ძებნის რეზულტატი:

საგარეო უწყება: დანიის ელჩს განმარტება ეთხოვა ფაქტობრივ უზუსტობებსა და არაობიექტურ შეფასებებსთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩი სამინისტროში გამოიძახეს და მას განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს „დანიურ  გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.“ „როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იყო გამოყენებული, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.  შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ  სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანიის საელჩო: დანიური სტატიის ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება  

კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო. „ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები," - ამბობს გამსახურდია. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან  

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ბელგოროდის რაიონზე, დღეს, 11 იანვარს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დარტყმის სამიზნე ელექტრომომარაგების ობიექტი იყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მისი განცხადებით, „დაზიანებულია ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტი და 50-მდე ოჯახი დროებით ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.“ ბოლო დროს ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ ცნობები გახშირდა. რუსული მხარე სარაკეტო დარტყმებსა და დრონების თავდასხმებზე საუბრობს. კერძოდ, რეგიონის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა 8 იანვრის საღამოსაც გაიგეს.  რუსეთის ქალაქები კვლავ დრონით შეტევის სამიზნეა  

უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება გაზარდა, აქტიურად ვმუშაობთ წარმოების გაფართოებაზე - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ დრონების წარმოება, მათ შორის, FPV თვითმფრინავების წარმოება გაზარდა და ქვეყანა აქტიურად მუშაობს წარმოების გაფართოებაზე მოკავშირეებთან თანამშრომლობით. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთში ვიზიტის დროს მან ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან განიხილა რამდენიმე საკითხი, მათ შორის: საარტილერიო ჭურვების უზრუნველყოფა; გაყინული რუსული აქტივების გამოყენება; უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და NATO-ში. მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ ამ ძალისხმევის წინსვლის შემდგომ ნაბიჯებზე. „ჩვენ შევთანხმდით, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ, რათა ევროკავშირმა დააჩქაროს მისი ვალდებულების შესრულება მილიონი საარტილერიო ჭურვის მოწოდების შესახებ," - აღნიშნა კულებამ. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ესტონეთს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ კანონის მიღებისთვის და მოუწოდა ესტონეთის პარლამენტს, მიიღოს ის, რაც მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, 24კმ-ში, სოფელი სამებაში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.  

ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიესალმებიან ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული.“ ის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მომხდარ „ვანდალიზმე მიუთითებს“ და ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. დეკანოზს იმედი მაქვს, რომ „დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება.“ ანდრია ჯაღმაიძე ძალიან სამწუხაროს უწოდებს იმ „ფაქტსს, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი.“ დეკანოზი დარწმუნებულია, რომ „სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი. „რატომღაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა.“ „ჩვენ ვნახეთ შობის დღეებში, რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში, შექმნეს კიდეც, მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული და მათი მსმენელის, აი, ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელების და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის. პირველი მცდელობა არ არის, რომ ცდილობენ, გადაფარონ დღესასწაული. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა, ეს არის სახე და გამოხატულება იმისა, რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე იმ ხალხისა, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმი, ეს არის სახე, აი, ამისა. დარწმუნებული ვარ, სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული, ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია ეს ხალხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება. ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული. ასე რომ იყოს, როგორც ახლაა, განუკითხაობაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2021 წელს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ბრძანა, რომ ეს თუ კანონით არ დარეგულირდა, სულ მივიღებთ პოლარიზაციას ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის. განცხადებები, რომლებიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, ყოველთვის პატრიარქთან არის უშუალოდ შეთანხმებული ტექსტი. პირველივე განცხადებებში ვთქვი, რომ მითი უფროა სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრის, ვიდრე დადასტურებული ფაქტი. სწორედ ეს აისახა ამ განცხადებაში, რომ კანონიკური ტექსტი მატრონას ცხოვრებისა, რომელიც რუსეთის ეკლესიის მიერ არის წმინდანად შერაცხილი, არ შეიცავს ამ მომენტს. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდა ამ ვანდალიზმის მიმართ, გაჩნდა ნაკლულევანების გრძნობა, რომ განცხადებაში თითქოს, უნდა ყოფილიყო მოთხოვნა კონკრეტული რომელიმე პირის დასჯისა, რაც სრულიად გამორიცხულია, რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა," - ნათქვამია ანდია ჯაღმაძის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ზე ავრცელებს. საპატრიარქო: მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ  

