ძებნის რეზულტატი:

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა

მმართველი პარტიის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. კერძოდ, „სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სთავაზობს ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლიდან სამხედრო შენაერთების ერთდროულად და თანაბრად გაყვანასა და სასაზღვრო რაიონების დემილიტარიზაციას, თუმცა ფაშინიანის თქმით, ბაქო უარზეა. „შემიძლია, კიდევ ერთი წინადადებით გამოვიდე. მოდით, გავაფორმოთ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიარაღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ და ჰქონდეთ საშუალება, მისი შესრულება აკონტროლონ,” – განაცხადა ფაშინიანმა.  

ზელენსკი: მადლობელი ვარ საფრანგეთის ჩვენი საჰაერო ფარის არსებითად გაძლიერებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს კიევში შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ სტეფან სეჟორნე თავის ახალ თანამდებობაზე პირველი უცხოური ვიზიტით სწორედ უკრაინას ეწვია. „ზუსტად იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს, სხვადასხვა გზით გაზარდოს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების რაოდენობა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით, მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი და განსაკუთრებით, საფრანგეთის, ჩვენი საჰაერო ფარის არსებითად გაძლიერებისთვის. ჩვენი ჯარისკაცებისთვის ბრძოლის ველზე ურყევი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ხალხის დახმარებისთვის,“ აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში. შეხვედრაზე განიხილეს დრონების ერთობლივი წარმოებისა და საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხები. საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას დღეს, 13 იანვარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება.  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი კომპრომისზე არ წავა. „რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება… გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!” - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელს “ვერავინ ვერ გააჩერებს.” ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ „ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ, თქვენი ომიცაა." ცნობისთვის, აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. „ჰამასმა“ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ზელენსკი: უკრაინამ ჩამოაყალიბა ჩვენი დროის უსაფრთხოების შეთანხმებების მოდელი

უკრაინამ ჩამოაყალიბა უსაფრთხოების შეთანხმებების მოდელი, წარმოადგინა თავისი ძლიერი უსაფრთხოების პოზიციები მთელ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ქვეყანა არ გაწევრიანდება NATO-ში. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ბევრს სმენია მე-20 საუკუნის უსაფრთხოების სამაგალითო შეთანხმებების შესახებ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის და სხვა მსგავსი შეთანხმებების შესახებ. ახლა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი დროის ასეთი მოდელი - ის, რაც ახლა გვაძლევს ნდობას, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცავთ თავს რუსული აგრესიისგან და ვამყარებთ ჩვენს ძლიერ პოზიციებს უსაფრთხოებისთვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება. ჩვენი მთავარი უსაფრთხოების მიზანია ალიანსი. ახლა კი, დიდ ბრიტანეთთან ამ შეთანხმების საფუძველზე, ჩვენ ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებებზე. G7 საბაზისო მემორანდუმს უკვე შეუერთდა თითქმის 30 სახელმწიფო. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი, ყველა ლიდერის, რომელიც უკვე მუშაობს ჩვენთან უსაფრთხოების საკითხებზე. ყველას ვინც შემოგვიერთდება წელს. და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს და პირადად პრემიერ-მინისტრ სუნაკს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. დღეს ის კიევში ასევე შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერს. „ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამძლეობისთვის საჭირო ნაბიჯები. ჩვენ მოუთმენლად ველით კონგრესის გადაწყვეტილებას უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ - მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ყველა სახელმწიფოსთვის, რომლის სტაბილურობა დამოკიდებულია საერთაშორისო სამართლის სიძლიერეზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა და მადლობას ვუხდი ყველას ამერიკაში - ყველას, ვინც გვეხმარება თავისუფლების შენარჩუნებაში,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, წლევანდელმა წელმა უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. „და ეს ასეც იქნება. ჩვენი არსენალი გაძლიერდება,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის მოწოდებით, გააძევონ მღვდელი, რომელმაც „არ ილოცა გამარჯვებისთვის“

რუს მართლმადიდებელ მღვდელს უკრაინაზე გამარჯვებისთვის ლოცვაზე უარის თქმის გამო გაძევება ემუქრება. რუსეთის ეკლესიის შეფასებით, ალექსი უმინსკიმ დაარღვია ფიცი და უარი თქვა „ლოცვა წმიდა რუსეთისთვის“ წაკითხვაზე, რომელიც ეკლესიამ სავალდებულო გახადა ღვთისმსახურების დროს. მღვდელ ალექსეი უმინსკის საწინააღმდეგო ვერდიქტი ხელმოწერისთვის გაეგზავნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ კირილეს. უმინსკიმ გამოცემა Meduza-ს უპასუხა, რომ - "ჩემი პრინციპული პოზიციაა კომენტარის არ გაკეთება." სამოქალაქო პირებთან ერთად, რუსეთში არაერთი სასულიერო პირი მოექცა ზეწოლის ქვეშ ომის საწინაღმდეგო პოზიციების გამოხატვისთვის  

ჯო ბაიდენი: თუ „რესპუბლიკელები“ უარს იტყვიან უკრაინის დაფინანსებაზე, მათ ბევრის გადახდა მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი მათ ძვირი დაუჯდებათ. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან. „თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, მათ ბევრის გადახდა მოუწევთ. ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა გამოთქვა მზადყოფნა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს მიგრაციულ პოლიტიკაში და მოუწოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებს, არ დაბლოკონ უკრაინის დახმარება  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს

„ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი „ჰამასთან“ ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს,“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე. „ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან - ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო, არის ის, რომ გადასასვლელი უნდა დაიხუროს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აჰმედ აბუ ზეიდმა განაცხადა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.  

შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდის

შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციამ საბრძოლო მასალის მწარმოებელ კომპანია Nammo-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა და მათი მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაა. „ჩვენ ახლა მნიშვნელოვან შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ. ეს შეამცირებს მიწოდების დროს, გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და ამავდროულად გააძლიერებს საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების უსაფრთხოებას შვედეთსა და სკანდინავიის რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აცხადებენ შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციაში. დაგეგმილ ინვესტიციებს ნაწილობრივ თავად შვედეთი აფინანსებს, ნაწილობრივ კი ევროკავშირი. მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სამუშაოები სკანდინავიური თავდაცვის თანამშრომლობის NORDEFCO ფარგლებში მიმდინარეობს და მას შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს  

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი, რომელიც ამჟამად უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის. ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზპრომის პრესმდივნად. მან რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში. ვოლობუევი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა უკრაინაშია დაბადებული და 18 წლის ასაკამდე იქ ცხოვრობდა. მან გასულ თვეში განაცხადა, რომ მსახურობს უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში - რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის "მოხალისეთა კორპუსს" და ლეგიონს "რუსეთის თავისუფლება".  

რუსული საფრთხისგან თავდასაცავად, შვედეთი წყალქვეშა ნავების მშენებლობას იწყებს

შვედეთმა დაიწყო ორი წყალქვეშა ნავის მშენებლობა, რომლებიც განკუთვნილია ბალტიის ზღვაში პატრულირებისთვის.  Politico-ს ცნობით, წყალქვეშა ნავების აშენების გადაწყვეტილება რუსეთისგან მომდინარე სავარაუდო საფრთხეს უკავშირდება. ეს იქნება შვედეთის მიერ აშენებული პირველი წყალქვეშა ნავები 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ. A26 ტიპის 66 მეტრიანი წყალქვეშა ნავები სახელწოდებით -  Blekinge და Skåne, 2027 და 2028 წლებში გაეშვება ექსპლუატაციაში და ოთხ არსებულ წყალქვეშა ნავთან ერთად, საბრძოლო მოვალეობას შეასრულებენ ბალტიის ზღვაში. სამშენებლო სამუშაო კარლსქრონაში მდებარე გემთმშენებლობის ქარხანაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, ნორვეგიამ ახლახან შეუკვეთა 4 ახალი წყალქვეშა ნავი გერმანული კონცერნ ThyssenKrupp Marine Systems-ს, ხოლო დანიამ, რომელმაც 2004 წელს უარი განაცხადა საზღვაო ფლოტზე, ახლა მისი დაბრუნების სურვილი გამოთქვა.  ბოლო დროს დაუდგენელი წყალქვეშა ნავები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ შვედეთის ტერიტორიულ წყლებში; 2022 წელს აფეთქება მოხდა Nord Stream გაზსადენზე შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ხოლო გასულ წელს დაზიანდა ესტონეთთან დამაკავშირებელი წყალქვეშა კომუნიკაციები.   

სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.  

პრემიერი: დროშა საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სახელმწიფო დროშა დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. „უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!“ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.  

ზელენსკი: 2024-მა წელმა უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერს შეხვდა. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა. „ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამძლეობისთვის საჭირო ნაბიჯები. ჩვენ მოუთმენლად ველით კონგრესის გადაწყვეტილებას უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ - მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ყველა სახელმწიფოსთვის, რომლის სტაბილურობა დამოკიდებულია საერთაშორისო სამართლის სიძლიერეზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა და მადლობას ვუხდი ყველას ამერიკაში - ყველას, ვინც გვეხმარება თავისუფლების შენარჩუნებაში,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, წლევანდელმა წელმა უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. „და ეს ასეც იქნება. ჩვენი არსენალი გაძლიერდება,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

უკრაინას სჭირდება მეტი თავდასხმის თვითმფრინავი საბრძოლო ოპერაციებისთვის - გენერალი სირსკი

უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო თვითმფრინავი საბრძოლო ოპერაციებისთვის, როგორიცაა, ამერიკული A-10 თავდასხმის თვითმფრინავი ქვეითების დასახმარებლად და თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ შორი მანძილის საკრუიზო რაკეტების გაშვება, განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Reuters-თან ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ რუსული ძალები განუწყვეტლივ უტევენ ფრონტის რამდენიმე ნაწილზე, უკრაინული ძალები ახორციელებდნენ მცირე კონტრშეტევებს. უკრაინამ მოკავშირეებს სთხოვა, დააჩქარონ საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება. „მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო თვითმფრინავები სულ უფრო გავლენიანნი არიან ბრძოლის ველზე, არტილერია არის საყრდენი ორივე არმიისთვის და უკრაინამ უნდა დააბალანსოს სხვადასხვა კალიბრის ჭურვების გამოყენება არსებული მარაგის საფუძველზე,“ აღნიშნავს სირსკი.  

თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში გაანადგურა ქურთი მეომრების 25 სამიზნე

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცახადებით, ანკარამ საჰაერო იერიშები განახორციელა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში და მიზანში ამოიღო ქურთი მეომრების 25 სამიზნე. სამინისტროს განცხადებით, ოპერაციები განხორციელდა ჩრდილოეთ სირიაში და ერაყის მეტინის, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში. „ბევრი მეომარი "ნეიტრალიზებულ იქნა" - რაც, სავარაუდოდ, მოკლულს ნიშნავს - საჰაერო იერიშებით, რომლებითაც განადგურდა 25 სამიზნე, ანუ გამოქვაბულები, თავშესაფრები და საწყობები,,“ აღნიშნულია განცხადებაში. პარასკევს თურქეთის ცხრა ჯარისკაცი ემსხვერპლა შეტაკებებს აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან.  

"ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში გაემგზავრა

ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.პარტიის ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.შეხვედრები გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს."ქართული ოცნების" დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.

რუსეთში, მსჯავრდებული ყოფილი მერი ომში წასვლის სანაცვლოდ, სასჯელს აღარ მოიხდის

ვლადივოსტოკის ყოფილ მერს ოლეგ გუმენიუკს, რომელსაც კორუფციის ბრალდებით 12 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ბოლომდე მოხდა აღარ მოუწევს. მან ომში წასვლის სურვილი გამოთქვა. „კომერსანტი“ პატიმარის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შესაბამისი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა. ადვოკატის ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, ოლეგ გუმენიუკი სამხედრო კომისარიატში 22 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო და მსჯავრდებული ფრონტისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთ პოლიგონზე უნდა გაეგზავნათ. ვლადივოსტოკის ყოფილი მერი სასჯელს სოფელ ვოლჩანეცში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. ოლეგ გუმენიუკმა მერის პოსტი 2021 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი მისამართით გაკეთდა მკაცრი განცხადებები საბავშვო ტექნოპარკის რემონტის ხარისხთან დაკავშირებით.

სანდუ: გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, ქმედებებს განაახლებს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას ცდილობდა. მოსკოვი ცდილობდა, გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო ყველა ზომა ამ მცდელობების დასაძლევად. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ყოველ ჯერზე ცდილობდა, გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკებს და ვიღებთ ყველა ზომას ამ დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მოქალაქეებთან გვაქვს კომუნიკაცია ამ რიკსებთან დაკავშირებით, როგორც შარშან, როცა რუსეთის განზრახვა იყო ხელისუფლების დამხობა. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვცდილობთ, დავიცვათ თავი ამ რისკებისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჯერ კიდევ არის მოწყვლადობა,“ - განაცხადა მაია სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკას ამ თვალსაზრისით რუმინეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს. „ვიცით, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს ქმედებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით,“ - აღნიშნა მაია სანდუმ. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. სანდუმ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობს.  

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-17 იანვარს რუსეთს ეწვევა. ჩინური მედიის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიწვევით განხორციელდება. ცნობისთვის, ოქტომბერში ლავროვი ფხენიანს ეწვია. ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად შედგა. ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო. ახლანდელი ვიზიტის მიზანი არ გამოცხადებულა, მაგრამ ის შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საკითხზე თანამშრომლობასთან. სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ უკვე მიაწოდა რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი უკრაინაში გამოსაყენებლად.  კონტექსტი შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც. 10 იანვარს ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა. 12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი.

უკრაინა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს: ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ

უკრაინა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!“ წერს უკრაინის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. დღეს, 14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.