ძებნის რეზულტატი:
ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია
Politico-ს ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია, მაგრამ - ერთი პირობით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება. მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს. „დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ,“– განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის მაუწყებელ Channel 4 News-თან. ზელენსკიმ განმარტა, რომ თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების "ფორმულა", მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა.
ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებული ექვსი პირი დაასანქცირა
ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება. საჭიროებისამებრ, მისი განხილვა, განახლება და შეცვლა მუდმივად მოხდება,“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, „ჰამასის“ უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.
უკრაინაში მობილური საცეცხლე ჯგუფების წვრთნები მიმდინარეობს
უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ამოცანების შემსრულებელი მობილური საცეცხლე ჯგუფები წვრთნებს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლობა ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ოპერატიულ ზონაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებას. სამხედროებთან ყოველდღიურად ტარდება ყოვლისმომცველი ტაქტიკური და ფსიქოლოგიური სწავლება. მობილური სახანძრო ჯგუფების ეკიპაჟები გადიან სწავლებას, რათა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლადმზადყოფნა გააუმჯობესონ. წვრთნა ძირითადად მოიცავს ქვედანაყოფებს, რომელთა სამოქმედო არეალი მტრის საჰაერო თავდასხმების მუდმივი საფრთხის წინაშეა.
ზელენსკი: მსოფლიოს აქვს ძალა, შეაჩეროს ომები
„მსოფლიოს აქვს ძალა, შეაჩეროს ომები, რომელთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს. და ამ ძალამ ახლა უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად.“ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობისა და საფრთხის ჟამი. „მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება, მეტი ომი იყოს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა, დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა. და ამ ძალამ ახლა უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც იცავს უკრაინას, ვინც მუშაობს უკრაინისთვის, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან განდევნის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - აღნიშნავს ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს - სერბეთის პრეზიდენტი
შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა. „ეს მარშრუტი სულ უფრო და უფრო კრიტიკული მნიშვნელობის ხდება. ჩრდილოეთის მარშრუტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შუა დერეფანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება," - აღნიშნა ვუჩიჩმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ბალკანეთის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული ურთიერთკავშირის დამყარების მნიშვნელობას. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ინტერკონექტორი ასევე მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას EBRD-ისგან ან EIB-ისგან, როგორც ეს სხვა პროექტების შემთხვევაში ხდება,“ განაცხადა ვუჩიჩმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
თენგიზ ცერცვაძე: ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი გვქონდა, ხოლო „კოვიდით“ გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია
„ბოლო პერიოდში რესპირატორული ვირუსების მატება აღინიშნება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. საქართველო არ არის გამონაკლისი. ეს მატება მოსალოდნელი იყო. არ არის არავითარი საგანგაშო და საპანიკო მდგომარეობა,“ – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, გადაჭარბებულია ემოციები, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის. „საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით „კოვიდის“ სამ წელს. მოსახლეობა ხშირად ზედმეტად განიცდის ახლანდელ მატებას, რადგან მიეჩვია, „კოვიდის“ პანდემია როდესაც იყო, რესპირატორული ვირუსები ძალიან ცოტა იყო. კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი,“ – განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ რესპირატორულმა ინფექციებმა, შესაძლოა, თებერვალ-მარტში მოიმატოს, თუმცა მომატების შემთხვევაშიც საგანგაშო ვითარება არ იქნება, რადგან საქართველოში ინფექციები კარგად იმართება. მისივე თქმით, აცრისთვის ახლა დაგვიანებულია, მაგრამ თებერვალ-მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი და აცრას აზრი მაინც აქვს. „სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა, მოიმატა, თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი. ასე რომ, თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინალური და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების. მაგალითად, გრიპის დროს. გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო „კოვიდით“ გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ; მეორე, თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა სისტემური მიდგომები ამ რესპირაციული ვირუსების მართვით კუთხით. ამ ყველაფრის დადებით შედეგს ვიმკით ახლა. მიუხედავად სერიოზული მატებისა და საკმაოდ მძიმე ფორმების საკმაო სიხშირისა, ჯანდაცვის სექტორი ამას ძალიან კარგად უმკლავდება მინიმალური დანაკარგებით. ახლა აცრას აზრი მაინც აქვს. ოპტიმალური დრო აცრის არის ოქტომბერ-ნოემბერი. აცრის შემდგომ იმუნიტეტი იწყებს გამომუშავებას ორი კვირის შემდეგ. თუმცა, პიკს ერთი ან ორი თვის მერე აღწევს. ახლა კლასიკურად აცრისთვის დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ თებერვალ-მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი, ასე რომ, აცრას აზრი აქვს, რათა თებერვალ-მარტის პიკს შევხვდეთ კარგი იმუნიტეტით,“ – აღნიშნა ცერცვაძემ.
