ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის დარტყმის შემდეგ რუსული სამხედრო ხომალდი ჩაიძირა - ISW
სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შედეგად, Tarantul-ის ტიპის რუსული კორვეტი ჩაიძირა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ იუწყება. 30 დეკემბერს, დილით, სევასტოპოლის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორიას საზღვაო დრონი დაესხა თავს. 2022 წლის აგვისტოდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი, სევასტოპოლის საზღვაო ბაზის ჩათვლით, უპილოტო თვითმფრინავების და სხვა შესაძლებლობების მონაწილეობით, უკრაინის მრავალჯერადი თავდასხმის სამიზნე იყო.
უკრაინა საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად „ინტენსიურად“ მუშაობს - Reuters
უკრაინა "ინტენსიურად" მუშაობს პარტნიორებთან, რათა საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს, ძირითადი აქცენტი კიევთან მდებარე ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტზე კეთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ როსტისლავ შურმამ 18 იანვარს დავოსში გამართულ პანელის დროს განაცხადა. „არ მინდა ზედმეტი მოლოდინის შექმნა [...] მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ უკრაინაში საჰაერო კავშირის აღსადგენად,“ - აღნიშნა შურმამ. „ჩვენ უნდა მივიღოთ ნებართვა IATA-სგან (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) და FAA-დან (აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია), რაც ადვილი საქმე არ არის, “ - განმარტა შურმამ. 2023 წლის 15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ომის დასრულებამდე სამოქალაქო აეროპორტის გახსნას განიხილავს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება და პარტნიორები უკვე მუშაობენ ამაზე, მაგრამ მან არ დააკონკრეტა, რომელ აეროპორტს შეუძლია ფრენების განახლება. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომის პირობებში უკრაინამ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
მეუფე შიო: ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება, ცოდვის დამარცხება ადამიანს საკუთარი ძალით არ შეუძლია
„ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს,“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. „ადამიანს ღვთის შეწევნის გარეშე ცოდვის დამარცხება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია, ძლიერი ნებისყოფის თუ კარგი აღზრდის წყალობით ზოგიერთი ცოდვა არ ჩავიდინოთ, თავი შევიკავოთ მათგან, მაგრამ ცოდვის როგორც ჩვენი სულის თვისების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა ადამიანს საკუთარი ძალით არ შეუძლია. იმიტომ, რომ როდესაც თავდაპირველად ადამმა შესცოდა და განშორდა ღმერთს, მისი ბუნება დაზიანდა და ეს დაზიანება გადაეცა შემდგომ მთელს კაცობრიობას. მას მერე ყოველი ადამიანი იბადება ამ დაზიანებული ბუნებით და ეს სენი იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის განკურნება. მაგალითად: შეუძლებელია, რომ ამპარტავანი ადამიანი საკუთარი მეცადინეობითა და შრომით გახდეს თავმდაბალი; ან კაცთმოძულე და შურიანი ადამიანი გახდეს მოსიყვარულე; ან მრისხანე გადაიქცეს მშვიდად; მატყუარა ადამიანმა შეიძულოს ტყუილი და შეიყვაროს სიმართლე შინაგანად, თავისი გულით; ხარბი და ვერცხლისმოყვარე გახდეს ხელგაშლილი, მოწყალე და ლმობიერი და ა.შ. ამ და სხვა ვნებების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა შესაძლებელია ღვთის მადლით. ამისთვის საჭიროა უფალი იესო ქრისტე შევიმოსოთ ჩვენ. ამიტომ იგალობება ეს საგალობელი, რომ ქრისტე თავისი მადლით შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენი ცოდვები წარხოცოს. ამისთვისაც საჭიროა ერთი თვისება, რომლის გარეშეც უფლის მადლი ჩვენ გულში არ შემოვა. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს. ჩვენ, სიმდაბლეც უნდა შევიმოსოთ. ერთი წმინდა მამა ამბობს და პატრიარქსაც, ილია მეორესაც გაუმეორებია “სიმდაბლე ღმერთის შესამოსელია“. აი, სიმდაბლეს თუ შევიმოსავთ, მაშინ მადლიც მოვა, მოვიზიდავთ სულიწმიდის მადლს, რომელიც როგორც ჩვენი სამყაროს დიდი შემოქმედი ძალა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მოვა ჩვენს გულში და წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და მოახდენს ჩვენს ფერისცვალებას. ჩვენ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, აზროვნებას და სრულებით ახალი ადამიანები გავხდებით. სწორედ ამ ფერისცვალებისთვის მოვიდა უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სულის მდგომარეობა, ეს არის უფლისთვის მთავარი, ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური წარმატებები, მიღწევები თუ კეთილდღეობა. ამისთვის ივნო მან ჯვარზე, ჩვენი ცოდვებისთვის. ამისთვის დააარსა მან თავისი ეკლესია. ამიტომ წმინდა ეკლესიაც, ჩვენი სარწმუნოება, ქრისტიანობა არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ღმერთთან ყოფნა. როგორც სახარებაშიცაა ნათქვამი, ვინც თავისთვის კი არ მდიდრდება, არამედ, ღმერთისთვის მდიდრდება,“ - აღნიშნა მეუფე შიომ.
