ძებნის რეზულტატი:
სამხედრო მოსამსახურე გორში გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტროს განცხადება
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. უწყების განცხადებით, „აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.“ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო - 71,30 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, ასპარეზობაში კი, თავისუფალ პროგრამაში, მათ 124,84 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად 196,14 ქულით ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ჩემპიონატის პირველადგილოსანმა იტალიურმა წყვილმა ქართველებს 3,05 ქულით აჯობა. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი სპორტულ წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. უფროსი ასაკის კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე წყვილმა პირველად იასპარეზა.
ჯეიმს ო'ბრაიენი: ჩვენ გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შეგვეძლოს ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც დღის წესრიგში გვაქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ბლინკენის თანაშემწის თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ მათ შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის. „ჩვენ გვაქვს ძალიან სრული ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ კავშირებს და გვსურს ვიხილოთ, რომ ორივემ ისარგებლოს სამშვიდობო შეთანხმებით და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნით, ყველაზე მისაღები გზით,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან სომხეთი რეფორმებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო. „სომხეთში რეფორმების დღის წესრიგი ძალიან შთამბეჭდავია. აზერბაიჯანში არჩევნები ახლოვდება და მე ვიცი, რომ შემიძლია, ვისაუბრო იმ როლზე, რომელიც მას სურს, ითამაშოს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში და ვფიქრობ, სამშვიდობო მოწყობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გეგმებს. ახლა ჩვენ გვსურს, შეგვეძლოს განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც დღის წესრიგში გვაქვს ორივე ქვეყანასთან, დაწყებული ჩვენი შეშფოთებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ, ორმხრივი საკითხებით დასრულებული და ჩვენ გვექნება ძალიან სრული დღის წესრიგი, როგორც კი წინ წავალთ. მაგრამ ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ წახალისების ქოლგის ქვეშ განიხილება,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება.“ პაპუაშვილის თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება. „გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე მოგვიტანა იმ სახით, როგორიც არის და ასევე მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. მე ბატონი გიორგის მადლობელი ვარ, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. მე დამატებით განცხადებას, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელმძღვანელი, კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთნა, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი, მათ შორის ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში. რაც შეეხება, ცვლილებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე, ეს ცვლილებების საკითხი არის და მე მინდა ვუსურვო ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას წარმატება. უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა დადასტურა, რომ კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინიშნება. ის მიიჩნევს, რომ გამსახურდია „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.“ „ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი მუშაობს. მე მგონი, არ სჭირდება ახსნა, კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება ამ ახალ თანამდებობას. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას. ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის. იმ მიღწევებში, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი კეკლიძის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, წვლილიც არის. დეტალებში არ შევდივარ, რადგან ეს არის საკადრო გადაწყვეტილება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა. კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. პენცენტრის განცხადებით, კეკელიძის დირექტორობის დროს მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა. „11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. გიორგი კეკელიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა „განახლების დროა.“ გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა. საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო," - ნათქვამია განცხადებაში. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებით წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პრეზიდენტის რანგში ეს ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება იქნება. „როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ზურაბიშვილი ბოლოს პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, ოქტომბერში მივიდა. პრეზიდენტმა პარლამენტში მისი იმპიჩმენტის განხილვაზე მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა: დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გასული წლის მარტში წარდგა.
რიში სუნაკი კიევში გაემგზავრა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პარასკევს, 12 იანვარს კიევში გაემგზავრა. სუნაკი კიევში სამხედრო დაფინანსების გაზრდის შესახებ გამოაცხადებს, რათა დაეხმაროს უკრაინას ახალი სამხედრო თვითმფრინავების შეძენაში, მათ შორის სათვალთვალო, შორ მანძილზე დარტყმისა და საზღვაო თვითმფრინავების მიღებაში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ლონდონი იევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც სუნაკმა აღნიშნა, ბრიტანეთი მხარდაჭერას მომავალ წელს 2,5 მილიარდ ფუნტამდე (3,19 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის, რაც 200 მილიონი ფუნტით ზრდაა წინა ორ წელთან შედარებით. „თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის თავდაცვისთვის მოწოდებული დრონების რაოდენობა,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. სუნაკის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ასევე მოაწერს ხელს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც დიდი შვიდეულის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების დეკლარაციის გაგრძელებაა. „გაერთიანებული სამეფო უკვე არის უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, რადგან ჩვენ მათ უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებად ვაღიარებთ. დღეს ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ - გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას, ათასობით დრონის მიწოდებით და ახალ ისტორიულ უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რათა უკრაინას მივცეთ გარანტიები, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება,“ - აღნიშნა თავის მხრივ, რიში სუნაკმა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი შეთანხმება „განამტკიცებს მთელ რიგ მხარდაჭერას, რომლითაც გაერთიანებული სამეფო უკრაინის უსაფრთხოებისთვის გააგრძელებს. მათ შორის, საუბარია სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, სამედიცინო და სამხედრო მომზადებაზე, ასევე, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე.“
ჯეიმს ო'ბრაიენი რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაზე: დაპირებას ვასრულებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა, რომლის დროსაც ასევე ისაუბრა რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაზე. უფრო კონრეტულად, მას ჰკითხეს Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა. კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს. „ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც G7-მ უკვე დადო და ვემზადებით ამ დისკუსიაში ჩვენი როლის შესასრულებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. როგორც მან განმარტა, ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ კანონმდებლობას, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული გზით წინსვლა შეძლოს.
საქართველო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის ხეშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია - "MESKO S.A"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, NATO-ს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლატვიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია ერთობლივად უნდა გადაწყვიტოს
ევროკავშირმა უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან თითოეულ ქვეყანას ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სამართლებრივი ნიუანსი აქვს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა რიგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლატვიის პრეზიდენტის თქმით, როდესაც ეს ეხება აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაციაზე, ამაზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. მაგრამ ევროკავშირის დონეზე ასეთი კარგი პროგრესი არ ყოფილა. „ევროპულ დონეზე მაინც უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება. ეს უკრაინის აღსადგენად ან მის მხარდამჭერი სხვა ღონისძიებებისთვის თანხების გადარიცხვის შესაძლებლობას მოიატნს,“ - აღინშნა რინკევიჩსმა. ლატვია ესტონეთსა და ლეიტუვაში კოლეგებთან ერთად, ასევე მუშაობს რეგიონალურ დონეზე შესაძლო გადაწყვეტილებების მოსაძებნად. „სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი იურიდიული ნიუანსია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გაყინული აქტივების გამოყენების მიზანი გასაგებია. ეს აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს,“ განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. ჯეიმს ო'ბრაიენი რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაზე: დაპირებას ვასრულებთ
საქართველოს აზერბაიჯანისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა
საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა. ქურციკები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს. საქართველოს დაცული ტერიტოტიების სააგენტოს განცხადებით, „აღნიშნული ღონისძიება საქართველოში ქურციკების სრულფასოვანი აღდგენისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“ „ქურციკის აღდგენის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. ქურციკი, იგივე ჯეირანი, საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული კონსერვაციული პროექტია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულაციის აღდგენას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით. საქართველოში ქურციკის აღდგენის პროგრამის განხორციელება გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროგრამის მიმდინარე ფაზის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს WWF-გერმანია და WWF-ავსტრია. ქურციკის აღდგენის პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ამჟამად, სამუხის ველზე მათი რაოდენობა 300 ინდივიდს აღემატება. ქურციკების გადმოცემის ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის კონტინენტმა ერთიანობა უნდა აჩვენოს - ზელენსკი
ევროპა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლებს, თუ ის არის ერთიანობას აჩვენებს და საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებს განავითარებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის კონტინენტი მხოლოდ მაშინ გაძლებს, თუ ის აჩვენებს ერთიანობას და არა ამბიციების შეჯახებას. „ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ ერთიანობის უმაღლესი დონე. და მე მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, თუ როგორ იცავთ ამ ერთობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა თავდაცვითი საწარმო, რომელიც ამჟამად არსებობს ან შეიძლება შეიქმნას ევროპაში, რათა დაეხმაროს ევროპას თავისი თავისუფლების დაცვაში, უნდა ფუნქციონირებდეს სრული სიმძლავრით. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იმისთვის, რომ უკრაინამ გაუძლოს წელს, აუცილებელია, რუსეთს ომის გაყინვის საშუალება არ მისცეს. „როდესაც ვინმე მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას, ან ფიქრობს, რომ ეს ალბათ კარგი იქნება, ან ნამდვილად იმედი აქვს, რომ დაიცავს მათ, სამწუხაროდ, ეს არის ზღაპარი, რომელიც არასოდეს ახდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ბათუმში, შეჯახების შედეგად, სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა, არიან დაშავებულები
ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფები დაშავდნენ, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
სუნაკი უკრაინაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. „მე უკრაინაში ვარ გზავნილით: ჩვენი მხარდაჭერა არ შეფერხდება. ბრიტანეთი თქვენთანაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,“ - წერს სუნაკი სოციალურ პლატორმა X-ზე. რიში სუნაკი კიევში გაემგზავრა
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის
ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის, - ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სამების საკათედრო ტაძრისთვის შეწირულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით (რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული) facebook-ზე წერს. აღნიშნულის გამო არქიმანდრიტი შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. 9 იანვარს კი, ხატს საღებავი შეასხეს. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. უფრო ადრე სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
დავოსი უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს
დავოსი 14 იანვარს უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც 80-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უკრაინის მშვიდობის ფორმულა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისგან შედგება. „მადლობელი ვარ შვეიცარიის უკრაინის მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა მოახლოებული შეხვედრის მასპინძლობისთვის“, დაწერა ზელენსკიმ X-ზე (ყოფილი Twitter). შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრების მთავარი მიზანია „მოლაპარაკებების დასრულება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის პრინციპებზე.“ უკრაინის მშვიდობის ფორმულა მოიცავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებში. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმამ ფართო მხარდაჭერა მიიღო უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში. შვეიცარიამ უკრაინას მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მედიაცია შესთავაზა
ბუდანოვი: რუსეთი ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი Le Monde-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმების გამო რუსები საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ, სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ," - აცხადებს ბუდანოვი უკრაინული მედიის ცნობით. კირილ ბუდანოვის თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, ისევე როგორც გაზის წარმოების პლატფორმები. „საზღვაო საექსპორტო დერეფნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რისკების მიუხედავად კვლავ ფუნქციონირებს," - აღნიშნა ბუდანოვმა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი: უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი
2023 წელს TAP-ის გავლით, 11 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი ტრანსპორტირდა
ტრანსადრიატიკის მილსადენმა (TAP) 2023 წელს 11,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გადაზიდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია TAP AG-ზე დაყრდნობით. აქედან 1,39 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 0,67 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 9,37 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტიდა. გაზსადენმა ექსპლუატაციაში შესვლიდან სულ 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაზიდა. აქედან 1,83 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 3,03 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 25,9 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტირდა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
„ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6826 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9308 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9415 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში. ლარი დოლართან და ევროსთან გუშინაც გამყარდა.
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.