ძებნის რეზულტატი:
საპატრიარქო: მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც. „წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს: საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას. ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც. მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას თუ გადავავადებთ, ეს, შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, რადგან მეგობარ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა
არაერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი სამშვიდობო შეთანხმების საგანი არ იქნება. იქნება თუ არა ეს ასე? ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „დიახ. პრინციპში, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცავდეს პუნქტს, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაციასთან და დემარკაციასთან. თუმცა, თუ დაველოდებით დელიმიტაციას და გადავავადებთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, იმიტომ, რომ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს მეგობარ და მეზობელ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა. საზღვრის მხოლოდ 70 პროცენტია იდენტიფიცირებული და დადასტურებული. ჩვენი დელიმიტაციის პროცესი რუსეთთან 20 წელი გაგრძელდა, მას ხელი მოეწერა მხოლოდ 2012 წელს და მართალია 13 წელი გავიდა, მაგრამ ყველა ის ბოძი და სანიშნე ჯერ არ არის განთავსებული და დემარკაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დელიმიტაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. სოფლები უნდა დაგვიბრუნონ. შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ანკლავებზე კომისიის მუშაობის შედეგად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სრულიად ლოგიკური მიდგომაა,“ - განაცხადა ალიევმა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. „კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევისთვის,” - ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმში. Bloomberg-ი წერს, რომ გაყინული რუსული აქტივების თანხები შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ამგვარი კანონი არის ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთს, მიყენებული ზიანი აანაზღაურებინონ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას შეიძლება, სულ მცირე 411 მილიარდი დოლარი დასჭირდეს.
ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს
„თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა პროექტი სახელწოდებით „მშვიდობის გაჯვარედინი“. ეს პროექტი სავარაუდოდ ითვალისწინებს კომუნიკაციების განვითარებას აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. თუმცა, აზერბაიჯანი ამ წინადადებას უკვე სამი წელია აყენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მას ახალი ინიციატივა უწოდა. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე?“ ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „რა თქმა უნდა, არა. თქვენ ალბათ კარგად იცით - ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პიარ კამპანიაა. მოგეხსენებათ, სომხეთმა არ შეასრულა 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულება და ფაქტიურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს. ამიტომაც გამოვიდნენ ასეთი წინადადებით, რომ გადაფარონ და ამავდროულად უგულებელყონ „ზანგაზურის დერეფნის“ სიტყვათა კომბინაცია. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიტყვათა კომბინაცია „ზანგაზურის დერეფანი“ რაღაცნაირად ძალიან აღიზიანებს მათ. მე მათ ვეუბნები, რომ დერეფანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს, არის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანიც, მაგრამ რატომღაც სომხეთში ამ დერეფნისადმი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. ამიტომ დაარქვეს მას ჯერ სომხური გზაჯვარედინი და შემდეგ „მშვიდობის გზაჯვარედინი,“ მაგრამ ეს რეალურად სხვა არაფერია თუ არა პიარ კამპანია,“ - განაცხადა ალიევმა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.
ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს
ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. შესაბამისი განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე", - აღნიშნა კარისმა. მისი თქმით, ესტონეთს აქვს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნება გაყინული რუსული სახსრების გამოყენება. „რუსეთს სურს დაიპყროს არამხოლოდ უკრაინა, ის მთელ დემოკრატიული სამყაროს დაუპირისპირდა," - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩასვლამდე, ლიეტუვაში იმყოფებოდა. ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში, თითქმის 220 მილიონი დოლარით დაეხმარება
გაერო წელს უკრაინისთვის 3,1 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას გეგმავს
გაეროს სააგენტოები საერთაშორისო დონორებს უკრაინის დახმარების დასაფინანსებლად, 3,1 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გაეროს მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭოს 10 იანვარს განუცხადა. „უკრაინაში ომი მოითხოვს ჰუმანიტარული საჭიროებების მაღალ დონეს, ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს მდგრადი,” - განუცხადა უშიშროებას გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ოპერაციებისა და ადვოკატირების განყოფილების დირექტორმა ედემ ვოსორნუმ. „2024 წელს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დონორს, კიდევ ერთხელ გააძლიერონ მხარდაჭერა და დაეხმარონ უკრაინელ ხალხს,“ - განაცხადა გაეროს მაღალჩინოსანმა.
საგარეო უწყება: არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში - სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რითაც სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხეს. მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. გეგმაში, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას უზრუნველყოფს, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად მიმართავს. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება,“ - განაცხადეს სამინისტროში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს.
დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. საგარეო უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. საქართველოს შესახებ საავტორო სტატიაში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან ქონება რუსეთში დააგროვა.
აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 5,3%-ით გაზარდა
აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-დეკემბერში 5,3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „ევროპაში 11,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა ექსპორტზე, თურქეთში - 9,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველ - 2,5 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 5,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა," - განაცხადა შაჰბაზოვმა.