ევროპა საარტილერიო ჭურვების წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდის
ევროკომისარმა შიდა ბაზრების საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს მიმდინარე წელს 1,3 მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოება შეუძლია. ბრეტონმა ამის შესახებ 19 იანვარს ტალინში, პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად ისაუბრა. ბრეტონის თქმით, წარმოების მიმდინარე მაჩვენებლები კონფიდენციალურია, მაგრამ ევროკავშირი შეძლებს აწარმოოს ერთი მილიონი ჭურვი მიმდინარე წლის მარტში ან აპრილში, რითაც გასულ წელს დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს. ევროპის კომისია გააგრძელებს მუშაობას საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზე და 2024 წლისთვის, შესაძლოა, 1,3-დან 1,4 მილიონამდე ჭურვს გამოუშვას. ბრეტონმა ასევე აღნიშნა, რომ პრიორიტეტული ამოცანაა, უკრაინისთვის ევროპაში წარმოებული ჭურვების უდიდესი ნაწილის მიწოდება.
თოვლი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
რუსმა ჰაკერებმა Microsoft-ის კორპორაციული ელ-ფოსტების ანგარიშები გატეხეს
კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა კორპორაციული ელ-ფოსტების, მათ შორის, ხელმძღვანელობის ანგარიშები გატეხეს. „კომპანიის უსაფრთხოების გუნდმა 12 იანვარს დააფიქსირა თავდასხმა და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კიბერთავდასხმის უკან დგას ჯგუფი Midnight Blizzard, რომელსაც „რუსეთი უწევს სპონსორობას,“ ნათქვამია კორპორაციის პრესრელიზში. კომპანიის ცნობით, ჰაკერებმა შეძლეს წვდომის მოპოვება Microsoft-ის კორპორაციული -ელ-ფოსტების ძალზე მცირე პროცენტზე. მათ შორის. არის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრების, კიბერუსაფრთხოების სამსახურის, იურიდიული სამსახურისა და სხვა ქვედანაყოფების თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა. ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე ელექტრონული წერილისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების გატაცება. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ თავდაპირველად ჰაკერები ელექტრონულ ფოსტაში ეძებდნენ ინფორმაციას თავად Midnight Blizzard-ის შესახებ. კორპორაცია აღნიშნავს, რომ თავდასხმა არ არის დაკავშირებული Microsoft-ის პროდუქტებისა და მომსახურებათა დაუცველობასთან. ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს კლიენტების გარემოზე, ამოსავალ კოდზე ან ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე. გამოძიება გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ,“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები დაიღუპნენ - Reuters
ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 წევრი დაიღუპა. „რევოლუციური გვარდიის სირიის დაზვერვის ქვედანაყოფის უფროსი, მისი მოადგილე და გვარდიის ორი სხვა წევრი ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას მოწამეობრივად ემსხვერპლნენ“, - აცხადებს ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოთხი წევრი დაიღუპა ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტოს თანახმად, შენობა სრულიად განადგურებულია. მას იყენებდნენ ირანელი მრჩევლები, რომლებიც სირიის მთავრობას უჭერენ მხარს. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ მომხდარს „ისრაელის აგრესიის აქტი“ უწოდა. ისრაელის მედია იტყობინება, რომ რაიონში, სადაც აფეთქება მოხდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ზიად ალ-ნახალა და აკრამ ალაჯური ცხოვრობენ, რომელიც ორგანიზაციის მთელი სამხედრო საქმიანობაზე არის პასუხისმგებელი. „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალ-ნახალა არ დაშავებულა. ადამიანის უფლებების სირიული ცენტრის თანახმად, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, შენობაში, რომელზეც დარტყმა განხორციელდა, ირანის მხარდამჭერ ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობდა. ორგანიზაცა მათ ვინაობას არ აკონკრეტებს. ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მიიტანა იერიში. ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. „კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და ძალადობა გაიზარდა სირიაში, ლიბანში, ჩრდილოეთ ერაყსა და წითელ ზღვაში. ლიბანში, ქვეყნის მძიმედ შეიარაღებულმა, ირანულმა მარიონეტულმა ჰეზბოლამ, ისევე როგორც პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ადგილობრივმა ფრთებმა, ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის საზღვრის გასწვრივ რაკეტები გაისროლეს,“ - წერს Reuters-ი.
კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია სიძის მოკვლა განზრახული და მას ცივი იარაღი განზრახ არ წაუღია. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა განზრახვის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის პოლიციას თავად ჩაბარდა. პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც სავარაუდოდ, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა და მიიმალა. შურისძიების მიზნით კი, დაზარალებულის ბიძამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მყოფ სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.
ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აქვეყნებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა არ გამორიცხა. „გუშინ საღამოს, პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ წლების განმავლობაში მისი მყარი პოზიცია გაიმეორა, რომელიც მან წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. „ჰამასის“ ლიკვიდაციის შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი ისრაელმა უნდა აიღოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ღაზა ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის და ეს პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას ეწინააღმდეგება,“ - წერია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგებოდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 24 იანვარს უკრაინაში ჩავა. ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა Denník N ფიცოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართება, რომელიც სლოვაკეთთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში ფიცოსა და შმიგალს შორის უკვე გაიმართა სატელეფონო საუბარი. „ორშაბათს ნიტრაში ვარ, სამშაბათს გასვლითი შეხვედრა მაქვს მთავრობასთან, ოთხშაბათს უკრაინაში ვარ [უკრაინის პრემიერ-მინისტრ] შმიგალთან ერთად,” - განაცხადა ფიცომ მომავალი კვირის გეგმებზე საუბრისას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “გამორიცხავს იარაღის მიწოდებებს,” მაგრამ “მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას, ოღონდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად”. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი დაინტერესებულია “უკრაინისთვის ჰუმანიტარულ და სამოქალაქო სფეროში დახმარებაში.” შეგახსენებთ, ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.
აშშ და უკრაინა მიწოდებულ იარაღს ერთობლივად პირველად ამოწმებენ
თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა ამერიკელი პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა ერთობლივად შეამოწმეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემოწმება სამხედრო ნაწილში ჩატარდა. უკრაინელმა და ამერიკელმა ინსპექტორებმა შეამოწმეს სამი ძირითადი ელემენტი: სერიული ნომრები, ტექნიკური მდგომარეობა და შენახვის პირობები (უსაფრთხოება და დაცვა). ინფორმაციის დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეერთებული შტატების წარმომადგენლების მხრიდან ერთობლივი მუშაობის დროს კომენტარი არ გაკეთებულა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ჯიჰირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენახვის ობიექტებზე წვდომის უზრუნველყოფა, ღიაობა და სისტემატური ერთობლივი ინსპექტირება არის ის ზომები, რომლებსაც სამინისტრო ატარებს გამჭვირვალობის გაზრდისა და პარტნიორებთან ურთიერთობის ნდობის გასაძლიერებლად. როგორც ცნობილია, 2023 წლის ნოემბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო და ხელი მოაწერა პარტნიორი ქვეყნის მიერ მოწოდებული იარაღის საბოლოო გამოყენების შესახებ თვითშეტყობინებების კონცეფციას. იარაღის ადგილზე ერთობლივი შემოწმების გეგმა 14 დეკემბერს ამერიკულ მხარესთან შეთანხმდა.
ზელენსკი: ვაფორმებთ ახალ, ძლიერ ორმხრივ შეთანხმებებს
უკრაინის პრეზიდენტი მომავალ კვირას საერთაშორისო დონეზე აქტივობას აანონსებს. ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებზე საუბრობს. უკრაინის ძირითად პარტნიორებთან სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე მუშაობს. „მომავალ კვირას საერთაშორისო დონეზე უფრო მეტი აქტივობა გვექნება. მათ შორის ევროკავშირის პარტნიორებთან. გავზრდით აქტივობას. ეს ასევე ეხება პარტნიორების უსაფრთხოების ვალდებულებებს. ჩვენ ვაფორმებთ ახალ, ძლიერ ორმხრივ შეთანხმებებს. იანვარმა და თებერვალმა უფრო მეტი შედეგი უნდა გამოიღოს ამ სფეროში. ჩვენ უკვე შეგვიძლია, კონკრეტული თარიღების განსაზღვრა, როდდესაც ასეთი ახალი და ძლიერი დოკუმენტების გაფორმება შეგვეძლება. მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის, რომელიც მონაწილეობს შესაბამის მოლაპარაკებებში, ისევე როგორც ყველა ლიდერსა და ერს, რომელიც მზად არის, გადადგას ნამდვილად ამბიციური ნაბიჯები. უსაფრთხოების ვალდებულებების ასეთი ახალი არქიტექტურის შემუშავებით, ჩვენ ეფექტიანად ვაცოცხლებთ საერთაშორისო სამართლის სისტემას. და როდესაც უკრაინაში სამართლიანობა და უსაფრთხოება აღდგება, ეს ასევე იმუშავებს დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ძირითად პარტნიორებთან სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე, რომლებიც მიწოდებული იქნება ახლავე, უახლოეს კვირებსა და თვეებში. მადლობას ვუხდი უკრაინის ყველა მეგობარს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ესმით, რომ ბრძოლის ველს უბრალოდ არ შეუძლია ლოდინი და სიცოცხლის გადარჩენის მცდელობების გადადება, ისევე როგორც მათ, ვინც მუშაობს გადაწყვეტილების დასაჩქარებლად, რაც ახლა საჭიროა,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
