ძებნის რეზულტატი:

მედია: საქართველო ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი დაარეგისტრირეს

Forbes-ის რუსულენოვანი ვერსია ანალიტიკურ კომპანია „ფინიონზე“ დაყრდნობით წერს, რომ საქართველო ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსეთის მოქალაქეები ბიზნესს არეგისტრირებდნენ. გასული წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 13 ათასი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა 6100 კომპანია გახსნეს. მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო იყოფენ, სადაც, რუსი მესაკუთრის 3400 იურიდიული პირი დარეგისტრირდა. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 16 ათასამდე იურიდიული პირი დარეგისტრირდა. შედარებისთვის 1995 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე საქართველოში რუსებმა 7788 კომპანია დაარეგისტრირეს. 2023 წლის ბოლოს სერბეთში რუსებმა დაახლოებით 3000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, 2022 წელს 6000, ხოლო 2021 წელს - დაახლოებით 2000. რუსები სერბეთში ხსნიან სილამაზის სალონებს, კაფეებს, საბავშვო ბაღებს, წიგნების მაღაზიებს და კოსმეტიკურ საწარმოებსა და დეველოპერულ კომპანიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა შემცირდა. 2023 წელს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში 1 856 237-ჯერ შევიდნენ და 1 887 223-ჯერ გავიდნენ. სხვაობა თითქმის 31000-ია.  

შუა დერეფნის გავლით ექსპორტის 10 მილიონ ტონამდე გაზრდას ველოდებით - ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი

„დივერსიფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც შუა დერეფანს წარმოადგენს. ჩვენ საკმაოდ ბევრ ინვესტიციას ვახორციელებთ, ეს დერეფანი არის ალტერნატივა ჩვენი ტრადიციული მარშრუტებისა, რომლებსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამავდროულად, ვავითარებთ სხვა გზებს ჩვენი პროდუქტის ექსპორტისთვის,“ – ამის შესახებ ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა, ალიბეკ კუანტიროვმა მედიას დავოსში განუცხადა. მისი თქმით, 2025 წლისთვის ექსპორტი 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. „ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი მეგობრების დახმარებით, ორ საგზაო რუკას მოვაწერეთ ხელი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. 2023 წელს ექსპორტი კასპიის ზღვიდან შუა დერეფნის გავლით ჩვენი ორი პორტიდან გაიზარდა 86 პროცენტამდე, 2,8 მილიონი ტონით. მთლიანობაში, ოთხივე ქვეყანა ველოდებით, რომ 2025 წლისთვის ამას 10 მილიონ ტონამდე გავზრდით, წელს საერთო, 2,8 მილიონი ტონიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობზე მოდიოდა და ეს პირველად მოხდა,“ – განაცხადა მინისტრმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

პრემიერი: საქართველო შუა დერეფნის განვითარების იდეის ბოლომდე ერთგული რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას მადლობა გადაუხადა „ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.“  „ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია და დიდი წინსვლა ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული რჩება ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა.“ მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე. „ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.  ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, -  საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.   უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია  და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება  და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს.   ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ.  ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, -  ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება. ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს.   პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა.  ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას,“ -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უსაფრთხოების სფეროში გამოწვევის მიუხედავად, უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მოხდა.“   „რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ, - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას.   თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა. „რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები.  ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას,“ - განაცხადა პრემიერმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე პიოტრ ვავჟიკი დააკავეს. მას კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, დიპლომატი ფულს იღებდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ვიზების გაცემის დაჩქარებაში. ბრალდებები ეხება უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლონეთის ასობით ვიზის გაცემას. საუბარია პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობაზე ჰონგ-კონგში, ტაივანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, ფილიპინებსა და კატარში. ვავჟიკი მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელია. ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019 წლიდან იყო პასუხისმგებელი საკონსულო საკითხებზე. 2023 წლის აგვისტოში მოულოდნელად მოხსნეს თანამდებობიდან. 17 იანვარს კი, ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალდების წაყენების შემდეგ ვავჟიკი გირაოთი გაათავისუფლეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ბრალი სულ ცხრა პირს წაუყენეს.  

უკრაინის მხარდასაჭერად საფრანგეთში საარტილერიო კოალიცია ამოქმედდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, მხარეებმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება დეტალურად განიხილეს. „საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე საარტილერიო კოალიციის ამოქმედებისთვის და 2024 წელს ათობით Caesar-ის ტიპის ჰაუბიცისა და საბრძოლო მასალის დამზადების ვალდებულებისადმი ერთგულების გამო. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია, უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებები, მათ შორის, საფრანგეთის შემდეგი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის და უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა. ჩვენ მივმართეთ ჩვენს პოლიტიკურ და სამხედრო მრჩევლებს, მოემზადებინათ პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი უკრაინაში და დაეჩქარებინათ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე G7 ვილნიუსის დეკლარაციის შემდეგ,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს უკრაინის მხარდასაჭერად პარიზში ახალი საერთაშორისო კოალიცია შეიქმნება მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის.  

აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, დანიაც შეუერთდება

დანია შეუერთდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რომელიც ჰუსიტების წინააღმდეგ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო შეიქმნა. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა 18 იანვარს განაცხადა. დანიის კონტრიბუცია ოფიცრის დონეზე შედგება. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-მ ჰუსიტები SDGT -ისა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიიდან 2021 წელის თებერვალს ამოიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მაშინ იემენელი ხალხის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა დასახელდა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან.  

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. საგარეო საქმეთა საკინისტროს ცნობით, შეხვედრა, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. „სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა. 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაეყრდნობა არსებულ მიღწევებს: „ის ემყარება ევროპის საბჭოს უახლეს შეფასებებს, მონიტორინგის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, ასევე რეიკიავიკის დეკლარაციას, რომელიც გასულ მაისს შეთანხმდა ევროპის ლიდერებს შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე. რაც მთავარია, სამოქმედო გეგმა ეფუძნება თავად საქართველოს პრიორიტეტებს.“ ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.  

საფრანგეთი უკრაინას თვეში 3 000 ჭურვს და SCALP-ის 50 რაკეტას მიაწვდის

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ყოველთვიურად 3 000 ჭურვს მიაწვდის. ლეკორნუმ, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში Caesar-ის კიდევ 6 თვითმავალ „ჰაუბიცას’ გადასცემს. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 30 მსგავსი დანადგარი მიაწოდა. „2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან - თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში,“ - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას თვეში 50 ერთეულ SCALP-ის რაკეტას გადასცემს. უკრაინის მხარდასაჭერად საფრანგეთში საარტილერიო კოალიცია ამოქმედდა  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

როვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. ევროს კურსი 2.8941 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ამერიკის საელჩო: კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია

ამერიკის საელჩოს განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამერიკის საელჩო რიჩარდ ნევიუს ვიზიტს აფასებს და მას პროდუქტიულს უწოდებს. „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს რიჩარდ ნევიუს ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში. ის აფასებს იმ შეხვედრებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა. კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა და განიხილა მიმდინარე ძალისხმევა და გზები, რათა კორუფციის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობა გაღრმავდეს,“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს  

2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება - მაკრონი

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარმოადგინა ხედვა საფრანგეთისა და ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ეკონომიკურ რეფორმებს, გარემოს მდგრადობას და ევროპის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მაკრონის ხედვა უფრო სუვერენული ევროპის შესახებ მოიცავს ევროპული წარმოების უზრუნველყოფას ძირითად ტექნოლოგიურ სექტორებში. მან ევროკავშირი აღწერა, როგორც „დიდი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი პროექტი და არა ჰეგემონიის, არამედ ბალანსის, წონასწორობისა და პატივისცემის პროექტი.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს იმ ფონზე, როცა აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება რთულია. დონალდ ტრამპის პოტენციური ხელახალი არჩევისას, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპამ საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს თანმიმდევრულ საკითხებზე, ვიდრე ზედმეტად დაეყრდნოს თავის მოკავშირეს ატლანტის ოკეანის გასწვრივ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაკრონი მსგავსი მოწოდებით გამოდის. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება. „ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უფრო თვალსაჩინოები, მეტ ძალისხმევაას მივმართოთ, რაც არ უნდა მოხდეს შეერთებულ შტატებში,“ - აღნიშნა მაკრონმა.  მან  იგულისხმა კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც კლიმატის კრიზისი. მაკრონმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობისთვის. როგორც CNBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებს ჩინეთს, ევროპის მიდგომა უფრო ამბივალენტურია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი მისი შიდა კომპანიებისთვის. „ევროპელებისთვის დიდი რისკია ის, რომ ისინი არასწორი დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდებიან,“ - აღნიშნა მაკრონმა. აქედან გამომდინარე მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ გახდეს უფრო თვითკმარი, რეგიონული ინვესტიციების გაზრდით სუფთა ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში.„მე ყოველთვის უფრო სუვერეული ევროპის მომხრე ვარ. ეს არ ნიშნავს თქვენი კავშირების ჩახშობას, თქვენი პარტნიორობის მოკვლას და თქვენი ალიანსების გაქრობას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არ იყოთ ზედმეტად დამოკიდებულნი თქვენი ღირებულების ჯაჭვების ზოგიერთ სექტორში,“აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

