ძებნის რეზულტატი:

იაპონია უკრაინას ბიოსაწვავის წარმოების ტექნოლოგიით უზრუნველყოფს

იაპონია გეგმავს, რომ უკრაინას მიაწოდოს ბიოსაწვავის წარმოების ტექნოლოგია, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის აღდგენას რუსეთთან ომის შემდეგ. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Kyodo News-ი იაპონიის მთავრობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. „გეგმა წარდგენილი იქნება მომავალ თვეში, ტოკიოში, ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის საკითხები განიხილება, ნათქვამია სტატიაში. ტოკიო ელის, რომ ბიოსაწვავის ტექნოლოგია უკრაინაში ახალ ინდუსტრიას შექმნის. როგორც ცნობილია, იაპონია უკრაინას ფინანსური დახმარების მხრივ, სიდიდით მესამე დონორია. 2023 წელს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა 3,7 მილიარდი აშშ დოლარი შეღავათიანი დაფინანსებისა და გრანტების სახით მიიღო.  

უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა იქნება

10 იანვარს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იქნება. ამის შესახებ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის უფროსის მოადგილემ და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა იჰორ ჩერნიევმა განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმის მოგერიებისას უკრაინას მოუიწია საჰაერო თავდაცვის რაკეტების მნიშვნელოვანი ოდენობის დახარჯვა და ეს მარაგი უნდა შეივსოს.  რუსეთის მასიური თავდასხმების საპასუხოდ, NATO-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს ჩერნიევმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ზოგჯერ იყენებენ საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რაკეტას ერთი რუსული რაკეტის ჩასაჭრელად, განსაკუთრებით, თუ შეტევა მასიურია. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ჰაერიდან ეფექტიანი თავდაცვისთვის უკრაინას ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა სჭირდება. „გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი სისტემები, როგორიცაა, Patrioteb-ი , რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქები ბალისტიკური რაკეტებისგან. ეს პრობლემა აქტუალურია და ამიტომაც იყო NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა ასე სწრაფად მოწვეული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგი იქნება," აღნიშნა ჩერნიშევმა.  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა - სეული

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა. სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. სამხრეთ კორეის შეფასებით, ამგვარი ქმედება ემუქრება მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე და ზრდის დაძაბულობას.გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა. სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გამოსცა, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ევაკუაციის განკარგულება დაბომბვას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსები აცხადებენ, რომ ინციდენტს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ან სამხედროებისთვის ზიანი არ მიუყენებია.  

ვაშინგტონი განმარტავს, რატომ აღარ საჭიროებს უკრაინა 2022-2023 წლების დონის დახმარებას

შეერთებული შტატები არ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ვაშინგტონი ცდილობს ქვეყანას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში დაეხმაროს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც 2022 და 2023 წლებში,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. მილერი ამბობს, რომ ვაშინგტონს სურს, კიევი ფეხზე დადგეს და განავითაროს საკუთარი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზა. შეერთებულ შტატებში არ მიაჩნიათ, რომ უკრაინის იმავე დონეზე მხარდაჭერის აუცილებლობა არსებობს. „არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელი უნდა იყოს, რადგან ჩვენი მიზანია, უკრაინა ფეხზე დადგეს და დავეხმაროთ მას საკუთარი ინდუსტრიული ბაზისა და საკუთარი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აშენებაში, რათა შეძლოს დამოუკიდებლად შეიძინოს და შექმნას საბრძოლო მასალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამ გზაზე არ ვართ და ამიტომ არის ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ კონგრესმა მიიღოს დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რადგან ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უკრაინას შეუძლია, მხოლოდ თავად დაიცვას საკუთარი თავი,“ - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. კიევმა წარმოადგინა ხუთი ნაბიჯი, რომლითაც “დასავლეთს შეუძლია, უკრაინას რუსეთის დამარცხებაში დაეხმაროს“  

ივანე ჩხაიძე: ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა. ივანე ჩხაიძის თქმით, ძირითადად არის H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს. ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მთავარი რეკომენდაციებია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვიანობა. „მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ, ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ

ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყო

სეულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს სამხრეთ კორეის ორ სასაზღვრო კუნძულთან საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის გამოც სამხრეთ კორეის არმიამ სწავლება დაიწყო. წვრთნებში, სავარაუდოდ, იენფიენდოსა და პენიონდოს კუნძულებზე მდებარე ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. ფხენიანგის მთავარმა მოკავშირემ ჩინეთმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.  „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე შეინარჩუნებს სიმშვიდეს და თავშეკავებას, თავს შეიკავებს ქმედებებისგან, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას, თავიდან აიცილებს სიტუაციის შემდგომ ესკალაციას და შექმნის პირობებს მნიშვნელოვანი დიალოგის განახლებისთვის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ფხენიანის შეკავების მცდელობისას ვაშინგტონმა ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში გასული წლის ბოლოს განათავსა.  

