ძებნის რეზულტატი:
გერმანია და ლუქსემბურგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ - მინისტრები
გერმანია და ლუქსემბურგი მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ ბეტელმა 5 იანვარს ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ახალ წელს დავივიწყოთ, რომ რუსეთის ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ ყოველდღე გრძელდება,“ - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა. მის მოსაზრებას იზიარებს ბერბოკის ლუქსემბურგელი კოლეგაც. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინას თუ არ დავეხმარებით, სხვა ქვეყნები მიჰყვებიან უკრაინას,“ - განაცხადა ბეტელმა. მისი თქმით, პუტინი ბედნიერი იყო ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო, რადგან იმედოვნებდა, რომ დასავლეთი უკრაინისგან ყურადღებას გადაიტანდა. „უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს ღირებულებების დაცვას და ევროპული პროექტის გაგრძელებას,” - აღნშნა ბატელმა. ის ამ რანგში პირველი ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბატელი 2013-2023 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.
უკრაინა და ლატვია დრონების ერთობლივ წარმოებას გაზრდიან
უკრაინა და ლატვია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გაზრდიან და ამ სფეროში ერთობლივ პროექტებს განავითარებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ლატვიელ კოლეგა ანდრის სპრუდსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ლატვიელ კოლეგასთან ანდრის სპრუდსთან. მე მას ვაცნობე ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, ცალკე ხაზი გავუსვი ელექტრონული ომისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მნიშვნელობას. მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას ლატვიის აქტიური ნაბიჯებისთვის, რომლებიც დრონების კოალიციის განვითარების მიმართულებით გადაიდგა. ჩვენ გავზრდით უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას და განვავითარებთ ერთობლივ პროექტებს ამ სფეროში,“ - განაცხადა უმეროვმა.
ფინეთი რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს
ფინეთი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფინეთის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრმა კაი მიკანენმა გაზეთ Helsingin Sanomat-ს 5 იანვარს განუცხადა. ფინეთს რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა სურს „არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა,“ აღნიშნა მიკანენმა. მინისტრის განმარტებით, ეს შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა დეკემბრის დამდეგს შეათანხმეს. რეფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელორუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. ამასთან, აკრძალვა შეიძლება, დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი დადგენილება გაზაფხულზე შევა ძალაში. ამის შემდეგ ფინეთის ხელისუფლება შეძლებს, საკუთარი წინადადება წამოაყენოს იმპორტის აკრძალვის შესახებ. როგორც Helsingin Sanomat-ი წერს, შარშან რუსეთმა ევროპას თითქმის 16 მილიონი ტონა გათხევადებული აირი მიაწოდა. მკვეთრად შემცირდა ევროპაში მილსადენებით გაზის მიწოდება, გათხევადებული გაზის ექსპორტი კი, გაიზარდა. რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი. მიკანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს.
ქვისცვენის გამო, ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაო ხვალ დილით განახლდება.
თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონული ტურნეს ფარგლებში თურქეთშია. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა Twitter-ზე დაწერა, რომ თურქეთი არის NATO-ს ღირებული, დიდი ხნის მოკავშირე და პარტნიორი. მილერის თქმით, თურქეთს გადამწყვეტი როლი აქვს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ღაზის სექტორის კონფლიქტის გავრცელების პრევენციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეში ჩადის. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ახლანდელ ვიზიტს ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის ფონზე მართავს. თურქეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის ინფორმაციას ეყრდნობა, ბლინკენი შაბათს თურქ ოფიციალურ პირებსაც შეხვდება. ამასთან, CNN-ის ცნობით, მოსალოდნელია ბლინკენის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. Axios-ის ცნობით, ჯო ბაიდენის უფროსი მრჩეველი ამოს ჰოჩსტეინი ისრაელში ხუთშაბათს, 4 იანვარს ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს დიპლომატიურ შეთანხმებას ისრაელ-ლიბანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ცნობისთვის, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჯოზეფ ბორელი 5 იანვარს იწყებს ლიბანში ვიზიტს. 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ნორვეგიული F-16-ები დანიაში ჩაფრინდნენ
ნორვეგიის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დანიაში უკრაინელი პერსონალის მომზადების პროგრამის მხარდასაჭერად დაეშვა. ამის შესახებ ნორვეგიის საჰაერო ძალების განცხადებაშია ნათქვამი. სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება. უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის. ნორვეგიის შემდეგ, ბელგიამაც განაცხადა, რომ მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს განათავსებს.