რა წერია „უკრაინის გამარჯვების გეგმაში“, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ შეიმუშავეს

აშშ-ის კონგრესში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის არასათანადო დახმარებისთვის გააკრიტიკა და გადამწყვეტი ზომების მიღება მოსთხოვა. შესაბამისი დოკუმენტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა გამოაქვეყნა, რომლებსაც „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები უდგანან სათავეში. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დოკუმენტი გასული წლის ბოლოს შემუშავდა და მას საგარეოს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკოლმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა და დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიზანია აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კრიტიკულ საკითხებზე პასუხის გაცემისა და გამარჯვების გეგმის წარმოდგენა, სადაც „ჩვენ ვიგებთ, რუსეთი კი აგებს“. გეგმა 5 ძირითადი პუნქტისგან შედგება. „რუსეთი და ალიანსი, რომელშიც ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ასევე ისეთი დაჯგუფებები, როგორიცაა, “ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ შედიან, ერთად მუშაობენ, რათა მსოფლიოში აშშ-ის ინტერესებს ძირი გამოუთხარონ. მათი მიზანია აშშ-ის ეკონომიკის დასუსტება, საკვანძო ალიანსების დაშლა და ტოტალიტარიზმზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს უფრო საშიშ მოწინააღმდეგესთან შეხება არ ჰქონია,“ - წერია დოკუმენტში. „რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, რომ ბაიდენმა უკრაინას ის კრიტიკული იარაღი მიაწოდოს, რომელიც მას გამარჯვების რაც შეიძლება მალე მიღწევის შესაძლებლობას მისცემს, რადგანაც ნებისმიერი დაყოვნება არის „უკრაინელთა სიცოცხლე და ამერიკელი გადამხდელების ზედმეტი ხარჯები.“ უკრაინის გამარჯვების გზა:პირველ რიგში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღის მოკლე ვადებში მიწოდება;პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება;უკრაინისთვის 300 მლრდ დოლარის გადაცემა რუსეთის გაყინული აქტივებიდან. კონგრესმენები უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე მონიტორინგს ითხოვენ. ამასთან, აღიარებენ, რომ აქამდე მიწოდებული დახმარების მიზნობრიობის შემოწმების შედეგად, დარღვევები არ გამოვლენილა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინის გამარჯვება NATO-ს მის წევრ ქვეყანაში რუსეთის შეჭრას თავიდან აარიდებს, რაც ფინანსების და ამერიკელების სისხლის მხრივ, განუზომლად უფრო ძვირი იქნება. ამერიკელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ დოკუმენტი „უკრაინას მისცემს შესაძლებლობას, მიაღწიოს საჭირო წარმატებებს ბრძოლის ველზე, რაც აიძულებს პუტინს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.“ თავის მხრივ, Bloomberg-ი წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, დიდი ალბათობით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში, უკრაინის პრეზიდენტს სთხოვს, რუსეთთან ომის წარმოების უფრო კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდასაჭერად სთხოვა. პაკეტში გათვალისწინებულია კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გაგზავნა. ეს ბიუჯეტი ჯერ არ არის დამტკიცებული, რადგან კონგრესში რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ დაფინანსების საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ. უკრაინას აშშ-სგან 2023 წლის სამხედრო დახმარების ბოლო, 250 მილიონი დოლარის ოდენობის, პაკეტი დეკემბრის ბოლოს გაეგზავნა. ასევე Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო მზადაა, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ კიევს გამოეყოს ნაწილი რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივებიდან 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 411 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „დიდ შვიდეულში“ თავის პარტნიორებთან ერთად სწავლობს უკრაინისთვის რუსული სახსრებით კომპენსაციის გადახდის საკითხს.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას

შეერთებული შტატები აგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდაჭერას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიას განუცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ მათ შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.  

უკრაინა: წინასწარი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეის რაკეტები გამოიყენა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მტკიცებულებები უკრაინულმა მხარემ ბოლო დღეებში მოიპოვა. „წინასწარი სამეცნიერო და ტექნიკური ექსპერტიზის შედეგები ადასტურებს, რომ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე 2 იანვარს გაშვებული რაკეტა არის ჩრდილოეთ კორეის მიერ შემუშავებული მცირე რადიუსის რაკეტა,“ - განმარტავს კოსტინი. გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მსგავსი დასკვნები მიიღეს გენერალური პროკურატურის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სამხედრო ექსპერტებმაც. ექსპერტები იმყოფებოდნენ რაკეტის დარტყმის ადგილებზე და ჩაატარეს რაკეტის ნაწილების წინასწარი შემოწმება და ანალიზი. კოსტინი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საკომისიო ექსპერტიზა. სავარაუდოდ, საბოლოოდ დადასტურდება ეს ფაქტი.  NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი აშშ, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ  

ლატვია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. პაკეტშია „ჰაუბიცები“, საბრძოლო მასალები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. შესაბამისი განცხადება ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა რიგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. „დღეს მე ასევე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს მოახლოებული დახმარების პაკეტის შესახებ, მათ შორის ჰაუბიცები, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რაკეტები, ყუმბარები, ვერტმფრენები, დრონები, საკომუნიკაციო მოწყობილობები, გენერატორები და აღჭურვილობა,“ - განაცხადა რინკევიჩსმა. რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს და უკრაინის დახმარების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას. „სეიმამ მხარი დაუჭირა 500 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას რეკონსტრუქციის პროგრამისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ეს პროგრამა ფოკუსირებული იქნება ჩერნიგოვის რეგიონზე,“ - განუცხადა ლატვიის ლიდერმა. გარდა ამისა, ლატვიური მხარე განიხილავს გზებს, რათა დაეხმაროს ევროკავშირს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურების მიწოდებაში, მათ შორის, მათი შეძენისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შემდგომი გადაცემის შესაძლებლობის ჩათვლით.  

რას წერს Human Rights Watch-ი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თავის წლიურ დოკუმენტში მიუთითებს, რომ საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო.“ „მსოფლიო ანგარიში 2024“ ხუთშაბათს, 11 იანვარს გამოქვეყნდა. ყველაზე მწვავე საკითხებს შორის, რომლებიც დომინირებდა შარშან ქართულ პოლიტიკაში, ნახსენებია დაძაბულობა 12 რეკომენდაციის მთავრობის მიერ შესრულების გარშემო, რომლებიც ევროკავშირმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად განუსაზღვრა და რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. როგორც „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით არის აღნიშნული, ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა. ამასთან, უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა „აგენტების შესახებ კანონის“ გასაპროტესტებლად შეკრებილთა მიმართ.   სახალხო დამცველის ოფისის თანახმად, ეს ზომები იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი, სამართალდამცავების მოქმედებების გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ 124 საჩივარი მიიღო. „ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავაც რჩებოდა პასუხისმგებლობის დეფიციტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებისთვის, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მედიაზე თავდასხმას, ისევე, როგორც შრომის უსამართლო პირობებს. ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების (ლგბტ) უფლებები,“ წერია ანგარიშში. Human Rights Watch-ის ანგარიში ხაზს უსვამს მთავრობის წარმომადგენელთა „მტრულ რიტორიკას“ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით. ანგარიშში ნათქვამოა, რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა.  დოკუმენტის თანახმად, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შეშფოთება გამოხატა „უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული სისტემატური ძალისხმევის“ გამო, მათ შორისაა მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამების კამპანიები სოციალურ ქსელებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექტემბერში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სავარაუდო „შეთქმულების“ თაობაზე, რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID აფინანსებდა და რომელიც მიზნად ისახავდა აქტივისტების გადაბირებას საზოგადოებაში არეულობის დასათესად და საქართველოს მთავრობის დამხობას. „აშშ-ის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ანგარიშის დაწერის მომენტისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ათობით აქტივისტი დაკითხეს, მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, რათა არ დაეშვათ ამ საქმის საჯაროდ განხილვა,“ აღნიშნავს Human Rights Watch-ი. ანგარიშის ავტორები „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასაც ეხებიან. „ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ არავინ დაუკავებიათ თავდასხმასთან დაკავშირებით,“ წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია. მარტში მიღებულ 2023-2030 წლების ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანების უფლებები, განსხვავებით წინა პერიოდის დოკუმენტისგან. ქართული ჯგუფებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შემდეგ მთავრობამ პირობა დადო, რომ დოკუმენტის ნაკლოვანებებს შეავსებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ტრანსგენდერებს არ მისცა საკუთარ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის უფლება სქესის შესაცვლელი სამედიცინო პროცედურების გაუვლელად. Human Rights Watch-ი ასევე მიუთითებს ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუციაზე, რომელშიც „სერიოზული შეშფოთებაა“ გამოხატული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ უცხოეთში. ანგარიში ასევე ეხება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს. დოკუემნტში ასევე მოხვდა შრომითი უფლებების საკითხიც. აღნიშნულია, რომ გარკვეული საკანონმდებლო გაუმჯობესების მიუხედავად, შრომითი უფლებები კვლავ შეშფოთებას იწვევს. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულაციები სუსტია, პროფკავშირებს არ აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტიანად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები.  

დუდა დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალების პირობას დებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ შეიწყალებს პარლამენტის ორ წევრს, რომლებსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების გამო, ორწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მან განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მარიუშ კამინსკის და მაშიეი ვონშიკის მეუღლეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო. POlitico წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ამჯერად სიფრთხილეს იჩენს. „მინდა, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციური და ნორმატიული სტანდარტის შესაბამისად წარიმართოს,“ - განაცხადა დუდამ. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც. 11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო  

ზელენსკი: NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ვაშინგტონის სამიტზე უნდა აჩვენონ, რომ რუსეთის არ ეშინიათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ვაშინგტონის სამიტზე უნდა გადადგან ნაბიჯი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ, რათა აჩვენონ, რომ რუსეთის არ ეშინიათ. ამის შესახებ მან ბალტიისპირეთის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „გვინდა, NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან რეალური ნაბიჯი ვნახოთ, რომელიც უკრაინას NATO-სთან დააახლოებს, რათა არ მოხდეს სტაგნაცია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ვაშინგტონისთვისაც, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული და ძლიერი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ვაშინგტონისთვისაც, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული და ძლიერი, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა აჩვენონ, რომ რუსეთის არ ეშინიათ. იმიტომ, რომ რაც უფრო მცირე ნაბიჯებს დგამს უკრაინა NATO-სთან დასაახლოებლად, მით უფრო დიდია ვინმეს შიში რუსეთის მიმართ. ჩვენ ამას ვერ ვაჩვენებთ - ეს იქნება დიდი შეცდომა, ეს რუსეთის პრეზიდენტის ამბიციებს გაზრდის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი ვაშინგტონის სამიტზე: მსურს, ვნახო სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი NATO-ში წევრობისკენ  

საპატრიარქო: მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.  „ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ, მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავიანთი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება. ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული. შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია, ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს. ხატების, სიწმინდეების და, ზოგადად, ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 11 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი.  უფრო ადრე სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.  

შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდა

NATO თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მიერ შავ ზღვაში ერთობლივი მისიის დაწყებას მიესალმა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს „ჩვენ მივესალმებით, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ერთად მუშაობენ შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ნავიგაციის უფრო დიდი თავისუფლებისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - წერს NATO-ს პრესსპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა. „MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. „მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი. ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზება, ქვეყნისთვის შესაძლებლობებს ქმნის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან საუბრის თემები მოიცავდა დეპარტამენტის მიზნებს ევროკავშირთან, ბალკანეთთან და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ბლინკენის თანაშემწემ ასევე განიხილა ისეთ პრიორიტეტები, როგორიცაა, NATO-ს 2024 წლის სამიტი ვაშინგტონში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  ჯეიმს ო'ბრაიენმა ევროკავშირის მიერ პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპული პერსპექტივის შეთავაზებას, ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უწოდა. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ბლინკენის თანაშემწის თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.  „ჩვენ გვაქვს ძალიან ყოვლისმომცველი ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებსა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობებს. გვსურს დავინახოთ, რომ ორივე სარგებლობს სამშვიდობო შეთანხმებით და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნით, ყველაზე მისაღები გზით,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან სომხეთი რეფორმებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო. „სომხეთში რეფორმების დღის წესრიგი ძალიან შთამბეჭდავია. აზერბაიჯანში არჩევნები ახლოვდება და მე ვიცი, რომ შემიძლია, ვისაუბრო იმ როლზე, რომელიც მას სურს, ითამაშოს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში და ვფიქრობ, სამშვიდობო მოწყობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გეგმებს. ახლა ჩვენ გვსურს, შეგვეძლოს განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც დღის წესრიგში გვაქვს ორივე ქვეყანასთან, დაწყებული ჩვენი შეშფოთებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ, ორმხრივი საკითხებით დასრულებული და ჩვენ გვექნება ძალიან სრული დღის წესრიგი, როგორც კი წინ წავალთ. მაგრამ ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ წახალისების ქოლგის ქვეშ განიხილება,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. კიდევ ერთი თემა, რომელზეც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა, რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაა. უფრო კონრეტულად, Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა. კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს.  „ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც G7-მ უკვე დადო და ვემზადებით ამ დისკუსიაში ჩვენი როლის შესასრულებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. როგორც მან განმარტა, ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ კანონმდებლობას, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული გზით წინსვლა შეძლოს.  უნგრეთზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია იმ თვალსაზრისით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  - ღირს თუ არა ბრძოლა უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ იმავე თავისუფლებას, რასაც თავად ითხოვდა, როდესაც ის ახალგაზრდა სტუდენტი იყო. „ჩვენ გვინდა, ვიხილოთ უნგრეთი, როგორც კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენ ყველა ვსვამთ რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. და ვიმედოვნებ, რომ უნგრეთი მომავალშილ ამ სულისკვეთებით საუბარს შეძლებს.“  

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა

აშშ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ სანქციებს აწესებს. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სანქციებს ერთი ფიზიკური პირისა და სამი სუბიექტის მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისთვის იარაღის გადაცემასა და რუსეთის მიერ DPRK-ს წარმომავლობის ბალისტიკური რაკეტების გამოცდაში 2023 წლის ნოემბრის ბოლოდან. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი. შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც. ცნობისთვის, 10 იანვარს ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა.  

ბლინკენი შვეიცარიაში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 15-17 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება. უწყების სპიკერის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მდივანი ბლინკენი შეხვდება ლიდერებს, რათა განიხილოს გლობალური შეშფოთების საკითხები. „ის ხაზს გაუსვამს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის აუცილებლობას, შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას უკრაინის ხალხის მიმართ და ჩვენს ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი,“ განაცხადა მეთიუ მილერმა.  

აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში, მეამბოხეთა ბაზები, 60-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს

აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა გააკეთა. ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. „ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის, „ჰუსიტებისგან“ და საფრთხისგან, რომელსაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან,“ - აღნიშნულია გრინკევიჩის განცხადებაში. მანამდე „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, აეროპორტებზე განხორციელდა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ. ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები. „კოალიციის დღევანდელი ქმედება მკაფიო გზავნილს უგზავნის „ჰუსიტებს“, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან, თუ არ დაასრულებენ უკანონო თავდასხმებს,“ - აღნიშნულია მის განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ მან გასცა მითითება „წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმის პირდაპირ საპასუხოდ.“ ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტები“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში. „აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე," - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებსაც მიიღებენ. „უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, რიში სუნაკის ინფორმაციით, "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში სამეფო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. „გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს,“ - აცხადებს სუნაკი. სუნაკის თქმით, „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმები სახიფათოა და ასე გაგრძელება შეუძლებელია. „მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი. ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება

კირბი: მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი. კირბის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა. „დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა,“ - აღნიშნა კირბიმ. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს. „დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით, ახლა უკვე შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა იმოქმედოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნაზე, რათა შემდგომი დაფინანსება მივიღოთ,“ - განმარტა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარება ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთრის თვეებში.