სამხრეთ კორეის დაზვერვა კიმ ჩენ ინის სავარაუდოდ მემკვიდრედ მის ქალიშვილს მიიჩნევს

სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის ქალიშვილს მის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევს. სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კიმ ჩენ ინის შესაძლო მემკვიდრის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა. 10 წლის ჯუ აე მამასთან ერთად აქტიურად ესწრება სამხედრო აღლუმებს და სამხედრო ტესტირებებს. კიმ ჩენ ინის მამა კიმ ჩენ ირი ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა. ის 2011 წელს გარდაიცვალა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“  

სლოვაკეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

სლოვაკეთმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გადაწყვიტა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დახმარების ჯამური ღირებულება 203 492 ევრო იქნება. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც 21 ტონას იწონის, მოიცავს ელექტრო გენერატორებს, გამათბობლებს, ტანსაცმელს და პირველადი დახმარების კომპლექტებს.  დახმარების მიმღებები იქნებიან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული საწარმო Donetskteplokomunenergo და დონეცკის ოლქის პოკროვსკის საქალაქო საბჭო. სლოვაკეთის ყოფილი მთავრობა მტკიცედ უჭერდა მხარს უკრაინას და აწვდიდა სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, საბრძოლო მანქანებს, ასევე, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემებს და MiG-29 თვითმფრინავებს. 25 ოქტომბერს რობერტ ფიცო ოფიციალურად გახდა სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. მან განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუგზავნის. ფიცო მიიჩნევს, რომ ომი არის "გაყინული კონფლიქტი", რომელიც, სავარაუდოდ, ვერ გადაიჭრება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გაგზავნით.  

ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ღაზის სექტორის საკითხზე მოლაპარაკებების წინ თურქეთში ჩავიდა.  ის ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან. როგორც Guardian-ი წერს, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთით გამგზავრებას გეგმავს. ბლინკენი მხარს უჭერდა ისრაელს და ცდილობდა, დაერწმუნებინა რეგიონული მოთამაშეები, რომ ვაშინგტონი ორიენტირებულია ჰუმანიტარული ტანჯვის შემსუბუქებაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის ფონზე. „ჩვენ არ ველით, რომ ამ მოგზაურობის დროს დაგეგმილი ყველა საუბარი მარტივი იქნება. აშკარაა, რომ რეგიონის წინაშე რთული საკითხები დგას, მაგრამ მდივანი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლობაა, წარმართოს დიპლომატიური ძალისხმევა ამ გამოწვევების თავიდან ასაცილებლად და ის მზად არის,  ამის გასაკეთებლად უახლოეს დღეებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბლინკენის ტურნესთან დაკავშირებით. ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს იწყებს Guardian-ის ცნობით, თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ბლინკენის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აშშ-ის ძალების საჰაერო ბაზისკენ გაემართნენ, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.  

უკრაინაში ომის გამო, ბრიტანული კომპანია M777-ის ტიპის ჰაუბიცების კომპონენტების წარმოებას განაახლებს - FT

უკრაინაში ომის ფონზე, საარტილერიო იარაღის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბრიტანული კომპანია BAE Systems M777-ის ტიპის ჰაუბიცების კომპონენტების წარმოების განახლება გეგმავს. იუწყება Financial Times-ი. კომპანიამ ახალი პროგრამის დასაწყებად, აშშ-ის არმიასთან თავდაპირველ $50 მილიონიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპონენტები ძირითადად დიდ ბრიტანეთში იწარმოება, ხშირად მისი აწყობა აშშ-ში მიმდინარეობს. კომპანია აპირებს, რომ ითანამშრომლოს მომწოდებლებთან როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე, აშშ-ში.  პირველი დეტალები სავარაუდოდ 2025 წელს იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ წარმოებული იარაღის მიმართ ინტერესი გლობალურ დონეზე გაიზარდა.  

უკრაინა ტესტავს სახმელეთო რობოტს, რომელსაც ცხელ წერტილებში ამოცანების შესრულება შეუძლია

უკრაინა უპილოტო რობოტს (D-21-11) ცდის. უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილო ფედოროვის თქმით, მანქანა აღჭურვილია ავტომატურად მბრუნავი ჯავშნიანი კორპუსით და მას ცხელ წერტილებში საბრძოლო მისიების შესრულება შეუძლია. მაგალითად - დაზვერვა, თავდასხმა ან პოზიციების დაცვა.  კერძოდ, მანქანას შეუძლია ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალის ან მომარაგების უზრუნველყოფა. უკრინას რობოტში NATO-ს იარაღის ინტეგრირება და მტრის ელექტრონული ომის მიმართ მისი წინააღმდეგობის გაძლიერება სურს. უკრაინული გუნდი ამჟამად წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისეთი ძლიერი და ეფექტიანი უნდა გახდეს, რომ რუსეთმა იცოდეს - ყველა თავდასხმას პასუხი მოჰყვება. ამისათვის კი, შიდა იარაღის წარმოების გაზრდაა საჭირო. უკრაინა უკვე აწარმოებს შორი მოქმედების იარაღს. მაგალითად, ექსპერტებმა მოახერხეს შორ მანძილზე მოქმედი ნეპტუნის რაკეტის ახალი ვერსიის შემუშავება. კერძოდ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაიწყო დრონების მასობრივი წარმოება, რომლებიც ირანული „შაჰედების“ ერთგვარი ანალოგია. სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის განცხადებით, უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა საბრძოლო მასალის წარმოება.  

საქართველომ Meta-ს გასული წლის 6 თვეში ანგარიშებზე ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა

2023 წლის, პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ 47 თხოვნით, ჯამში, 149 ანგარიშის შესახებ მიმართა. Meta-ს წლის ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნათა უმეტესობა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესით იყო გამოწვეული და საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დადებითად დააკმაყოფილეს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია Meta-მ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა. საუბარია Meta-ში შემავალი Facebook-ის, Instagram-ის, Messenger-ის, Oculu-ს და Whatsapp-ის ანგარიშებზე. ჰოლდინგი თითოეული განცხადების დეტალური სამართლებრივი შესწავლის საფუძველზე იღებს გადაწვეტილებას ინფორმაციის სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არგაცემის თაობაზე. Meta-ს მონაცემებით 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნების რაოდენობა გაზრდილია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლისს-დეკემბერში კი - 28. ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, გასული წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ, საქართველოს მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. რეგიონის ქვეყნებიდან Meta-ს ყველაზე ხშირად, გასული წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან მიმართავდნენ. სომხეთის მთავრობამ იმავე პერიოდში Meta-ს 5 მოთხოვნა გაუგზავნა (60% დაკმაყოფილდა), აზერბაიჯანის მთავრობამ კი 15 (40% დაკმაყოფილდა) Meta-მ გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველა მეტი მოთხოვნა აშშ-დან მიიღო, 74 ათასამდე (73,956) განაცხადი 125 ათასზე მეტი პირის ანგარიშს შეეხებოდა. დაკმაყოფილდა მოთხოვნის 87.84%. ევროპის ქვეყნებიდან პერსონალური ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების მოთხოვნით Meta-ს ყველზე მეტი განცხადება გერმანიიდან აქვს მიღებული. 21 ათასამდე განაცხადის (20.741) 71.75% დადებითად დაკმაყოფილდა.

ქარელში, სოფელ რუისთან მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.  მთავარი არხის ინფორმაციით, დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი, მგზავრები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

ჩინეთის სამხედროები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნას ატარებენ. სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. CCTV-მ საცეცხლე სროლების კადრები მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჩინეთმა 3-4 იანვარს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისი საზღვაო და საჰაერო ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა. სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს  

ერაყი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მისიის დასახურად ემზადება

ერაყის მთავრობა აყალიბებს კომიტეტს, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მისიის დახურვას მოამზადებს. შესაბამისი განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა გააკეთა. „მთავრობა ადგენს ორმხრივი კომიტეტის შექმნის თარიღს, რათა მოახდინოს შეთანხმებები ერაყში საერთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის სამუდამოდ შეწყვეტის მიზნით. ხაზს ვუსვამთ მტკიცე პოზიციას საერთაშორისო კოალიციის არსებობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მისი არსებობის საფუძველი აღარ არსებობს,“ - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, კომიტეტის შემადგენლობაში სამხედრო კოალიციის წარმომადგენლები შევლენ. სუდანის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ბაღდადში ავიაიერიში განახორციელა, რომლის შედეგადაც, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდირებულია. ალ-ჯავარის დაღუპვამ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია და მათ მთავრობისგან ერაყში კოალიციის ყოფნის შეწყვეტა მოითხოვეს.  

