ძებნის რეზულტატი:

აზერბაიჯანი-სომხეთი: სად გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება?

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოწერონ ხელი. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სომხეთი უარს იტყვის თბილისის ვარიანტზე და დაჟინებით მოითხოვს, რომ დოკუმენტი ბრიუსელში გაფორმდეს. „ირანის ბოლოდროინდელი გააქტიურება აშკარაა სამხრეთ კავკასიის პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში: თეირანიც არის შემოთავაზებული, როგორც ადგილი, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ვერსია დამტკიცდება და მას ხელი მოეწერება. ბაქოსთვის ეს ვარიანტი არ არის სასურველი, რადგან ირანს აქვს სამშვიდობო მისიების განხორციელებისა და მისი შუამავლობით მოლაპარაკებების წარმართვის უარყოფითი გამოცდილება. იმის გათვალისწინებით, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარი სისხლიანი ტერაქტის გამოძიება არ დასრულებულა და საელჩოს საქმიანობა არ განუახლებია, ირანის წინადადება აზერბაიჯანისთვის არ არის მისაღები,“  წერს Trend-ი. მისივე ინფორმაციით, სტამბოლი ან ანკარა ასევე იმ პოტენციურ ადგილებს შორისაა, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია. თუმცა ცხადია, რომ ევროკავშირი სტამბოლის ვარიანტს მისაღებად არ განიხილავს. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა  

შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებამდე განაცხადა, რომ ლატვიაში სამხედროებს გაგზავნის

შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ლატვიაში შვედური სამხედრო კონტინგენტის განლაგების გეგმების შესახებ გამოაცხადა. ეს ნაბიჯი NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმი ჯერ არ არის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთის შეიარაღებული კონტინგენტი ლატვიაში 2025 წლიდან განლაგდება. მასპინძელ ქვეყანა ლატვიაში NATO-ს ძალების ხელმძღვანელობა კანადას ეკუთვნის. მონაწილე ქვეყნები არიან ალბანეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მიუთითებს სტოკჰოლმის რწმენაზე, რომ ქვეყანა 2024 წლის ბოლომდე მიაღწევს ალიანსის სრულ წევრობას. ამ დროისთვის ორ ქვეყანას (თურქეთი და უნგრეთი) არ დაუმტკიცებია შვედეთის გაწევრიანება.  

ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივი განცხადება: ომი მალე არ დასრულდება, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაში. პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა. „იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ,“ - აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტი.  

ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი ფრანც ბეკენბაუერი. ბეკენბაუერი მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე, ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში. მან თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი, მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. ბეკენბაუერს არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს ზედმეტსახელით Der Kaiser, ანუ "იმპერატორი." მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი - პრეზიდენტი. ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე, მწვრთნელის რანგში გახდა.  ცნობისთვის, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში, 6 იანვარს გარდაიცვალა.  

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის პრემიერი ბორნი თანამდებობიდან გადადგა, მაკრონი ახალ მთავრობას დააკომპლექტებს. „ქალბატონმა ელისაბედ ბორნმა დღეს მიმართა პრეზიდენტს, რომელმაც განცხადება დააკმაყოფილა,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა პრემიერს „ერის სამსახურში ყოფნისთვის, რომელიც ყოველდღე სამაგალითო იყო.“ Reuters-ი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი საპენსიო რეფორმის ირგვლივ გამოწვეული კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ იცვლება. 62 წლის ასაკში ბორნი მხოლოდ მეორე ქალი იყო, რომელიც ამ პოსტზე მუშაობდა.  

შოლცი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ. კანცლერის თქმით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ დგას უკრაინის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული ღირებულებების მხარეს. „ამიტომ, ევროკავშირში ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის სასარგებლოდ თავიანთი ძალისხმევა გააძლიერონ,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირს უახლოესი სამიტისთვის, ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა წვლილს შეიტანენ ისინი წელს უკრაინის დასახმარებლად. ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის შემდეგ, გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.  

ზელენსკი: რუსეთი ტერორისთვის საფასურს გადაიხდის და უკრაინის პასუხს აუცილებლად იგრძნობს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური შეტევების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დატვირთულ დღეებს აანონსებს. „დღეს მე გავმართე შეხვედრა ჩვენი შემდგომი საერთაშორისო დღის წესრიგის შესახებ - ეს თვე იქნება მოვლენებით სავსე ჩვენი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას. ასევე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის დრონების თაობაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლის არქიტექტურა უნდა გაძლიერდეს. და კიდევ ერთი პრიორიტეტია პრაქტიკული გადაწყვეტილებების დაჩქარება რუსული აქტივების უკრაინის ინტერესებში გამოყენებისა და მათი შემდგომი კონფისკაციის შესახებ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ტერორისტმა ყველაზე მეტი ზარალი უნდა გადაიხადოს და რუსეთი გადაიხდის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორივეს - სანქციებისთვის ნებისმიერი გვერდის ავლის სქემის აღმოფხვრას და სანქციების გამკაცრებას.  რუსეთზე სანქციების ზეწოლის არქიტექტურა უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა რეალური გადაწყვეტილებების მიახლოება უკრაინის ინტერესებში რუსული აქტივების გამოყენების, ასევე, მათი შემდგომი კონფისკაციის შესახებ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ტერორისტმა უნდა გადაიხადოს თავისი ტერორით მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი და რუსეთი გადაიხდის," - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ დღეს, დილა, „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაიწყო მასიური სარაკეტო შეტევით.“ „დაშავებულია 45 ადამიანი, ამ დროისთვის კი დაღუპულია ოთხი ადამიანი. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს! ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  

უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის კონგრესი დამატებით დაფინანსებას. დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, მაშინ რუსეთმა შეიძლება ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევა დაიწყოს. „ჩვენ ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს. მსოფლიოსთვის საფრთხე დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემუქრება. უკრაინის წინაშე კი მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის, საკითხი დგას,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში. მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის. „უკრაინა უნდა იყოს ის თემა, რომელიც აერთიანებს და არა ჰყოფს,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინას ომის „გაყინვისკენ“ არ უბიძგებენ. „მოკავშირეები ომის „გაყინვისთვის“ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ არ მოგვიწოდებენ, არც დელეგაციებთან შეხვედრების და არც ვიწრო დახურული ფორმატის შეხვედრების დროს. ისინი, ვინც გაყინულ კონფლიქტს გვთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ ისინი უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. რეალურად, ისინი პუტინს ეხმარებიან“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.  

ჯო ბაიდენი: ისრაელის მთავრობასთან ვმუშაობ, რომ ღაზის სექტორიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ

„ისრაელის მთავრობასთან ვმუშაობ, რომ ღაზის სექტორიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში განაცხადა, როდესაც მომიტინგეებმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეძახილებით, სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. „მესმის მათი ვნებათაღელვა და მე ისრაელის მთავრობასთან ჩუმად ვმუშაობ, რათა მათი ყოფნა შემცირდეს და ღაზიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები  

თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კომპლექსის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ენტონი გულიელმის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია და ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ცნობისთვის, დეკემბერში, დელავერის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. მძღოლს ბრალი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის წაუყენეს.  

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს. CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში მას შემდეგ, რაც ისრაელს „ჰამასი“ დაესხა თავს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.   ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება. ისრაელში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორდანიაში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის შემდეგ კი ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა.  

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.­ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს. მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო. ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.  

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოიპოვა რუსული დრონების მწარმოებლის საიდუმლო მასალები

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი რუსული კომპანიის, 2016 წლიდან სანქცირებული „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის“ საიდუმლო დოკუმენტაცია მოიპოვა. უკრაინის ცნობით, ეს კომპანია აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს, „ორლანს“, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას. „მოპოვებულია 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 100 გიგაბაიტი საიდუმლო მასალები, რომელთა შორისაა ნახაზები, ტექნიკური ამოცანები, პატენტები და პროგრამული უზრუნველყოფა. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ დოკუმენტებს უკვე იყენებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად“, იუწყება სამხედრო დაზვერვა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოპერაციის დროს და სხვა დეტალებს არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ერთ-ერთი საწარმოს საიდუმლო დოკუმენტების მოპოვება შესაძლებელი გახდა „სამოქალაქო საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან და მედიასთან ეფექტური ურთიერთქმედებით."  

პენტაგონი: ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვგეგმავთ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავენ. „კვლავაც ძალიან კონცენტრირებულები ვართ ISIS-ის მისიის დამარცხებაზე,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალები ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით იმყოფებიან. რაიდერის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ ბაღდადმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მისი ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაღდადი იწყებს მზადებას ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანისთვის, რადგან მათი ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს.  მანამდე, ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია მოახდინა.  

ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების შემუშავებისა და მომზადების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. დელეგაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრი ერმაკი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა, უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი, ალექსანდრე კამიშინი, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და სხვა ოფიციალური პირები. ერმაკმა დეკემბერში ევროკავშირისა და NATO-ს იქ ქვეყნები დაასახელა, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ჯერ არ შეერთებიან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი 6 ქვეყანა - ავსტრია, ხორვატია, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი და NATO-ს წევრი ქვეყნები: თურქეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია  

ეკვადორში, ნარკოდაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ციხიდან გაიქცა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „მე ახლახან საგანგებო მდგომარეობის განკარგულებას მოვაწერე ხელი, რათა შეიარაღებულ ძალებს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა ჰქონდეთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ნარკორეალიზატორები, მკვლელები და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები მთავრობას კარნახობდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა,“ - აღნიშნა ეკვადორის პრეზიდენტმა.  

