ძებნის რეზულტატი:

აშშ-ში ზებგერითმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა

სამხრეთ დაკოტაში, აშშ-ის სამხედრო ბაზა „ელსუორტზე“, სასწავლო-საწვრთნელი მისიის დროს კატასტროფა განიცადა ზებგერითმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, B-1B Lancer-მა. ბორტზე მყოფმა ეკიპაჟის ოთხმა წევრმა კატაპულტირება წარმატებით შეძლო და ყველა მათგანი გადარჩა. ინციდენტი ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში, ყინვისა და ნისლის დროს, ცუდი ხილვადობის დროს მოხდა. ავარიას ხანძარი მოჰყვა. მომხდარს სამხედრო კომისია გამოიძიებს.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცენტრალურ იშიკავის პრეფექტურაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა. 200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა ახალი წლის დღეს მოხდა. იაპონიის თავდაცვითი ძალები სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად ვერტმფრენებს იყენებენ.  

ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოსაყენებლად სამართლებრივი ბაზის შექმნა დააჩქარონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დააჩქარონ სამართლებრივი ბაზის შექმნა რუსული აქტივების უკრაინის ინტერესებისთვის გამოსაყენებლად. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ელიტასა და ხელმძღვანელობას „არ აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ მათ ყველაზე მეტად ფული აინტერესებთ.“ ზელენსკის შეფასებით, აქტივების დაკარგვა ყველაზე მტკივნეული ზარალი იქნება რუსებისთვის. „ისინი შეიგრძნობენ საერთაშორისო თანამეგობრობის ნამდვილ ძალას და დაინახავენ, რომ მსოფლიო ტერორზე ძლიერია.“ „რუსეთის აქტივები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ არის გაყინული, შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს. ისინი უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რათა ტერორისტულმა სახელმწიფომ ფასი გადაიხადოს თავისი ტერორისთვის,“ - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მაისს, რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე, 40-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული აგრესიით მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, როსტისლავ შურმას თქმით, უკრაინას ყოველწლიურად შეუძლი, ჩამორთმეული რუსული აქტივებიდან $15 მილიარდამდე შემოსავალი მიიღოს.  

ხერსონის რეგიონში რუსული სარაკეტო სისტემა განადგურებულია - უკრაინა

ხერსონის რეგიონში რუსეთის მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალებმა განაცხადეს. „ხერსონის რეგიონში სამხრეთ თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის BM-21 Grad MLRS,“ - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.  

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, 7 იანვარს ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. „მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ. მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით. მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.   შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს. სეულმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. „დღეს, დაახლოებით 16:00-დან 17:00 საათამდე, ჩრდილოეთ კორეის ძალებმა კუნძულ იონპიონგის ჩრდილო-დასავლეთიდან 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვის გასროლა განახორციელეს.“ - ნათქვამია სეულის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. სამხრეთ კორეამ 5 იანვარსაც განაცხადა, რომ იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად ჩრდილოეთ კორეამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყო  

უკრაინა საერთაშირო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს აუცილებელი ზომები პუტინის რაც შეიძლება მალე დასაკავებლად

ყველა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული „ჰუმანიტარული დაცვის“ ყალბი საბაბით, უკრაინის მოქალაქედ რჩება. უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ყველა შესაძლო ზომას მათი კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ამ განკარგულების რეალური ღირებულება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ეს იქნება შემდგომი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ყველა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. „ჰუმანიტარული დაცვის“ ყალბი საბაბით, რჩება უკრაინის მოქალაქედ,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. „მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გაითვალისწინოს რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინელი ბავშვების ერთი ეროვნული ჯგუფიდან მეორეში გადაყვანასთან, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის იძულებით მინიჭებით, რაც გენოციდის ერთ-ერთი ნიშანია. საერთაშორისო თანამეგობრობამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები პუტინის დასაკავებლად და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემისთვის მის გადასაცემად,“ - უკრაინის საგარეო უწყების კომენტარში. როგორც ცნობილია, 2024 წლის 4 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის და მოქალაქეობის არმქონე პირების განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც უფლება აქვთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მოითხოვონ.“ ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა 2023 წლის 17 მარტს გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო. დახურული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა მოლაპარაკებები. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი და ანკარაში აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკი ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზის სექტოში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა. „ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე  

ჯოზეფ ბორელი ლიბანში: ღაზის სექტორი უნდა იყოს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი

ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ლიბანში იმყოფება, განაცხადა, რომ ღაზის სექტორის მომავალი პალესტინის სახელმწიფოს უკავშირდება. ბეირუთში, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აბდალა ბუ ჰაბიბი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ბუ ჰაბიბმა თავის მხრივ, დაადასტურა, რომ „ლიბანის მთავრობა ცდილობს შეამციროს ესკალაცია და გამოიჩინოს თავშეკავება. „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთხმად არის შეთანხმებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ღაზის სექტორი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს,“ - განაცხადა ბორელმა. Reuters-ის ცნობით, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“ „აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ლიბანის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის თავიდან აცილება,“ - განაცხადა ბორელმა. დასავლეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერის ჯოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურნე თურქეტში ვიზიტით დაიწყო. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზაგალო ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ზედიზედ ორჯერ როგორც ფეხბურთელმა (1958 და 1962 წლებში) და შემდეგ - როგორც მწვრთნელმა და მწვრთნელის თანაშემწემ (1970 და 1994 წლებში). მოგვიანებით, ეს მიღწევა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა და ფრანგმა დიდიე დეშამმა გაიმეორეს. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა ორჯერ მოიგო ამერიკის თასი (1997 და 2004 წლებში) და ამდენივეჯერ კონფედერაციათა თასი (1997 და 2005 წლებში). „ის დაამახსოვრდებათ, როგორც ბრაზილიური ფეხბურთის ნათლია და თამაშში მისი ყოფნა ყველას მოენატრება, განსაკუთრებით აქ, ფიფაში," - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ. ზაგალოს გარდაცვალების გამო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.  

"საქართველოს ფოსტამ" მომსახურება გააძვირა

„საქართველოს ფოსტის“ განმარტებით,  ტარიფები საშუალოდ 15%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის განცხადებით, „განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით  და იმ  ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა  კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.“  „აქვე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას,“ - აცხადებენ კომპანიაში. "საქართველოს ფოსტის" 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის. ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ „სერვისებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.“  

ევროკავშირი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს

ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნები პირველი თებერვლის სამიტზე ამ ქვეყნის მხარდაჭერის ოთხწლიან პროგრამას, 50 მილიარდ ევროს ვერ დაამტკიცებენ. ამის შესახებ განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგიის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პრიორიტეტია ევროპის კავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობის მიღწევა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული," - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ. ფონ დერ ლაიენმა დააზუსტა, რომ ახალი წლის წინ, ევროპის კავშირმა უკრაინას გადაურიცხა 1.5 მილიარდი ევრო, რაც 2023 წლის დახმარების პროგრამის - 18 მილიარდი ევროს - ბოლო ნაწილი იყო. მას არ დაუზუსტებია ალტერნატიული პაკეტის დეტალები. თავის მხრივ, ბელგიის პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი ევროს დახმარების პროგრამა უპრობლემოდ შეთანხმდება. დეკემბრის შუა რიცხვებში, ბრიუსელში ჩატარებულ სამიტზე, ამ თანხის გამოყოფა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა. დეკემბრის შუა რიცხვებში, გაზეთმა Financial Times-მა, წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროპის კავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რათა შეთანხმდნენ კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე. გაზეთის თანახმად, ასეთი პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ევროპის კავშირის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, რომელიც საშუალებას იძლევა, ხმის უფლება ჩამოერთვას ქვეყანას, ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება დაბლოკოს ევროპის კავშირის წევრმა სხვა ქვეყანამ.  

NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა განაცხადა, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიზანიც შავი ზღვის განაღმვაა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი შეთანხმების საკითხზე მუშაობა 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან მიმდინარეობს. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თავად შეთანხმების კონცეფციაზე და ტექსტზე, როგორ მოვაგვაროთ ყველა საკითხი და მომავალ კვირას ჩემი მოადგილე იქნება სტამბულში, რომ მოაწეროს ხელი და ეს მისია მალე დაიწყება,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ  

უკრაინა პუტინის განკარულებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთ მტკიცებულებად მიიჩნევს

ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ტერორისტული სახელმწიფოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კიდევ ერთი დასტურია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. 4 იანვარს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების გარკვეული კატეგორიის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც აქვთ უფლება, მოითხოვონ რუსეთის მოქალაქეობა.“ განკარგულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ობლებს და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა პუტინის პირადი გადაწყვეტილებით, ყველა კანონიერი მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებშიც უკრაინელ ბავშვებს იძულებით აკავებენ, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. „პუტინის გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილი ბავშვების უფლებებს. რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ბათილად ის ითვლება. შესაბამისი ნორმის შემოღება მიზნად ისახავს გატაცებული ბავშვებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობის ჩამორთმევას. ამ განკარგულების რეალური ღირებულება ის არის, რომ ის იქნება შემდგომი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, უკრაინელი ბავშვების იძულებითი ასიმილაციისა და მათთვის სამშობლოს წართმევის მცდელობის,“ - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უკრაინა საერთაშირო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს აუცილებელი ზომები პუტინის რაც შეიძლება მალე დასაკავებლად  