უკრაინის მარცვლეულის დერეფანი ომამდელ შესაძლებლობებს აღწევს - უკრაინა
უკრაინული მარცვლეულის დერეფანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე სრული დატვირთვით მუშაობდა. უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერის დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, დერეფანში უკვე გაიარა 500-ზე მეტმა გემმა და მისი საშუალებით, 10 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. „ტვირთის აბსოლუტური უმრავლესობა მარცვლეულია, რომელიც ასე აკლია გლობალურ სამხრეთს. რაც შეეხება მის (მარცვლეულის დერეფნის - რედ.) ექსპლუატაციას, მან მიაღწია თავის შესაძლებლობებს, რაც სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო,“ განაცხადა პლეტენჩუკმა. საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, ვერ ვიტყვით, რომ „მარცვლეულის გარიგება“ უკრაინული დერეფნის ალტერნატივაა, რადგან ტვირთის რაოდენობა ამაზე მეტყველებს. 2020 წლის ივლისის შუა რიცხვებში რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. ამის შემდეგ უკრაინამ ექსპორტის განახლება აგრესორი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტა. უკრაინის შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ მარცვლეულის დერეფნის მუშაობა, პორტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით შეაფერხოს. აგვისტოში უკრაინამ დროებითი დერეფნები სამოქალაქო სავაჭრო გემებისთვის გახსნა. მარშრუტები, უპირველეს ყოვლისა, გათვლილია იმ გემებზე, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინის პორტებში იმყოფებოდნენ. უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დროებითი დერეფანი უკვე 200-მა გემმა გაიარა. მათ ოდესის პორტებიდან 7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გაიტანეს. ახლა ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
დანიის საელჩო: დანიური სტატიის ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება
დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს. შესაბამის განცხადებას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს. საელჩო დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. „სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი. ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან," - აღნიშნულია განცხადებაში ქართული მედიის ცნობით. დანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აშშ საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერია - საელჩო
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ელჩი დანიგანი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს მასპინძლობისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. ამ სივრცეებში დაცული არტეფაქტები საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერი და გულშემატკივარი, აღფრთოვანებული ვართ ეროვნული მუზეუმის თვალსაჩინო განვითარებითა და წარმატებით,“ - წერს საელჩო.
ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს. „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით,“ - განაცხადა სიიარტომ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინაში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს, მან ორბანს სთხოვა, დაესახელებინა მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინააღმდეგია. ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი: უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს. ამის შესახებ ვიცე-ადმირალმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. რისთვის არის საჭირო ახალი საზღვაო ბაზა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში აშენებს, ოლექსი ნეიჟპაპამ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს არა იმდენად ბაზა, არამედ, ბაზირების პუნქტია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთს სჭირდება თავისი სამხედრო გემების განთავსების ადგილების გასაფართოებლად, რადგან მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე ვერ ეყოლება. თუ რუსეთი აფხაზეთში ბაზას ააშენებს, იქნება თუ არა ის უკრაინისთვის კანონიერი სამიზნე, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ადგილას მყოფი ნებისმიერი გემი, რომელზეც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დროშაა აღმართული. „ნოვოროსიისკი არ არის ძალიან სასიამოვნო პორტი ბაზისთვის ამინდის პირობების გამო, განსაკუთრებით ზამთარში. სევასტოპოლი ძალიან დახურული ყურეა. გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების განსათავდებლად. იგი დაცულია ყველა ქარისგან, გარდა დასავლურისა. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია,“ - აღნიშნა ნეიჟპაპამ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით
გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. საუბრის შინაარსზე კეკელიძემ Facebook-ზე დაწერა. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა," - აცხადებს კეკელიძე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს
ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს 11 თებერვლამდე აგრძელებს. ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი ავრცელებს. „ფინეთისთვის ეროვნული უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ - განაცხადა მარი რანტანენმა. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ფინეთში მცხოვრებ რუსებსა და ორი ქვეყნის პასპორტის მფლობელებზე უარყოფითად მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 ნოემბერს, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ნაკადის გამო, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად დაკეტა.
უკრაინა მოელის, რომ პარტნიორები დაპირებას შეასრულებენ - ზელენსკი
კიევის მთავრობა ელის, რომ მისი პარტნიორები სრულყოფილად შეასრულებენ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ტყვიის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინა პარტნიორებისგან "ძალიან პრაქტიკულ რამეებს" ელის: გადაწყვეტილებას საარტილერიო პაკეტზე. პაკეტი სრულად არ მიგვიღია და დღეს ესტონეთის ინიციატივა (ჭურვების წარმოების გაზრდის შესახებ - რედ.) იძლევა შესაძლებლობას, ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნების ლიდერებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას. თუ სერიოზული ლიდერების სიტყვა ღირებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ღირს, მაშინ მათ უნდა დაიცვან ის გადაწყვეტილებები, რომლებიც თავად მიიღეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია შედეგის მიღწევა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება პირველ თებერვალს უნდა იყოს მიღებული. „აქედან გამომდინარე, ესტონეთის ხმა უკრაინის სასარგებლოდ ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ზელენსკიმ.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9415 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9427 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 12 იანვარს შევა ძალაში.
ზელენსკი ლატვიაშია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში სოციალურ პლატფორმა X-ის გვერდზე ავრცელებს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება, რიგაში! ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. დიდება უკრაინას!” - წერს კარინში. ზელენსკი ლატვიაში ჩასვლამდე, ლიეტუვასა და ესტონეთში იმყოფებოდა.