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

თეთრი სახლი უახლეს ამერიკულ აღჭურვილობაზე უკრაინის წვდომის უზრუნველსაყოფად მუშაობს

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ტექნოლოგიებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროს ათამდე ლიდერს შეხვდნენ, რათა უახლეს ამერიკულ აღჭურვილობაზე უკრაინის წვდომის მხარდასაჭერად, ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესი გაეძლიერებინათ. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მაღალჩინოსნის თქმით, საუბარი ფოკუსირებული იყო უამრავ სისტემაზე, მათ შორის, უპილოტო საჰაერო სისტემებზე, დრონების თავდასხმასთან გამკლავების საკითხებზე. Reuters-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრის თქმით, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა შეხვედრა მოიწვია, რათა უკრაინას ტექნოლოგიური გამოწვევების გადალახვაში დაეხმარონ. ეს არის საკვანძო საკითხი, რომელიც აშშ-მ გამოყო და მიიჩნია, რომ ამის გამო ფერხდება უკრაინის პროგრესი და იმპულსი ბრძოლის ველზე. რაც შეეხება შეხვედრის მონაწილეებს, როგორც Reuters-ი წერს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ძირითადად შეხვდნენ ინდუსტრიის აღმასრულებლებს Fortem Aerospace-დან, თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანიებიდან - Palantir Technologies Inc (PLTR.N) და Anduril Industries Inc, ასევე, თვითმფრინავების მწარმოებელ Skydio-დან. ბრიტანული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე შეხვედრას თავად სალივანი და მისი მოადგილეც ესწრებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას ხელს შეუშლის 100 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი დახმარების პაკეტის არმიღება. მისი დამტკიცებისკენ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონმდებლებს რამდენჯერმე უკვე მოუწოდა. ეს პაკეტი მოიცავს დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარის ახალ დახმარებას უკრაინისთვის.  

2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა

გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს თავშესაფრის მაძიებლებისგან 351 915 განაცხადი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით, 51,1%-ით მეტია. სტატისტიკის თანახმად, 329 120-მა განმცხადებელმა თავშესაფარი პირველად ითხოვა, 22 795-მა კი - ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელება. გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა შორის პირველ ადგილზე არიან მოგრანტები სირიიდან (104 561). მას მოსდევენ თურქეთი (62 624), ავღანეთი (53 582), ერაყი(12 360) და ირანი (10 206). საქართველოდან, რომელიც მეექვსე ადგილზეა, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა 9 399-მა ადამიანმა, მათგან 8 414-მა - პირველად. ქართველების განაცხადების მხოლოდ 0,3% დაკმაყოფილდა. გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურმა უწყებამ გამოაქვეყნა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი იკლებდა. 2023 წლის ოქტომბერში თავშესაფარი ითხოვა 448 ადამიანმა, ნოემბერში 417-მა და დეკემბერში - 351-მა. 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, რაც თავშესაფარზე უარის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას გაამარტივებს. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს  

ბელორუსი უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში სამხედრო ქალაქს აშენებს - მედია

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო გომელის რეგიონში ახალ სამხედრო ქალაქს აშენებს. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულდება 2024 წლის მარტში იგეგმება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია რადიო თავისუფლების ბელორუსის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამშენებლო მოედნის ზუსტი ადგილმდებარეობა ოფიციალურად არ არის გამჟღავნებული. თუმცა, მედიის წყაროების თქმით, გომელის რაიონში, ყოფილ პიონერთა ბანაკ „ჩაიკაში“ სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა. ეს არის დაახლოებით შუა გზა გომელის რეგიონულ ცენტრსა და რიჩიცის რაიონულ ცენტრს შორის. მედია წერს, რომ აქედან გზა უკრაინის საზღვართან მიდის. ჟურნალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ ახალი სამხედრო ობიექტის მშენებლობა შესაძლოა, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2022 წლის მაისში გაკეთებულ განცხადებებთანაც იყოს დაკავშირებული. მაშინ ლუკაშენკო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში „სამხრეთის ოპერატიული სარდლობის“ შექმნის შესახებ საუბრობდა. ცნობისთვის, ბელორუსს ევროკავშირი, აშშ და უკრაინის პარტნიორები რუსეთის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევენ, რადგან სწორედ მისი ტერიტორია გამოიყენა რუსეთმა უკრაინაზე იერიშების მისატანად.