აშშ-ის დაზვერვა: ირანში მომხდარი აფეთქებების უკან "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფრთა დგას

წყაროებმა აშშ-ის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ირანში 3 იანვარს მომხდარი აფეთქებების უკან, რომელსაც 91 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფრთა დგას. დაჯგუფებამ მომხდარიდან მეორე დღეს თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის სპეცსამსახურებმა, მოსმენების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ტერაქტში მონაწილეობდნენ "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ქვედანაყოფები. მათი აზრით, ეს საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ აფეთქებების ორგანიზატორი იყო "ისლამურ სახელმწიფოში" შემავალი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო - ხორასანი." შეგახსენებთ, 3 იანვარს აფეთქებების სერია ირანის ქალაქ ქერმანში მდებარე სასაფლაოზე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის, ყასემ სულეიმანის სიკვდილის მეოთხე წლისთავზე მოხდა. ირანის ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სულეიმანი ერაყში, 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის მიერ გაშვებულმა დრონმა მოკლა.  

„თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური“ - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სრულად

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, – წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს. ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისათვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში… მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით? ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, – ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, – თავის თავზე ორიენტირებული. ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება – გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები – მოხმარების საგნად ქცეულნი. ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც” მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი. ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, – თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ. ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული. როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს: „შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს.144,13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს.21,29) და სხვა. მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში. შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან: ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, – წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა. სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო. ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა. ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს გაუცხადა დაფარული. ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, – ვერცხლის, მუცელი და თეძოები, – სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, – რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო. ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა. ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად. მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენიმეჯერ იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი. ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, – ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ. მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, – გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა. და მართლაც, ნაბუქდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2.45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო. ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი – უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა. იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს. მისი წევრი შეიძლება, გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს. „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28), – აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო. შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ.12, 17-18). თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას. ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა. კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი; ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს – მართლმორწმუნეს. შეიძლება, თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით. * * * ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო. სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო. მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც. დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე. ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ. ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება? ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას. ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს. ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს. * * * ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, – ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი. უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა. ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომები სიბრძნის ულევი წყაროა. გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი. გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17- 21). მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველსაგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა. ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ. კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს. როგორი იქნება ჩვენი არჩევანი? თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად. ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას. იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ. ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ… ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას! სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ! უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი. გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება. ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული. და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს. „უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!“ ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, ქრისტეშობა, 2024  

დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი: „ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო. სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.“  

ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში სხვა საკითხებთან ერთად, ასევე საუბარია ხელოვნურ ინტელექტზეც: „დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე. ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ. „ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება? ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას. ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს. ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს,“ - აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.  

ილია II: თუ შევძლებთ, სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთთან, ადამიანთან, ბუნებასთან, ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან

„დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას,“ –სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საშობაო ეპისტოლეში საუბრობს. „თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ, მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად. ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას. იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.“ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ასევე ვკითხულობთ: „ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს – მართლმორწმუნეს. შეიძლება, თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.“ პატრიარქის ეპისტოლეს თანახმად, „ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა.“ “წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.“  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯო ბაიდენი ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვისთვის მიიწვია

7 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა (რესპუბლიკელი - ლუიზიანა) პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ყოველწლიური ხალხისადმი მიმართვისთვის მიიწვია. ჯო ბაიდენმა X-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის სიტყვით გამოსვლას კონგრესის წინაშე 7 მარტს. 6 იანვარს, თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში, ჯონსონმა ოფიციალური მოწვევა გადასცა ბაიდენს, კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე გამოსვლისთვის. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ბაიდენს ეპატიჟება "ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდი გამოწვევის მომენტში." პრეზიდენტის ეს ყოველწლიური გამოსვლა პირველი იქნება ჯონსონისთვის, როგორც სპიკერისთვის, რომელიც ტრადიციულად, პრეზიდენტის უკან და მარცხნივ ზის ხოლმე კონგრესის წინაშე მისი გამოსვლისას. ბაიდენი: ტრამპი იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