ძებნის რეზულტატი:
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის, ქალაქ ხან–იუნისში სამხედრო ოპერაციები გრძელდება, სადაც ისრაელის მე-7 ჯავშან ბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა, რომელსაც „ჰამასი“ იარაღის საწყობად იყენებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ, სამხედროებმა დასავლეთ ნაპირზე მდებარე ადორას დასახლებაში, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს. დასავლეთ სანაპიროზე თავდამსხმელების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალების ერთმა ჯარისკაცმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.
კურტ ვოლკერი: ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია, ამერიკამ და საქართველომ ერთობლივი მუშაობა უნდა გააგრძელონ
ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას - დაბრუნდეს პოლიტიკაში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის შესაძლო კლებას უკავშირებს. NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, „შესაძლოა, აჩვენებდეს მის შეშფოთებას, რომ „ქართული ოცნება“ იმდენად კარგად არ მუშაობდა, როგორც მას სურდა.“ ამერიკის ხმის ცნობით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, გასული წლის განმავლობაში წარმოებული ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკაა. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დაბრუნება ამ ტენდენციას შეცვლის. კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ამგვარი რიტორიკა უკვე შეცვლილია. მისი თქმით, ამერიკისა და საქართველოს საერთო მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ საქართველო რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს ასრულებს. „ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია. ზოგიერთი არასწორი რამ, რაც შეერთებულ შტატებზე ბოლო დროს ითქვა - მაგალითად ის, რომ თითქოს, შეერთებული შტატები ომის "მეორე ფრონტის გახსნას" ცდილობდა და სურდა საქართველო ამ კონფლიქტში ჩაეთრია, აღარ განმეორებულა. ვფიქრობ, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების განხორციელების კუთხით ყველაფერს სწორად აკეთებს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მისი ფინანსური ინსტიტუტები შესაძლოა, რაიმე სახის სანქციებს დაექვემდებაროს. იმაში დარწმუნება, რომ ეს არ მოხდება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო მიზანია,“ - განუცხადა „ამერიკის ხმას“ ვოლკერმა.
32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, განისაზღვროს, თუ როგორ იქნება NATO მზად თავისუფალი სამყაროს მომავლის დასაცავად. „ამ ზაფხულს, ივლისში, ვაშინგტონი NATO-ს 75-ე სამიტს უმასპინძლებს. ეს იქნება შესაძლებლობა, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გააკეთა NATO-მ დაარსების დღიდან, მაგრამ რაც მთავარია, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იქნება NATO მზად ჩვენი მომავლის დასაცავად. ჩვენ ვუყურებთ რეალურ ცვლილებებს ომების წარმოების გზებში და სახელმწიფოების როლს ამ ომებში. NATO ამისთვის მზად იქნება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინეთი შემოგვიერთდა, როგორც სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ველით, რომ შვედეთი შემოგვიერთდება, როგორც სრულუფლებიანი წევრი, და ეს იქნება 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით, რომლებიც მზად იქნებიან მომავალი ათწლეულების გამოწვევებისთვის გლობალურ დონეზე,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. „მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა. 10 იანვარს, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელოდება სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ. „რაც შეეხება თავდაცვას, მთავარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მსურს, ვიხილო საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემების რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ბალისტიკურ [რაკეტებს]," - განმარტა ზელენსკიმ. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ლიეტუვის პრეზიდენტმა უკვე თქვა ყველაფერი. მე მსურს სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი დავინახო NATO-ში[წევრობის]კენ," - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტი წარმატებული იქნება, თუ ის ვილნიუსის სამიტს დაეფუძნება და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს. მან აღნიშნა, რომ ვიდრე ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არსებობდა ეჭვები გაწევრიანდებოდა თუ არა უკრაინა NATO-ში, სამიტის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა, თუ როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონში სამიტამდე უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. „მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ANP-ის იმპლემენტაციაზე; მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყოს და აჩვენოს უკრაინის სურვილი NATO-ში გაწევრიანების შესახებ,“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური და თავდაცვითი გადაწყვეტილებების ხილვა სურს. შეგახსენებთ, NATO-ს მომდევნო საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში გაიმართება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. „სტეფან სეჟორნე, თავისი პირველი მოგზაურობით, კიევში ჩავიდა, რათა საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და მისი მოკავშირეებისა და მოსახლეობის მიმართ საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს,“ - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე. საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა - მედია
საპატრიარქო: ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე
საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის. ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს. იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა. ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე,ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. სწორედ ეს აისახა საპატრიარქოს განცხადებაში. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია. ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას - მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია. სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა 12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 13 იანვარს, ჰომოფობიური და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია დაგეგმა.
„ჰუსიტებმა“ შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი ამოიღეს მიზანში - ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა
ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-ის ინფორმაციით, ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი ამოიღეს მიზანში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. უსაფრთხოების ფირმის ცნობით, გემმა მასთან ახლოს რაკეტის გასროლა დააფიქსირა. უსაფრთხოების ფირმის შეფასებით, „ჰუსიტებს“ შეცდომა საჯაროდ ხელმისაწვდომი მოძელებული ინფორმაციის გამო მოუვიდათ, რომელიც გემს გაერთიანებულ სამეფოსთან აკავშირებდა. „ეს იყო მეორე ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და “ჰუსიტებმა“ შეცდომით მიზანში ამოიღეს," - წერს Ambrey. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) განმარტა, რომ იემენის საპორტო ქალაქ ადენის სამხრეთ აღმოსავლეთით 90 საზღვაო მილის დაშორებით რაკეტის გასროლის ცნობა მიიღო. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ. გაერო უკიდურესად შეშფოთებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, ჰუთების სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით - ეს შეშფოთება უკავშირდება ესკალაციის საფრთხეს, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მთელ რეგიონსა და თავად იემენზეც. „უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში,“ - წერია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში. გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც იცავენ თავიანთ გემებს თავდასხმებისგან, გააკეთონ ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც რეზოლუციაშია გათვალისწინებული. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია წითელ ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. აშშ-მ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა
სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის 400 000-მდე დოლარის გადახდა დააკისრა
ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2 გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ New York Times-სა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრალდებები არ გაითვალისწინა. Associated Press-ის ცნობით, მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ტრამპმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. „დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად ძლიერი ძალა შეიძლება იყოს. ეს სასამართლოს გზავნილია მათთვის, ვისაც ჟურნალისტების გასაჩუმებლად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდათ," - განაცხადა New York Times-ის სპიკერმა. 2021 წელს ტრამპმა New York Times-ის, მისი სამი ჟურნალისტისა და საკუთარი ძმისშვილის, მერი ტრამპის, წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ტრამპი 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიის გამო, 100 მილიონი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ის ჟურნალისტებს მისი ძმისშვილის მიზანმიმართულად მოძიებასა და მისგან კონფიდენციალური საგადასახადო ჩანაწერების გამოთხოვნაში ადანაშაულებდა. მერი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი კვლავ განიხილება და მისი თხოვნა სასამართლოს დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოსამართლემ უარყო.
უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად დანია $22,2 მილიონს გამოყოფს
დანიის მთავრობამ უკრაინის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის აღდგენას - ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფას, აგრეთვე ნაღმების აღმოჩენასა და განეიტრალებას, იუწყება დანიური მედია. ახალ პაკეტში $22,2 მილიონია გათვალისწინებული. თანხა მიკოლაივის აღდგენას მოხმარდება. ეს არის მესამე ასეთი პაკეტი, რომელიც უკრაინის ფონდის ფარგლებში გამოიყოფა. დანია უკრაინას ამ ფონდის საშუალებით, სამი მიმართულებით ეხმარება: სამხედრო მხარდაჭერა, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და კერძო სექტორის მხარდაჭერა. დანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, კოპენჰაგენმა უკრაინისთვის უკვე დახარჯა 4,5 მილიარდი დოლარი. 2023 წელს დანიამ უკვე გამოყო $100 მილიონზე მეტი მიკოლაივის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის.
საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ აქციაში მონაწილება თუ ის დესტრუქციული გახდება
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 13 იანვარს "ალტ ინფოს" მიერ დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ ასეთ ქმედებებში მონაწილეობა. „ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, საპატრიარქომ რიგით მეორე განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო: ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე თავდაპირველ განცხადებაში წერია, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. „მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. პარლამენტთან, პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ ორგანიზაცებით, აქცია იმართება. „მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩვენ დედა ეკლესიას ექცევა იმ ფორმებით, რომლებიც გადავიდა ზღვარს,“ - განაცხადა პროტესტის ორგანიზატორმა ზურაბ მახარაძემ. სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ გვჭირდება, საქართველო გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილი
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი შესაძლოა, გახანგრძლივდეს და 2025 წელსაც არ დასრულდეს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა აცხადებს. მან განმარტა, რომ NATO მოელის გაჭიანურებულ ომს მცირე წინსვლებით, კონტრშეტევებით და ტერიტორიების ოკუპაცია-დაკარგვით. ინფორმაციას რუმინეთის ტელევიზია ავრცელებს. „ჩემი მოწოდებაა, მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის; ის გაგრძელდება. ის არ დასრულდება 2024 წელს, ალბათ, არც 2025 წელს. ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო პოტენციალს, რომ დავინახოთ გადამწყვეტი გამარჯვების ამა თუ იმ გზით მიღწევის შესაძლებლობა," - აღნიშნავს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე. ჯოანას თქმით, NATO-ს სჭირდება, რომ უკრაინამ გაუძლოს, მოლდოვა შეუერთდეს ევროპას და საქართველო გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი. „უკრაინელებმა ჩვენი მხარდაჭერით მოახერხეს რუსების მიერ თავდაპირველად ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ის დაბრუნება. ეს არ არის პატარა რამ. ჩვენ გვჭირდება წელში გამართული უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა - ევროპაში, საქართველო - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში,“ - განაცხადა მირჩა ჯეოანამ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ. „არ მივცეთ კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა. არ მივცეთ რუსეთს ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა, ერთი წლის, ორი წლის, სამი წლის, ხუთი წლის განმავლობაში,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი მანამდეა დასამთავრებელი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაში სანქციები, დროის განმავლობაში, შესუსტდება და გაჩნდება ახალი რიტორიკა: “რისთვისაა ახალი სასანქციო პაკეტი საჭირო თუ საბრძოლო ქმედებები არ არის?” უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას. ზელენსკის თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს. „ჩვენი მიზნები - უკრაინულია, მაგრამ გეგმები ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ კიევში ჩასვლისას განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. „კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ჩვენი მონდომება უცვლელი რჩება, ისევე როგორც, უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ჩვენი აღტაცება,“ - განაცხადა სტეფან სეჟორნემ.
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს
ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინ-ტი ლიდერობს. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნების 60%-ზე მეტია დათვლილი. ლაის უახლოეს კონკურენტს, ჰოუ იუს, რომელიც ოპოზიციურ პარტია „გომინდანს“ წარმოადგენს, ამომრჩეველთა ხმების 33,2% აქვს. ტაივანში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დასრულდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაი ჩინ-ტის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან ის ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს. ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
კულება: საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა. კულებას თქმით, საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას. როგორც კულებამ აღნიშნა, ასევე განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე, დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაცვის კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ვიმუშავებთ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის, თანამშრომლობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და მათ რაც შეიძლება მეტი იარაღის წარმოება შეძლონ,“ - განაცხადა კულებამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. „საფრანგეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. ეს გადაწყვეტილება უცვლელია და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და არტილერიის მიწოდებით გამოიხატება. ვიცი, როგორ აფასებთ ფრანგულ ტექნოლოგიას, რომელიც თქვენი მიწის დასაცავად მიიღეთ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საკუთარ მიწაზე იარაღის საწარმოებლად უკრაინის შესაძლებლობა ერთობლივად გავაძლიეროთ და ჩვენ მზად ვართ, ამ სფეროში დაგეხმაროთ“, - განაცხადა სტეფან სეჟორნემ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება
რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე, პოლონეთმა საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა
დღეს, 13 იანვარს, პოლონეთმა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე, თავისი თვითმფრინავები გაააქტიურა. თითქმის სამი საათის შემდეგ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ავიაცია სტანდარტულ ოპერაციებს შემცირებული საფრთხის ფონზე დაუბრუნდა. იტყობინება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე. „პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინაში და რჩება მზადყოფნაში პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი 2 იანვარსაც აამოქმედა. დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით, მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მასიური დაბომბვის დროს, ამოუცნობმა ობიექტმა NATO-ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსული რაკეტა იყო. ინციდენტის საპასუხოდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მაკეი კლიშის თქმით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
ფარავნის უღელტეხილსა და საჩხერე-ჭიათურის გზაზე შეზღუდვები მოიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ნამქერის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გორში, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გორში მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ადგილობრივ ვეტერინარიულ კლინიკაში ამბობენ, რომ ძაღლის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. განახლება: კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი სავარაუდოდ, იარაღით დაჭრა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ეს ბოლო კვირის განმავლობაში გახმაურებული მეორე მსგავსი შემთხვევაა. გამოძიების ცნობით, 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ძაღლს ჯოხით სასტიკად სცემა. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სი ძინპინი: ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ევროპასთან მეტი ხიდის აშენებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ სი ძინპინმა ჩინეთში ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროს ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „ტურბულენტური საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო. ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და ერთობლივად შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში,“ – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დე კრო ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს.
ბაიდენი: აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც ტაივანის ამომრჩევლებმა მმართველ პარტიას მესამე საპრეზიდენტო ვადა მისცეს. „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს (ტაივანის, რედ.) დამოუკიდებლობას...“ - განაცხადა ბაიდენმა Reuters-ის ცნობით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლაი ჩინ-ტის გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "მოწოდებულია, შეინარჩუნოს სრუტეების შორის მშვიდობა, სტაბილურობა და მხარი დაუჭიროს უთანხმოებათა მშვიდობიან გადაწყვეტას იძულებისა და ზეწოლისგან თავისუფლების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მისი თქმით, აშშ მოუთმენლად ელის ლაისთან და ტაივანში ყველა მხარის ლიდერებთან მუშაობას, რათა განავითარონ მათი „გრძელვადიანი არაოფიციალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება აშშ-ის ერთი ჩინეთის პოლიტიკას.“ Reuters-ის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ არჩევნები, გარდამავალი პერიოდი პეკინთან კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება
საფრანგეთი მზადაა, უკრაინას ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღების წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმაროს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ უკრაინაში ვიზიტისას, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ფრანმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობა, აწარმოოს იარაღი საკუთარ მიწაზე და მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ სფეროში,“ - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება
ბაიდენის თქმით, აშშ-ს “ჰუსიტების“ საკითხზე ირანთან კერძო კომუნიკაცია ჰქონდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა კერძო გზავნილი გაუგზავნა თეირანს იემენში განთავსებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების“ საკითხზე, რომლებიც წითელ ზღვაში თავს ესხმიან საერთაშორისო ხომალდებს. ამ განცხადებამდ აშშ-მ და სხვა ძალებმა მეამბოხეების სამიზნეს მეორედ დაარტყეს. ბაიდენის მიერ ნახსენები გზავნილის შესახებ დეტალები დაკონკრეტებული არ არის. აშშ-სა და ირანს შორის ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ მოქმედებს. 1979 წლიდან ორ ქვეყანას შორის საკითხებს, თეირანში განთავსებული შვეიცარიის საელჩო აგვარებს. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ.