ძებნის რეზულტატი:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ახალი პაკეტის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. „დიდი ბრიტანეთს დღეს სურს, რომ უკრაინისთვის ომის დაწყებიდან თავდაცვითი დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ($3,19 მილიარდი) ეს ნიშნავს - მეტ უსაფრთხოებას, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რაკეტებს, ასობით ათას ახალ საარტილერიო ჭურვს, წვრთნას ათასობით უკრაინელი სამხედროსთვის,” - განაცხადა სუნაკმა. რიში სუნაკი უკრაინაში დღეს ჩავიდა.  

ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე იმოქმედებს. „ბრიტანეთთან ასეთი გარანტიები 1991 წელს რომ ყოფილიყო მიღწეული, ომი არ დაიწყებოდა,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. აღნიშნული ხელშეკრულება გულისხმობს ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უკრაინასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებული ჩარჩო-დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიმდინარე წელს 2,5 მილიარდ ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. „ეს აჩვენებს აქ არსებული სიტუაციის სერიოზულობას და ჩვენს მტკიცე მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით. მინდა, გავუგზავნო მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი უკრაინელ ხალხს, ასევე გზავნილი, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა იცოდეს, ჩვენ არსად წავალთ. მე აქ ვარ ერთი მკაფიო გზავნილით. გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას,“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.  

4 უკრაინელი მეზღვაური „ჰუსიტების“ ტყვეობაშია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „ჰუსიტებს“ ოთხი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი ოთხი მეზღვაური ჰუტებს ტყვედ ჩაუვარდა. ჩვენ ვიმუშავებთ მათ დაბრუნებაზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წითელი ზღვის რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

რიში სუნაკი: იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც წითელ ზღვაში „ჰუსიტების" თავდასხმებს გმობდა და მიუთითებდა, რომ ქვეყნებს თავდაცვის უფლება აქვთ, ჩვენ თავდაცვით ვმოქმედებდით.” სუნაკმა აღნიშნა, რომ „ჰუსიტები“ უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს აყენებდნენ რისკის ქვეშ, გლობალურ ეკონომიკას აფერხებდნენ და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენდნენ. „ჩვენ ძლიერი სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ საერთაშორისო სამართლის ეს დარღვევა არასწორია. ხალხს არ შეუძლია ასე დაუსჯელად მოქმედებდეს და ამიტომ, მოკავშირეებთან ერთად, გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა“, - განაცხადა სუნაკმა. მან აღნიშნა, რომ იემენში ამერიკული და ბრიტანული ავიადარტყმები იყო „საჭირო, პროპორციული, გამიზნული ქმედება სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესამცირებლად და შესაფერხებლად“. როგორც სუნაკმა განაცხადა, წინასწარი მაჩვენებლებით ავიადარტყმები წარმატებული იყო. „ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია. ესაა დაძაბულობის დეესკალაცია და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა. სწორედ ამიტომ ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა მიმდინარე მოვლენები განცხადებებში დაგმეს და „ჰუსიტებს“ შეწყვეტისკენ მოუწოდეს,“ - განაცხადა სუნაკმა. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.  

ზელენსკი: აშშ-ის სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში.  უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება პირველ თებერვალს იქნება ცნობილი.   „რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ," - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდასაჭერად სთხოვა. პაკეტში გათვალისწინებულია კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გაგზავნა. ეს ბიუჯეტი ჯერ არ არის დამტკიცებული, რადგან კონგრესში რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ დაფინანსების საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ. უკრაინას აშშ-სგან 2023 წლის სამხედრო დახმარების ბოლო, 250 მილიონი დოლარის ოდენობის, პაკეტი დეკემბრის ბოლოს გაეგზავნა. რა წერია „უკრაინის გამარჯვების გეგმაში“, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ შეიმუშავეს  

გუდაურის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს ევროვიზიაზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. man 2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. 2023 წლამდე პარალელურად ლოს–ანჯელესსა და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს.   2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპ ვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად. ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.  

საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა - მედია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევს სავარაუდოდ, 13 იანვარს ეწვევა. სტეფან სეჟურნე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ფრანგული სატელევიზიო არხი BFM წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის შემდეგ, ახალი მინისტრი სავარაუდოდ, გერმანიასა და პოლონეთში ჩავა. საფრანგეთის საგარეო მინისტრად პარტია აღორძინების წევრი სტეფან სეჟურნე დაინიშნა. მან ჩაანაცვლა კატრინ კოლონა პოსტზე. 8 იანვარს პრემიერ-მინისტრის პოსტი ელისაბედ ბორნმ დატოვა. მთავრობის ახალი ხელმძღვანელი გაბრიელ ატალი გახდა.  

აშშ-მ და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად მეორე შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პენი პრიცკერთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიების ერთგვარი ჩარჩო, რომლის უზრუნველყოფაც ვაშინგტონს კიევისთვის სურს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც პარასკევს კიევში ვიზიტით ჩავიდა, მოლაპარაკებები გამართეს და უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამასთან, უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ. ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

ირმა ხეცურიანმა კარდიფის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უელსის ქალაქ კარდიფში, ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირის პირველ დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან წააგო და მესამე ადგილზე გავიდა. კარდიფში საქართველოს ნაკრების წევრები, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობენ. ირმა ხეცურიანის მედალი მიმდინარე წელს პირველია პარალიმპიური კომიტეტისთვის.  

თოვის გამო, გზებზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა - ამინდის პროგნოზი  

სუნაკი უკრაინის პარლამენტში: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა სუნაკის მიმართვას ისტორიული უწოდა. უკრაინელმა დეპუტატებმა სუნაკის გამოსვლის ამსახველი მოკლე ვიდეოები გამოაქვეყნეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ დღეს ვხვდებით უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ მომენტში. და როგორც ყოველთვის, კონფლიქტის დროს იქნება რთული მომენტები. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის,“ - განუცხადა სუნაკმა დეპუტატებს. რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.  

აშშ-მ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა

აშშ-მ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს „ჰუსიტების“ სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.  

ევროკომისიამ რუმინეთის საპორტო ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, 126 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი დაამტკიცა

ევროკომისიამ 11 იანვარს დაამტკიცა 126 მილიონი ევროს (138 მილიონი აშშ დოლარი) ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს რუმინეთის (დუნაის პორტების) საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უკრაინის ექსპორტის გაზრდით გამოწვეული გადატვირთულობის შემცირებას. პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის „სოლიდარობის გზების“ ინიციატივის გაძლიერებას - ის მიზნად ისახავს უკრაინის საექსპორტო შესაძლებლობების მხარდაჭერას, რომელიც შავ ზღვაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდა. „ეს 126 მილიონი ევროს სქემა საშუალებას მისცემს რუმინეთს, შეამციროს დუნაისა და შავი ზღვის სანაპიროების პორტებში შემოსული საქონლის უეცარ მატებასთან დაკავშირებული შეფერხებები. დახმარება პორტის ოპერატორებს დაეხმარება, გადაამუშაონ და შეინახონ რიგი საქონელი, რითაც შემცირდება რუსეთის ომით გამოწვეული ბლოკადა. უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მარგრეტე ვესტაგერმა, კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა. შავი ზღვის საზღვაო ტრანსპორტისთვის რუსეთის საფრთხის ფონზე, რუმინეთი, რომელიც უკრაინის პროდუქციის თითქმის 60%-ს ატარებს, უკრაინის ექსპორტში გადამწყვეტ როლს თამაშობს. რუმინელი და უკრაინელი ოფიციალური პირები მდინარე დუნაისა და შავ ზღვაზე რუმინეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობდნენ. დუნაის, როგორც საზღვაო მარშრუტის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ივლისში, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოვიდა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ დახმარება გამართლებულია, რადგან რთული იქნება პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ომის შედეგად შექმნილი რისკებისა და გაურკვევლობის გამო. ასევე გაურკვეველია, როგორი იქნება რუმინეთის გავლით უკრაინის ექსპორტის მომავალი, თუ უკრაინის შავი ზღვის პორტები ხელახლა გაიხსნება ომამდელი შესაძლებლობებით.  

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. უკრაინული მედიის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 16 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკი პანელურ დისკუსიაზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში“ სიტყვით გამოვა. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, კლაუს შვაბი და პრეზიდენტი, ბიორგე ბრენდე მიიღებენ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 15-17 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება.  

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, 10 ადამიანი დაიღუპა - მედია

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მოხდა.  

სუნაკი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე: ვაშინგტონის სამიტზე უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. ამის შესახებ სუნაკმა უკრაინის უმაღლეს რადაში პარასკევს, 12 იანვარს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა. მან ასევე გაიხსენა, რომ ვილნიუსში გამართულ სამიტზე, გაერთიანებულმა სამეფომ, 30 სხვა ქვეყანასთან ერთად, უკრაინას პირობა მისცა, რომ უზრუნველყოს ახალი, ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები. „დღეს დიდი ბრიტანეთი პირველია, ვინც შეასრულა ეს დაპირება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მე ახლახან მოვაწერეთ ხელი უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას,” - აღნიშნა სუნაკმა. რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია. ზელენსკი ვაშინგტონის სამიტზე: მსურს, ვნახო სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი NATO-ში წევრობისკენ  

2023 წელს, რუსეთში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა 1991 წლის შემდეგ

2023 წელს, რუსეთში შობადობის შემცირებამ რეკორდულ დონეს მიაღწია სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ამის შესახებ დემოგრაფმა ალექსეი რაკშამ, რეესტრისა და რუსეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემების გაანალიზების შემდეგ განაცხადა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთში 1,213 მილიონი ბავშვი დაიბადა. ამ მონაცემებში არ შედის ანექსირებული ყირიმი და ასევე, ჩეჩნეთი, რომელთა სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ბოლოს რუსეთში შობადობის ვარდნა 1999 წელს დაფიქსირდა. 2023 წელს რუსების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 73,5 წელი იყო, რაც წინა წლებთან შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელია. რაკშა ეჭვობს, რომ უკრაინაში, ფრონტზე დაღუპულთა 30-40% ამ სტატისტიკაში შეტანილი არ უნდა იყოს, რამაც, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი შეამციროს „ორი მეათედით, ხოლო მამაკაცებისთვის - ორჯერ მეტად.“ რუსეთის სოციალურმა ფონდმა, შარშან შემოდგომაზე გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს, ქვეყანაში, 1,245 მილიონი ადამიანი დაიბადებოდა, 2024 წელს - 1,172 მილიონი, 2025 წელს 1,153 მლნ, ხოლო 2026 წელს - 1,143 მლნ.  

სანკტ-პეტერბურგში მზა პროდუქციის საწყობი იწვის

სანკტ-პეტერბურგში, მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრია. ხანძარს სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი მიენიჭა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მსხვერპლი არ არის. საწყობი პუშკინსკის რაიონში მოსკოვსკოეს გზატკეცილზე მდებარეობს. ტელეგრამარხ SHOT-ის ცნობით, ხანძარი საწყობის გვერდით მდებარე სატვირთო მანქანის სადგომთან ახლოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობს 422-ზე მეტი მაშველი 90 ერთეული ტექნიკით. ტელეგრამ არხ „ბაზას“ ინფორმაციით, ხანძარი ტანსაცმლის საწყობის მე-7 სართულზე გაჩნდა.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: იმედგაცრუებულები ვართ, რომ პრემიერმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან საუბრის თემები მოიცავდა დეპარტამენტის მიზნებს ევროკავშირთან, ბალკანეთთან და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ბლინკენის თანაშემწემ ასევე განიხილა ისეთ პრიორიტეტები, როგორიცაა, NATO-ს 2024 წლის სამიტი ვაშინგტონში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია იმ თვალსაზრისით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  - ღირს თუ არა ბრძოლა უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ იმავე თავისუფლებას, რასაც თავად ითხოვდა, როდესაც ის ახალგაზრდა სტუდენტი იყო. „ჩვენ გვინდა, ვიხილოთ უნგრეთი, როგორც კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენ ყველა ვსვამთ რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. და ვიმედოვნებ, რომ უნგრეთი მომავალშილ ამ სულისკვეთებით საუბარს შეძლებს.“ შეგახსენებთ, უნგრეთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას ეწინააღმდეგება. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