ზელენსკი: ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს
„ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრანის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი დროა, „ბევრ რამეში გადამწყვეტი.“ „ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი უცვლელი რჩება - უზრუნველვყოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია უკრაინის თავდაცვისთვის და ჩვენი აქტიური ოპერაციებისთვის. საბრძოლო მასალა, დრონები, აღჭურვილობა, პერსონალი. ამ წლის გაძლება ნიშნავს მთელი ამ ომის გაძლებას. კრიტიკული მნიშვნელობის და გადამწყვეტი დროა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს, უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს - მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის. „ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. ჩვენი სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ჩრდილოეთ კორეა მაღალ ფასს გადაიხდის პუტინის დახმარებისთვის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა "მაღალ ფასს" გადაიხდის რუსეთის მხარდაჭერისთვის. მანამდე აშშ-მ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფხენიანის მიერ მიწოდებული რაკეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. „მსოფლიომ ზურგი შეაქცია რუსეთს და აიძულა პუტინი, დამცირებულიყო, ჩრდილოეთ კორეაში წასულიყო მისი უკანონო შემოჭრის შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა შაპსმა. მისი შეფასებით, ამით რუსეთმა დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუცია და რისკის ქვეშ დააყენა მსოფლიოს სხვა რეგიონის უსაფრთხოება. „ეს ახლა უნდა შეწყდეს,” - აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მოსკოვი და განაცხადა, რომ მის მიერ ჩრდილოეთ კორეის იარაღის გამოყენება იყო "რუსეთის იზოლაციის გამოვლინება მსოფლიო ასპარეზზე და ასევე, მისი სასოწარკვეთის ნიშანი; „გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერდა, როგორც მუდმივი წევრი." ლონდონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, „შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის.“ მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში გააქტიურდა, რადგან პუტინი საერთაშორისო ასპარეზზე მოკავშირეებს ეძებს. NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა
უკრაინამ ევროკავშირიდან და მოლდოვიდან გაზის იმპორტი გააორმაგა
2023 წელს უკრაინამ ევროკავშირიდან და მოლდოვიდან 4,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც ორჯერ მეტია 2022 წელთან შედარებით. უკრაინული ოპერატორის ცნობით, იმპორტირებული გაზის ძირითადი ნაწილი უკრაინის მიწისქვეშა საცავებში შესანახად გამოიყენეს. იმპორტის დიდი რაოდენობა სლოვაკეთზე მოფის - მთლიანი რაოდენობის 42%. უნგრეთი (31%), პოლონეთი - (14%), რუმინეთი მოლდოვის გავლით - (13%).
მიანმარში აჯანყებულებმა ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი აიღეს - Reuters
მიანმარის აჯანყებულთა ალიანსმა ქვეყნის არასტაბილურ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ლაუკაის დაცემა აჯანყებულთა უკანასკნელი გამარჯვებაა ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა. შეიარაღებული კონფლიქტი სამხედროებსა და მეამბოხე ჯგუფებს შორის მიანმარის ჩრდილოეთში ოქტომბრის ბოლოდან გაიზარდა. მეზობელი ჩინეთი, რომელმაც ხელი შეუწყო ორ მხარეს შორის დიალოგს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა. მიანმარის კოკანგის რეგიონის დედაქალაქი, ლაუკაი აზარტული თამაშებით და აქ მდებარე ონლაინ თაღლითური ოპერაციების ცენტრებით არის ცნობილი. ხუნტის მთავარი მოკავშირე, ჩინეთი ბოლო თვეებში თაღლითური სქემების წინააღმდეგ უმოქმედობის გამო მიანმარის სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. თავდასხმის დაწყებამდე, სამი საძმოს სახელით ცნობილმა ალიანსმა განაცხადა, რომ მისი მთავარი სამიზნე სწორედ თაღლითური ცენტრების გაწმენდა იყო. დეკემბრის ბოლოს ჩინეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ლაუკაის ტერიტორია, უსაფრთხოების რისკების მოტივით. მიანმარის არმიას ათზე მეტი რეგიონული ოპერაციების სარდლობა აქვს, რომლებიც მთელ ქვეყანაშია გავრცელებული.
ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს - ლაიენი
რუსეთის ბოლოდროინდელი სასტიკი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მხოლოდ ხაზს უსვამს აუცილებლობას, ევროკავშირი დათანხმდეს მექანიზმს, რათა გააგრძელოს უკრაინის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისია ბელგიის პრეზიდენტობის პერიოდში იმუშავებს პრიორიტეტებზე, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერაზე. ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს წარუდგენს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საშუალებას მისცემს, შეთანხმდნენ უკრაინის მექანიზმზე. „შემდეგ ბელგიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას ექნება მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს პოლიტიკური შეთანხმება საბჭოში და ევროპარლამენტში სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით,“ აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამავდროულად, ევროპელი ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის 2024-2027 წლების მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლებიც, კერძოდ, ითვალისწინებდა 50 მილიარდი ევროს დახმარების მექანიზმის შექმნას უკრაინისთვის. ამ დოკუმენტზე გადაწყვეტილება უნგრეთმა დაბლოკა. 2024 წლის პირველ თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც ბიუჯეტისა და უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელების საკითხები განიხილება.
ბათუმი-ახალციხის გზაზე, სოფელ გულებთან მეწყრის განვითარების გამო, მოძრაობა შეზღუდულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფელ აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული მხედველობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
ლოიდ ოსტინი კლინიკაში გადაიყვანეს
პენტაგონის პრესსპიკერის პეტ რაიდერის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ინფორმაციით, „ოსტინი არჩევითი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო, უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.“ პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ოსტინი საავადმყოფოში რჩება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. მას არ დაუზუსტებია, რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს, ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს.
უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება
უკრაინელებმა მიკოლაივისა და ხმელნიცკის რაიონებში ორი რუსული შაჰედ-136/131-ის ტიპის ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა. „ამ ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის ორი უპილოტო თვითმფრინავი შაჰედ-136/131, რომლებიც დამპყრობლებმა რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს. ისინი ჩამოაგდეს მიკოლაივის და ხმელნიცკის რაიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.
საჰაერო ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ბაზაზე რუსული სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს - უკრაინა
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშუკმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე, რუსეთის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული დარტყმა დაადასტურა. მეთაურმა მადლობა გადაუხადა პილოტებს „შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსთვის.“ 4 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის მახლობლად რუსული ჯარების დაჯგუფების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. რუსეთმა დაადასტურა, რომ შეტევის შედეგად 23 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ შორის არიან მაღალი რანგის ოფიცრები და სპეციალური ძალების წარმომადგენლები.
ევროკავშირს შემდგომ გაფართოებამდე რეფორმა სჭირდება - ბელგიის პრემიერი
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ ბლოკმა ახალი წევრების მიღებამდე რეფორმები უნდა გაატაროს. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად საუბრისას დე კროომ განაცხადა, რომ ბელგია იმუშავებს მოლაპარაკებების ჩარჩოზე ორი კანდიდატი ქვეყნის - უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის. „ევროპის მოსახლეობა ევროკავშირს უყურებს... მათი დაცვის მოლოდინით, ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი კეთილდღეობის გაძლიერების მოლოდინით და საერთო მომავლის მომზადების მოლოდინით,” - აღნიშნა დე კროომ. „საერთო მომავალი აქ, ევროპაში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკრაინას ევროპის გულში. ეს არის ჩვენი მომავალი უსაფრთხოებისა და კოლექტიური სტაბილურობის საუკეთესო გარანტია,“ - განაცხადა ბელგიის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს თავისი უნარი, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები ერთიანობის შენარჩუნებით და გახდეს უფრო ეფექტიანი. ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს - ლაიენი
აშშ „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ფულად ჯილდოს აწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ფულად ჯილდოს აწესებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს ინფორმაციისთვის, რომელიც „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ფინანსური მექანიზმების განადგურებას“ გამოიწვევს. სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულია ხუთი პირის შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც ის „ჰამასის“ ფინანსურ ფასილიტატორებს უწოდებს. მათ შორის არის სუდანში მცხოვრები „ჰამასის“ ფინანსისტი აბდელბაზიტ ჰამზა, რომელიც ჩართული იყო დაჯგუფებისთვის თითქმის 20 მილიონი დოლარის გადარიცხვის ოპერაციაში. უწყების ინფორმაციით, ჰამზას ასევე ხანგრძლივი ფინანსური კავშირები აქვს „ალ-ქაიდასთან.“ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩამოთვლილი კიდევ სამი პირი – ამერ ქამალ შარიფ ალშავა, აჰმედ სადუ ჯალები და ვალიდ მუჰამედ მუსტაფა ჯადალა არიან. უწყების მონაცემებით, სამივე მათგანი თურქეთში ცხოვრობს. მეხუთე პირი, რომლის შესახებაც აშშ ინფორმაციას ითხოვს, არის მუჰამედ აჰმად აბდ ალ-დაიმ ნასრალა, რომელსაც, აშშ-ის მთავრობის ცნობით, კავშირი აქვს ირანულ კომპანიებთან და ის „ჰამასისთვის“ ათობით მილიონი დოლარის გადარიცხვაში მონაწილეობდა.
ბაიდენი: ტრამპი იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითიც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპი ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა.“ „დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია მას ეძღვნება, არა ამერიკას ან თქვენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. მას სურს, დემოკრატია შესწიროს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენი კამპანია განსხვავებულია, ჩემთვის და კამალასთვის ჩვენი საარჩევნო კამპანია ამერიკას ეძღვნება, ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ის მომავალს ეძღვნება, რომლის აშენებასაც ჩვენ ერთად ვაპირებთ,“ – განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის კრიტიკას აიოვაში სიტყვით გამოსვლისას უპასუხა. ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტი სისუსტეში, არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და წარუმატებლობაში დაადანაშაულა. „ბაიდენის მიღწევაა სისუსტის, არაკმპეტენტურობის, კორუფციისა და წარუმატებლობის უწყვეტი ხაზი. სხვა მხრივ, ის საკმაოდ კარგად მუშაობს, არა? ეს არის ჯოჯოხეთური სია. სწორად ამიტომ თაღლითი ჯო პენსილვანიაში დგამს შიშის გაღვივების პათეტიკურ კამპანიას. ნახეთ ის? მათ მთავრობა იარაღად აქციეს და ის ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ – განაცხადა ტრამპმა. „დემოკრატებმა მთავრობა იარაღად აქციეს და ბაიდენი ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად კენჭისყრა. უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო დონალდ ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა. უზენაესი სასამართლო საქმეს თებერვალში განიხილავს და მისი გადაწყვეტილება ყველა შტატზე გავრცელდება. დეკემბერში კოლორადოს სასამართლომ დონალდ ტრამპს რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციის მე-14 შესწორება გამოიყენა, რომელიც უკრძალავს ფედერალური თანამდებობების დაკავებას პირებს, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ. 27 შტატის გენერალურმა პროკურორებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს თხოვნით, გააუქმოს კოლორადოს სასამართლოს დადგენილება. მიმართვის ავტორების შეფასებით, ტრამპის არჩევნებიდან გამორიცხვა „ფართომასშტაბიან ქაოსს“ შექმნის.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 - 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი გაწვიმდება და აცივდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 7-8 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9 იანვრიდან კი ნალექიანი ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი): 9 იანვარს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამინდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, ბმულზე გაეცნოთ : METEO.GOV.GE