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 29-დან 21 დრონი ჩამოაგდო - კიევი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 29 შაჰედის ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატიდან 21 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა.  პარასკევს, 5 იანვარს ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.  საჰაერო თავდასხმას უკრაინის მობილური სახანძრო ჯგუფები, საბრძოლო თვითმფრინავები და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები იგერიებდნენ. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 29 თავდასხმის თვითმფრინავიდან 21 ჩამოაგდეს მიკოლაივის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადისა და ხმელნიცკის რაიონებში.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6869 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9310 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9448 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.  

„თიბისი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ, „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს დღეს, 5 იანვარს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე დაკავებულ გ.ც-ს ბრალი ყაჩაღობის მუხლით წარუდგინეს, იარაღი კი, რომლითაც ბანკში შეიჭრა, ექსპერტიზის დასკვნით, სათამაშო აღმოჩნდა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ადვოკატმა დავით ბარბაქაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „თიბისი“ ბანკში შეჭრას და ფულის მოთხოვნას აღიარებს. მისი თქმით, კაცმა ბანკი 15 წამში, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ დატოვა. „შენიღბული არ ყოფილა, კეპი ეხურა. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და არაადეკვატურობა არასდროს შემინიშნავს,“ – განუცხადა ადვოკატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისივე თქმით, 3 იანვარს „თიბისი ბანკში“ შეჭრას თავად დაკავებულიც ვერ ხსნის და ამას მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და ოჯახურ პრობლემებს უკავშირებს. რაც შეეხება დაკავების ადგილს, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში, ბახტრიონზე დააკავეს.

ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა

ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში რუსეთის არმიაში მებრძოლი სულ მცირე 10 ნეპალელი დაიღუპა. მანამდე კატმანდუ მოსკოვს ნეპალელების რეკრუტირების შეწყვეტას და უკვე დაქირავებულთა სახლში დაბრუნებას სთხოვდა. ნეპალის კანონები მოქალაქეებს უკრძალავს სხვა ქვეყნების ჯარში მსახურობას, გარდა რამდენიმე მეგობარი ქვეყნისა, განსაკუთრებით ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთისა. ნეპალის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნიდან ახლა უკრაინაში სულ მცირე 200 დაქირავებული იბრძვის რუსეთის მხარეს. არ არის დაკონკრეტებული, ისინი ჯარში კონტრაქტით მსახურობენ თუ კერძო სამხედრო კომპანიის მიერ არიან დაქირავებული. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნარაიან პრაკაშ საუდმა განაცხადა, რომ 100 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია. ნეპალი თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მუშაობისთვის ნებართვას გასცემს მათ მშვიდობიან პროფესიებში დასასაქმებლად. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა უკრაინაში ნეპალის ექვსი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მოგვიანებით მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ასევე ერთი ნეპალელი, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს და კატმანდუ ახლა მის გათავისუფლებას ცდილობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, არცერთ მხარეს არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო, შვედეთი მალის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას შეუჩერებს

პრორუსული პოზიციებისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, შვედეთის მთავრობა მალის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას შეუჩერებს. განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა 5 იანვარს TV4-თან საუბრისას გააკეთა. „როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ასევე გვსურს, რომ ამ ქვეყნებმა ითანამშრომლონ შვედეთთან, მაგრამ მალის სამხედრო ხუნტა რუსეთისკენ ტრიალდება და მხარს უჭერს მის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ფორსელმა. დასავლეთ აფრიკის ქვეყანა რუსული გავლენის მნიშვნელოვანი კამპანიის სამიზნეა მას შემდეგ, რაც 2021 წელს მალის არმიამ მთავრობა გადატრიალების შედეგად დაამხო. „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი მეთაურობდა, განსაკუთრებით აქტიური იყო მალიში. ამ დაჯგუფებას ომის დანაშაულებსა და ფართოდ გავრცელებულ ძარცვაში სდებენ ბრალს. მალიმ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს გმობენ და რუსული ჯარების მიერ უკრაინის დატოვებას მოითხოვენ. შვედმა მინისტრმა იოჰან ფორსელმა განმარტა, რომ დახმარების განაწილებისთვის პირობები მალის გარდა სხვა ქვეყნებში უკეთესია. „ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება შეწყდება, მაგრამ გადაუდებელი დახმარება, როგორიცაა, საკვები, წყალი და მედიკამენტები, გაგრძელდება,“ აღნიშნა მინისტრმა. „ზოგადად, შვედეთი ხელახლა აყალიბებს მიდგომას საერთაშორისო დახმარების მიმართ, რათა „უზრუნველყოს ისეთი მიდგომა, როცა ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთაშორისო კანონმდებლობას ძირს არ უთხრიდნენ და არ უჭერდნენ მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ განმარტა შვედმა მინისტრმა. ბოლო 10 წლის განმავლობაში შვედეთმა მალის 388 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია.