ძებნის რეზულტატი:
ბოლნისში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ,,მერსედესის" და ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე დაიღუპნენ. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდაჭერის ახალი მექანიზმის ელემენტები დაამტკიცა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, ახალი ერთიანი ინსტრუმენტის შექმნის წინადადებასთან დაკავშირებით, „ნაწილობრივი მოლაპარაკების მანდატი“ დაამტკიცეს. ამავდროულად, მხარი დაუჭირეს რეფორმების განხორციელებას, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ 10 იანვარს განაცხადა. ევროკავშირის განმარტებით, უკრაინის მექანიზმი გააერთიანებს ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას ერთ ინსტრუმენტში, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და ასევე მოქნილ მხარდაჭერას 2024-2027 წლებში. საბჭოს ნაწილობრივი მოლაპარაკების მანდატი ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს არ მოიცავს. „ევროკავშირი მზად არის, უზრუნველყოს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა, ვიდრე ეს საჭიროა. უკრაინის მექანიზმი მიზნად ისახავს თანმიმდევრულ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ აღადგინოს თავისი ქვეყანა რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გამოწვეული უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ამავდროულად, მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, წინ წასწიოს რეფორმები და მოდერნიზაციის მცდელობები, რაც მას სჭირდება ევროკავშირში მომავალი წევრობის გზაზე წინსვლისთვის,“ ამბობს ბელგიის ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი. ცნობისთვის, ძირითადი ელემენტები მოიცავს შემდეგს: პირველი ნაწილი: უკრაინის მთავრობა მოამზადებს „უკრაინის გეგმას“, რომელშიც ჩამოყალიბდება ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის განზრახვები და რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში. ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოსთვის გრანტებისა და სესხების სახით უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის გეგმის იმპლემენტაციის საფუძველზე, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული პირობებით და თანხების გაცემის ვადით. მეორე ნაწილი: უკრაინის საინვესტიციო ჩარჩოს მიხედვით, ევროკავშირი უზრუნველყოფს მხარდაჭერას საბიუჯეტო გარანტიების და სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების გრანტებისა და სესხების ერთობლიობის სახით. მესამე ნაწილი: ტექნიკური დახმარება და სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც ეხმარება უკრაინას ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში მისი მომავალი გაწევრიანების გზაზე.
უკრაინა და ლიეტუვა უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ
უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. უკრაინის მიერ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ვილნიუსში, 2023 წლის 12 ივლისს მოეწერა ხელი. „გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთობების ისეთ დონეს დიდი შვიდეულის ქვეყნებთან (G7), რომ მან საშუალება მოგვცა, გაგვეფორმებინა უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია იმ დროისთვის, ვიდრე ქვეყანა NATO-ში გაწევრიანდება. ახლა ის ქვეყნები, რომლებიც აფასებენ საერთაშორისო სამართალს, თანდათან უერთდებიან დეკლარაციის პრინციპებს და იწყებენ უკრაინასთან მუშაობას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. მოხარული ვარ, რომ ლიეტუველ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ ასეთ მუშაობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
NATO-ს წევრები კიევს მილიარდობით ევროს დახმარებას და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდნენ - NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის შედეგები
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კიევისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 2024 წელს „მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობების“ გამოყოფას გულისხმობს. ოთხშაბათს, 10 იანვარს, შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართა და უკრაინის მოთხოვნით იყო მოწვეული. საბჭოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. ელჩებს და მოწვეულ შვედეთს ვიდეოკონფერენციით მიმართეს უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლექსი სერჰიეევმა. „დღეს, მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის ძირითადი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ბევრმა მოკავშირემ გამოთქვა გეგმები მილიარდობით ევროს შემდგომი შესაძლებლობების მიწოდების შესახებ,“ - ნათქვამია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO მკაცრად გმობს რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით. „პუტინი მეორე წელია, ცდილობს მასიური დარტყმებით უკრაინის გატეხვას, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის გადაწყვეტილებას. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, როდესაც ისინი რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში იბრძვიან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ნატალია ჰალიბარენკომ განაცხადა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ გამონაკლისის სახით დაადასტურა, რომ მომავალშიც გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. „ყველას ესმის, რომ ეს ხანგრძლივი ომია. ამიტომ არსებობს იმის გაგება, რომ დახმარებაც უწყვეტად უნდა მოდიოდეს,“ ციტირებს ჰალიბარენკოს სიტყვებს „ინტერფაქს-უკრაინა.“ კიევი ელის, რომ NATO-უკრაინის საბჭოს მორიგი შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აგრძელებენ," - განაცხადა დმიტრო კულებამ. მანამდე, უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის უფროსის მოადგილემ და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა იჰორ ჩერნიევმა განაცხადა, რომ 10 NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იქნებოდა. მისი თქმით, თავდასხმის მოგერიებისას უკრაინას მოუიწია საჰაერო თავდაცვის რაკეტების მნიშვნელოვანი ოდენობის დახარჯვა და ეს მარაგი უნდა შეივსოს. რუსეთის მასიური თავდასხმების საპასუხოდ, NATO-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს ჩერნიევმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ზოგჯერ იყენებენ საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რაკეტას ერთი რუსული რაკეტის ჩასაჭრელად, განსაკუთრებით, თუ შეტევა მასიურია. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ჰაერიდან ეფექტიანი თავდაცვისთვის უკრაინას ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა სჭირდება. „გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი სისტემები, როგორიცაა, Patrioteb-ი, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქები ბალისტიკური რაკეტებისგან. ეს პრობლემა აქტუალურია და ამიტომაც იყო NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა ასე სწრაფად მოწვეული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგი იქნება," აღნიშნა ჩერნიშევმა. საბჭოს სხდომა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა. სხდომა რუსეთის მასიური რაკეტებისა და დრონების თავდასხმების საპასუხოდ ჩაინიშნა. NATO-უკრაინის საბჭო 2023 წლის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა. საბჭო NATO-სა და უკრაინას შორის ერთობლივი კონსულტაციების, გადაწყვეტილების მიღებისა და საქმიანობისთვის იკრიბება.
NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი
NATO მკაცრად გმობს რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით. შესაბამისი განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაზე გააკეთა. „პუტინი მეორე წელია, ცდილობს მასიური დარტყმებით უკრაინის გატეხვას, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის გადაწყვეტილებას. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, როდესაც ისინი რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში იბრძვიან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ზელენსკი: პარტნიორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ პუტინი საომარი მოქმედებების დასრულებას არ აპირებს
უკრაინის პარტნიორები ჯერ არ არიან მზად, მოსთხოვონ კიევს რუსეთთან ომის გაყინვა, მაგრამ მათ ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ პუტინი არ აპირებს საომარი მოქმედებების დასრულებას. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. „რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით, პარტნიორების მხრიდან ზეწოლა არ არსებობს. ჩვენი სამართლიანი თავდაცვისა და ჩვენი სამართლიანი ბრძოლის შეჩერება - ჩვენ ამ მხრივ არანაირი ზეწოლა არ გვქონია. ჯერჯერობით. მე მსმენია, წავიკითხე და ვეცნობი მედიას - არის სხვადასხვა ხმა და დისკუსია. მე ვფიქრობ, რომ პარტნიორები ჯერ არ არიან მზად, ოფიციალურად მოგვცენ შესაბამისი სიგნალები. ყოველ შემთხვევაში მე პირადად არ მომისმენია. მაგრამ, მეჩვენება, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რიტორიკას. გაჩერებას არ აპირებს. მას სურს ჩვენი სრული ოკუპაცია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი: მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა და მარტო დარჩენა
უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია ოთხ ლიეტუვურ კომპანიასთან პარტნიორობას იწყებს
უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია სს (Ukroboronprom) ოთხ ლიეტუვურ კომპანიასთან პარტნიორობას იწყებს. ეს კომპანიები გამოცდილნი არიან სამხედრო სფეროში ინოვაციურ განვითარებასა და წარმოებაში. დაგეგმილია თანამშრომლობა ლიეტუვურ კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ მათ შორის თერმული გამოსახულების, თანამედროვე დისტანციური სისტემების, ელექტრონული ომის, კომუნიკაციების და სხვა მიმართულებით. ეს კომპანიებია: NT Service, Brolis Semiconductors, RSI Europe და DMEXS.
უკრაინაში თითქმის მილიონ ბავშვს არ აქვს უსაფრთხო წვდომა განათლებაზე - გაერო
ომის შედეგად დაზარალებულ თითქმის მილიონ ბავშვს არ აქვს უსაფრთხო და საიმედო წვდომა განათლების გასაგრძელებლად, რაც საფრთხეს შეუქმნის მთელ მომავალ თაობას. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა დეპარტამენტის ოპერაციებისა და ადვოკატირების დირექტორმა ედემ ვოსორნუმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებების მასშტაბები კვლავ დიდია. 14,6 მილიონზე მეტ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს სჭირდება სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება. ოთხი მილიონი ადამიანი - მათ შორის თითქმის ერთი მილიონი ბავშვი - კვლავ დევნილად რჩება ქვეყნის შიგნით. 6,3 მილიონზე მეტი ადამიანი აგრძელებს ლტოლვილად ცხოვრებას მეზობელ ევროპულ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში.
ლიეტუვის მხარდაჭერა უკრაინას აძლიერებს - ზელენსკი
ლიეტუვის მხარდაჭერა ძალიან ღირებულია უკრაინელი ხალხისთვის და აძლიერებს უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ერთად ვდგავართ და შევინარჩუნებთ ჩვენს ერთობას. უკრაინის მხარდაჭერა საბოლოო ჯამში ნიშნავს ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთისა და ყველა სახელმწიფოს მხარდაჭერას, რომლებიც არიან და იქნებიან დამოუკიდებლები რუსეთის ნებისმიერი ამბიციის მიუხედავად,” - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირველი უცხოური ვიზიტი 2024 წელს, მეგობარ ლიეტუვაში შედგა. „ომის დროს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთის უკან დახევა შესაძლებელია. ახლა კი ამოცანაა, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენთვის, ის მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვინდა. მხოლოდ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი ერებისთვის - უსაფრთხოება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ხანგრძლივი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ეს წელი მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, ლიეტუვისთვის და თავისუფალი სამყაროს ყველა პარტნიორისთვის. „ამიტომ, წელს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობის, ჩვენი კულტურის დაცვისა და ყველა ერის სამართლიანი მშვიდობის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან - უკრაინა
უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, 11 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერია და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებენ. ხარკოვზე სარაკეტო იერიში 10 იანვარს, ღამით განხორციელდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ხარკოვის ცენტრში, 3-სართულიან სასტუმროსთან სარაკეტო დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. რომელი მედიასაშუალების, დაკონკრეტებული არ არის. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე, სადაც 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ტერეხოვის თქმით, სასტუმროს გარდა დაზიანებულია ორი სახლი, ავტოსალონი და საწარმოს შენობა.
იტალიის პრემიერი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას ორბანთან, რომ უკრაინის დახმარება განბლოკოს - Bloomberg
Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს, დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, აღარ შეეწინააღმდეგოს უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და გააუმჯობესოს ურთიერთობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მელონი ასევე უბიძგებს ორბანს, შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან, როგორც ECR-ში გაწევრიანების პირობა. "დისკუსიები გაიმართა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - განუცხადეს თანამოსაუბრეებმა Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით.
გაეროს უშიშროების საბჭო, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს
ნიუ-იორკში, 10 იანვარს გამართულ სხდომაზე, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 11-მა, რითაც გაეროს უშიშროების საბჭომ იემენელი მეამბოხეებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები. რეზოლიციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა. გაეროს უშიშროების საბჭო კატეგორიულად გმობს სატვირთო გემებზე იემენში მოქმედი ჰუსიტი მეამბოხეების თავდასხმებს, რაც ხელყოფს საერთაშორისო სამართალს, აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. უშიშროების საბჭო მეამბოხეებისგან მოითხოვს 2023 წლის ნოემბერში დატყვევებული იაპონური გემის, Galaxy Leader-ის და მისი ეკიპაჟის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც. იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს. ამის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, გენოციდი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რომლის ჩადენაც ნებისმიერ სუბიექტს ან ინდივიდს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით უნდა ისმოდეს. „ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისტული აქტებისგან - ქმედებებისგან, რომელთან დაკავშირებითაც „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ გაიმეორებს ისრაელის სრულ განადგურებამდე. ისრაელი მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში ღაზაში, ურბანული ბრძოლის სივრცეში, სადაც „ჰამასი“ განზრახ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან,” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო იწყებს მოსმენებს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „გენოციდის ხასიათს ატარებს."
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარა
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლება ჩატარდა „პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად“. ამავე ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უნდა აღეკვეთათ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა „ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების“ და „საგანგებო ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების“ მიზნით. საქართველოს თავის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები უკანონოდ აქვს გამოცხადებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.
ეს წელი გადამწყვეტი იქნება თავისუფალი სამყაროს ყველა პარტნიორისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, „წელს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობის, ჩვენი კულტურის დაცვისა და ყველა ერის სამართლიანი მშვიდობის სასარგებლოდ.“ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024-ს მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი უწოდა. „ომის დროს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთის უკან დახევა შესაძლებელია. ახლა კი ამოცანაა, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენთვის, ის მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვინდა. მხოლოდ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი ერებისთვის - უსაფრთხოება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ხანგრძლივი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ეს წელი მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, ლიეტუვისთვის და თავისუფალი სამყაროს ყველა პარტნიორისთვის. „ამიტომ, წელს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობის, ჩვენი კულტურის დაცვისა და ყველა ერის სამართლიანი მშვიდობის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან სასწრაფო დახმარების მანქანები, მედიკამენტები და სხვა დახმარება მიიღო
ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში უკრაინამ ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა, მედიკამენტები და ბავშვთა საკვები საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. სასწრაფო დახმარების მანქანებს შეუძლია პაციენტების გადაყვანა ძნელად მისადგომი ადგილებიდან გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად. სამინისტროს ცნობით, ამჯერად სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარება USAID-ის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობის, Direct Relief-ისა და ნორვეგიის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს.
საგარეო უწყება: ხარკოვში სარაკეტო დარტყმისას, საქართველოს მოქალაქე მსუბუქად დაშავდა
Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ხარკოვში სარაკეტო დარტყმის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო საქართველოს მოქალაქემ, მას ქალაქის საავადმყოფოში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გამთენიისას დატოვა საავადმყოფო. ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან - უკრაინა ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გასული ღამით განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა შორის საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე იყვნენ. ისინი თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. ხარკოვის პროკურატურის ცნობით, 10 დეკემბერს ღამით განხორციელებული სარაკეტო შეტევისას სასტუმროში მყოფი 13 ადამიანი დაშავდა. 3-სართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის მუხლით. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქ ხარკოვზე წუხანდელი შეტევა ბელგოროდის ოლქიდან იყო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო
საქართველოს ყველაზე დიდ აეროპორტში - თბილისში ნისლისა და უამინდობის გამო რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები. როგორც აეროპორტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans; AZAL; Qeshm Air) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა. სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შექმნია.
საფრანგეთის ელჩი: არა ნოსტალგიას კრიმინალებისადმი
„მნიშვნელოვანია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პატივისცემა, დამნაშავეების დაგმობა და არა - პირიქით. არა ნოსტალგიას კრიმინალებისადმი,“ წერს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი ეს პოსტი საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
რუმინეთის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს - Bloomberg
რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს. ამ ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მის გარდა, მიშელის პოტენციურ შემცვლელად, იტალიელი მარიო დრაგი და ლუქსემბურგელი ხავიერ ბატელი სახელდებიან, თუმცა ლუქსემბურგის ყოფილმა პრემიერმა ბატელმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინფორმაცია უარყო. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვადამდე ადრე გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად.“ „მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი, ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას,“ – განაცხადა შარლ მიშელმა. შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთი შეითავსებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. ის უკრაინის დახმარებას მკაცრად ეწინააღმდეგება. ორბანმა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. ოქტომბერში ორბანი პირველად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.