დეკანოზმა განმარტა, რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა პატრიარქმა სამების ტაძარში
დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს. „პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო,“ - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა. ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა და წყლის კურთხევის წესი ჩატარდა.
უკრაინის დახმარებისთვის, ესტონეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 14 მილიონი ევრო გამოიყოფა
სამხედრო და კერძო სექტორის დახმარების გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად, ესტონეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 14 მილიონი ევრო გამოიყოფა. 14 მილიონი ევროდან ერთი მილიონი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო სხვა თანხები განაწილდება იმ ესტონური ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლებიც უკრაინასთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ ესტონური მედია ქვეყნის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. დასახელდა კონკრეტული სექტორები, რომლებიც საჭიროებენ ხელახლა განვითარებას: განათლების რეფორმა, ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ციფრული, ტექნიკური და კიბერ გადაწყვეტილებები, ყველა სფერო, სადაც ოდესღაც ესტონეთს სჭირდებოდა ხელახალი განვითარება. „მშენებლობა ასევე არის კიდევ ერთი სფერო, სადაც ესტონეთსა და ესტონურ ბიზნესს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას,“ აღნიშნავს ესტონური მხარე. ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის 400 მილიარდ ევროზე მეტია საჭირო.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის მზად უნდა ვიყოთ
რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. ბაუერის ციტატას ამჯერად Sky News-ი ავრცელებს. „უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ეს მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის, თუ თავს დაესხმებიან NATO-ს წევრ ქვეყანას. ჩვენ არ ვეძებთ რაიმე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ – აღნიშნავს ბაუერი. ადმირალმა ბაუერმა ხაზი გაუსვა, რომ შვედეთის მოქმედება სწორი იყო, როდესაც მოუწოდა მოსახლეობას, მოემზადონ ომისთვის ამ თვის დასაწყისში. „უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი როგორც წესი ისე არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვცდილობთ რაიმე კონფლიქტს, მაგრამ თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ - აღნიშნა ბაუერმა. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებს NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე გეგმავს. პოტენციური ზომები შეიძლება, მოიცავდეს ახალ ჩამონათვალს, მეტ სავაჭრო შეზღუდვებს და ასევე ითვალისწინებდეს იმას, რომ მოსკოვს როგორც მესამე ქვეყნების, ისე ევროკავშირში განთავსებული კომპანიების მეშვეობით სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობა წაართვას. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი - CPJ
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. პირველი დეკემბრისთვის პატიმრობაში იყო 321 ჟურნალისტი. ეს სიდიდით მეორე მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1992 წელს ორგანიზაციამ ამ მონაცემის აღრიცხვა დაიწყო. ორგანიზაციის მიერ 18 იანვარს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, ბელორუსი და რუსეთი, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი. დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65 პროცენტზე მეტს წაყენებული აქვს "ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებები, მაგალითად, ყალბი ცნობები და ტერორიზმი, მათი კრიტიკული გაშუქების საპასუხოდ.
იოსელიანი: გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების ტაძარში
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში.“ „უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში,“ – განაცხადა იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით. ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია. სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა 12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 13 იანვარს, ჰომოფობიურმა ჯგუფმა და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია დაგეგმა.
უკრაინის დაზვერვა რუსეთის ნავთობსაცავში ხანძარზე: გაგრძელება იქნება
რუსეთის ბრაიანსკის ოლქის კლინცის ნავთობის საცავში ბოლო ხანძარი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) სპიკერმა ანდრი იუსოვმა განაცხადა. კითხვაზე, თუ ვინ დგას ამის უკან, იუსოვმა უპასუხა:„ეს არის რუსეთის შეჭრის, შემოსევისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგები. გაგრძელება იქნება...“ ამასთან,„უკრაინსკა პრავდა“ (УП) უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, 19 იანვარს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დრონებით შეუტია რუსეთის ქალაქ ტამბოვში მდებარე დენთის ქარხანას და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზას. უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლის თქმით, ტამბოვის ქარხანაზე დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა, კლინცის ობიექტი კი, მნიშვნელოვნად დააზიანეს. როგორც გამოცემის წყარო ამბობს, პუტინმა რადიოელექტრონული ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის ყველაზე მეტ საშუალებას თავი მოუყარა უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში და არა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ობიექტების „დამუშავებას“ მომავალშიც გააგრძელებენ.
თოყაევი: შუა დერეფანი ეფექტიანად ავსებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) ეფექტიანად ავსებს ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიაციატივას.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რომში, იტალიური ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი რეგიონულ ჰაბად რომ ისცეს, ის აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს. „ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გლობალური კარიბჭის სტრატეგიას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ G7-ის ძალისხმევას - „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციისთვის,“აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა 35 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. „მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 1300 კილომეტრზე მეტი მოცულობის რკინიგზის აშენებას. ეს გაზრდის საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთში, სამხრეთ აზიასა და ევროპაში. ამიტომ, ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში, სატრანსპორტო გემების ერთობლივ წარმოებასა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნაში,“ - აღნიშნა თოყაევმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ბუდანოვის თქმით, ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-თან განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ძალებზე, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ყირიმში, მისი საჰაერო კამპანიის, საზღვაო თვითმფრინავების თავდასხმებისა და ფარული ოპერაციების მეშვეობით. მან აღნიშნა, რომ უკრაინული ქვედანაყოფები არაერთხელ შესულან ყირიმში და რომ უკრაინელი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიური ქმედებები გაგრძელდება. დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აღნიშნული მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის საოკუპაციო არმიის ლოგისტიკის განადგურებაა. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსების 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარე წინსვლის მცდელობებს არცერთი გარღვევა არ მოუტანიათ. „მათი ბოლო მცდელობა უკვე ორი თვეა გრძელდება. ფაქტობრივად - უშედეგოდ”, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. გამოცემა "ბორჯომი ტვ" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისა და ბელორუსის საზღვრებთან თავდაცვის ახალ ზონას ქმნიან
ბალტიის სამი სახელმწიფო ბელორუსთან და რუსეთთან საზღვრებზე, თავდაცვის ახალ ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ბალტიის ქვეყნები ამ ნაბიჯს, უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე პასუხად განიხილავენ. თავდაცვითი ობიექტების კონცეფცია მადრიდში, NATO-ს სამიტზე გაფორმებულ შეთანხმებას ემყარება. სამივე ქვეყნის მინისტრებმა ხელი ასევე მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ერთობლივი გამოყენების საფუძველს ქმნის. „ბალტიის თავდაცვითი ზონა არის საგულდაგულოდ გააზრებული პროექტი, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფიზიკური თავდაცვის სტრუქტურები საზღვარზე, რათა დავიცვათ ესტონეთი,“ - ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური. მისი თქმით, ამ თავდაცვითი ობიექტების მიზანი, მათ რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებაა. „მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რიგაში, რომლის მიხედვითაც ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ააშენებენ თავდაცვით ობიექტებს უახლოეს წლებში, რათა შეაჩერონ და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვა სამხედრო საფრთხეებისგან," - ნათქვამია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის მზად უნდა ვიყოთ
ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სომხეთს ეწვია. მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა უკვე გამართა. „მოვისმინე სომხეთის შეშფოთება სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. განვიხილეთ NATO-სომხეთის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება. NATO მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭირო ნორმალიზაციის პროვესს და მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, წერს კოლომინა X-ზე. რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში
კულება: უკრაინას ნაკლები დახმარება დასჭირდებოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას ნაკლები დახმარება დასჭირდებოდა მოკავშირეებისგან, თუ სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა. დმიტრო კულებას თქმით, უცხოური წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტების 95%-მდე ნაპოვნია რუსულ იარაღში. კულება ხაზს უსვამს, რომ დასავლეთი უნდა ეცადოს, რუსეთისთვის იარაღის წარმოების უნარისთვის ძირის გამოთხრას. „გარკვეული მონაცემებით, უკრაინაში განადგურებულ რუსულ იარაღში აღმოჩენილი უცხოური წარმოების კრიტიკული კომპონენტების 95%-მდე დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის,“ - წერს მინისტრი. კულება აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდება კერძო ფირმების ქმედებების შედეგია. ამასთან, მტრის მიერ იარაღში გამოყენებული კომპონენტები არა აუცილებლად სამხედრო საქონელი, არამედ, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებია. „რუსეთისთვის ამ სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხება მოითხოვს კერძო და საჯარო სექტორის ფართომასშტაბიან, შეთანხმებულ ძალისხმევას. მაგრამ ეს გადაარჩენს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს უკრაინაში და ხელს შეუშლის პუტინის საომარ მანქანას," - ამბობს კულება.
იაპონია მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა
BBC-ის ცნობით, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს რობოტი წარმატებით დაეშვა მთვარეზე, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს მის მისიას. ჯერჯერობით უცნობ მიზეზთა გამო, Slim-ი ელექტროენერგიის გამომუშავებას ვერ შეძლებს, ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება, თუმცა იაპონიის კოსმოსური სააგენტო (Jaxa) ვარაუდობს, რომ შესაძლოა Slim-ის პანელები მხოლოდ ახლაა იმგვარად გაშლილი, რომ სინათლე არ ხვდება და მზის სხივების პოზიციის შეცვლის შემდეგ, სისტემის ამოქმედების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი რობოტის მისია მთვარის გეოლოგიის 2 კვირის განმავლობაში შესწავლას ითვალისწინებდა. SLIM შედარებით პატარა ლენდერია, რომლის სიმაღლე 2,4 მეტრია. გაშვებისას მისი წონა 590 კილოგრამი იყო, ამ მასის დაახლოებით ორი მესამედი საწვავია. ინფორმაციისთვის, თავის დროზე მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და ჩინეთმა წარმატებით შეასრულეს მისიები მთვარეზე. გასული წლის აგვისტოში კი, ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა. ასევე აგვისტოში რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა. ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა
იტალიაში საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რომის სასამართლომ იტალიის საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANSA. ფრეგატის კაპიტანი უოლტერ ბიოტი ჯაშუშობასა და მექრთამეობაში ცნეს დამნაშავედ. ის 2021 წლის მარტში რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეხსიერების ბარათში იყო ბიოტის კომპიუტერიდან დოკუმენტები და ფოტოები, მათ შორის, 47 მონიშნული იყო, როგორც „NATO-ს საიდუმლო“, ხოლო 57 - როგორც NATO-ს კონფიდენციალური.“ ბიოტისთვის ეს უკვე მეორე სასჯელია, რადგან სამხედრო ტრიბუნალმა მას 2023 წლის მარტში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იტალიამ ორი რუსი დიპლომატი 2021 წელს გააძევა სკანდალის საპასუხოდ.
რუსეთში, მოპარული უკრაინული ნივთების მუზეუმი გაიხსნა - უკრაინა
რუსეთში, მოპარული უკრაინული ნივთების მუზეუმი გაიხსნა, მათ შორის არის ცეცხლმაქრები და სანომრე ნიშნები. მედია მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს ცნობას ეყრდნობა. მან აღნიშნა, რომ მანქანის სანომრე ნიშანი, რომელიც ამ მუზეუმის ექსპონატად იქცა, კრამატორსკელ ქალს ეკუთვნის. „არ არის ცნობილი, მანქანას მოხნსეს თუ მანქანიანად მოიპარეს. არც ქალის ბედია ცნობილი, ყოველ შემთხვევაში - ჩვენთვის. მაგრამ ეს დეტალია. ნამდვილი მანქანის სანომრე ნიშანი. რეალური ადამიანის. ეს არის ის, რაც ხაზს უსვამს არაადამიანურობას, რასაც რუსები ყოველ ნაბიჯზე სჩადიან ფრონტზე. ოკუპაციაში თუ სხვაგან,“ - წერს ანდრიუშჩენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება
თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოს გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე საგზაო სამუშაო ბოლო ეტაპზეა. „ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაო ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. კერძოდ, N311, N 327 ავტობუსები და N458, N 476, N 504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N 320 ავტობუსი და N 536, N 551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, შემდეგ კი წინამძღვრიშვილის ქუჩით წერეთლის გამზირს დაუკავშირდებიან. N 476, N 458 მიკროავტობუსები, სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, დავით ყიფიანის ქუჩიდან სვლას აღმაშენებლის გამზირისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდეგ, დავით ყიფიანის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ,“ წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება