადდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და განვავითაროთ ურთიერთობებისა და კომუნიკაციის სისტემა NATO-ს წევრებთან, რაც საშუალებას მისცემს ყველა სახელმწიფოს და ყველა ლიდერს, აღიაროს, რომ NATO ბევრად უფრო გაძლიერდება უკრაინასთან ერთად, როგორც მისი ნაწილი," - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, NATO-ს სამიტის კომუნიკე იმეორებს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, თუმცა კიევს ამ გზის გასავლელად წევრობის სამოქმედო გაგმა (MAP) აღარ დასჭირდება და როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, ორსაფეხურიანი გზის ნაცვლად, კიევი ერთ საფეხურს გაივლის. მანამდე, 2022 წელს, 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, 2023 წლის 4 აპრილს ალიანსი გაფართოვდა. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. 14 დეკემბერს ვროპულმა საბჭომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება NATO-ში ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 5 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, შეაკაონ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე. ვიზიტები იმართება ზუსტად სამი თვის შემდეგ, რაც ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. "ჰეზბოლამ", რომელიც ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, საპასუხოდ, ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე მათი თავდასხმის მსხვერპლია. ბორელის ვიზიტი ლიბანში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ლიბანში ვიზიტისას გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ლიბანი შეიძლება, რეგიონულ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთში თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება. მან გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს.“ ლიბანში ბორელის ვიზიტის ოფიციალური და გაცხადებული მიზანია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ვითარების და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების განხილვა. ბორელმა ლივანში ვიზიტისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორი სახელმწიფოს შექმნის მოგვარება რეალობად უნდა იქცეს. მანვე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი „პალესტინის უფრო ფართო საკითხის ნაწილია“ და ის „მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა გახდეს.“ ლიბანის შემდეგ ბორელი საუდის არაბეთში გაემგზავრა. მანამდე Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს. წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“ ენტონი ბლინკენის ტურნე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტამბულში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირების აუცილებლობას. „მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე „განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება და ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.“ მანამდე ბლინკენი თურქ კოლეგას შეხვდა. „ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განაგრძეს დისკუსია ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და ყველა მხარის პასუხისმგებლობას, გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად როგორც ისრაელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს NATO-ს მოკავშირეების საერთო პრიორიტეტები. მდივანმა ხაზი გაუსვა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის საბოლოო ნაბიჯების დასრულების მნიშვნელობას, სანქციებიას და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილების საკითხებს. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს. ერთ-ერთი რეალური შეშფოთების სფეროა საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გზებს, რათა შვეცადოთ, განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, რათა ადამიანებმა თავიანთ სახლებში იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში არამხოლოდ ისრაელში, არამედ, ზოგიერთ სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მედიის შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე, ბლინკენმა უპასუხა: „დეტალურად - არა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით გამოწვევების მთელ სერიაზე, რომლებიც უკავშირდება სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კიდევ, იმ როლზე, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეასრულოს კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ბლინკენმა უკვე საბერძნეთში ვიზიტისას. ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. თურქეთი აქტიურად ითხოვს ცეცხლი შეწყვეტას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. Reuters-ის წყაროს ცნობით, ბლინკენი ასევე იმედოვნებს პროგრესს მოლაპარაკებებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ღაზის სეტორის მართვა და ასევე სურს, მეტი გაიგოს, მიაღწევს თუ არა ისრაელი თავის მიზანს „ჰამასთან“ ბრძოლაში. „ვაშინგტონს სურს, რომ რეგიონულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით, თურქეთმა, თავისი როლი შეასრულონ ღაზის სექტორის აღდგენაში, მართვაში და, შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებთან გააგრძელებს დისკუსიებს ღაზის სექტორში ომის შემდეგი ეტაპის შესახებ, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოგზაურობს, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ხანგრძლივი პროცესით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მალე დაამტკიცებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ენტონი ბლინკენი ახლა კატარში იმყოფება. ის უკვე ეწვია თურქეთს, საბერნეთსა და იორდანიას. კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. „იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეტყვის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დოჰაში, კატარში, სადაც 7 იანვარს ჩავიდა, ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნება, დაბრუნდნენ შინ და ისინი არ უნდა გახდნენ იძულებულნი, დატოვონ ღაზის სექტორი. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის გავრცელება,“ - განაცხადა ბლინკენმა 7 იანვარს იორდანიაში იყო. რეგიონში ეს მისი მეოთხე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელში კი, ბლინკენი უკვე მეხუთედ ჩავა.
ზელენსკი: თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოერთვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარტყმების საშუალება უკრაინის პოზიციებზე. „თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე. მათ სხვა ძალა არ აქვთ: ჩვენ ამას ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. უკრაინა იარაღის შიდა წარმოებას ზრდის.
აშშ-ის კონგრესის ლიდერები 2024 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ
შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2024 წლის ხარჯების მთლიანი ოდენობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ლიდერები შეთანხმდნენ ფედერალური მთავრობის 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის მოცულობა თითქმის 1,6 ტრილიონი დოლარია. 886 მილიარდი დოლარი თავდაცვის ხარჯია, 704 მილიარდი კი - სხვა სფეროების. შეთანხმებას 7 იანვარს მიაღწიეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა და სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა. მედიის ინფორმაციით, ისინი ასევე შეთანხმდნენ 69 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგებაზე, რომელიც მიმართული იქნება არათავდაცვით შიდა ხარჯებზე. შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერების შეთანხმება ახლა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უნდა დაამტკიცონ. მათ აქვთ ორ კვირაზე ნაკლები დრო, რომ თავიდან აიცილონ ზოგიერთი ფედერალური სამსახურის მუშაობის შეჩერება. კონგრესის ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად. „ორპარტიული დაფინანსების ჩარჩო, რომელსაც კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო მთავრობის შათდაუნი და დავიცვათ მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტები. ეს ასახავს დაფინანსების დონეს, რომელზეც მე მოვილაპარაკე ორივე პარტიასთან და ხელი მოვაწერე კანონს გასულ გაზაფხულზე“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მან „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, დაამტკიცონ მისი მოთხოვნა უკრაინისა და ისრაელის დახმარების თაობაზე. „ახლა, “რესპუბლიკელებმა“ უნდა შეასრულონ თავიანთი საქმე, შეწყვიტონ მთავრობის დახურვით მუქარა და შეასრულონ თავიანთი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დააფინანსონ კრიტიკული საშინაო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, ჩემი დამატებითი თხოვნა. დროა, იმოქმედონ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ენტონი ბლინკენი: პალესტინელები არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზის სექტორი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, პალესტინელებზე არ უნდა განახორციელონ ზეწოლა იმ მიზნით, რომ ღაზის სექტორი დატოვონ და ასევე, როგორც კი საშუალება გაჩნდება, მათ თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ. ბლინკენმა დაგმო ისრაელის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები, რომ პალესტინელები სხვაგან უნდა გადასახლდნენ. ”პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, ისინი არ უნდა აიძულონ, ღაზა დატოვონ“, - აღნიშნა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეთანხმებული სამშვიდობო ძალისხმევის გარეშე ისრაელი - "ჰამასის" კონფლიქტი, შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს. „რეგიონში ღრმა დაძაბულობის მომენტია. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაუცველობა და ტანჯვა," - აღნიშნა ბლინკენმა იორდანიაში ვიზიტისას. „იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს. ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება. გვიან ღამით კატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, დღეს კი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ლიბანის შემდეგ, ასევე ვიზიტით ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ბლინკენი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელსაც ეწვევა. ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები
გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა - თბილისი ენერჯი
კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება. „გაცნობებთ, რომ ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა 3-ის მიმდებარედ, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 7 იანვრის 23:45 საათიდან, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა მთისძირის, კახეთის გზატკ. 36, 36ა, 36ბ, 36ვ, უშაკოვის, ყვარელის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აფანასიევის, გეზათის, საბარგოს დასახლების, კაკაბეთის, კალანდაძის, კოპცოვის, მათიაშვილის, მესხეთის, მიქელაძის, ნავთლუღის დასახლების, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ონიანის, რატილის, სერგი დურმიშიძის, ტვიშის, ტოლენჯის, ყვარელის, ყარყარაშვილის, შერვაშიძის, სამხედრო დასახლების, წალენჯიხის, ხარაბაძის, ხაჩატურიანის, საბანაკოს დასახლების, საბანაკოს 1 ქუჩის და დასახლების, გუჯარეთის 1 და 2 ქუჩის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, კოტე ბაქრაძის, კაკაბეთის, გოჩა ყარყარაშვილის, ანდღულაძის, ზანდუკელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ნავთლუღის დასახლების, უზნაძის, ქობულაძის, შალვა მშველიძის, ჩოჩუას, ჯანელიძის, მესხეთის, კვაჭანტირაძის, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება მელაანის შეს. 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ და საბიუჯეტო ობიექტებს. კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ანდღულაძის ქ. 66, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16, გედევანიშვილის ქუჩას (1-დან 29-ის ჩათვლით), ჯორჯ ბუშის ქ. 60 (მელაანის ქ. 60), საბანაკოს დასახლების 1ქ. 2ქ, 3ქ, ყვარელის 2ჩ.3, 103, 107ბ, 109, დედოფლისწყაროს I შეს. 2, საინგილოს ქ. 5, ჩიხი 5, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3-3 (იგივე 3ზ), 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, ირბახის ქ. 18-ში, ირბახისა და წურწუმიას ქუჩების კვეთა, ნაკვ. 50/025, 50/026-ში, ასევე ნაკვ. 50/029-ში მდებარე შპს ,,მოედანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 52, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, კოპცოვის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,პალა”-ს, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე (წურწუმიასა და ირბახის ქუჩების კვეთა) შპს ,,მაილინ გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ს. დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, ავლიპ ზურაბაშვილის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ტოლენჯის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული საზკებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ ,,ისანი”-ს მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს ,,უნიქ სტეი ჰოტელს”, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს ,,ვარკეთილი 95”, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ ,,სოფიო გაბედავა”, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულება და მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ. ონკანები კი იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს
რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ რიბინის ცხედარი ქალაქ შახტის რეგიონში საავტომობილო ტრასასთან იპოვეს. ჟურნალისტის დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. რიბინი "Рабкор"-ის მუდმივი ავტორი იყო და ასევე რუსულ მედია Lenta.ru-სთან შტატგარეშედ მუშაობდა. "Рабкор"-ის ტელეგრამის არხის მიხედვით, გარდაცვლილი ჟურნალისტი ეთერში უკანასკნელად 30 დეკემბერს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ჩაერთო.
ანდრია ჯაღმაიძე: პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა სამების ტაძარში არსებულ ხატთან დაკავშირებით და დღესასწაულის სკანდალის გადაფარვის მცდელობაზე მიუთითებს. ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ის, რომ „ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში, არაფრის მომცემია და ეს მეორადი საკითხია, ისიც, რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის.“ „მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა. ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს. ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც," - აცხადებს ჯაღმაიძე. ის ფიქრობს, რომ "ეს არის მიზანმიმართული ტაქტიკა, რომ არ მივიდეს მაყურებლამდე ნამდვილი შინაარსი დღესასწაულისა." „შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა, სტალინზე ფიქრობს. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს. რეალურად დასცინიან მსმენელს. ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაში ჩაფლული, მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს, ეს ოცი საუკუნის წინ. და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში," - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" ანდრია ჯაღმაიძე. დეკანოზმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: „ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და მოლოდინი ჰქონდა, ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული. ვერავინ შენიშნა, რომ ქრიტე მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი იშვა, ვერავინ გაიხარა ამით გარდა მწყემსებისა. - რატომ არ ელოდა ხალხი მის მხსნელს? - არ ეცალათ - რატომ არ ეცალათ? - ალბათ ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად. რა საბრალონი იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ დიდ საიდუმლოზე ეფიქრათ იმ დღეს, ჰეროდეზე ფიქრობდნენ და მათ გულში ქრისტეს ნაცვლად ჰეროდე პოულობდა ადგილს. მე კი გილოცავთ გულით ქრისტეს შობას, თქვენს გულებში იპოვოს სამყოფელი ახალშობილმა, ყრმა იესომ," - წერს ანდრია ჯაღმაიძე. სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. მისივე თქმით, ეს სინამდვილეში არა სტალინის ხატი, არამედ წმინდა მატრონას ხატია, სადაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი - სტალინთან შეხვედრაა ასახული.
საქართველო აზერბაიჯანიდან 3 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის იმპორტს გეგმავს
საქართველო 2024 წელს აზერბაიჯანიდან 3,017 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტს გეგმავს. საქართველო ჯამში 3,217 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს გეგმავს. საქართველო ბუნებრივ აირზე მოთხოვნილებას თითქმის მთლიანად იმპორტით აკმაყოფილებს. აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა 2023 წელს რუსეთიდან მიწოდება საგრძნობლად გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 3,191 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. კერძოდ, მოსახლეობა 1,458 მლრდ კუბურ მეტრს მოიხმარს, თბოელექტროსადგურების წილი - 762,6 მლნ კუბური მეტრი, ხოლო 970 მლნ კუბურ მეტრს კომერციული სექტორი იყენებს.
სლოვაკეთში NATO-ს საბრძოლო ჯგუფის მეთაურობას ჩეხეთისგან ესპანეთი გადაიბარებს
2024 წლის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკა საზღვარგარეთის მისიებში მონაწილე ჯარისკაცების საერთო რაოდენობას შეამცირებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ივნისის ბოლოს სლოვაკეთის საბრძოლო ჯგუფის სარდლობა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარს აკონტროლებს, ჩეხეთისგან ესპანეთს გადაეცემა. ინფორმაციას პრაღის რადიო ავრცელებს. სლოვაკეთის ჩეხური ერთეული ახლა 450 ადამიანს ითვლის. საერთო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს ამჟამად 1100 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი იცავს. თუმცა ეს რიცხვი თანდათან 5000-მდე გაიზრდება. ჩეხეთის რესპუბლიკის არმიის წევრები ამჟამად ჩართულნი არიან 14 უცხოურ მისიაში, მათ შორის, კოსოვოში, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში. ცნობისთვის, ბოლო წლებში მოკავშირეებმა გააძლიერეს NATO-ს წარმომადენლობა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების შექმნით ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მათ ასევე გაგზავნეს მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ჯარი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. ალიანსის განცხადებით, ეს ქმედებები ცხადყოფს მოკავშირეების გადაწყვეტილებას და მზადყოფნას, დაიცვან ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდა, რუსეთის მხრიდან მისი მეზობლებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ არსებულ საფრთხეებზე პასუხია.NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 2018 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გადაწყვიტა, გაეზარდა თავისი ყოფნა რეგიონში სიტუაციური ცნობიერების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვის მეტი წვრთნითა და წვრთნებით, ასევე, პორტებში ვიზიტებით. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა გაგზავნეს დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები NATO-ს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციას. ეს მოიცავს ათასობით დამატებით ჯარისკაცს ალიანსის საბრძოლო ჯგუფებში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს NATO-ს საჰაერო საპოლიციო მისიების მხარდასაჭერად, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში საზღვაო ძალების გაძლიერებას, ჯარების საერთო მზადყოფნის გაზრდას და მაღალ მზადყოფნაში მყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას რუმინეთისკენ.
„ატომური ბომბის მამაზე“ გადაღებულმა ფილმმა „ოქროს გლობუსი“ მიიღო
ლოს-ანჯელესში პრესტიჟული კინოპრემიით, „ოქროს გლობუსით", დაჯილდოების 81-ე ცერემონია გაიმართა. „ოქროს გლობუსი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად ითვლება. საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს „ოპენჰაიმერი“, რომელმაც კიდევ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა. ბიოგრაფიული დრამა ამერიკელი ფიზიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის დროს ოპენჰაიმერი „მანჰეტენის პროექტს“ - ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას ხელმძღვანელობდა, რის გამოც ხშირად მას „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ. რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოქროს გლობუსი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამავე ფილმისთვის მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს უმცროსი რობერტ დაუნი. „ოპენჰაიმერის“ რეჟისორს, კრისტოფერ ნოლანს, „ოქროს გლობუსი“ გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს, ხოლო ლუდვიგ გორანსონს - საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის.
იაპონია უკრაინას მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორებსა და გაზის ტურბინებს გადასცემს
იაპონია უკრაინას შვიდ მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორსა და ხუთ გაზის ტურბინას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოკო კამიკავას შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ავტოტრანსფორმატორები შეძენილია EBRD-ის სახსრებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის ძალისხმევის შედეგად. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეს დიდი ზომის ენერგეტიკული აღჭურვილობა გადაეცემა უკრაინას. უკრაინა მიიღებს იაპონიის მიერ შეძენილ გაზის ტურბინებს UNDP-ისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შუამავლობითა და მნიშვნელოვანი დახმარებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. იაპონიის მიერ მოწოდებული აღჭურვილობა უზრუნველყოფს 6 მილიონზე მეტი უკრაინელის უწყვეტ ელექტრომომარაგებას, მათ შორის, იმ ტერიტორიებს, რომლებიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებით დაზარალდნენ.
იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
იტალიის ქალაქ პიზაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. მკვლელობა გასული კვირაში, პარასკევს, 12 დეკემბერს მოხდა, მომხდარის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს, 32 წლის პირს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.
უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
8 იანვარს რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივი-რიჰსა და ნოვომოსკოვსკში იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა, მათ შორის, ხუთი ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ სავაჭრო ცენტრი და 20-ზე მეტი სახლი დააზიანა. თავდასხმა ასევე მოხდა ერთ-ერთ თემში, კრივი-რიჰის მახლობლად, რის შედეგადაც 62 წლის ქალი დაიღუპა. რუსეთის ძალების თავდასხმამ სახლი გაანადგურა. გარდა ამისა, სამი ადმინისტრაციული შენობა, ორი ბენზინგასამართ სადგური, ხუთსართულიანი შენობა და მანქანა დაზიანდა, როდესაც რუსეთმა ნოვომოსკოვსკს, დნიპროს ჩრდილოეთ გარეუბანს დაარტყა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 24 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვი. ისინი 4-დან 17 წლამდე არიან. საჰაერო ძალების ცნობით, 8 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინას მრავალი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტით შეუტია. რუსეთის მიერ გაშვებული და უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული რაკეტების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მასიური თავდასხმის შედეგად, ზაპოროჟიეში ოთხი, ხარკოვის ოლქში კი, სამი ადამიანი დაშავდა.
NATO-ს წევრი სამი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას
ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას. ამის შესახებ Euractiv Bulgaria-ს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ბულგარეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და შავი ზღვის განაღმვის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას. ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთშაბათს, სტამბოლში უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც ოპერატიული დაგეგმვის პროცესი დაიწყება. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ჯგუფები რეგულარულად ასრულებენ განაღმვის სამუშაოს. ოქტომბერში პირველად გახდა ცნობილი, რომ სამი ქვეყანა ერთობლივი ძალების შექმნას განიხილავდა. ეს მისია NATO-ს ოპერაციად არ განიხილება, მაგრამ ეს იქნება შავი ზღვის მოკავშირეების პირველი ერთობლივი ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს
გერმანია საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ ეწინააღმდეგება
გერმანია მზად არის, საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას დაეთანხმოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმ განაცხადა. ბერბოკი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ბერლინმა იარაღის მიყიდვა საუდის არაბეთისთვის, 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, საუდის არაბეთის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ შეაჩერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავის დროზე უარი განაცხადა საუდის არაბეთისთვის Eurofighters-ის მიწოდების გადაწყვეტილების განბლოკვაზე. მისი კოალიციის პარტნიორი, მწვანეები, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ ამ ნაბიჯს და მიუთითებდნენ ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ შეშფოთებაზე და საუდის არაბეთის როლზე იემენის ომში. Eurofighter-ის პროექტი არის ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ერთობლივი ძალისხმევაა. „მსოფლიო, განსაკუთრებით აქ, ახლო აღმოსავლეთში, 7 ოქტომბრის შემდეგ სრულიად განსხვავებული ადგილი გახდა,” - განაცხადა ბერბოკმა. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისში. მანვე აღნიშნა, რომ ერ-რიადმა არაერთხელ მოიგერია იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები და საუდის არაბეთის ეს ქმედებები აჩვენებს მის სურვილს, რეგიონს ჰქონდეს უკეთესი მომავალი. გერმანია ერ-რიადის მადლიერია. დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია, ცდილობს მიიღოს გერმანიის თანხმობა საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე. გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ არ განახორციელოს იარაღის ექსპორტი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში დადასტურებულად არიან ჩართულები.