უკრაინას ომში გამარჯვებისთვის 400 HIMARS სჭირდება - ლანდსბერგისი

რუსეთის წინააღმდეგ ომში მოსაგებად უკრაინას სჭირდება 400 HIMARS-ის გამშვები ერთეული, განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგი იქნება უკრაინის მხარდაჭერა „ყველაფრით, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის.“ „რუსეთის წინააღმდეგ ომში მოსაგებად უკრაინას სჭირდება არა 40, არამედ, 400 ერთეული HIMARS-ის გამშვები, 1000 და არა 80 ტანკი. ეს იქნება შემაკავებელი სიგნალი პუტინისთვის,” - განმარტა ლანდსბერგისმა. ლიეტუვა, რომელიც უკრაინის აქტიური მოკავშირეა რუსეთთან ომში, მომავალ წელს უკრაინისთვის დაახლოებით 340 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, თანხების ნაწილი კი, განათლების სექტორისთვის დაიხარჯება. ერთი თვის წინ ლიეტუვამ უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისთვის სარადარო აღჭურვილობის კომპლექტი მიაწოდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.    „განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის შეხვედრა დავოსში გაიმართა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა პრემიერმაც.   „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა,“ -  წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

NATO-ს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ირანისგან რაკეტებს მიიღებს

ირანი მისი მოკავშირე რუსეთისთვის სავარაუდოდ, რაკეტების მიწოდებას დაიწყებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, ამბობს NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი. ბაუერი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვმა არაერთხელ სთხოვა ირანს დახმარება. მანვე აღნიშნა, რომ რუსული ძალების მიერ ირანული რაკეტების გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. დასავლეთი ირანს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკავშირედ თვლის. ირანმა ოკუპანტებს კამიკაძე-დრონები მიაწოდა. რუსი ჯარისკაცები აქტიურად იყენებენ ირანულ თვითმფრინავებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განსახორციელებლად, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. WSJ: აშშ-ს სჯერა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები შესაძლოა, გაზაფხულზე მიაწოდოს  

კანადა Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის უკრაინელ სამხედროებს წვრთნის

კანადის შეიარაღებულმა ძალები უკრაინელებს Leopard 2-ის ტიპის ტანკების გამოყენებაში წვრთნიან. სამი როტაციის განმავლობაში დაახლოებით 190-მა უკრაინელი სამხედრომ გაიარა სწავლება.  შესაბამისი ფოტოები კანადურმა მხარემ X-ზე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, კანადის შეიარაღებულმა ძალებმა 2015 წლიდან მოყოლებული 39000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ კანადელმა ინსტრუქტორებმა დატოვეს უკრაინის ტერიტორია, მაგრამ რამდენიმე თვეში წვრთნა დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და ლატვიაში განახლდა.  

ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს 6 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეტეშენკოს) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს, რის გამოც მას ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს. ესტონეთი მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის იქედან გამომდინარფე, რომ ვალერი რეტეშენკოს საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და მან არ შეცვალა თავისი ქცევა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა. მიტროპოლიტი ესტონეთში 4 წელია დროებით ნებართვით ცხოვრობს, მისი ბინადრობა ბოლოს ორი წლის წინ ომის დაწყებამდე განახლდა.  

NATO ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ წვრთნებს 90 000 ჯარისკაცით დაიწყებს

ათწლეულების განმავლობაში NATO-ს უდიდეს წვრთნებში - Steadfast Defender 2024 დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები მომავალ კვირას და მაისამდე გაგრძელდება. „ალიანსი გამოავლენს თავის უნარს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით,“ - განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ. ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.  

საფეხბურთო კლუბ "თელავს" რუსი სპეციალისტი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ "თელავის" ადმინისტრაციამ მწვრთნელად რუსი სპეციალისტი, 50 წლის ოლეგ ვასილენკო მოიწვია - ინფორმაცია ახალი მწვრთნელის შესახებ კლუბის Facebook გვერდზე გავრცელდა. ის მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე შემდეგ კლუბებში: "სატურნი", ბელარუსის მინსკის" დინამო", "კრასნოდარი", "ანჟი", "ურალი", "სოჩი", ლატვიის "რფს რიგა", ლიეტუვას "ტრაკაი", კალინინგრადის "ბალტიკა". „2012/2013 წლების სეზონში ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა. მუშაობდა ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ", - წერს კლუბის გვერდი. ამავე ინფორმაციას ახალი მწვრთნელის კომენტარიც ახლავს. "პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მასწავლით. "თელავის" შესახებ ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრს მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ზოგადად, ბევრმა შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი "თელავი" ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ." - ამბობს ვასილენკო. საფეხბურთო კლუბ თელავის ინფორმაციით, კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის ბერძენმა გეორგიოს კოსტისმა და მისმა თანაშემწემ, სერბმა სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა კლუბი ერთი კვირის წინ დატოვეს, მიზეზი კი კონტრაქტის დასრულება გახდა.

Bloomberg: ფულის გათეთრების მტკიცებულების არარსებობის გამო, საქმე “ივანიშვილი UBS-ის წინააღმდეგ“, დაიხურა

Bloomberg-მა 16 იანვარს სტატია გამოაქვეყნა სათაურით „UBS იგებს, რადგან გამოძიება Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების თაობაზე შეწყდა.“ სტატიაში ნათქვამია ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის ივ ბერტოსას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სამართლებრივი დავა შვეიცარიულ UBS Group-ს, რომელმაც გაკოტრების პირას მყოფი ბანკი Credit Suisse იყიდა, და ქართველ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა შეწყდეს, ვინაიდან გამოძიებამ ვერ იპოვა პატრის ლესკოდრონის და მესამე მხარეების მიერ ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება. პატრის ლესკოდრონი Credit Suisse-ის კლიენტთა მრჩეველი იყო, რომელმაც ხელმოწერებს და კლიენტთა ამონაწერებს აყალბებდა, რათა თავისი უმსხვილესი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ლესკოდრონის თაღლითობა თითქმის 10 წლის მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა. 2015 წელს მან საბოლოოდ დანაშაული აღიარა. 2018 წელს ჟენევის სასამართლომ დააადგინა, რომ მან თავის კლიენტთა ნდობას უღალატა. 2019 წელს იგი ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო 2020 წელს მან თავი მოიკლა. ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2021 წელს უჩივლა და ბანკს თაღლითობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მან თავისი ფული Credit Suisse-ს მიაბარა, რომელმაც დაკარგა ის. 2022 წელს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ  Credit Suisse პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ მიიღო გონივრული ზომები, რათა აღეკვეთა თაღლითობა და ანგარიშების არასწორი მართვა.   საქმემ ბერმუდადან სინგაპურამდე მრავალი სასამართლო ინსტანცია გაიარა და მათგან თითქმის ყველამ დაადგინა შვეიცარიის ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან არასათანადო ქმედებები: „ლესკოდრონის მიმართ არასათანადო მოპყრობას, რომელიც 2018 წელს თაღლითობისა და გაყალბებისთვის გაასამართლეს, სასამართლო პროცესების წაგების მთელი სერია მოყვა, რის შედეგადაც ბანკი ასობით მილიონი შვეიცარული ფრანკის ზარალის წინაშე დადგა,“ – აღნიშნავს Bloomberg და დასძენს, რომ თავად პროკურორი ბერტოსა ყოველთვის ადანაშაულებდა Credit Suisse-ს უკანონო ტრანზაქციების თავიდან აუცილებლობის გამო, „რაც, მისი თქმით, წარმოადგენდა ფულის გათეთრებას დამამძიმებელ გარემოებებში“. დღეის მდგომარეობით, ბერტოსამ განაცხადა, რომ საქმე ვერ გაგრძელდება მტკიცებულებების არარსებობის გამო. თავად Credit Suisse „ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი მარტოხელა მგელი იყო, რომელიც თავის თაღლითობას კოლეგებს უმალავდა,“ – ნათქვამია სტატიაში. Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ივანიშვილის პრესმდივანი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, „ბერტოსა ახლა ირწმუნება, რომ ეს დანაშაულები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ დანაშაულების კონტექსტში, რისთვისაც ლესკოდრონი გაასამართლეს, და არა ფულის გათეთრების ჭრილში.“ წყარო  

შვეიცარიის სამთავრობოს უწყებების რამდენიმე ვებგვერდზე მასიური კიბერშეტევა იყო

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის სამინისტროების რამდენიმე ვებგვერდი მასიური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. შვეიცარიული მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა NoName აიღო და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსის ფორუმზე ყოფნის შესახებ მიუთითა. შვეიცარიის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (Nationales Zentrum für Cybersicherheit NCSC) ინფორმაციით, კიბერშეტევა დროულად აღმოაჩინეს და სპეციალისტებმა ვებგვერდებზე წვდომის სწრაფად აღდგენისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღეს. „მსგავსი თავდასხმა მოსალოდნელი იყო და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო მიღებული. [ე.წ.] DDoS შეტევები მიზნად ისახავს ვებგვერდებზე წვდომის დაკარგვას. ის არ იწვევს მონაცემთა დაკარგვას ან გაჟონვას,“ - აცხადებენ NCSC ექსპერტები. ამ ჯგუფის მხრიდან თავდასხმა ზაფულშიც განხორციელდა, როდესაც ზელენსკი პარლამენტარებს ესაუბრებოდა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 2024 წლის 15 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიის მთავრობის წევრებსა და პარლამენტის წევრებს ბერნში შეხვდა. 16 იანვარს, მან მონაწილეობა მიიღო დავოსის ფორუმში.