ერმაკი: თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვას გამოიწვევს, რასაც არასდროს დავთანხმდებით
„თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით,“ - უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადებაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში გააკეთა. ერმაკის შეფასებით, შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს. „ამას 2014 წლიდან ვხედავდით. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს. გამოსავალი იმაში კი არ მდებარეობს, რომ გავჩერდეთ, არამედ იმაში, რომ რეალისტები ვიყოთ, ძლიერები ვიყოთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ და არ გავჩერდეთ,“ - განაცხადა ერმაკმა. ერმაკმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება „უდავოდ, რთულია, მაგრამ ჩვენი ერის მოტივაცია, ჩვენი მებრძოლების მოტივაცია ძალიან მაღალია.“ „ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ასევე ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ვმუშაობთ. რუსებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსებში ჩვენზე უპირატესობის იმედი. ჩვენ ტექნოლოგიურ უპირატესობებზე გათვლა გვიწევს. ფრონტის ხაზი 2,000 კილომეტრზე მეტია და მისი უდიდესი ნაწილი ძალიან სასტიკი ბრძოლების არენაა. რეალისტები უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა.
Reuters: პეკინის მიერ სანქციების უგულებელყოფის ფონზე, რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა
რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და 2023 წელს ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ Reuters ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ანგარიშის თანახმად, რუსეთმა გასულ წელს ჩინეთში 107,02 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაგზავნა, რაც დღეში 2,14 მილიონი ბარელის ექვივალენტია. რუსული ნედლი ნავთობის ფასი დასავლეთის სანქციებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის ფონზე დაეცა, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის ჩინელი მყიდველებისთვის. სააგენტო წერს, რომ ჩინეთის გადამამუშავებელი მწარმოებლები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, შუამავლების გამოყენებით, რუსული ნავთობის გადაზიდვისა და დაზღვევისთვის. 18 იანვარს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა. კერძოდ, სანქციები ამოქმედდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Hennesea Holdings Limited-ის წინააღმდეგ. კომპანიის მიმართ შეზღუდვები მოიცავს ქონების გაყინვას და აშშ-ის მიწაზე ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ
უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ უკვე მომავალ კვირას, პარტიის ლიდერები სენატში მიაღწევენ შეთანხმებას სასაზღვრო საკითხებზე და მიგრაციის რეფორმაზე, რაც საბოლოოდ განბლოკავს უკრაინის მუდმივ დახმარებას. ბაიდენმა განმარტა, რომ მისი გუნდი უკვე ორი კვირაა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „გადამწყვეტი შეხვედრა“ თეთრ სახლში - ბაიდენმა კონკრესის ლიდერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რა დევს სასწორზე ამ კონტექსტში ბაიდენმა აღნიშნა, რომ კითხვა რჩება, მზად არიან თუ არა პალატის სპიკერი და რესპუბლიკელები, რომ იმოქმედონ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
დრონების იერიშის ფონზე, რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის
რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს, რომ „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.“ მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ოფიციალური პირები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერ არ ასახელებენ. რუსული ელექტრონული გაზეთის Fontanka.ru-ს ცნობით, ხანძარი დრონის თავდასხმას მოჰყვა. გამოცემა 47.News ხანძრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და განმარტავს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დააფიქსირეს დაახლოებით 00:30 საათზე ლენინგრადის ოლქის კინგისეპის რაიონში, თუმცა პორტს დრონებმა დაახლოებით 03:20 საათზე შეუტიეს. უსტ-ლუგაში მდებარეობს დიდი ნავთობქიმიური ქარხანა "ნოვატეკი", რომელიც გაზის კონდენსატს (საბოლოო პროდუქტებია ნაფტა, ნავთი, დიზელის ფრაქცია და მაზუთი) გადაამუშავებს. აქედანვე, პორტში კომპანიის საკუთარი ტერმინალის მეშვეობით, პროდუქცია იტვირთება გემებზე და იგზავნება ექსპორტზე. Fontanka-ს ცნობით, კვირას ღამით „ნოვატეკის“ ნავმისადგომზე იმყოფებოდა სამი გემი ბელგიიდან, ომანიდან და ლიბიიდან. ასევე 21 იანვარს გამთენიისას ტულის, სმოლენსკის და ორიოლის ოლქებს დრონებმა შეუტიეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.